რუსული ვირეშმაკობა: რატომ უტევენ უკრაინას ცრუ "შაჰიდებით"?! - ტაქტიკა, რომელმაც უკრაინელებს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას - კვირის პალიტრა

რუსული ვირეშმაკობა: რატომ უტევენ უკრაინას ცრუ "შაჰიდებით"?! - ტაქტიკა, რომელმაც უკრაინელებს შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას

ორიოდე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ერთგვარი რეკორდი დაამყარეს, როდესაც უკრაინის ქალაქებს ასიოდე კამიკაძე-დრონით შეუტიეს...

უკრაინელები 89 ჩამოგდებული რუსულ-ირანული „შაჰიდ“/„გერანით“ ამაყობდნენ, როდესაც მათი ნამსხვრევების დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ ჩამოგდებული დრონების ნაწილი, მართალია, ძალიან წააგავდა ირანულ „შაჰიდს“ და მის თითქმის სრულ ასლს - რუსულ „გერანს“, მაგრამ მაინც სულ სხვა ტიპის საფრენ აპარატს წარმოადგენდა...

ასევე, მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ახალი ტიპის დრონებზე საერთოდ არ ეყენა საბრძოლო ქობინი, ხოლო მათი კონსტრუქცია... ფანერითა და პენოპლასტით იყო დამზადებული...

„ცრუ „შაჰიდი“ თუ „ეკონომიური შაჰიდი“, საბოლოო ჯამში, ახალი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი „გერბერი“ აღმოჩნდა.

1-ger-1722585747.jpg
ახალი რუსული ცრუ „შაჰიდი“- „გერბერი“...

გამომდინარე იქიდან, რომ ჩამოგდებული „გერბერების“ ფრაგმენტებში არ აღმოჩნდა არც საბრძოლო ქობინები და არც რადიოელექტრონული ან ოპტიკურელექტრონული, ძვირად ღირებული სადაზვერვო აპარატურა, ხოლო თავად ეს დრონები თითქმის კუსტარულადაა აწყობილი, ფანერისა და პენოპლასტის ძალზე იაფი ნაჭრებით, შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი „გერბერების“ გამოყენების დაწყებისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მთავარი საბრძოლო ამოცანა ხდება ამ „გერბერების“ მასობრივი გამოყენებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვა. რადგან უკრაინელი მეზენიტეებისთვის ვიზუალურად შეუძლებელი იქნება რამდენიმე ასეულ მეტრ სიმაღლეზე ფრენისას და ისიც - ღამით, ერთმანეთის გვერდით მფრენი „შაჰიდისა“ და ცრუ „შაჰიდის“ - „გერბერის“ ერთმანეთისაგან გარჩევა, შესაბამისად, ამ „გერბერებსაც“ მიახარჯავენ ათი ათასობით მსხვილკალიბრიან ტყვიას ან უფრო უარესი - ბევრად უფრო ძვირად ღირებულ „სტინგერების“ ან სულაც - „ნასამსის“ საზენიტო რაკეტებს...

სხვათა შორის, მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის სწორედ ასეთი ტაქტიკით გადატვირთვას ამ ბლოგის 2024 წლის 2 მარტის სტატიაში - „დარტყმა სანკტ-პეტერბურგზე... ოდესის მორიგი დაბომბვის სანაცვლოდ - როგორ შეუძლიათ უკრაინულ დრონებს რუსული ქალაქებისთვის „ძილის გატეხვა“... “ ვურჩევდით" უკრაინულ მხარეს...

"საჰაერო დარტყმების მიყენების მცდელობა უშუალოდ ვორონეჟის ბალტიმორის საჰაერო ბაზაზე აქამდეც არა ერთხელ ყოფილა, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვას ამ სტრატეგიული მნიშვნელობის აეროდრომისკენ მისაფრენი მარშრუტები ჰაერში „გამოთოფილი“ აქვს - მოწყობილია ნაწილობრივ ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ზღუდეები -„ბუკების“, „ტორების“, პანცირებისა“ და „იგლების“ საშუალებით, რაც ნაკლებ საშუალებას უტოვებს უკრაინულ კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს, მათ გადასალახავად.

მაგრამ არსებობს სიტუაცია, როდესაც რაოდენობა ხარისხში გადადის ანუ იმავე ბალტიმორის აეროდრომზე შესატევად ათიოდე ძვირად ღირებული ფრთოსანი რაკეტის ნაცვლად, სჯობს ასიოდე იაფფასიანი კამიკაძე-დრონის ან, სულაც, კიდევ უფრო იაფი სამიზნე-დრონის გამოყენება.

2-ger-1722585747.jpg
იაფფასიანი რუსული „გერბერი“ ფანერისგან და პენოპლასტისგანაა დამზადებული და განკუთვნილია უკრაინის ძვირად ღირებული საზენიტო საშუალებების გასახარჯად...

ასიდან ასივე დრონის ჩამოგდება თეორიულადაც კი შეუძლებელია და რამდენიმე მათგანი მაინც გაიჭრება სამიზნისკენ...

ყველა დრონიც რომ ჩამოაგდონ, უკრაინული მხარე მაინც დიდ მოგებაში დარჩება - ერთი საჰაერო სამიზნის წინააღმდეგ, როგორც წესი, ორი ან უფრო მეტი საზენიტო რაკეტა გამოიყენება, ხოლო ნებისმიერი მართვადი საზენიტო რაკეტა ბევრად მეტი ღირს ნახევრად-კუსტარულ დრონზე, მით უმეტეს, თუკი ეს იქნება სამიზნე-დრონი - ფანერისგან დამზადებული უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც წინასწარ დაპროგრამებული მარშრუტით მიფრინავს და არც საბრძოლო ქობინი გააჩნია, თუმცა რუსმა მეზენიტეებმა ეს ხომ არ იციან და მასაც სერიოზულ საფრთხედ აღიქვამენ...

ასობით ასეთი სამიზნე-დრონის ერთდროული გაშვება დიდი სტაციონარული სამიზნის - აეროდრომის, ნავთობბაზის ან, სულაც, რომელიმე ქალაქის მიმართულებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვას დიდი რაოდენობით გაახარჯვინებს ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს, ოღონდ ამისთვის სამიზნე-დრონები ღამით და ისიც - ორ კმ-ზე მაღლა უნდა მიფრინავდნენ, რათა რუსი მეზენიტეები საზენიტო ტყვიამფრქვევებით ვერ მიწვდნენ - იაფფასიანი მსხვილკალიბრიანი ტყვიებით ან, თუნდაც, მცირეკალიბრიანი ქვემეხების ჭურვებით ამ სამიზნე-დრონების ჩამოგდების შესაძლებლობა ჩანაფიქრს აზრს დაუკარგავს“, - ვწერდით ზუსტად ხუთი თვის წინ...

არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინა არ ცდილობს, უფრო მასობრივი გახადოს კამიკაძე-დრონების თავდასხმები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის რაც შეიძლება სიღრმეში, რასაც კიევს ვერც ვაშინგტონი და ვერც ლონდონი ვერ აუკრძალავს, რადგან ეს კამიკაძე-დრონები, ძირითადად, სწორედ უკრაინაშივეა აწყობილი, ჩინური და დასავლური დეტალების გამოყენებით.

მარტო გასულ თვეში, ივლისში, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას 520 ერთეული სხვადასხვა ტიპის შორსმფრენი კამიკაძე-დრონით შეუტია და ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარა, როდესაც საჰაერო დარტყმა მიიტანა უკრაინის საზღვრიდან ჩრდილოეთით, 1 800 კმ-მდე დაშორებულ რუსულ „ოლენიას“ საჰაერო ბაზაზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიც ბაზირებენ. ამ შეტევის დროს დაზიანებული იქნა ორი რუსული შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3, სწორედ ისინი, რომლებიდანაც გაშვებული ნაკლებად ზუსტი Х-22 და Х-32 ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტებით, ძირითადად, ზარალდებიან უკრაინული ქალაქების საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა...