"საბედისწერო აპარტამენტები": რატომ ვერ დაიცვა ირანმა სტუმარი?! - "იქნება დიდი ომი, რომელშიც ჩაერთვებიან ღაზა, ლიბანი, იემენი, ერაყი და ირანი" - კვირის პალიტრა

"საბედისწერო აპარტამენტები": რატომ ვერ დაიცვა ირანმა სტუმარი?! - "იქნება დიდი ომი, რომელშიც ჩაერთვებიან ღაზა, ლიბანი, იემენი, ერაყი და ირანი"

2024 წლის ივლისი გლობალური სამხედრო-პოლიტიკური მოვლენებით დასრულდა: ზოგს ველოდით, ზოგი კი - სრულიად მოულოდნელი იყო. გასული დღეების მთავარი სიახლე მაინც 31 ივლისს, გამთენიისას ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის, ისმაილ ჰანიეს ჯერ კიდევ ბურუსით მოცული ლიკვიდაციაა.

უკვე ძალზე ბევრი დაიწერა ამ ფაქტის შესახებ, თუმცა მთავარი ჯერ კიდევ უცნობია: ვინ და როგორ განახორციელა თავდასხმა „ჰამასის“ ერთ-ერთ ლიდერზე? ის ათწლეულების მანძილზე იყო ისრაელის სპეცსამსახურების სამიზნე და ირანელებმა რატომ ვერ დაიცვეს მისი უსაფრთხოება? თუ თავდასხმა თვითმფრინავიდან ან დრონიდან გაშვებული რაკეტით განხორციელდა, თავდასხმის მსხვერპლნი მხოლოდ მარტო ჰანიე და მისი ერთი (!!!) ირანელი მცველი რატომ გახდნენ? ამ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი უფრო მასშტაბური არ უნდა ყოფილიყო? როგორ შეძლო სარაკეტო თავდასხმის ორგანიზატორმა ირანისა და მისი დედაქალაქის საჰაერო თავდაცვის სისტემის დაძლევა?

არსებობს კიდევ ერთი ვერსიაც: ჰანიე მოკლულია არა რაკეტით, არამედ - დისტანციური მართვის ნაღმით, რომელიც რამდენიმე თვით ადრე ფარულად შეიტანეს თეირანის ჩრდილოეთით მდებარე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ე.წ. ვეტერანების სახლში, სადაც ჰანიე თეირანში ყოფნისას ცხოვრობდა და სამუშაო აპარტამენტებადაც იყენებდა.

ირანის ხელისუფლებამ პირველივე წუთებიდან მკვლელობაში, რაღა თქმა უნდა, ისრაელი დაადანაშაულა. თუ ეს სპეცოპერაცია ისრაელის ჩატარებულია, მაშინ გასაგებია, რატომ აირჩიეს მათ მაინცდამაინც თეირანი და ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეები: ეს „ისრაელის ყოვლისშემძლეობის“ რეკლამირება იქნებოდა.

ზემოაღნიშნული ორი ვერსიიდან ისრაელის ხელისუფლებას „სარაკეტო თავდასხმის“ ვერსია აწყობს: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს ირანთან შედარებით ისრაელის უპირატეს სამხედრო პოტენციალზე მეტყველებს, მეორეც: ამ შემთხვევაში, ირანის სპეცსამსახურები არ დაიწყებენ ისრაელის იმ აგენტების ძებნას, ვინც შესაძლოა დისტანციური მოქმედების ნაღმი დაამონტაჟა და მოქმედებაში მოიყვანა.

სულ ახლახან გავრცელდა მესამე ვერსიაც: ჰანიეს ერთ-ერთმა მცველმა მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია თავდამსხმელებს გადასცა და „ჰამასის“ პოლიტბიუროს თავმჯდომარის საძინებელს რაკეტა მეზობელი შენობის ფანჯრიდან ესროლესო. ჩემი აზრით, ეს ვერსია უკვე ირანის ხელისუფლების „ნამუსის მოსაწმენდადაა“ გავრცელებული. მათ უნდათ, რომ მსოფლიო დააჯერონ: ირანის საჰაერო თავდაცვითი სისტემები მშვენივრად მუშაობს და ირანის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მომხდარა, თავდასხმა თეირანიდან განხორციელდაო. თუმცა ამით შედეგი ხომ არ იცვლება? ეს ხომ უკვე ირანის სპეცსამსახურების სისუსტეზე მეტყველებს?

