ზელენსკის მძიმე ინტერვიუ - "14 მომზადებული ბრიგადიდან იარაღი აქვს მხოლოდ 3-ს, განა ასეთ მდგომარეობაში ჩვენ რუსეთის არმიის შეტევების შეჩერებას შევძლებთ?" - კვირის პალიტრა

ზელენსკის მძიმე ინტერვიუ - "14 მომზადებული ბრიგადიდან იარაღი აქვს მხოლოდ 3-ს, განა ასეთ მდგომარეობაში ჩვენ რუსეთის არმიის შეტევების შეჩერებას შევძლებთ?"

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ (Le Monde) აქვეყნებს ინტერვიუს უკრაინის პრეზიდენტთან სათაურით - „ვოლოდიმირ ზელენსკი: „რუსეთისადმი უკრაინის ტერიტორიების გადაცემა ძალიან რთულ საკითხს წარმოადგენს“ (ესაუბრება ჟურნალისტი თომას დ’ისტრია).

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი პუბლიკაციიდან:

- თქვენ არ ესწრებოდით პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას...

- სიამოვნებით მივიღებდი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რთულ მდგომარეობაში იმყოფება. რუსები დარტყმებს აყენებენ ჩვენს ტერიტორიებს, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ახლა ოლიმპიადა მიმდინარეობს (ძველბერძნული ტრადიციით, ოლიმპიური თამაშების დროს ყოველგვარი ომი და კონფლიქტი დროებით წყდებოდა ხოლმე). ალბათ, პარიზის ოლიმპიადას შეიძლება გარკვეულწილად პოლიტიკური მოვლენა ვუწოდოთ, მაგრამ ჩემთვის ის, უპირველეს ყოვლისა, მასშტაბურ დღესასწაულს წარმოადგენს - ასეა ყველა სპორტსმენისათვის და, რა თქმა უნდა, ფრანგებისთვისაც. უკრაინის გუნდი ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობს. საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავს, თუმცა ჩვენთვის ოლიმპიადა საზეიმო მოვლენა მაინც არ არის.

- რუსები შეტევას აგრძელებენ და ყოველდღიურად უკრაინის ტერიტორიის მცირე, მაგრამ გარკვეულ ნაწილს იკავებენ. რატომ ხდება ასე?

- ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველი - არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ 14 ბრიგადა მზადყოფნაში გვყავს სამშობლოს დასაცავად, მაგრამ მათგან ბევრს იარაღი არ აქვს. წარმოიდგინეთ - 14 მომზადებული ბრიგადიდან იარაღით აღჭურვილია მხოლოდ სამი. განა ასეთ მდგომარეობაში ჩვენ რუსეთის არმიის შეტევების შეჩერებას შევძლებთ? რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით მოკავშირეებს, მილიარდობით დოლარისა და ევროს გამოყოფით, მაგრამ ფული ერთია, იარაღი - მეორე... ჩვენ კონკრეტული, რეალური იარაღი გვინდა;

მეორე - მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ რუსებს უკან დახევის ეშინიათ. თუ ისინი უკან დაიხევენ, მათ დახვრეტენ. ეს აბსოლუტური სიმართლეა. ჩვენ კი ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეს ვუფრთხილდებით, რუსების მსგავსად არასოდეს მოვიქცევით. თუ ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაზე არ იფიქრებ, მაშინ ბრძოლას აზრი ეკარგება. პუტინს კი დაღუპულების რაოდენობა არ ადარდებს;

მესამე - ჩვენ ვერ ვსარგებლობთ დასავლეთის მიერ მოცემული იარაღით ისე, როგორც ჩვენ გვსურს. როცა გვეუბნებიან, რომ რაკეტებს გაძლევთ, მაგრამ რუსეთის ობიექტებს არ ესროლოთო, როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე? უბრალო მაგალითს გეტყვით: ხარკოვს რუსები რაკეტებს ბელგოროდიდან ესვრიან. მილიონი ამერიკული სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტი“ რომც გვქონდეს, ის ვერაფერში დაგვეხმარება, თუ ბელგოროდში არსებული რუსული რაკეტების გამშვებ დანადგარებს არ გავანადგურებთ.

- რა ზომებს იღებს თქვენი ადმინისტრაცია, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში სავარაუდო დაბრუნებას მომზადებულები შეხვდეთ?

- ჩვენ, რასაკვირველია, აშშ-ის არჩევნებზე გავლენას ვერ მოვახდენთ. სიტუაცია, რომელიც აშშ-ში ყალიბდება, ჩვენთვის დიდ გამოწვევას ნიშნავს. არსებობს რისკები, რომელთა წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. თუ კამალა ჰარისი გაიმარჯვებს ანუ, თუ აშშ-ის მართვის საჭესთან დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იქნება, [ჩვენთვის დადებითია], მაგრამ პიროვნულად ის ჯო ბაიდენი არ არის... და თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს... ჩვენი გუნდი უკვე ესაუბრა ტრამპის წარმომადგენლებს და მათ შორის, პირადად მეც. ვიმეორებ, რომ არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი სამომავლო დიალოგი. ადრე დონალდ ტრამპი რაციონალური იყო, მაგრამ ახლა არ ვიცით, როგორი იქნება იგი 5 ნოემბრის შემდეგ. ვფიქრობ, კონგრესმენთა უმრავლესობა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

- რას ელოდებით ჩინეთისაგან?

- ჩინეთი თუ მოინდომებს, მას რუსეთზე გავლენის მოხდენა და ამ ომის შეწყვეტა შეუძლია. პირდაპირ გეტყვით: მე არ მინდა, რომ ჩინეთი შუამავალი იყოს. მე მინდა, რომ პეკინმა რუსეთზე პირდაპირი ზეწოლა განახორციელოს და კრემლმა ომი შეწყვიტოს. ისეთი ზეწოლა მოახდინოს, როგორსაც აშშ და ევროკავშირი აკეთებს.

- შეიცვალა თუ არა თქვენი პირობები რუსეთთან მოლაპარაკებისათვის? როგორც ადრე აცხადებდით, მოსალაპარაკებლად აუცილებელია რუსეთმა ჯერ ჯარები გაიყვანოს და უკრაინის 1991 წლის საზღვრები აღდგესო... ყირიმისა და დონბასის ჩათვლით.

- მე ვფიქრობ (და, ასევე, სხვა ლიდერებიც), რომ მეორე სამშვიდობო სამიტში რუსეთის მონაწილეობა აუცილებელია, სხვანაირად შედეგებს ვერ მივაღწევთ. იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო გვეუბნება, რუსეთიც უნდა იყოს სამიტის მონაწილეო, ჩვენ ამის წინააღმდეგ ვერ გამოვალთ. როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვსურს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიზანს მხოლოდ იარაღის ძალით განვახორციელებთ. ვფიქრობთ, დიპლომატიური გზებითაც უნდა ვისარგებლოთ.

- მსჯელობთ თუ არა რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის შესაძლებლობაზე?

- თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს მხოლოდ ერთი ადამიანი, პრეზიდენტი ან - მსოფლიოს პრეზიდენტები, ვერ გადაწყვეტენ - უკრაინელი ხალხის ნების გარეშე. ეს შეუძლებელია. ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. უკრაინის ხელისუფლება ხალხის დაუკითხავად მსგავს ნაბიჯს არ გადადგამს, ყველაფერი მოხდება მოსახლეობის სურვილის შესაბამისად.

გულახდილად გეტყვით: ჩვენთვის კარგი არ არის, რომ საქმე პუტინთან გვაქვს. კრემლისთვის, რა თქმა უნდა, გამარჯვება იქნება, თუ ჩვენ ტერიტორიის გადაცემაზე დავთანხმდებით. მაგრამ იმის შემდეგაც კი, როცა ომი შეწყდება, ვლადიმერ პუტინს შეუძლია ისევ დაბრუნდეს. ამიტომაც არის ეს საკითხი ძალიან რთული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.lemonde.fr/international/article/2024/07/31/volodymyr-zelensky-renoncer-a-des-territoires-ukrainiens-est-une-question-tres-tres-difficile_6263027_3210.html