"ბატონი ჯემალ ჭკუასელი ყოველთვის უწყობდა ხელს იმ მოცეკვავეებს, ვისაც სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი ჰქონდათ. მეც ცეკვის პარალელურად, იურიდიული დავამთავრე" - კვირის პალიტრა

"ბატონი ჯემალ ჭკუასელი ყოველთვის უწყობდა ხელს იმ მოცეკვავეებს, ვისაც სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი ჰქონდათ. მეც ცეკვის პარალელურად, იურიდიული დავამთავრე"

„ერისიონი“ საქართველოს რაიონებში ტრადიციულ საზაფხულო საგასტროლო ტურნეს მართავს.

აგვისტოს თვეში კი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დასკვნითი კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. „ერისიონის“ სოლისტები, მსახიობ-მოცეკვავეები გვანცა ლობჟანიძე და ვახტანგ მელიქიშვილი ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებასა და ცეკვის ხელოვნებაში მრავალწლიან სტაჟზე გვესაუბრნენ.

გვანცა:

- 5 წლის გახლდით, როცა მშობლებმა, ქალბატონ ეკა ჭკუასელთან მიმიყვანეს. გარეგნული მონაცემებით მოვეწონე და მიმიღო. მაშინ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერქვა, „ერისიონი“ მოგვიანებით ეწოდა. ასე რომ, ქალბატონი ეკა ჩემი პირველი პედაგოგი იყო, რომელმაც მაზიარა ქართული ცეკვის ხელოვნებასა და კულტურის იმ ტრადიციებს, რომელსაც დღემდე ვემსახურები. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ ასაკში ხდება ბავშვის გამოწრთობა და ფორმირება. და ის პირველი 2 წელი, რაც ქალბატონ ეკასთან დავყავი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს მომავალ კარიერაში. აქვე გეტყვით, რომ დედაჩემის ინიციატივა იყო მეცეკვა. მას თავად ჰქონდა ცეკვის სურვილი, მაგრამ მუსიკაზე შეიყვანეს. დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დღეს ამ პოზიციაზე, ქართული კულტურის სამსახურში ვყოფილიყავი. ცეკვაზე 1995 წლიდან დავდივარ, მოგეხსენებათ ეს რა პერიოდი იყო და ჩვენც ბევრი სირთულე გამოვიარეთ. დედა ახლაც ძალიან მეხმარება. 2 შვილი მყავს და სულ გვერდში მიდგას, რომ ამ საქმიანობას არ შევეშვა. ის ჩემი ცხოვრებით, საქმიანობით ბედნიერი და ამაყია.

- თქვენი კარიერა როგორ დაიწყო?

ვახტანგი:

- ქართული ხალხური ცეკვის შესწავლა 7 წლის ასაკში, ბავშვთა ანსამბლში „ფარცა“, ირაკლი ხმალაძის ხელმძღვანელობით დავიწყე. შემდეგ გადავინაცვლე ანსამბლ „ხერთვისში“ - ჯემალ სამხარაულთან. სკოლის დასრულების დროს, რადგან სამხედრო სამსახურში გაწვევა მიწევდა, ანსამბლში „მამული“ მივედი, რომელსაც ზაურ პაპიაშვილი (ცაცქურა) ხელმძღვანელობდა. საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში ვცეკვავდი და ამავდროულად სამხედრო სავალდებული სამსახურს ვიხდიდი. „მამულში“ 2009 წლამდე დავყავი, შემდეგ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ანსამბლმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ქართული ცეკვა უკვე იმდენად გვიყვარდა, ერთხანს მისი წევრები ანაზღაურების გარეშე, მოხალისეებადაც დავდიოდით. რადგან ეს უკვე ის პერიოდი იყო, რომ მოცეკვავის კარიერის გაგრძელების სურვილი მქონდა, გადავწყვიტე, „ერისიონში“ მივსულიყავი და ბედი მეცადა. მივედი, შემამოწმეს, მოვეწონეთ და მიმიღეს. მას შემდეგ, ანუ 2010 წლიდან ამ ანსამბლში ვცეკვავ.

- ყველა მოცეკვავეს აქვს ერთი გამორჩეული ცეკვა, ასე ვთქვათ, მისი „სავიზიტო ბარათი“. რომელია ეს თითოეული თქვენგანისთვის?

გვანცა:

- ჩემთვის ეს „აჭარულია“. მიყვარს მისი როგორც შესრულება, ისე ყურება. სახასიათო და მხიარულია. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ჩემთვის არის გამორჩეული, „აჭარულს“ ბევრი დაგისახელებთ მის საყვარელ ცეკვად.

ვახტანგი:

- ყველა ცეკვა და მისი შესრულება მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მომხიბვლელია „დავლურ-ქართული“, რომელიც ჩემს ხასიათთან ასოცირდება. ასევე ძალიან მიყვარს „მოხევური“.

- თუ შეიძლება, თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტიც დაასახელეთ...