გუშინ, ღამით, ისრაელის შეიარაღებული ძალების („ცაჰალ“) სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას ორაზროვნად უპასუხა: სამშაბათს, ღამით, ჩვენ დავარტყით ლიბანს და ზუსტი ავიადარტყმით მოვკალით ფუად შუქრი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ იმ ღამეს მთელ ახლო

picture4-1722579383.jpg

ფუად შუქრი

აღმოსავლეთში ისრაელის არც საჰაერო, არც რაკეტით ან დრონით თავდასხმა არ განხორციელებულაო. ასე, რომ ისრაელი ჯერჯერობით არ იღებს პასუხისმგებლობას ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაციაზე.

ფუად შუქრი, იგივე ალ-ჰაჯ მოჰსინი, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ გენერალური მდივნის, ჰასან ნასრალას სამხედრო საკითხებში მოადგილე და „ჰეზბოლას“ უმაღლესი სამხედრო ორგანოს, „ჯიჰადის საბჭოს“ წევრი იყო. ინფორმაცია ფუად შუქრის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ ამერიკელებს 5 მილიონ აშშ დოლარად ჰქონდათ შეფასებული.

picture3-1722579382.png

ჰასან ნასრალა

თავად ჰასან ნასრალა უკვე 32 წელია, ხელმძღვანელობს „ჰეზბოლას“ და მას თავად ისრაელის სპეცსამსახურებში ტერორისტების ძალზე ეშმაკ და ჭკვიან ლიდერად ახასიათებენ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

2024 წლის ივნისის დასაწყისში „მოსადის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა იოსი კოენმა განაცხადა: ისრაელმა ზუსტად იცის, სად არის ნასრალა და თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მისი ლიკვიდაციაო. ისრაელის მასმედია ამტკიცებს, თავდასხმის შიშით, „ჰესბოლას“ ლიდერები იატაკქვეშეთში გადავიდნენ და კონსულტაციებს დისტანციურად ატარებენო.

თუმცა გასული დღეების ისრაელის „ანტიტერორისტული ქრონიკა“ ამ ორი ფაქტით არ ამოიწურება. გუშინ, 1 აგვისტოს, „ცაჰალისა“ და ისრაელის კონტრდაზვერვის სამსახურის („შინ ბეთი“) წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს „ჰამასის“ გასამხედროებული სტრუქტურების ხელმძღვანელის, მოუხელთებელი მუჰამედ დეფის ლიკვიდაცია. მათ მიერ გავრცელებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 13 ივლისს ღაზას სექტორში, კონკრეტულად კი - ჰან-იუნესში მდებარე შენობის კომპლექსი, რომელშიც დეფი და ერთ-ერთი დანაყოფის მეთაური, რაფა სალამე იმალებოდნენ, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს. ამჟამად მიღებული სადაზვერვო მონაცემებით, საფუძვლიანი შემოწმების შემდეგ დადასტურდა მუჰამედ დეფისა და რაფა სალამეს გარდაცვალებაო.

picture2-1722579382.jpg

მუჰამედ დეფი

ისრაელის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ დეფი მრავალი წლის განმავლობაში იყო ჩართული „ჰამასის“ გასამხედროებული სტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებაში, ის პირადად ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმას და აძლევდა ბრძანებებს ტერორისტული ჯგუფების მეთაურებს. ირკვევა, რომ ადრე ისრაელმა მინიმუმ შვიდჯერ სცადა დეფის ლიკვიდაცია, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. მუჰამედ დეფის ლიკვიდაციის დადასტურების შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ტერორისტულ ლიდერთა სიაში გადახაზავს დეფის ფოტოს.

picture1-1722579382.jpg

თუმცა, ალბათ, ნაადრევია ისრაელის ხელისუფლების ზეიმი: ჯერ უცნობია, თუ როგორი იქნება ღაზაში (მუჰამედ დეფის), ბეირუთში (ფუად შუქრის) და თეირანში (ისმაილ ჰანიეს) ლიკვიდაციაზე ირანის, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ პასუხი.

1 აგვისტოს, საღამოს, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ ვიდეოზე გადაღებული სპეციალური მიმართვა გააკეთა. ის ინტერნეტით გავრცელდა. ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომი ყველა ფრონტზე გაიხსნება და ეს იქნება დიდი ომი, რომელშიც ჩაერთვებიან: ღაზა, ლიბანი, იემენი, ერაყი და ირანიო.

ამ სამხედრო-ტერორისტული მეთოდებით დაპირისპირებამ შეიძლება, სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც გადაინაცვლოს და ისინიც აღმოჩნდნენ ( პირადაპირ თუ ირიბად) ჩართული ამ დამანგრეველ პროცესებში. არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოც ამ ღია და ფარული დაპირისპირების ერთ-ერთ არენად გადაიქცეს. ხომ გაგიგონიათ: "აქლემების ჩხუბში კოზაკი გაიჭლიტაო".