"ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი-მეთქი და ხატი ავწიე...ამ მასშტაბის ტურნირზე პირველად ვუყურე შვილის ბრძოლას ასე ახლოდან" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის მამა, რომლის ამაღელვებელი კადრები მთელმა საქართველომ ნახა - კვირის პალიტრა

"ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი-მეთქი და ხატი ავწიე...ამ მასშტაბის ტურნირზე პირველად ვუყურე შვილის ბრძოლას ასე ახლოდან" - რას ჰყვება ლაშა ბექაურის მამა, რომლის ამაღელვებელი კადრები მთელმა საქართველომ ნახა

ოქრო ბიჭის ოქრო პარიზის ოლიმპიადიდან - ლაშა ბექაურის ტრიუმფი!

ლაშა ბექაურმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართულ ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცელი ოქროს მედლის ორგზის მოპოვებით ჩაწერა. ის პირველი ქართველი ძიუდისტია, რომელმაც ამ ეტაპისთვის 2 ოლიმპიური ოქრო მიითვალა. მას ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე კო­რე­ელ მე­ტო­ქეს­თან მო­უ­წია დაპირისპირება, თუმ­ცა მალევე, სულ რაღაც წუთნახევარში შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ნახევარფინალში ეს­პა­ნე­თის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე ტრის­ტან მო­სახ­ლიშ­ვი­ლს სძლია.

გა­დამ­წყვეტ ორთაბრძოლაში კი ბექაურს მე­ტო­ქე­ო­ბას უწევ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლი, ია­პო­ნე­ლი მუ­რაო სან­ში­რო. ეს იყო დრა­მა­ტუ­ლი შეხ­ვედ­რა, რა დროსაც, პირ­ვე­ლი ვა­ზა­რი ია­პო­ნელ­მა მო­ი­პო­ვა. ქართველმა ჯერ გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში, ბრძო­ლის მი­წუ­რულს კი კი­დევ ერთი ვა­ზა­რი აიღო და იპო­ნით გა­ი­მარ­ჯვა.

lashasgamarjveba-1722597710.jpg

ლაშა გამორჩეულია და განსაკუთრებული არა მხოლოდ სპორტული მიღწევებით, მისი ქარიზმით, სიხალისით, სილაღით და მეტოქეების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით. დაძაბული ფინალური ორთაბძოლის მოგების შემდეგ ბექაურმა ეს სიხარული არ გვაკმარა და უცხოელ ჟურნალისტს, მსოფლიოსთან ერთად გააგონა ვისი გორისაა! საიდანაა და როგორი მებრძოლი ქვეყნის შვილიაა!

"მე მებ­რძო­ლი ხალ­ხის ქვეყ­ნი­დან ვარ ძმაო, 300 არაგ­ვე­ლი იცი?" - ამ სიტყვებით მიმართა ძიუდოისტმა „ევ­როს­პორ­ტის“ ჟურ­ნა­ლისტს.

"301-ე არაგველის" მამობა...

"ვფიქრობდი, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა"

"თავიდან სპორტზე რომ მივიყვანე, მე თვითონ მიკვირდა, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა, ყველასთან თბილად იყო, ყველას ეფერებოდა, ვფიქრობდი, ეს ადამინს ვერ გაიმეტებს წასაქცევად-მეთქი", - ასე იხსენებდა შვილის პირველ ნაბიჯებს გელა ბექაური, როცა 18 წლის ასაკში ლაშა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

შვილის პროფესიულ არჩევანზე დიდი გავლენა სწორედ გელა ბექაურმა იქონია, მისი ინიციატივით დაიწყო მესამეკლასელმა ლაშამ სოფელში, არხილოსკალოს დარბაზში კახა წიკლაურთან ძიუდოზე სიარული.

ლაშას წლევანდელ ბრძოლას განსაკუთრებული ელფერი მამის გულშემატკივრობამაც შესძინა, რომელიც ამ დონის ტურნირებზე შვილის გამოსვლას პირველად დაესწრო დარბაზში.

beqauris-mamaa-1722597587.jpg

როგორც kvirispalitra.ge -სთან საუბარში გელა ბექაური აღნიშნავს, ოლიმპიადაზე საფრანგეთში შვილის თხოვნით წავიდა.

- ბატონო გელა, გილოცავთ ლაშას გამარჯვებას! ძალიან ამაღელვებელი სანახავი იყო თქვენი გამოჩენა პარიზის ოლიმპიადაზე... როგორია "301 – ე არაგველის" მამობა? ღვთისმშობლის ხატით ხელში ლოცულობდით შვილის გამარჯვებისთვის...

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი ბედნიერებაა, უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი შვილი მყავს. ვერ ვიტყვი, რამდენად ეკლესიური ოჯახი ვართ, მაგრამ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს გამარჯვებაში მთავარი წვლილი მიუძღვის უფალსა და დედაღვთისმშობელს.

lashasmamama-1722597636.jpg

- როგორც ადრე ინტერვიუში აღნიშნეთ, გიჭირდათ ლაშას თამაშების ყურება ქომაგებთან ერთად...პარიზში წასვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- ტრადიციულად მარტო ვუყურებ ლაშას ბრძოლას, ვლოცულობ მისთვის და ხალხთან ერთად ამის საშუალება არ მეძლევა. ახლაც გამიჭირდა ხალხთან ერთად ყურება, მაგრამ შვილს სჭირდებოდა და მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ჩვენმა თანადგომამ, მხარდაჭერამ, ერთიანობამ შედეგი გამოიღო. ფინალში რომ ლაშა მარცხდებოდა, შევძახე, მიდი მამი, ხატი ავწიე ხელში და ამას ლაშაც ხედავდა. ყველა ჩვენი შეძახილი ესმოდა, პაუზის დროს ჰქონდა შესაძლებლობა დავენახე. მუდმივად ჰქონდა ჩემთან ვიზუალური კონტაქტი.

- ბატონო გელა, ლაშას თხოვნით წახვედით პარიზში თუ თქვენი ინიციატივა იყო?

- ლაშას, ოლიმპიური კომიტეტისა და ფედერაციის თხოვნით გავემგზავრე. ამ მასშტაბის ტურნირზე პირველად ვუყურე შვილის ბრძოლას ასე ახლოდან. ჯერ არ ჩამოვსულვართ საქართველოში, ახლაც პარიზში ვართ. შემთხვევით მოვხვდი ტელეფონთან და გაგიმართლათ, რომ შევძელი მეპასუხა. მადლობა ყველას! მადლობა ჩვენს საქართველოს! მადლობა უფალს!

- სპორტსმენისთვის ნებისმიერ მეტოქესთან ორთაბრძოლა საპასუხიმგებლოა, სავარაუდოდ, განსაკუთრებულად ემოციური ლაშასთვის ქართველთან დაპირისპირება იქნებოდა...

ზოგადად, ყველა შეხვედრა რთულია. ქართველისთვის კი ქართველთან მეტოქეობა ძნელია, მით უმეტეს, როცა მეგობრობენ, ერთმანეთთან სიყვარული და პატივისცემა აკავშირებთ.

- ქართულ ძიუდოში ლაშამ ისტორია დაწერა, ამ დროისთვის, ის პირველი ქართული ძიუდოისტია, რომელსაც 2 ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული...

- ამ თემაზე ახლა აქტიურად წერენ. მარტო ძიუდოსაც არ გულისხმობენ, იმასაც ამბობენ, რომ ამ ასაკში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიაა. არ მინდა შევცდე, არ ვიცი სპორტის სხვა სახეობებში როგორ არის ამ მხრივ შედეგები და დაზუსტებით ვერ გეტყვით.