"ფარული ვნების" პერსონაჟებს გვადარებენ. გოგონები სად გყავთო, გვიწერდნენ. ჰოდა, ნორმა და ხიმენაც ასე გამოჩნდნენ. რეალურად კი..." - როგორია"ტიკტოკზე" პოპულარული სვანი ბიჭების რეალური ცხოვრება
ბოლო დროს სხვადასხვა სოციალურმა პლატფორმამ ფართო საზოგადოებას არაერთი ადამიანი გააცნო. ზოგიერთი ძალიან შეიყვარეს კიდეც, ქუჩაში აჩერებენ, მათთან ფოტოებს იღებენ, თბილად ესალმებიან. მათ შორის არიან სვანი ბიჭები - ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე, რომლებიც "ტიკ-ტოკის" საშუალებით გაიცნეს. ისინი სოფელ ლახამულაში რანჩოს აშენებენ და მათი ვიდეოებიც ძირითადად ამ თემას ეძღვნება.
ბიჭების ინტერნეტვარსკვლავობა კი ასე დაიწყო - ერთხელ ლევანის მიერ "ტიკ-ტოკზე" სასინჯად ატვირთულმა ვიდეომ დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ბიჭებს ამ კუთხით შემდგომი აქტივობისთვის მეტი გასაქანი მისცა. არც ისე დიდ დროში უკვე 17.000-მდე გამომწერი ჰყავთ. ყოველდღიურად ყოველ ახალ ვიდეოს, ბოლო 2 კვირაა, ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს...სანამ AMBEBI.GE-სთვის მათთან ჩაწერილ ინტერვიუს წაიკითხავთ, მანამდე მათ შესახებ მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით.
დავითი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია, სამართლის განხრით სწავლობს, მეოთხე კურსზეა. პარალელურად ფიტნესინსტრუქტორია, მოსწავლეებს ავარჯიშებს. ერთ-ერთი პრესტიჟული დარბაზის მთავარი მწვრთნელია. ამ ყველაფრის ფონზე აქტიურადაა დაკავებული სვანეთში რანჩოს მშენებლობის საქმეებით, სადაც მეგობარ ლევანთან ერთად, სხვადასხვა ვიდეოს იღებს.
"წარმოშობით სვანი ვარ, კოშკიანი სვანი, იქ დავიბადე და გავიზარდე" - გვეუბნება დავითი.
ლევან მაღრაძე პროფესიით მხატვარ-არქიტექტორია, რაღაც პერიოდში მომღერალიც იყო და ბენდშიც უკრავდა. ამ კუთხით უმეტესად საზღვარგარეთ მუშაობდა. ბოლო დროს ფიტნეს-ინსტრუქტორიც იყო.
"მერე საკუთარი გამოფენებისთვის დავიწყე მუშაობა. რამდენიმე გამოფენა მქონდა დუბაიში, ავსტრიაში. ახლა რანჩოს საქმიანობებში ვარ ჩაბმული და პარალელურად ვგეგმავ რამდენიმე გამოფენას საქართველოში და საზღვარგარეთ".
- ბევრს ძმები ჰგონიხართ, იმიჯიც ერთნაირი გაქვთ, როდის გაიცანით და დაუკავშირდით ერთმანეთს?
დავითი:
- რეალურად ძმები არ ვართ, მაგრამ იმდენი ხანია ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობთ და იმდენი ხანია, ერთ საქმეში ვართ, უკვე ძმები ვართ... 2014 წელს სპორტულ დარბაზში გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ვმეგობრობთ.
ლევანი:
- მესტიაში დავიბადე და მულახში გავიზარდე. დედა ნავერიანი მყავს... რაც შეეხება იმიჯს, სვანეთში როცა ვმუშაობთ, რანჩოს თემატიკიდან და სამუშაოებიდან გამომდინარე, სულ ასეთი ტანსაცმლით ვიყავით და ვმოძრაობდით... ვიდეოს გადაღება შარშან გადავწყვიტე, მერე "ტიკ-ტოკიზე" ჩემი გვერდიც შევქმენი. შემდეგ კი უკვე ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. ჩვენმა გამომწერებმა კომენტარებში სერიალის გმირებთან დაგვაკავშირეს, რამაც დამატებით კიდევ საინტერესო გახადა ჩვენი ვიდეოები.
- სვანეთში, სადაც რანჩოს სამუშაოებს ატარებთ და ვიდეოებსაც იღებთ, ის ტერიტორია ვის ეკუთვნის?
დავითი:
- ტერიტორია, რომელზეც რანჩოა, ჩემი ოჯახისაა, წარმოშობით იქიდან ვარ, მშობლებიც სვანეთში ცხოვრობენ. იქ დამკვიდრებული ოჯახი ვართ. შესაბამისად, მიწებიც დიდი რაოდენობით გვაქვს. როცა ამ კოტეჯის აშენება გადავწყვიტეთ, სხვაგან რატომ უნდა წავსულიყავით და ჩემს მიწაზე ავაშენეთ... სოფელი ლახამულა მესტიამდეა. აქ ტურიზმი არასდროს ყოფილა. გადავწყვიტეთ, მესტიის ცენტრიდან აქეთაც ჩვენებურად გადმოგვეწია ტურიზმის ცენტრი და ეს სფერო ლახამულაშიც გაგვეაქტიურებინა. ადამიანებისთვის გაგვეცნო აქაური ლამაზი ადგილები, ხედები. კოტეჯების აშენება ამიტომ დავიწყეთ.
მას მერე, რაც თქვენს საქმიანობას "ტიკ-ტოკზე" ასაჯაროებთ, მაყურებელმა შეგიყვარათ და მუდმივად თქვენს ვიდეოებს ელოდება...
დავითი:
- რასაც ვაშუქებთ, იმას სოციალური ქსელისთვის არ ვაკეთებთ. იმას ვაშუქებთ, რასაც რანჩოზე საერთოდ ვსაქმიანობთ. ვინაიდან ხალხს ამაზე კარგი რეაქცია აქვს და სულ კარგი კომენტარები იწერება, ჩვენც ჩვენი ცხოვრებიდან პატარა ფრაგმენტებს ვთავაზობ... კოტეჯი სამსართულიანია, ფართობი 400 კვადრატს შეადგენს, ჩვეულებრივი ვილაა, ეზოც სოლიდური და დიდი აქვს, საპარკინგე სივრცეც მიწის ქვეშ გვაქვს გაკეთებული. მშენებლობაც 2 წელია მიმდინარეობს და ბოლოში გავდივართ. ეზოს დასუფთავება, დალაგება და მოწყობაა დარჩენილი, სახლი დამთავრებულია. მიწის ფართობი სრულად ნახევარ ჰექტარზე ნაკლებ მიწაზე დგას. მშენებლობის მიმართულება მთლიანად ეყრდნობა მამაჩემის დიდ ცოდნას, რაც წლების განმავლობაში მშენებლობის დარგში დააგროვა. ჩვენი სახლიც, სადაც ვცხოვრობთ, ისიც მამაჩემის აშენებულია. მუშახელიც გვყავს დაქირავებული, რომლებიც აშენებენ, მამაჩემი კი თავზე ადგას და მითითებებს გასცემს. აქტიური სამუშაო სეზონზე, ზაფხულში ჩვენც იქ ვართ. დანარჩენ დროს - თბილისსა და რუსთავში.
- მთის დიდი სიყვარული გაქვთ, ჯანსაღი ცხოვრებაა თქვენი მთავარი ამოსავალი წერტილი, სოფლის ცხოვრების მიმართაც დიდ ინტერესს იჩენთ. თითოეულისთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
დავითი:
- ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც ბავშვობიდან ჩამოგვიყალიბდა მშობლების აღზრდის წყალობით. როგორებიც აღგვაზარდეს და როგორ გზაზეც დაგვაყენეს, იმ გზას მივყვებით. ერთხელაც ჩვენი გზები გადაიკვეთა და გავაგრძელეთ ისე, როგორც დაწყებული გქვონდა.