დეჟავიუ - რუსული წყალქვეშა ნავი მეორედ ააფეთქეს... - კვირის პალიტრა

დეჟავიუ - რუსული წყალქვეშა ნავი მეორედ ააფეთქეს...

ნამდვილი დეჟავიუა, ეს ხომ ერთხელ უკვე მოხდა, როდესაც 2023 წლის 13 სექტემბერს ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის სერგო ორჯონიკიძის სახელობის საზღვაო ქარხნის მშრალ დოკში მდგარ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მე-4 ცალკეული წყალქვეშა ნავების ბრიგადის კუთვნილ 633.3 პროექტის «Варшавянка» -ს დიზელისძრავიან წყალქვეშა ნავს Б-237 «Ростов-на-Дону»-ს უკრაინელების მიერ გაშვებული ბრიტანული ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow მოხვდა და სერიოზულად დააზიანა... მაშინ რუსული „როსტოვ-ნა-დონუ“ მხოლოდ იმიტომ არ ჩაიძირა, რომ მშრალ დოკში იდგა...თუმცა, 2024 წლის 2 აგვისტოს ღამეს ეს რუსული წყალქვეშა ნავი უკრაინელებმა მაინც ჩაძირეს, როდესაც სევასტოპოლის პორტს მორიგი სარაკეტო დარტყმა მიაყენეს, ამჯერად შეიძლება 300 კმ-ზე მფრენი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტის MGM-140B ATACMS-ის საშუალებითაც... ა.წ.-ის ივლისის შუა რიცხვებში რუსული სამხედრო პროპაგანდისტები ზეიმობდნენ, რომ გასული წლის სექტემბერში სევასტოპოლის ქარხნის მშრალ დოკში უკრაინული ფრთოსანი რაკეტით დაზიანებული მათი წყალქვეშა ნავის „როსტოვ-ნა-დონუს“ გარემონტება დამთავრდა, მალე მას ზღვაში ჩაუშვებენ და მისი ეკიპაჟი «Калибр»-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების ზალპით შურს იძიებს უკრაინულ ქალაქებზეო...

2-ros-1722708709.jpg
გასული წლის სექტემბერში ოკუპირებულ სევასტოპოლში მშრალ დოკში მდგარი რუსული წყალქვეშა ნავი Б-237 «Ростов-на-Дону»-ი უკრაინული ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow-ს მოხვედრის შემდეგ...

მართლაც, ეს წყალქვეშა ნავი გამოიყვანეს სერგო ორჯონიკიძის სახელობის სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის მშრალი დოკიდან, წყალში ჩაუშვეს და დააყენეს იმავე სევასტოპოლის სამხედრო ბაზის მე-13 გემთსარემონტო ქარხნის ნავმისადგომთან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა თანამგზავრულ ფოტოებზე.

როგორც ჩანს, უკრაინულმა მხარემ სპეციალურად აცადა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლობას ათი თვე იმისთვის, რომ მათ დიდი სახსრები დაეხარჯათ და გაერემონტებინათ ფრთოსანი რაკეტით დაზიანებული ეს წყალქვეშა ნავი და მისი ისევ საბრძოლო მწყობრში ჩადგომის წინ ხელახლა მიიტანეს სარაკეტო იერიში და ამჯერად იქვე ნავმისადგომთან ჩაძირეს...