"500 ათასი ევროა მისი ახლანდელი სატრანსფერო ფასი" - "მოგზაურობა" რუსულ საფეხბურთო კლუბებში - ვინ არის ჯიმი ტაბიძე
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 28 წლის საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე, ბერძნული "პანეტოლიკოსიდან" წამოსვლის შემდეგ მახაჩყალის "დინამოში" გადავიდა.
ტაბიძემ რუსულ გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ნაკრების წევრის რუსეთში სათამაშოდ წასვლას საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. თუმცა, როდესაც მის სპორტულ ბიოგრაფიას გადავხედეთ, ვნახეთ, რომ ტაბიძე რუსეთში პირველად არ თამაშობს.
ვინ არის ჯიმი ტაბიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების სარეზერვო წევრი იყო
28 წლის ჯიმი ტაბიძე სამტრედიაშია დაიბადა. სპორტსმენი, როგორც ბევრი მისი კოლეგა, "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. 2015 წელს "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, საიდანაც იჯარით გაუშვეს რუსულ "ურალში".
მალე „ურალიდან“ კიდევ ერთ რუსულ კლუბ "უფაში" გადავიდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მის ანგარიშზეა 90 მატჩი, 1 გოლი, 3 საგოლე პასი. რუსეთში ჯიმი ტაბიძემ სერიოზული ტრავმა მიიღო და მცირე ხნით უგუნდოდ იყო...
"ჩვენ ტაბიძეს უკვე დავემშვიდობეთ. ჩვენთვის ის სერიოზული აქტივი იყო. ტაბიძის კონტრაქტი ივნისში სრულდებოდა, თუმცა ურთიერთშეთანხმებით ვადაზე ადრე წასვლა გადაწყვიტა. ჩვენ მადლობას ვუხდით ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენთან თამაშისთვის. ბოლო სეზონში ტრავმირებული იყო, გუნდთან ერთად ზამთარში ვარჯიშობდა, მაგრამ ჯერ ვერ გამოჯანმრთელებულა. მისი წასვლა უფრო ჯანმრთელობას უკავშირდებოდა“, – განაცხადა მაშინ "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა.