მამუკა არეშიძის სკანდალური ვერსია - "2021 წელს როტშილდებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმა დაუკვეთეს, 2023 წელს როტშილდებმა გეგმა დაასრულეს, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

მამუკა არეშიძის სკანდალური ვერსია - "2021 წელს როტშილდებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმა დაუკვეთეს, 2023 წელს როტშილდებმა გეგმა დაასრულეს, მაგრამ..."

"ამაში არის ლოგიკა", - ამ ფრაზით ეხმაურება უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი­ მამუკა არეშიძე სუს-ის მიერ ტერორიზმის მუხლით დაწყებულ გამოძიებას და მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ქვეყანაში დესტა­ბილიზაციას რადიკალური ოპოზიცია და გლობალური­ ომის პარტია ერთდროულად­ ცდილობენ. "გააქტიურდა იმ ლიდერებზე თავდასხმები, რომლებიც ფსევდოლიბერალიზმის წინააღ­მდეგნი არიან. არის თავდასხმის ორი, სამი და მუქარის არაერთი ფაქტი. ამას გარდა, უკრაინაში მყოფმა ზოგიერთმა სამხედრომ საკუთარ თავს საკმაოდ უხეში მუქარის უფლება მისცა. ალბათ, გახსოვთ, ცნობილი ფრაზა "ტანკებით გადაგივლით", - ამბობს მამუკა­ არეშიძე და პროცესების შესაძლო განვითარების სცენარებზე გვესაუბრება.

- უკრაინაში დღეს ძალიან ბევრი ქართველი მეომარია, ზოგიერთი მათგანი­ უკრაინის მოქალაქეა, ზოგი საქართველოს სახელით იბრძვის. მათი დიდი ნაწილი კეთილსინდისიერად ასრულებს ვალდებულებას. ამას გარდა, იქ არის რამდენიმე ფორმირება, რომლებიც, ძირითადად, ქართველებით არის დაკომპლექტებული. მათი ნაწილიც პატიოსნად აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ მათ შორის არიან ისინიც, ვინც უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლებით, მოქცეული არიან იმ პირთა გავლენაში, ვინც უკრაინის ხელისუფლებაშია, მაგრამ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ. მათ გვარ-სახელებს მიზეზთა გამო ვერ დავასახელებ. ვფიქრობ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ამ ყველაფრის შესახებ საგულისხმო ინფორმაცია აქვს და სწორედ ამიტომ იბარებენ უკრაინაში ნაბრძოლ ქართველ მეომრებს. სხვათა შორის, სუს-ში დაკითხული თუ დასაკითხთა ერთი ნაწილი თავად უკრაინის ხელისუფლებამ გამოაძევა ქვეყნიდან, ეროვნულმა გვარდიელებმა საკმაოდ უხეშად, ხელების ამოგრეხით ჩასხეს თვითმფრინავში და გამოუშვეს საქართველოში. ჩვენც არ ვიცით, რა მოხდა, არც უკრაინელები ამბ­ობენ, ამიტომ არ შეგვიძლია თქმა, ეს ამბავი დადგმული იყო თუ უკრაინული მხარის ასეთ მოქმედებას რეალური მიზეზი ჰქონდა. ზოგიერთი ოპოზიციონერი ამას საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს, მაგრამ ის ავიწყდებათ, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს, სამწუხაროდ, დაძაბული ურთიერთობა აქვთ და თბილისის თხოვნა კიევში არ ჭრის. როგორც ჩანს, თავად ქართველი მებრძოლების­ აქტიურობამ გამოიწვია უკრაინის ხელისუფლების ასეთი რეაქცია. საერთო სურათი ასეთია - მსოფლიოში არსებული ვითარების ლოგიკამ და ზოგიერთი მებრძოლის მუქარამ გააჩინა განცდა, რომ რაღაც ხდება.

- 2014 წლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების­ სამსახური მსგავს შეთქმულებებს­ ხშირად აანონსებს, "საბურავების საქმე" ყველას გვახსოვს, სუს-მა ორიოდე თვის წინაც გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართ­ველების ნაწილი მზადყოფნას აცხადებს, ჩამოვიდეს საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღოს პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში. თუმცა ამ დრომდე არც ერთი გამოძიებული საქმე არ გვინახავს.

- მოდი, საკითხს სხვაგვარად შევხედოთ. ალბათ, გახსოვთ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილის აქტივობები უკრაინაში. ის ხან ხელისუფლების ელიტაში იყო, ხან სახურ­ავზე იჭერდნენ და ქვეყნიდან აძევებდნენ,­ ხან ქვეყნის საზღვარზე ხვდებოდნენ და ისევ პოლიტიკურ ელიტაში აბრუნებდნენ.­ რატომ იჭერდნენ, რატომ აძევებდნენ და მერე ისევ პატივით რატომ აბრუნებდნენ ხელისუფლებაში ამის თაობაზე გვაქვს რაიმე ინფორმაცია?! არა! ხშირ შემთხვევაში, დიდ პოლიტიკაში არსებობს მოვლენების განვითარების ისეთი ლოგიკა, რომელსაც საზოგადოება ახსნას ვერ უძებნის. მათ შორის არის სააკაშვილის საკითხიც. ამიტომ არ გამოვრიცხავ, მდინარაძე მართალია, როდესაც ამბობს, რომ არის საკითხები, რაზეც არ ლაპარაკობენ მხოლოდ იმიტომ, რომ წითელი ხაზების გადაკვეთა არ სურთ.

- გამოდის, საქართველოს ჰყავს მტრები, ხელისუფლებამ ეს იცის, მაგრამ არ ამბობენ?

- მე შემიძლია იმ ფაქტების კონსტატაცია, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონკრეტული ფაქტების დასახელება არ შემიძლია. შეგახსენებთ ისევ სააკაშვილის საქართველოს საზღვარზე შემოპარვის ამბავს­. ირკვევა, რომ ეს ძალიან სერიოზული დასავლური ძალების ორგანიზებული ყოფილა. უკრაინის ხელისუფლებამაც შესანიშნავად იცოდა ამ ვოიაჟის შესახებ. მეტსაც გეტყვით - ბევრი მათგანისთვის სააკაშვილის უკრაინიდან წასვლა ძალიანაც სასიხარულო ამბავი იყო. ეს ყველაფერი ხომ ფართო საზოგადოებამ არ იცის, ყველამ მხოლოდ ის გაიგო, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა თბილისში. ის აქ ისეთივე დახვე­დრას ელოდა, როგორსაც პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლისას, მაგრამ...

- ეს ძალიან სერიოზულ დასავლურ ძალებს­ რომ მოეწყოთ, სააკაშვილი შემთხვევით გაცნობილი კაცის იმედად დარჩებოდა?

- გარწმუნებთ, მსოფლიო პოლიტიკაში ნამდვილად არიან ძალიან სერიოზული ავტონომიური ძალები, რომლებსაც საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვთ. საქმე ერთი ძალის ცენტრს არ ეხება, მეტიც, ზოგჯერ მათი ინტერესები იკვეთება და ამის გამო ურთიერთობებიც ეძაბებათ. დარწმუნებული ვარ, ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის დაპირისპირების შედეგი იყო ის, რაც სააკაშვილს დაემართა. არ არის გამორიცხული, რომელიღაც ძალა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რაღაცას გეგმავდა, მაგრამ მეორე ძალას ეს არ აწყობდა. არ არის აუცილებელი ეს ძალა თბილისში იყოს, შეიძლება სულ სხვა ქვეყანაშია. ეჭვი მეპარება, "ქართულ ოცნებას" ისე წამოეწყო ეს ანტიდასავლური რიტორიკა, რომ რაღაც ძალის იმედი არ ჰქონდეს.

მე მაქვს ინფორმაცია, რა ტიპის პოლიტიკური ცენტრები არიან დაპირისპირებული საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ არა მაქვს არგუმენტები, კონკრეტული მასალა. 2021 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ და ფინანსურ ჯგუფს, როტშილდებს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმის დაკვეთა მისცეს. როტშილდებმა ამ ამბავში სერიოზული ძალისხმევა ჩადეს და 2023 წელს გეგმა დაასრულეს. რა მიზნებიც ზოგიერთ პოლიტიკურ ცენტრს აქვს შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზში, იგივე სურთ როტშილდებსაც, იმიტომ, რომ ისინი ამერიკას წარმოადგენენ, თუმცა კონკრეტული პირებისა და პოლიტიკური ძალების მიმართ მათ სხვა ინტერესები აქვთ. როტშილდების ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ გამქრალა.­ ჩემი ვერსიით, მათ საქარ­თველოს ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" აწყობთ, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფთან ააწყვეს ურთიერთობა. ვიმეორებ - ეს ვერსიაა და არაფერს ვამტკიცებ. საქმეში ჩახედული პირისთვის სურათი უფრო ნათელი და გასაგებია. მე ვცდილობ ვიყო საქმეში ჩახედული. მე იმასაც ვხედავ, დასავლეთში რომელ პოლიტიკურ ცენტრებს სურთ სომხურ-დასავლური ურთიერთობის გაღრმავება და რომელი წინააღმდეგია.

- მამუკა მდინარაძე ამბობს, ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმამ მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენადო. თუ "ქართული ოცნება" ე.წ. წითელ ხაზებს გადალახავს, ვისთვის იქნება ეს აპოკალიფსი, ქართველებისთვის თუ ვის გასაგონად გაკეთდა ეს განცხადება?

- რასაკვირველია, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენისთანა პატარა ქვეყანაზე უფრო მეტ ზეწოლას და სერიოზულ დარტყმებს გამოიწვევს. შეიძლება ისეთი სახელები და გვარები დასახელდეს, რომლებიც­ ამა თუ იმ ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ, არათუ ქართველი ხალხისთვის, აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკოსებისთვისაც მისაღები არ იყვნენ.

წაიკითხე ვრცლად