"დიდ და მარტივ ფულს ვიყავი შეჩვეული" - კვირის პალიტრა

"დიდ და მარტივ ფულს ვიყავი შეჩვეული"

გემა ხაგუში საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო.

გემა აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა, მოზარდობისას გადმოვიდა თბილისში საცხოვრებლად. სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან შრომობს: განუცდია ფინანსური კეთილდღეობაც და უფულობის დეპრესიაც... ამჟამად, საქართველოში ძირითადად, დასასვენებლად ჩამოდის, მუშაობით კი საზღვარგარეთ მუშაობს...

- 14 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოვედით. 3 წელიწადში მივხვდი, დედა მარტო იყო, მე კი მეტი და მეტი მინდოდა, ამიტომ მუშაობა გადავწყვიტე. რუსთაველზე, პატარა კაფეში მიმტანად დამასაქმეს. დღეში 8 ლარს მიხდიდნენ, რაც სხვათა შორის, მყოფნიდა. შემდეგ, იმავე კაფეში მენეჯერი გავხდი - უკვე 12 ლარს მიხდიდნენ. თან, ჯერ ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. როცა სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე, ისევ მიმტანად დავიწყე მუშაობა, ოღონდ - სხვა კაფე-ბარში, მერე - სხვადასხვა რესტორანში... ბოლოს კუს ტბაზე მდებარე კაფეს კარგა ხანს შემოვრჩი...

- უნივერსიტეტში რა მიმართულებით სწავლობდი? სწავლას და მუშაობას როგორ ათავსებდი?

- სამსახურში დღის 4-დან ღამის პირველ საათამდე ვიყავი. უნივერსიტეტში ტურიზმს ვსწავლობდი. ცოტა ხნით ტურიზმის მიმართულებით მუშაობაც მოვასწარი: მივლინებით ბაქოში ვიყავი, მაგრამ დიდად არ მომეწონა, რადგან მიმტანობით უფრო მეტ ფულს "ვაკეთებდი" - მყოფნიდა, ფულს დედას ან სხვა ვინმეს არ ვთხოვდი. კაფეში სამსახურს რომ ვამთავრებდი, დილამდე იქვე, კლუბში ვრჩებოდი, დილით კი უნივერსიტეტში ლექციებს ვესწრებოდი. ყოველდღე ვმუშაობდი, რადგან ფული მჭირდებოდა. "მოჭრილი" ხელფასი 30 ლარი მქონდა. თან, "ჩაი" მრჩებოდა, დღეში 50 ლარი, რაც იმ დროს კი არა, დღესაც კარგი ფულია (იღიმის)...

- ფიქრობ, ხარისხიანად სწავლას ახერხებდი? მეცადინეობისთვისაც ხომ გჭირდებოდა გარკვეული დრო?

- მუხიანიდან კუს ტბაზე სანამ ავიდოდი, სწავლასაც ვასწრებდი (იცინის). თან, რუსულ ენაზე ვსწავლობდი. რთულიც არ იყო. უკრაინულიც ვისწავლე - კიევის უნივერსიტეტი დავამთავრე... მოკლედ, ტურიზმის მიმართულებით მუშაობა ვცადე, მაგრამ გული ვერ დავუდე - დიპლომისთვის უფრო ვისწავლე.

- გული მცირე ანაზღაურებამ აგიცრუა, არა?

- შეიძლება... მივხვდი, ფული მნიშვნელოვანია, კომფორტულად რომ იგრძნო თავი ადამიანმა. ისევ მიმტანობა - ფინანსური კომფორტი ვარჩიე.

- ეს გადაწყვეტილება თუ გინანია? ტურიზმის სფეროში მეტი გამოცდილების მიღების მერე, შემოსავლის გაზრდის პერსპექტივა არ გქონდა?

