რა აქვს ჩაფიქრებული პუტინს პატიმრების გაცვლის შემდეგ - დაიწყება თუ არა რუსეთში უფრო ძლიერი მასობრივი რეპრესიები?! - კვირის პალიტრა

რა აქვს ჩაფიქრებული პუტინს პატიმრების გაცვლის შემდეგ - დაიწყება თუ არა რუსეთში უფრო ძლიერი მასობრივი რეპრესიები?!

ბრიტანული გაზეთი გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პატიმრების გაცვლის ფონზე, აქვეყნებს სტატიას სათაურით - „პატიმრების გაცვლა დასავლეთს ძვირი დაუჯდა: გაჩნდა კითხვა - რას გააკეთებს ვლადიმერ პუტინი სამომავლოდ?“ (ავტორი - ლიზ ჰაზელდინი). პუბლიკაციაში შეფასებულია მოსკოვისა და ვაშინგტონის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიზეზები და დასმულია კითხვები, - რა შეიძლება მოჰყვეს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, როცა უკრაინასთან ომი გრძელდება.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ომით გაპარტახებულ-დანგრეული უკრაინისა და მისი უარყოფითი მსოფლიო შედეგების ფონზე, დასავლეთს შეუძლია მცირე, მაგრამ რაღაც დადებითი მოვლენა აღნიშნოს - რუსეთის საპყრობილეებში მყოფი რამდენიმე ცნობილი რუსი და დასავლელი პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ამ ფაქტს თამამად შეიძლება ეწოდოს ყველაზე მსხვილი გაცვლა, ცივი ომის შემდეგ: დასავლეთმა მიაღწია The Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების - ვლადიმერ ყარა-მურზასა და ილია იაშინის, აგრეთვე, ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითის -პოლ უილანისა და სხვების გათავისუფლებას.

ზოგიერთი გათავისუფლებული, მაგალითად, ევან გერშკოვიჩი, პოლ უილანი და ვლადიმერ ყარა-მურზა, საყოველთაოდ ცნობილები უსამართლოდ დაპატიმრების შემდეგ გახდნენ, ზოგიერთები კი, ვთქვათ, მხატვარი საშა სკოჩილენკო, რომელსაც გასულ წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაღაზიებში ომის საწინააღმდეგო ეტიკეტების მიწებების გამო, შედარებით ნაკლებად პოპულარულები არიან. ყველა ის პიროვნება, რომლებიც რუსეთმა გაათავისუფლა, უდანაშაულონი იყვნენ და კრემლი მათ ბრალს სდებდა სახელმწიფოს ღალატში, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მიზნით და - ჯაშუშობაში.

მაგრამ ასე ვერ ვიტყვით იმ რუს პატიმრებზე, რომლებიც დასავლეთმა მოსკოვს გაუცვალა. რუსეთში დაბრუნდნენ ჯაშუში ცოლ-ქმარი არტემ და ან დულცევები, რომლებიც სლოვენიაში იხდიდნენ სასჯელს და - ქილერი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ბერლინში 2019 წელს ჩადენილი დანაშაულის - ჩეჩნური წარმომავლობის მქონე დისიდენტის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო. ამბობენ, რომ ვადიმ კრასიკოვი რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელი და თვით ვლადიმერ პუტინის ახლო ნაცნობია, შესაბამისად, კრემლი ძალიან იყო დაინტერესებული მისი გათავისუფლებით. ვლადიმერ კლიუშინი და რომან სელეზნიოვი კი ჩვეულებრივ სისხლის სამართლის დამნაშავეებს წარმოადგენენ - ისინი აშშ-ში სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდდნენ. მათი საპყრობილედან გაშვება და გაცვლა ის „მწარე აბია“, რომლის გადაყლაპვა დასავლეთს მოუხდა - იმიტომ, რომ რუსეთს ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინა.

კრემლის მოტივები, თუ რამ აიძულა მოსკოვი, ასე, ერთბაშად, ამდენი - 16 პატიმარი გაეთავისუფლებინა და დასავლეთისთვის გადაეცა, თვითონ კი მხოლოდ 8 პატიმარი მიეღო, დღემდე უცნობი რჩება. ზოგიერთების ვარაუდით, ეს ყველაფერი მოხდა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებით - როგორმე დიპლომატიური ლანდშაფტი გაუმჯებესებულიყო იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უკიდურესი დაძაბულობა არსებობს, თეთრ სახლში ჯო ბაიდენის მისვლის შემდეგ. გარდა ამისა, რუსეთმა, ალბათ, გაითვალისწინა ჯო ბაიდენის გასვლა საპრეზიდენტო რბოლიდან, რამაც კრემლს გადაწყვეტილების მიღება გაუადვილა.

მაგრამ, იმავდროულად, რუსეთმა, რომელიც ამ საკითხში მოლაპარაკებას დათანხმდა და ბოლო 35 წლის მანძილზე პატიმრების უდიდესი გაცვლა განახორციელა, საბოლოო ჯამში, წააგო - ამ ნაბიჯმა ვლადიმერ პუტინს ხელიდან გამოაცალა დასავლეთისადმი პოლიტიკური მანიპულირების შესაძლებლობა, კრემლს რეზერვში არაფერი აღარ დარჩა. სწორედ ეს არის შემაშფოთებელი: იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ომი ჯერ კიდევ გრძელდება , შეცდომა იქნებოდა, პატიმრების გაცვლა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში ერთგვარი დათბობის მანიშნებლად ჩაითვალოს.

კრემლს ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც მოუწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, უკრაინასა და მის მოკავშირეებთან ერთად, სისხლიანი ომის შეწყვეტის მიზნით, რომელიც რუსეთმა ორწლინახევრის წინ დაიწყო. იბადება კითხვები: როგორ იმოქმედებს ვლადიმერ პუტინი სამომავლოდ? იქნებ, კრემლს ასეთი - კულისებში გამართული საიდუმლო მოლაპარაკებით ჩაფიქრებული აქვს დასავლეთის მზადყოფნის შემოწმება გარიგების დასადებად, სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების წინ? და თუ, ვთქვათ, მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც რუსეთს სურს, ხომ არ გასცემს ვლადიმერ პუტინი სანქციას კიდევ უფრო მეტი პირების დაპატიმრების თაობაზე, მათ შორის - რუსეთში მყოფი დასავლელი მოქალაქეების მიმართაც?

დღეს დასავლეთმა შვებით ამოისუნთქა - რუსეთის უმკაცრესი საპყრობილეებიდან გათავისუფლებული ადამიანები საიმედო ადგილას არიან დაბინავებულები, ბევრი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა. მაგრამ ის საფრთხე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, არანაირად არ შემცირებულა, დასავლეთი ფრთხილად უნდა იყოს.

წყარო