- 2010 წელს „ერისიონში“ ახალი მისული ვიყავი, 3-4 თვეში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ანსამბლის კონცერტები გაიმართა და მაშინ პირველად ვიცეკვე „ერისიონის“ შემადგენლობასთან ერთად. მაშინ ანსამბლს ბატონო ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობდა, ხოლო ქორეოგრაფი რეზო ჭოხონელიძე იყო. მათი გარდაცვალების შემდეგ, „ერისიონი“ ბატონმა ედიშერმა და ქალბატონმა ეკა ჭკუასელებმა ჩაიბარეს. ამჟამად მეც, გვანცას და ზოგადად, მთელ ანსამბლს ახალი რეპერტუარის ცეკვა გვიწევს.

გვანცა:

- როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ანსამბლთან ერთად ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ვთვლი, რომ ყველა კონცერტი თანაბრად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ჩემთვის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, როცა უკვე „ერისიონის“ მთავარ შემადგენლობაში გადავედი, რამდენიმე წელი ჩემს პირველ პედაგოგთან, ქალბატონ ეკა ჭკუასელთან ერთად მომიწია ცეკვამ, ხოლო რაც ის ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა, მას შემდეგ ცეკვებში მის სოლოებს ვასრულებ და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. წლების განმავლობაში, ბევრ საინტერესო და დიდებულ პიროვნებებთან მომიწია მუშაობამ და ამ მხრივ, ჩემი ცხოვრებიდან ერთ-ერთ ეპიზოდს გამოვყოფ: როცა ბატონ ომარ მხეიძის ვარსკვლავი იხსნებოდა, მისი საყვარელი ცეკვის „ფარიკაობის“ შესრულება მომიხდა, სცენაზე მისი მეწყვილე გახლდით.

- ანსამბლში ცეკვის პარალელურად, თავადაც ხომ ეწევით პედაგოგიურ საქმიანობას და რას საქმიანობთ „ერისიონის“ მიღმა?

- იურისტი ვარ. სწავლის დროს და შემდეგ წლებში რამდენიმე ადგილას რამდენიმე დაწესებულებაში სტაჟირება გავიარე. ბატონი ჯემალ ჭკუასელი ყოველთვის უწყობდა ხელს იმ მოცეკვავეებს, ვისაც სხვა პროფესიის დაუფლების სურვილი ჰქონდა. მეც ცეკვის პარალელურად, უნივერსიტეტში დავდიოდი და ბაკალავრიატის შემდეგ, მაგისტრატურაც დავამთავრე. სხვა ყველაფერთან ერთად, ამ ხელშეწყობის გამოც მადლიერი ვარ. ამავდროულად, იმ 18 წლის განმავლობაში, რაც „ერისიონში“ ვირიცხები, შევიძინე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და მყავს მოსწავლეებიც. ამ შემთხვევაშიც ეს ქალბატონ ეკას გვერდით მოხდა, ადამიანთან, რომელთანაც „ავიდგი ფეხი“, შემდეგ მასთან ერთად ვიცეკვე და მოგვიანებით მის არაჩვეულებრივ ანსამბლში „ლამპრები“ პედაგოგად ვიმუშავე. 5 წლის წინ კი საკუთარი ანსამბლი ჩამოვაყალიბე. „ახალ ვარსკვლავს“ დღესაც ვხელმძღვანელობ.

ვახტანგი:

- პედაგოგიურ საქმიანობას მეც მივდევ. წლებია ბავშვთა ანსამბლ „შავნაბდელი“ ვხელმძღვანელობ, რომელიც 2010 წელს ჩამოვაყალიბე. მანამდე სხვა ანსამბლში დამხმარე-რეპეტიტორად ვმუშაობდი. დღესდღეობით გვაქვს უამრავი კონცერტი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და ვართ რამდენიმე გრან-პრის მფლობელიც.

გვანცა:

- მინდა აღვნიშნო, რომ ანსამბლში არა მხოლოდ ვცეკვავთ და პროფესიულ გამოცდილებას ვიძენთ, არამედ ბევრ მეგობარსაც ვიჩენთ და მათ შორის ერთ-ერთი ვახოა. მას 2010 წლიდან ვიცნობ და მიხარია, რომ ამჟამად უკვე ჩვენი შვილებიც მეგობრობენ. მყავს ორი შვილი: ანკა 12 წლისაა, დამიანე - 3 წლის, ხოლო ვახოს შვილი მათე 11 წლისაა.

- დაბოლოს, როგორია ანსამბლის „ერისიონი“ ზაფხულის გეგმები?

ვახტანგი:

- ზაფხული საკმაოდ დატვირთულია. საქართველოს არაერთ რეგიონს კონცერტებით მოვივლით, აგვისტოს ბოლოს კი ზღვისპირეთს ვესტუმრებით. შემოდგომაზე საზღვარგარეთ გასტროლებს ვგეგმავთ, ხოლო დეკემბერში, ტრადიციულად, ჩვენი მაყურებლის წინაშე ე. წ. საანგარიშო კონცერტით ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში წარვდგებით.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"