- პერსპექტივა ყველაფერშია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. ახლაც, ნებისმიერ დროს შემიძლია, ტურიზმის სფეროში ვიმუშაო, მაგრამ შემდეგ ვებდიზაინი ვისწავლე - ვნახე, ამ სფეროში მუშაობა შემიძლია. თან, ტურიზმში უფრო მეტად იღლები, დადიხარ, ენერგიას ხარჯავ, ვებდიზაინერი კი კომპიუტერთან ზიხარ და ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლია მუშაობა...

- რატომ გადაწყვიტე თურქეთში გამგზავრება?

- იქ დაქალი მუშაობდა. უნდა დაოჯახებულიყო. თავიანთი ბიზნესი წამოიწყეს და დამპატიჟეს, - წამოდი, ენებს მალე ითვისებ, დაგვეხმარე და შენი შრომის ანაზღაურება გექნებაო. დაქალს ერჩივნა, კაფეში სამუშაოდ ახლობელი ჰყოლოდა. ქართველებთან მუშაობის ცუდი გამოცდილება ჰქონდა. მოკლედ, წამიყვანა და თურქეთში 11 თვით ჩავრჩი. ესეც მწარე გამოცდილება იყო: როცა ჩემი დაქალი თურქეთში არ იმყოფებოდა, მის ქმართან შელაპარაკება მომივიდა, ვიჩხუბეთ და სახლიდან გამომაგდო.

- უკვე მუშაობა დაწყებული გქონდა?

- კი, უკვე 3 თვე მათ კაფეში ვმუშაობდი.

- შელაპარაკება რის გამო მოგივიდათ?

- ხელფასზე. არაფერი იცი, არავინ ხარო... მეც არ დავუთმე... აღმოჩნდა, რომ ისე არ მიხდიდნენ, როგორც უნდა გადაეხადათ, ანუ ენა რომ ვისწავლე, უკვე ვხვდებოდი, სათანადოდ არ მიხდიდნენ. შელაპარაკება ამაზე მოგვივიდა და ღამით გარეთ გამომაგდო. კიდევ კარგი, ქალაქში უკვე ნაცნობები მყავდა. კაფეში ერთ-ერთი სტუმრის მაღაზიას შევეფარე, სადაც 3 დღე გავატარე. მეპატრონემ მითხრა, - სხვა ვერაფრით დაგეხმარები. მაქსიმუმ, ღამის გასათევი მოგცეო. მართლა კარგი ადამიანი იყო... შემდეგ ჩემი ამბავი ნაცნობმა თურქმა ქალმა გაიგო, ყველაფერი გამომკითხა, თავის სახლში წამიყვანა, - ფულის გადახდა არ მინდა. სანამ ფეხზე არ დადგები, აქ დარჩიო. მერე, იმავე ქალაქში ახალ სამსახურში მოვეწყვე: ისევ კაფეში მიმტანად ვმუშაობდი. თან, ბარს ვეხმარებოდი. იქაურობას შემოვრჩი. ენაც ვისწავლე. საქმე კარგად გამომდიოდა. შემოსავალიც მქონდა - სახლშიც ვგზავნიდი და იქაც არაფერს ვიკლებდი. საკმაოდ კარგი, ნათელი ბინა ვიქირავე... შემდეგ მსურდა, თურქეთში ბინადრობის უფლების ვადა გამეგრძელებინა - 2-თვიანი გადაცილება მქონდა. უარი მითხრეს, დეპორტი "ჩამირტყეს"... თბილისში დავბრუნდი. უკვე თბილისურ ხელფასებს ვეღარ მივეჩვიე. უფულობის დეპრესია ისე მომაწვა, ღამეებს ვათენებდი. ერთხელაც, დილის 6 საათზე, ინტერნეტში შევედი და უბრალოდ, "გუგლში" ჩავწერე - "მუშაობა საზღვარგარეთ". ჰოსტესის (ობიექტზე სტუმრის მიმღები) ვაკანსია ვიპოვე, მაგრამ ადგილზე რომ მივედი, აღმოჩნდა, რომ სტუმარს უნდა მიუჯდე, მასთან ერთად გაერთო, დალიო... თანხას ამაში იღებდი, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და რა თქმა უნდა, 2 დღეში გამომაგდეს. შემდეგ სასტუმროში დამლაგებლად მუშაობა დავიწყე. ამაში კარგი ის იყო, რომ დასარჩენი მქონდა. მოკლე სამუშაო განაკვეთი იყო და ფაქტობრივად, მთელი დღე თავისუფალი ვიყავი. პარალელურად, მიმტანად ვმუშაობდი. 3 თვე ასე გავატარე. სხვათა შორის, თანხაც საკმარისი ჩამოვიტანე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრს ვხარჯავდი: ბრენდული ტანსაცმელი, ევროპაში "გულაობა"... მარტო ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ ფულს უმოწყალოდ ვხარჯავდი, საქართველოში დედასაც ვუგზავნიდი და თბილისში დაბრუნებულმა 3 ათასი ევროც ჩამოვიტანე.

