"ზელენსკის წინ მძიმე დარტყმა ელოდება" - ომი და არჩევნები: შეძლებს თუ არა ტრამპი 24 საათში უკრაინის ომის შეწყვეტას?! - კვირის პალიტრა

"ზელენსკის წინ მძიმე დარტყმა ელოდება" - ომი და არჩევნები: შეძლებს თუ არა ტრამპი 24 საათში უკრაინის ომის შეწყვეტას?!

"ევროპელებს ტყუილად აქვთ იმის იმედი, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისი გაიმარჯვებს", - ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „უკრაინის მომავალი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული“ (ავტორი - იზაბელ ლასერი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ინდური წარმომავლობის მქონე სავარაუდო პრეზიდენტი ჯო ბაიდენის პოლიტიკას კი არ გააგრძელებს, არამედ - უფრო გააფართოებს აშშ-ის დაშორებას ევროპისაგან.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

თუ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებები გაიყინება, მაშინ ნებისმიერი პოლიტიკური ან დიპლომატიური ინიციატივები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე იქნება გადადებული - დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის დუელამდე. ყოველ ოთხ წელიწადში, დაწყებული გაზაფხულიდან, გვიან შემოდგომამდე, საერთაშორისო პოლიტიკა შესამჩნევი „პოლიტიკური რთვილით“ იფარება ხოლმე, რომელიც მხოლოდ იანვრისთვის დნება ანუ იმ დროს, როცა ოფიციალურად ხდება ცნობილი თეთრი სახლის ახალი ბინადარის ვინაობა. ამჟამინდელი საპრეზიდენტო რბოლის სპეციფიკური ხასიათისა და უკრაინის ფრონტზე შექმნილი არასახარბიელო სიტუაციის ფონზე, „პოლიტიკური რთვილის ფენის სისქე“, სავარაუდოდ, ჩვეულებრივზე მეტი იქნება.

უკრაინელები, ნებით თუ უნებლიედ, გამოფიტვითი ომის მდგომარეობაში არიან. მათი ძალისხმევის მიუხედავად, რუსეთის არმია დაყოვნებით, ნელ-ნელა, მაგრამ ჯიუტად წინ მიდის და სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებს. ვაშინგტონის მხრიდან უკრაინის მიმართ ფართომასშტაბიანი დახმარების გაგრძელება დამოკიდებულია დემოკრატების გამარჯვებაზე, ნოემბერში - იმ გამარჯვებაზე, რომლიდანაც კამალა ჰარისი საკმაოდ შორს არის, პირველი დამაიმედებელი ნიშნების მიუხედავად.

ფაქტია, რომ ევროპას არ შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა უკრაინის დასახმარებლად იმ შემთხვევაში, თუ აშშ ნებაყოფლობით უარს იტყვის. გარდა ამისა, გლობალური სამხრეთის ქვეყნების წყალობით, კრემლი მშვენივრად უვლის გვერდს დასავლურ სანქციებს და ეკონომიკური ნგრევის ნაცვლად, ეკონომიკურ წარმატებებს აღწევს. და ეს ხდება დასავლური (ევროპული და ამერიკული) ეკონომიკის სტაგნაციის ფონზე.

ისეთი პირი უჩანს, რომ რომ უკრაინის ბედი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული:

დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, რომელიც პირობას დებს, რომ ომს 24 საათში შეწყვეტს, თუნდაც ეს უკრაინის საზიანოდ იყოს, ვოლოდიმირ ზელენსკის წინ მძიმე დარტყმა ელოდება.

კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში კი, უკრაინის მომავალი შედარებით უფრო ნათელ ფერებში მოჩანს, თუმცა თუ მოქმედი ვიცეპრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს პოსტზე დაწინაურდება, უეჭველია, იმას გააკეთებს, რასაც ბოლო დროს აშშ-ის ყოველი პრეზიდენტი აკეთებდა, ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის ჩათვლით. 81 წლის ჯო ბაიდენი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ტრადიციული ხედვის ერთგული ადეპტი, ალბათ, ბოლო წარმომადგენელი იქნება იმ იდეის მომხრეებისა, რომლებთაც მიაჩნიათ, რომ ამერიკას და ევროპას, საერთო პოლიტიკური, კულტურული და სტრატეგიული ინტერესების საფუძველზე, ერთმანეთთან ღრმა და მტკიცე კავშირი უნდა ჰქონდეთ.

ამერიკელი პოლიტიკოსების შედარებით ახალი თაობის წარმომადგენლები უფრო ხშირად აზიისაკენ იხედებიან ან საკუთარი ქვეყნის პრობლემებს უღრმავდებიან, მათი მოგვარების მიზნით. ასე რომ, ევროპა და უკრაინა ფრთხილად უნდა იყვნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო