"გადაბჟირებული შეყვარებული არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, არც ვიქნები. როცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას დაღვინებულ ასაკში იღებ, ლოგიკურია, დანგრევისთვის აღარ ქმნი" - კვირის პალიტრა

"გადაბჟირებული შეყვარებული არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, არც ვიქნები. როცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას დაღვინებულ ასაკში იღებ, ლოგიკურია, დანგრევისთვის აღარ ქმნი"

"ის ხშირად სვამს შეკითხვებს:

"რატომ"? "რისთვის"? "ღირს თუ არა"? მისი გაუბედაობა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია. უჭირს შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა. აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს არ ნანობს, ფეთქებადი და ჯიუტია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები დრაკონის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მომღერალ ბარბარა სამხარაძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, პირადი რუკაც შედგენილი მაქვს. დაბადების ზუსტი დრო ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავს. მაგალითად, როგორი იქნება შენი პოტენციალი, რა შეიძლება განავითარო შენში. როცა მე ეს ყველაფერი გავიგე, მივხვდი, ჩემი შინაგანი შეგრძნებებით ყველაფერი ძალიან სწორად განვავითარე. ამას მთელი ცხოვრება დიდ ყურადღებას ვაქცევ, შინაგან შეგრძნებებს არასდროს „ვაიგნორებ“. სასწორის ნიშნით ვარ დაბადებული, ეს ჩემი მზის ნიშანია. მთვარე ვერძში მყავს და ამ ნიშნის თვისებებსაც ვატარებ. სასწორს უყვარს კომუნიკაცია, ხალხთან ურთიერთობა, სხვის საქმეში ბრძენია, მაგრამ თავისას ვერასდროს წყვეტს, ვერ იგებს, როგორ უნდა მოიქცეს. ამ ნიშნით დაბადებულების უმრავლესობა ხელოვანია, უყვართ ტკბილეული... ეს ყველაფერი ჩემთან თანხვედრაშია.

- როგორც ასტროლოგები ამბობენ, სასწორებს მიმნდობი ხასიათი აქვთ, მიამიტები არიან, ამ შემთხვევაშიც ემთხვევა?

- დიახ, მე ამ ყველაფერს ბავშვურობას ვეძახი. სასწორები დიდი ბავშვები ვართ, არასდროს არავის ცუდს არ ვუსურვებთ, მაგრამ ვაი, თუ ერთ დღეს მოთმინების ფიალა აივსო...

- "მას გააჩნია დარწმუნების შესანიშნავი უნარი".

- დიალოგის თუ მსჯელობის დროს ამ უნარს ყოველთვის ვავლენ. როდესაც სკოლაში დებატები გვქონდა, აღნიშნავდნენ, შენ შეგიძლია ადამიანს თეთრზე დაუმტკიცო, შავიაო.

- მოუსვენარი ხარ?

- ბავშვობაში მეტად ვიყავი, ახლა - ნაკლებად. საქმის დროს აჩქარება არ მიყვარს, მაგრამ ნელა კეთებაც არ შემიძლია. ჩემში ცეცხლოვანი ვერძის დიდი გავლენაც არის. ეს არსაიდან მოსული ენერგიაა. შეიძლება ერთ დღეს კედელს არც შევხედო, მაგრამ მეორე დღეს დავანგრიო და ავაშენო.

- "გადაწყვეტილებების მიღებისას საქანელასავით ირწევა".

- ეს ჩემი ტკივილია, საშინელებაა (იცინის). შეიძლება მთელი დღე იმაზე ვიფიქრო, მეორე დღეს ჩემს გვერდზე ფოტო ავტვირთო თუ ვიდეო? ძალიან დამღლელი თვისებაა. ბალანსს ვერ ვპოულობ, არადა ვიცი, რომ შეიძლება ყველაფერი აბალანსო.

- "ის ხშირად სვამს შეკითხვებს: "რატომ"? "რისთვის? "ღირს თუ არა"?

- სულ ასე ხდება, ეს ჩემი საყვარელი კითხვებია, რომლებსაც საკუთარ თავს ვუსვამ.

- "მისი გაუბედაობა ყოველგვარ ზღვარს სცდება".

- ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები. ვერძის გავლენით მაქვს სითამამე. ვერავინ ვერასდროს რომ ვერ ბედავდა, მე ვბედავდი.

- "თავისუფლების მოყვარეა, გეგმებით ცხოვრება მისთვის "წყევლაა". შეზღუდვები "კლავს".

- ზუსტად ასეა.

- როგორ იქცევი, როდესაც გრძნობ, რომ ვიღაც ამ ყველაფერს ცდილობს?

- ფიზიკურ დაზიანებამდე მივდივარ. ამ დროს წნევა მივარდება ან ზემოთ მიწევს, ჩემს ორგანიზმში დიდი ცვლილებები ხდება, იმდენად მანგრევს. ასეთი შემთხვევა არაერთხელ მქონია.

- მაგალითად?

- კონკურსზე ის სიმღერა არ მინდოდა, რომელიც შემირჩიეს; არ მსურდა მემღერა და ვერ ვეწინააღმდეგებოდი. მსმენელს უნდა ჰგონებოდა, თითქოს ვგიჟდებოდი იმ ყველაფერზე. ამ დროს შეიძლება ხმაც დავკარგო, ცხვირიდან სისხლი წამომივიდეს.

- "ფეთქებადი და ჯიუტია".

- უსამართლობის დროს შემიძლია ძალიან ცუდი რამ ვთქვა; ადამიანი თუ გამამწარებს, შემიძლია ცუდი რამეც გავუკეთო. მაგალითად, ჩემი და არის მერწყული და მას შეუძლია, სიტყვიერად გამოხატოს აგრესია, მაგრამ საქმით ვერ გააკეთებს. მე კი საქმით შემიძლია გამოვხატო. თუ ავფეთქდი, ვულკანს ვემსგავსები, რასაც ეხება, ყველაფერს რომ აფუჭებს. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი შემთხვევა ბევრჯერ არ მქონია. სხვათა შორის, როცა მქონდა, მერე ბოდიში მოვიხადე.

- არადა, ასტროლოგები ამბობენ, რომ დრაკონი აფექტურ მდგომარეობაში წამოსროლილ სიტყვებს არ ნანობს.

- მეც არ ვნანობ (იცინის), მაგრამ სიტყვით მაინც ხომ უნდა გამოვასწორო.

- შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა გიჭირს?

- ძალიან მიჭირს, მაგრამ თან ვიცი, ვაცნობიერებ, ამაზე წინ ურთიერთობები დგას. ამას ვიაზრებ 1 საათის შემდეგ.

- ბრაზი დიდხანს მიგყვება?

- ის ბრაზი, რომელსაც გამოვხატავ, შანსი არ არის, 1 საათზე მეტხანს გამყვეს, მაგრამ რომელ ბრაზსაც არ გამოვხატავ, შეიძლება 5 წლის შემდეგ, იმ ადამიანს რომ შევხვდე, მომენტალურად ეგ გამახსენდეს და ვუთხრა, გახსოვს, ასე რომ მოხდა? იცი, მაგ დროს მე როგორ გამიჭირდა-მეთქი? - ეს თემა მაინც უნდა გავიარო. არ შემიძლია, რაღაცები წერტილის დასმის გარეშე დავასრულო.

- ამბიციური ხარ?

- ვფიქრობ, ამბიცია ნაკლებად მაქვს, რასაც ვერ ვიტყოდი მოტივაციაზე, ეს არასდროს მაკლია.

- გამოწვევებს თამამად იღებ?

- ამ შემთხვევაშიც ბევრს ვფიქრობ, რისკებს ვაფასებ, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს და ისე ვმოქმედებ. ყოველთვის ვამჯობინებ, ერთი შეხედვით თითქოს წარმოუდგენელი და იდუმალი მომავლისკენ გადავდგა ნაბიჯები და გავიგო, რა იქნება.

- "ბევრი მეგობარი ჰყავს, მაგრამ გულის სიღრმეში ჩაკეტილია".

- ეგ მართალია. მე ყველაფრის მიმღები ადამიანი ვარ, ჩემთვის მიუღებელი თემა არ არსებობს. ჩემნაირი მეგობარი რომ მყავდეს, ძალიან კარგი იქნებოდა. განა მეგობრები არ მყავს, მაგრამ როდესაც რაღაც პრობლემებზე ლაპარაკს ვიწყებთ, მათი პრობლემები ჩემსას ყოველთვის ჯაბნის, ამ დროს ვჩუმდები და მსმენელის პოზიციაში გადავდივარ. - აბა, შენკენ რა ხდება, შენ როგორ ხარ? - ამას ძალიან იშვიათად ვისმენ, თითქმის არასდროს.

- "ზოგჯერ ფიცხი და უტაქტოა".

- მაშინ, როცა რაღაცის თქმა მინდა და თავს უფლებას ვაძლევ, ვთქვა. ეს ცოტათი თავხედობასაც ჰგავს, მაგრამ ჩემს თავს ყოველთვის ვაკონტროლებ.

- "კრეატიულია, ყოველთვის შეუძლია ახალი გზების პოვნა".

- ზარმაც ადამიანებს ხომ ყველაფერი ისეთი უყვართ, რაც მარტივად კეთდება. სიმარტივე მიყვარს და ახალი გზის, გამოსავლის პოვნაც ხშირად უმარტივესია და ჩვენ ვართულებთ.

- "მფლანგველია. არ ესმის სიტყვის "დაგროვება" მნიშვნელობა".

- სისულელეებში და სხვისთვის ხარჯვა მიყვარს.

- "უყვარს მუშაობა, მაგრამ მუშაობაზე მეტად - ბრძანებების გაცემა".

- მბრძანებელი არ ვარ, მაგრამ მუშაობის პროცესში მიყვარს, როცა ჩემი საქმის შემსუბუქებისთვის, რაღაც საქმეს სხვას ვავალებ (იცინის).

- "სენტიმეტალურია. უყვარს ბავშვობის საყვარელი ადგილების მონახულება".

- ბავშვობის საყვარელი ადგილი ჩემი სახლია სოფელში, სადაც დიდი ბაღი მაქვს. ყველა ხესთან და ადგილთან რაღაც მოგონება მაკავშირებს.

- გაქვს მოთხოვნა, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში იყო?

- როდესაც ისეთ საქმეს აკეთებ, როცა გინდა, ხალხმა შეგამჩნიოს, ამის მოთხოვნა ბუნებრივიც არის, ყოველთვის იქნება. ვინც ასეთ საქმეს არ აკეთებს, მას არც ექნება.

- "ის იშვიათადაა უგონოდ შეყვარებული".

- მართალია, ჩემი გამოცდილებიდან რომ ვთქვა, ასეთი გადაბჟირებული შეყვარებული არ ვყოფილვარ და ვფიქრობ, არც ვიქნები.

- რატომ გგონია, რომ არ იქნები?

- ჩემი ტვინი სულ მუშაობს. კი, გამიგია და ვიცი, რომ ასეთ დროს ტვინი ითიშება, მაგრამ...

- პერიოდული გატაცებები გაქვს?

- რა თქმა უნდა.

- "დამოუკიდებლობა იმდენად არ ეთმობა, ოჯახსაც კი გვიან ასაკში ქმნის, მაგრამ ეს ნაბიჯი თუ გადადგა, აღარ დაანგრევს".

- თავისუფლება, ჩემი სივრცის შეგრძნება, ყველაზე მატად მიყვარს. როცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას დაღვინებულ ასაკში იღებ, ლოგიკურია, დანგრევისთვის აღარ ქმნი.

- ცნობისმოყვარე ხარ?

- უჰ, ძალიან. პატარა რომ ვიყავი, ბევრი შეკითხვა მქონდა, მათ შორის, პასუხგაუცემელიც. უფროსები შეწუხებული მყავდა.

- "აზარტულია, ხშირად იღებს რისკიან გადაწყვეტილებებს".

- აზარტული ვარ, მაგრამ სიფრთხილეს მაინც ვიჩენ, რისკიანი გადაწყვეტილებებისგან შორს ვარ.

- ასეთი იყო შენი ასტროპორტრეტი... რას იტყვი?

- როგორც ველოდი, ჩემს ხასიათთან ბევრი თანხვედრა მოხდა, საინტერესო რუბრიკაა.

- შემოქმედებით საქმიანობაში სიახლე ხომ არ გაქვს?

- ჯერ - არა, მაგრამ რომ მქონდეს, ამისთვის მთელი ზაფხული თბილისში ყოფნას ვაპირებ. დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებ. ამ სიახლის შესახებ ახლო მომავალში შეგატყობინებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"