თბილისელი მსახიობების სამეურნეო „თერაპია“
წლების წინ ვერც წარმოიდგენდა, მეუღლესთან ერთად თუ ამ საქმეს შეეჭიდებოდა. მსახიობების წყვილი - მაკა ძაგანია და გიგა ცერცვაძე ქალაქიდან საცხოვრებლად მარტყოფში, აგარაკზე გადავიდა. ერთ დღესაც სურვილი გაუჩნდათ, მიწის ნაკვეთისთვისაც მოევლოთ და საოჯახო მეურნეობისთვის ხელი მოეკიდათ. ამ ყველაფრის შესახებ მაკა ძაგანია მოგვითხრობს:
- ჩემი პამიდორი ცოტა ხანში მწიფობაში შევა. უკვე მორჩენილია ისეთი სამუშაო, როგორიც არის ბოსტანში სარის დასობა, ახვევა. კიტრისა და ბადრიჯნის ძირები ყვავილებიდან მალე ნაყოფს გამოიღებს. ამიტომ ახლა ბევრი საქმე უკვე აღარ არის. ბოსტანს წვეთოვანი სისტემა აქვს დაყენებული და ყველაფერს პერიოდულად ვრწყავთ. ვენახი კი ჯერ არ მოგვირწყავს. ამბობენ, არ სჭირდება მორწყვაო, მაგრამ ჩვენთან შედარებით ნაკლებად წყლიანი ადგილია. თუ ვინმესთან შეიძლება ჭა 5 მეტრში ამოითხაროს, ჩვენი ჭაბურღილი 70 მეტრამდეა. საზოგადოდ, ვაზის ფესვი ღრმად მიდის და თვითონ იკვებება. თუ გვალვა გაძლიერდა, მაშინ დასჭირდება. ვენახში წვეთოვანი სისტემაც გამართულია და წყალს მივაწვდით. ჯერჯერობით ეგ საჭიროება არ ყოფილა.
- ახლა რას საქმიანობთ?
- დღეს მე და ჩემი მეუღლე ვენახში ბალახს ვთიბავდით. მერე წამლობა უწევს და `ცის გახსნა~ ანუ ვაზს ზედა მხარე, წვეროები უნდა მოატეხო. ეს აგვისტოს დასაწყისში კეთდება. მომდევნო ეტაპზე ფოთლებია გასაცლელი, მზე რომ მეტად მისწვდეს და ყურძენი მწიფობაში კარგად შევიდეს. დანარჩენი - ნამხრევების მოცლა, ახვევა და ვაზის მავთულებს შორის ატარება, უკვე გავიარეთ.
- ყურძნის რა ჯიში გაქვთ?
- ხიხვი, ქისი და ბუდეშური საფერავი. ჩვენთვის წლეულს პირველი მოსავალია. ამიტომ რაღაცები უფრო დეტალურად მოგვიანებით მეცოდინება. პირველად ხიხვი მოდის, მერე ქისია და უფრო გვიან კი ბუდეშური. მოკლედ ასეა, როდესაც მიწა გაქვს, საქმე სულ არის. შეწამვლის დროსაც მთელი ვენახის დავლა გვიწევს, ვთქვათ, ქარმა თუ გადმოაგდო აქეთ რომელიმე ყლორტი, უნდა აკეცო, რათა წამალი ყველაფერს თანაბრად შეეხოს.
- გასულ წლებში თუ წარმოიდგენდით, რომ ცხოვრების სტილი ასე შეგეცვლებოდათ?
- ვერასოდეს. მიწაზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია და არც სოფელი. თბილისში ბებიის კერძო სახლში გავიზარდე, მაგრამ მიწათმოქმედები და მეურნეები არასდროს ვყოფილვართ. ის იყო, რომ ყვავილები და ხეხილი ეზოში სულ გვქონდა. მერე ბებიამ და ბაბუამ სურამში აგარაკი ააშენეს, სადაც ზაფხულში ჩავდიოდი. ეზოში მხოლოდ კაკალი და თხილი იყო. მეზობელი მწვანილს რომ მოგვიკითხავდა, მისი სუნი მომწონდა, მაგრამ მწვანილი როგორ მოჰყავდათ, წარმოდგენა არ მქონდა.
რასაც ახლა ვაკეთებ, ეს ჩემს ცხოვრებაში ბოლო პერიოდში დაიწყო. გავგიჟდი და გადავირიე - მიწასა და ვაზთან ურთიერთობა საოცრება ყოფილა. ვენახში რომ შედიხარ, ყველანაირი პრობლემა გავიწყდება.
- მარტყოფში როგორ მოხვდით?
- როდესაც სურამის აგარაკი გაიყიდა, მითხრეს, ეს შენი წილიაო. მივხვდი, რომ იმ თანხით სანაცვლოდ რაღაც აუცილებლად უნდა მეყიდა. დავიწყე ძებნა და მარტყოფის აგარაკებზე ეს სახლი, თავის 600 კვადრატი მიწის ნაკვეთით შევიძინე. ახლოსაა ლილოსთან, გომბორთან და რაც მთავარია, ქალაქთანაც. სამსართულიანი სახლია, მაგრამ იმდენად მცირე ფართობია, რომ დღემდე გარე კიბე მაქვს. ვფიქრობ, საიდან რა მივაშენო, რომ სახლში კიბე გვქონდეს.
- შემდეგ ვენახის გაშენების სურვილი მსახიობ მეუღლესთან ერთად გაგიჩნდათ?
- კი, მერე ვიფიქრეთ, ვაზის გაშენება გვეცადა. მას უფრო აქვს გამოცდილება - სოფელში მის ოჯახს ჰქონდა ვენახიც და ქვევრებიც. ჩვენი სახლის ქვემოთ ნაკვეთი შევიძინეთ, რომელიც აჯაგნარებული იყო, მაყვლის ბუჩქები ერთმანეთში გადახლართული. იმ ყველაფერს რომ ვუყურებდი, ვერ წარმომედგინა, რომ იქ ოდესმე რაღაც შეიძლებოდა დათესილიყო ან დარგულიყო... გავკაფეთ, გავასუფთავეთ, ძირითადად, ჩემმა მეუღლემ იაქტიურა. ტრაქტორის მოყვანა და მიწის გადაბრუნება დაგვჭირდა. იმდენი წლის დამჯდარი მიწა იყო, სხვანაირად არც შეიძლებოდა. იმ მაყვალს მხოლოდ ხელით ვერ გავასუფთავებდით და არც ისეთი პრეპარატის გამოყენება ივარგებდა, რომელიც მწვანე საფარს ჩაახშობდა. დღესდღეობით ბალახი მაინც ამოდის, მაგრამ მაგ სარეველას არ ვებრძვით, რადგან თავისი დადებითი თვისებები აქვს, მიწაში რომ ჩავა, ნიადაგს თავისებურად ამდიდრებს.
ვენახი 1100 კვადრატზეა გაშენებული. ხიხვზე ამბობენ, ნაკლებმოსავლიანიაო. ვნახოთ, რა მოსავალი იქნება.
- დასალევი წყალი მიდის მაგ ტერიტორიასთან?
- როცა ვიყიდე, დასალევი წყლის პრობლემა იყო. სულ იმას ამბობდნენ, წყალი უნდა გამოიყვანონო. უკვე 15 წელია, ეს ნაკვეთი მაქვს და ამასობაში ჭაბურღილის წყალი გამოვიყვანეთ - 2018 წელს, როცა დავიწყეთ აქაურობის სისტემატურად მიხედვა. პანდემიის დროს ყველაფერი რომ დაიხურა, ვთქვით, მოდი, აგარაკზე წავიდეთ, რაღა აქ, კორპუსში გამოკეტილი დავრჩეთ-მეთქი. იმ გაზაფხულზე ჩითილები ჩავრგეთ, ბოსტანი გავაშენეთ. აღფრთოვანებით ვხვდებოდი გახარებულ ნერგებს, ყვავილებს, ახალ ფოთლებს, ნაყოფს... მივხვდი, რომ ეს ფანტასტიკური განტვირთვაა. მიწაზე მუშაობა, მცენარეებთან ურთიერთობა მაწყნარებს, მამშვიდებს. ის შეგრძნება, რომ შენს დათესილს იმკი, კიდევ ცალკე რამ არის.
- მსახიობები ვენახს თავად უვლით?
- კი, მე და ჩემი მეუღლე. ის სხლავს, დანარჩენში, გაფურჩქნაში, ნამხრევების მოცილებაში, ახვევაში მეც ვარ ჩართული... დავაყენეთ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებიც - მთელი ვენახი გადავფარეთ. ვინაიდან ბიოსერტიფიკატი გვინდა მოვიპოვოთ, არანაირ ქიმიურ შესაწამლ ნივთიერებას არ ვიყენებთ.
მგონია, სწორი მიმართულება ავირჩიეთ. მოკლედ, პანდემიამ ნათლად დაგვანახა, რომ ადამიანი მიწას უნდა დაუბრუნდეს. გლეხი სოფელში რაც უფრო ძლიერია, მით უფრო ძლიერია სახელმწიფოც. კარგი იქნება, ყველა დაუბრუნდეს თავის მიწა-წყალს და საქმეს მივხედოთ, რადგან ესაა ყველაფერი.
პანდემიისას რომ ჩავიკეტეთ, დავინახეთ, რომ ჩვენი აღარაფერი გვქონდა. არადა, ისეთი მიწა-წყალი გვაქვს და ისეთი რაღაცების გაკეთება შეგვიძლია, სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტების იმედად არ უნდა ვიყოთ. იმდენი რამის წარმოებაა შესაძლებელი, ჩვენგან იქით უნდა მიჰქონდეთ.
- მოკლედ, მოგწონთ თქვენი ახალი ყოფა...
- ძალიან. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, შევდივარ ვენახში და ვგრძნობ, როგორ მეხსნება დაძაბულობა. მაგ დროს გონებაც სხვანაირად ისვენებს, ფიზიკურად სხვანაირად იღლები, არც დაძინება გიჭირს. შესაძლოა ბოლომდე ვერც გიხსნით, ეს რა შეგრძნებებია. ფანტასტიკური თერაპიაა თავისი ყველა სასარგებლო თვისებით, რამაც შეიძლება შემოსავალიც მოგცეს და ახალი პერსპექტივები გაგიხსნას.
ფიზიკური ვარჯიში შესაძლოა ორგანიზმს აძლიერებს, მაგრამ მიწაზე შრომა ისეთ ენერგიას გაძლევს, რომ ამას არ შეედრება რომელიმე სპორტდარბაზში ბილიკზე სირბილი...
თბილისში ყოველდღიურად მიწევს ჩამოსვლა, რადგან ბავშვი სკოლაში ჩამომყავს და ჩემი სამსახურიც ქალაქშია - თეატრალური სტუდია მაქვს. საღამოს ყველას ერთი სული გვაქვს, უკან როდის დავბრუნდებით. გარეთ სიმწვანეში დავჯდები და მესმის ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი, ჭრიჭინების ხმა. მართლა ფანტასტიკაა.
- გზა გაქვთ?
- მოხრეშილია და დანარჩენ ნაწილში გრუნტისაა, ასეთ გზაზე სიარული მხოლოდ 2 კილომეტრზე მიწევს... უფროსი გოგონა 24 წლისაა და უმეტესად თბილისშია, თუმცა აქაც ჩამოდის. უმცროსი ბიჭი 9 წლის არის და სულ ჩვენთანაა...
- უახლოესი გარემოცვა, მეგობრები რას გეუბნებიან?
- ყველას მოსწონს, გვერდში გვიდგანან, გვამხნევებენ, რომ მაგარი საქმე გვაქვს წამოწყებული, რაც ჩვენთვის დიდი სტიმულია.