- პანდემიის გამო ჩამოხვედი?

- არა, პანდემიამ თურქეთში მომისწრო. დეპორტი მოვიშორე - ადვოკატები და სამუშაო ვიზა დამჭირდა. სანამ საშუალება მქონდა, დეპორტი მომეშორებინა, ეს რატომ არ უნდა გამეკეთებინა?.. პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიყავი. ვებდიზაინის პროფესიას ონლაინ ვსწავლობდი. შემდეგ პრაქტიკა, სტაჟირება მათსავე ოფისში გავიარე, ვისი სასწავლო პროგრამაც იყო (საქართველოში არსებული უცხოური კომპანია), იქვე დავსაქმდი და აი, საქართველოში ცხოვრებაც მაშინ დავიწყე: უკვე საკმაოდ კარგი გასამრჯელო მქონდა. თან, ხელფასს დოლარში ვიღებდი. შუა საბურთალოზე ვიქირავე ბინა, ვიყიდე ავტომობილი... შემდეგ კომპანია ყირგიზეთში გადავიდა. მეც გავემგზავრე, მაგრამ იქაურობა ჩემთვის ძალზე მოსაწყენი იყო: არავის ვიცნობდი, უმეგობროდ, მხოლოდ ოფისის ხალხის გარემოცვაში ვიყავი... არც ქალაქი მომეწონა. იქაურობამ "ჩამხუთა". 1 თვეში თბილისში დავბრუნდი. ვიფიქრე - იქნებ იმავენაირი სამსახური ვიპოვო-მეთქი, მაგრამ მალევე ისევ საბერძნეთში წასვლა გადავწყვიტე.

- რატომ, შესაბამისი სამსახური აქ ვერ იპოვე?

- ალბათ, არც მიძებნია, რადგან შემეშინდა გარემოს შეცვლის ან იმის, რომ ისეთივე კარგ სამსახურს ვერ ვიპოვიდი, როგორიც მქონდა, ან - დამეზარა, "დასტრესვა" არ მინდოდა და უბრალოდ, ისევ იქ გავიქეცი, სადაც ვიცოდი, რას ვაკეთებდი და რამდენს გადამიხდიდნენ - დიდ და მარტივ ფულს ვიყავი შეჩვეული. ავტომობილიც გავყიდე. საბერძნეთში მხოლოდ 2 კვირა გავჩერდი და თურქეთში გავემგზავრე, სადაც 3 თვე უბრალოდ ვისვენებდი. ალბათ, დეპრესიაც მქონდა.

- საბერძნეთში 2 კვირის განმავლობაში მუშაობდი?

- კი. მივხვდი, ისევ იქ ვიყავი, საიდან დავიწყე და ჩემი სისულელით ყველაფერი დავკარგე... თურქეთში თითქოს დასასვენებლად წასული, უარესად გავხდი. ავტომობილის გაყიდვით მიღებული ფულიც დავხარჯე. შემდეგ თბილისში ჩამოვედი, ვებდიზაინერად ვიმუშავე - პატარ-პატარა პროექტებმა "გამაქაჩვინა", თუმცა ჩემთვის ეს მცირე იყო. საქართველოს კვალობაზე, ცუდი შემოსავალი არ მქონდა - თვეში 1.200 ევრო გამომდიოდა, მაგრამ ესეც არ მყოფნიდა... საბოლოოდ, დანაზოგით სალონი გავხსენი.

- რატომ სალონი და არა სხვა ტიპის ბიზნესი?

- ერთი გოგო გავიცანი, რომელიც ჩემს მეზობლად ცხოვრობს. თან, თმის სპეციალისტია. ფიქრობდა, რა გავაკეთოთო? ერთხელ ინტერნეტში განცხადება ნახა, რომ მზა ბიზნესი 5 ათას დოლარად იყიდებოდა. დილის 7 საათზე დამირეკა: წამოდი, ვნახოთო. შევიძინეთ, ქირის ფული გადავიხადეთ და რემონტი დავიწყეთ... საბოლოო ჯამში მოლოდინმა არ გაამართლა: ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას დრო სჭირდება, მაგრამ თანხა რომ გაქვს "ჩადებული", მუშაობ და მხოლოდ 500 ლარი გრჩება, რთულია. აღარ გვეყო, ვეღარ "გავქაჩეთ". პარტნიორს ვუთხარი, - თუ გინდა, შეგიძლია დარჩე-მეთქი... ისევ საბერძნეთში გავემგზავრე და ჩვეულ საქმეს დავუბრუნდი.

- შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- თავის მოვლა საკმაოდ ძვირია საქართველოში. კარგად ჩაცმაც მინდა - გოგო ვარ, ლამაზ რესტორნებში ვახშმობა მიყვარს... მოკლედ, აქ ცხოვრება ძვირი მიჯდება. ევროპაში კონკრეტული ბრენდების სამოსი "კაპიკები" ღირს, აქ კი - უაზროდ ძვირია... ფული თუ არ მაქვს, დეპრესია მემართება.

- ფუფუნებაში გაიზარდე?

- იმ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ კი. მიჩვეული ვიყავი, რაც მინდოდა, მქონოდა. ომის მერე, ჩემი ძმა თბილისში იზრდებოდა, მე კი - აფხაზეთში. დედას მაღაზია ჰქონდა. თან მყვებოდა. ძვირფას სამოსს მიჩვეული ვიყავი... ამიტომ მინდა, რომ სულ კარგად ვიყო.

- აფხაზეთიდან მამის გარდაცვალების შემდეგ წამოხვედით?

- მამაც გარდაიცვალა, ბებიაც, ბაბუაც... დიდ სახლში მარტო მე და დედა დავრჩით, მერე კი წამოვედით, რადგან იქ მაინც ზეწოლის ქვეშ ვიყავით - ქართველი ხარო... დეტალები არ მახსოვს, რადგან მაშინ ბავშვი ვიყავი. ჩემი ძმა ქართველია და მასთან წამოვედით...

- ახლა მარტო ცხოვრობ?

- დედასა და ძმასთან ერთად. 3 თვით ჩამოსულს ცალკე ბინის დაქირავება არ მჭირდება.

- ოჯახს შენ ეხმარები?

- რა თქმა უნდა. დედა პენსიონერია. ძმა ვერ მუშაობს, რადგან შშმ პირის საბუთი აქვს, ჯანმრთელობის გამო. 50 წლისაა. თავის პენსიას იღებს. ასე რომ, მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, ოჯახიც მყავს საზრუნავი. ამიტომ არასდროს არაფერი მყოფნის (იღიმის)...

- შენი მომავალი როგორ გესახება?

- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. რაღაცის დაგეგმვა არ მიყვარს, რადგან არასდროს ვიცით, ხვალ რა იქნება. დაგეგმილი რომ არ გამომივიდეს და იმედი გამიცრუვდეს, ამას მირჩევნია, საერთოდ არ დავგეგმო - 1 დღით ვცხოვრობ...

ეთო ყორღანაშვილი