მეფისა და პრეზიდენტის ქეიფი, რომელმაც ბიუჯეტი გაარღვია - სადილი 475 ათას ევროდ:"ღვინო მდინარედ მოდიოდა, მაგიდა იზნიქებოდა ლურჯი ომარებითა და ვარდისფერი ღვეზელებით" - კვირის პალიტრა

მეფისა და პრეზიდენტის ქეიფი, რომელმაც ბიუჯეტი გაარღვია - სადილი 475 ათას ევროდ:"ღვინო მდინარედ მოდიოდა, მაგიდა იზნიქებოდა ლურჯი ომარებითა და ვარდისფერი ღვეზელებით"

„ემანუელ მაკრონის სადილი დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზთან ფრანგებს თითქმის ნახევარი მილიონი ევრო დაუჯდათ“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „პოლიტიკოს“ (Politico) ევროპულ ვერსიაში გამოქვვეყნებულ სტატიაში სათაურით „ემანუელ მაკრონის მეფურმა სადილმა ჩარლზ III-სთან, 500 ათას ევროს ღირებულებით, საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის ბიუჯეტი გაარღვია“ (ავტორები - ჯუდით ჩეთრითი, იუშენ ერერო, ვიქტორ ლაფონი). „საფრანგეთის საანგარიშო პალატამ, რომელიც ყოველწლიურად აწარმოებს სახელმწიფო ხარჯების აუდიტს, ელისეის სასახლე მკაცრად გააკრიტიკა და მოუწოდა მსგავსი ხელგაშლილობა აღარ დაუშვას“, - აღნიშნულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

გადაჭარბებულად მდიდრული სადილი, თითქმის 475 ათას ევროს ღირებულებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ III-სა და მისი ამალის საპატივსაცემოდ მოეწყო, ელისეის სასახლის ბიუჯეტში დიდი გარღვევა მოახდინა.

ფრანგ ლიდერებს უყვართ ხოლმე ფართო ხელგაშლილი ჟესტები და კერძების სიუხვე. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს საფრანგეთის საანგარიშო პალატის მიერ 30 ივლისს გამოქვეყნებული ყოველწლიური აუდიტის შედეგები .

ელისეის სასახლის ხარჯები, რომელშიც შედის ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო და დიპლომატიური ხარჯები, აგრეთვე დანახარჯები მმართველობაზე, ადმინისტრაციის პერსონალზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მეურნეობის გაძღოლაზე, წარმოუდგენელ ციფრს მიაღწია - 125 მილიონ ევროს, რის გამოც 8,3 მილიონი ევროს თანხა ე.წ. „წითელ ზონაში“ (გადახარჯვაში) აღმოჩნდა.

ასეთი დეფიციტის მტავარი მიზეზი გახდა ორი მდიდრული სახელმწიფო სადილი - ერთი ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის და მეორე - მეზობელი დიდი ბრიტანეთის მეფის - ჩარლზ III-ის საპატივსაცემოდ.

ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის მეთაური გასული წლის სექტემბერში ვერსალში - ფრანგი მონარქების ისტორიულ რეზიდენციაში მიიღო. ეს იყო ვარსკვლავური ქეიფი, რომელზეც ღვინო მდინარედ მოდიოდა და მაგიდები კერძებისაგან იზნიქებოდა. სუფრა გათვლილი იყო 160 სტუმარზე ბრიტანეთის მეფის ამალიდან და საფრანგეთის პრეზიდენტის მმართველი გუნდიდან. სადილზე მიწვეული იყვნენ აგრეთვე მიკ ჯაგერი - Rolling Stones-დან და მსახიობი ჰიუ გრანტი.

სადილი, რომლის დროსაც სტუმრებს ლურჯი ომარებით (კიბოსნაირი კერძით), ნუშის ვარდისფერი ღვეზელებით და სხვა ნუგვარი საჭმელებით გაუმასპინძლდნენ, პრეზიდენტის კანცელარიას თითქმის 475 ათასი ევრო დაუჯდა. აქედან 165 ათასი ევრო მომსახურებაზე დაიხარჯა, 40 ათასი ევრო - ღვინოზე და სხვა სასმელებზე (სხვათა შორის, სვამდნენ Château Mouton Rothschild-ს 2004 წლის მოსავლისაგან).

მიმწოდებლებმა და დეკორატორებმა იმ საზეიმო მიღებისაგან, რომელიც ემანუელ მაკრონმა ნარენდრა მოდისა და ჩარლზ მესამეს მოუწყო, დიდი ფული შეხვდათ. ინდოელ სტუმარს ლუვრში თვითონ პრეზიდენტი დაატარებდა და მუზეუმის პოპულარულ შედევრებს აჩვენებდა. ხარჯების საერთო რაოდენობამ თითქმის 400 ათას ევროს მიაღწია.

და მაინც, როგორც საანგარიშო პალატამ აღნიშნა, პრეზიდენტის კანცელარიამ ხარჯების ეკონომიისათვის გარკვეული ზომები მიიღო: მაგალითად, 100 კაცზე მოწყობილი კოქტეილის ორგანიზება დაევალათ არა გარეშე მენარდეებს, არამედ სასახლის სამზარეულოს.

საანგარიშო პალატამ გააკრიტიკა პრეზიდენტის კანცელარია სახელმწიფო ვიზიტების არასახრბიელო დაგეგმვის გამო, რომელიც ზარალიანი გამოდგა - გაუქმდა რამდენიმე ვიზიტი, რომლის მომზადებაში მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხები უშედეგოდ დაიხარჯა, რომელიც არ ანაზღაურებულა. გერმანიაში ვიზიტის გაუქმებამ (2023 წლის ივლისში) თითქმის ნახევარი მილიონი ევროს ზარალი გამოიწვია.

საანგარიშო პალატის მოხსენების შემდეგ ელისეის სასახლემ განცხადება გააკეთა და ხარჯები შემდეგნაირად გაამართლა: „საფრანგეთს დიპლომატიური ურთიერთობა მსოფლიოს მრავალ ქვეყნასათან აქვს, რომლებიც მსგავს და ტოლფას ღონისძიებებს აწყობენ ხოლმე, როცა ვიზიტების დროს საფრანგეთის მეთაურს მასპინძლობენ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო