F-16-ები უკვე უკრაინის ცაშია, რა მოხდება შემდეგ?! - "მებრძოლი შევარდნების" ოთხი მისია და რუსების მიერ დაწესებული ჯილდო მათ ჩამოსაგდებად - კვირის პალიტრა

F-16-ები უკვე უკრაინის ცაშია, რა მოხდება შემდეგ?! - "მებრძოლი შევარდნების" ოთხი მისია და რუსების მიერ დაწესებული ჯილდო მათ ჩამოსაგდებად

დასრულდა წელიწადნახევრიანი გაურკვევლობის ეპოპეა, დაკავშირებული F-16 Fighting Falcon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის გადაცემა - არ გადაცემასთან დაკავშირებით...

ორიოდე დღის წინ, უკრაინის ცაში უკვე დააფიქსირეს სამხედრო თვითმფრინავები, რომელთა კონტურები „მებრძოლი შევარდნების“ იდენტურია. ამასთან, წამყვანი დასავლური საინფორმაციო საშუალებებიც ადასტურებენ, რომ ექვსი ნიდერლანდური F-16 უკვე ჩაყვანილია უკრაინაში, რომლებსაც მალე რამდენიმე დანიური ანალოგიური საბრძოლო თვითმფრინავიც მიემატება. ასე რომ, წლის ბოლოსთვის უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში 20-მდე „მებრძოლი შევარდენი“ შეიძლება აღმოჩნდეს...

თავად უკრაინის მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს ნატოდან ამ თვითმფრინავების მიღების ფაქტს, რასაც თავისი ახსნა აქვს - კიევი ძალზე უფრთხის თითოეული „მებრძოლი შევარდნის“ შესაძლო დაკარგვას, რადგან რუსეთი ეხლა განსაკუთრებული მონდომებით დაიწყებს უკრაინულ F-16-ებზე ნადირობას, როგორც უკრაინის საჰაერო სივრცეში, ისე უკრაინულ აეროდრომებზეც.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა კომერციულმა სტრუქტურამ უკვე დააწესა პრიზი - 15 მლნ რუსული რუბლის ოდენობით იმ რუსი მებრძოლებისთვის, ვინც პირველ უკრაინულ F-16-ს ჩამოაგდებს -ეს კი 174 715 აშშ დოლარია, რაც კარგი სტიმული ხდება რუსი პილოტებისთვის და მეზენიტეებისთვის. ინფორმაციისთვის - იგივე რუსული კომერციული სტრუქტურა ნახევარ მილიონ რუსულ რუბლს(5 824 აშშ დოლარს) იხდის უკრაინის არმიის ყოველი ამერიკული „აბრამსისა“ და გერმანული „ლეოპარდის“ აფეთქებისთვის უკრაინის ფრონტზე...

2-ukr-1722501840.jpg
F-16 უკრაინული Су-27-ების გვერდით უკრაინის მირგოროდის სამხედრო აეროდრომზე - ეს რეალური ფოტოა, დათარიღებული 2011 წლით, როდესაც უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები ჩატარდა -დღეს, გინდ Су-27-ების და მით უმეტეს F-16-ების, ასე ღიად განთავსება უკრაინულ აეროდრომებზე უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მალევე გახდებიან რუსული „ისკანდერებისა“ თუ „კალიბრების “ სამიზნე...

ექვსი მერცხალი, უფრო სწორედ კი „მებრძოლი შევარდენი“ გაზაფხულს ანუ გამარჯვებას ვერ მოიტანს უკრაინის ცაში, მაგრამ ყველაფერი რაღაცით იწყება...

ამერიკელების მიერ გადაცემულმა ოცდაათიოდე „აბრამსის“ ტანკმა უკრაინელების გასული წლის კონტრშეტევა წარმატებული ბუნებრივია ვერ გახადა, მაგრამ ტანკისგან განსხვავებით, საბრძოლო თვითმფრინავის და მით უმეტეს მრავალფუნქციური F-16-ის ბევრად უფრო მეტი საბრძოლო ეფექტიანობით გამოყენება შეიძლება.

F-16-ებს რუსეთ-უკრაინის ომში შეუძლიათ შეასრულონ ძირითადი ოთხი საბრძოლო მისია:

პირველი - საჰაერო თავდაცვის განხრით, ბრძოლა რუსული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების დასაზიანებლად/ჩამოსაგდებად უშუალოდ უკრაინის მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის თავზე.

მეორე - საჰაერო ბრძოლების გამართვა შორ, საშუალო და ახლო მანძილზე(დამოკიდებულია თუ „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რომელი ტიპის მართვადი რაკეტებით იქნებიან შეიარაღებულნი) რუსულ გამანადგურებლთან, საფრონტო ბომბდამშენებთან, მოიერიშეებთან და შვეულმფრენებთან, როგორც ფრონტის ხაზის თავზე ისე მის ახლო სიღრმეში.

მესამე - მოწინააღმდეგის პოზიციებზე საჰაერო იერიშების განხორციელება, როგორც უშუალოდ ფრონტის ხაზზე , ისე მის სიღრმეში „ჰაერი-ხმელეთის“ კლასის მართვადი და უმართავი საავიაციო ბომბებისა და რაკეტების გამოყენებით.

მეოთხე -„ჰაერი-ხომალდი“ კლასის ხომალდსაწინაღმდეგო მართვადი რაკეტებით აზოვისა და შავ ზღვაში რუსულ წყალზედა ხომალდებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება.

ოთხივე ამ საბრძოლო მისიის წარმატებულად ჩატარება დამოკიდებული იქნება როგორც თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობაზე, სააეროდრომო სტრუქტურის ფუნქციონირებაზე, ისე მფრინავების საბრძოლო მომზადების დონესა და რაც მთავარია, შესაბამისი სახის საავიაციო შეიარაღების ქონაზე.

თუმცა ყოველივე ამას ემატება კიდევ ერთი აუცილებელი ნიუანსიც, რომლებიც სხვა ომებში უბრალოდ წარმოუდგენლად გამოჩნდებოდა - დასავლეთის ნებართვა, რომ მათ მიერ გადაცემული „მებრძოლი შევარდნებითა“ და რაკეტებით უკრაინელ მფრინავებს უფლება მიეცეთ საჰაერო დარტყმები მიაყენონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო სამიზნეებსაც...

"ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმით F-16-ები, განსაკუთრებით კი - მისი თანამედროვე მოდიფიკაციები (იგივე F-16E/F Block 60-ი, უკვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში მოწინააღმდეგის გამანადგურებელთანაც შეუძლია წარმატებული ბრძოლა "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმოქმედი რაკეტებით, ასევე, ზუსტად შეუძლია გაანადგუროს რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორიდან მტრის ტანკი "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტით და არც ზღვაში გაუშვას დაუსჯელად უცხო სამხედრო კატარღა "ჰაერი-ხომალდი" კლასის მართვადი რაკეტის უზუსტესი მოხვედრით) ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო თვითმფრინავებად ითვლებიან მსოფლიოში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღემდე 4 600-ზე მეტი ასეთი სამხედრო თვითმფრინავია წარმოებული, რითაც მეოთხე თაობის რეაქტიულ გამანადგურებლებში F-16 სრულ ლიდერობას ინარჩუნებს.