"გადასახლებიდან დაბრუნებაში დედას სიმონ ჯანაშია დაეხმარა" - რატომ დააპატიმრეს 26 წლის ფოლკლორისტი - კვირის პალიტრა

"გადასახლებიდან დაბრუნებაში დედას სიმონ ჯანაშია დაეხმარა" - რატომ დააპატიმრეს 26 წლის ფოლკლორისტი

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა, ფოლკლორისტმა ელენე (ლოლოტა) ვირსალაძემ და ფილოსოფოსმა შალვა ხიდაშელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლა ლენინგრადში გააგრძელეს, სადაც ქალიშვილი მანანა შეეძინათ. ამ ოჯახის და მათი მშობლების ცხოვრებაში იყო გასაბჭოების უმძიმესი წლები, 1937 წლის რეპრესიები, სამამულო ომი და სხვა სიძნელეები. ისტორიკოსი, ქალბატონი მანანა ხიდაშელი მშობლების მოგონებების პარალელურად, თავისი განვლილი გზის ეპიზოდებსაც იხსენებს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"დედაჩემი ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან, ხიდზე მოვდიოდით მარჯანიშვილის თეატრის მიმართულებით. ძალიან კარგად მახსოვს (7-8 წლისა ვიქნებოდი), შუახნის კაცი მოგვიახლოვდა, ცოტა ბარბაცებდა. უცებ დედის წინ მუხლებზე დაეცა, ფეხებზე მოეხვია და ატირდა: "ლოლოტა, ჩემო ტანჯულო..." ეს კაცი გალაკტიონი იყო. დედა დაპატიმრებამდე ორჯერ დაიბარეს, დასმენას სთხოვდნენ..."

" სიმონ ჯანაშიამ გადაარჩინა გადასახლებას ცნობილი გერმანელი ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგი, მხატვარ ოსკარ შმერლინგის ქალიშვილი. რენე მატარებლიდან ჩამოსვა და თბილისში დააბრუნა. მამაჩემი ქერჩში იბრძოდა, სასწაულად გადარჩა - არ დაჭრილა, ავად გახდა. თბილისში დააწვინეს საავადმყოფოში. როცა ისევ დააპირა ფრონტზე წასვლა, ჯანაშიამ არ გაუშვა..."

"1937 წელს ხოშტარიების ოჯახიდან ჯერ ცაკას უფროსი ძმა კაკო დაიჭირეს, მერე - ცაკა, რომელიც ისე წავიდა ამ ცხოვრებიდან, რომ არ იცოდა, მამა უნდა გამხდარიყო. ფეხმძიმე თინა სამსახურიდან დაითხოვეს, ის ყველას ჩამოშორდა და სახლში ჩაიკეტა...."

"თინას გატაცება იყო პაპიროსი, ძალიან ბევრს ეწეოდა. ერთხელ კუჭის პრობლემები ჰქონდა და ანალიზისთვის უნდა წოლილიყო რამდენიმე საათი. მასთან შევედი და რას ვხედავ? პირში ერთ მხარეს მილი ჰქონდა მოთავსებული, მეორე მხარეს კი პაპიროსს ეწეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თერაპიის ინსტიტუტში იწვა, რა თქმა უნდა, მე ვიყავი მის გვერდით. ცალკე პალატაში ვიწექით, ოქტომბრის თბილი დღე იყო, ფანჯარა გავაღე. უცებ მეუბნება: შვილო, მოდი, გავაბოლოთო. გავაბოლეთ და ამ დროს ოთახში ექიმი შემოვიდა. თინას პაპიროსი სწრაფად გადავაგდე ფანჯრიდან და ექიმს ვეუბნები, მოგეჩვენათ-მეთქი...."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 1-ელ აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი