"9 წელი ათონის მთაზე გავატარე, მეგონა, ზღაპარში მოვხვდი... კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, შვილებით მოვწყდე ჩემს მიწას და ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეებად გავზარდო..." - კვირის პალიტრა

"9 წელი ათონის მთაზე გავატარე, მეგონა, ზღაპარში მოვხვდი... კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, შვილებით მოვწყდე ჩემს მიწას და ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეებად გავზარდო..."

"უწმინდესის დაწერილი წმინდა სამების ხატის ანალოგი შევქმენი ხეში. მქონდა ბედნიერება, პატრიარქისთვის საჩუქრად გადამეცა და მას შევხვედროდი"

ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრ მიწად ითვლება.

ათონის მთაზე ცხოვრება დღესაც თითქმის ძველებურად გრძელდება, როგორც საუკუნეების წინ. იქ განდეგილი ბერები ცხოვრობენ და მუშაობენ. მონასტრები, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე დაგროვილი ხელოვნების ნიმუშები და დოკუმენტები "იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. ნიკოლოზ ბადურაშვილმა საბერძნეთის ბერმონაზონთა ამ უდიდეს ცენტრში 9 წელი გაატარა. ხის ოსტატს თავის წარსულსა და დღევანდელობაზე ვესაუბრე.

- დაბადებული და გაზრდილი ვარ თიანეთში, სოფელ ჟებოტაში. ბადურაშვილები მთის ხალხი, ფშაველები ვართ. გვარში ბევრი მხატვარი გვყავს, ალბათ გენეტიკაში გვაქვს ეს ნიჭი. ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ერთი კაცი - გოგი, რომელთანაც მისი ხელით გამოთლილი ჯვარცმა ვნახე. იმდენად მომეწონა, მას შემდეგ სადაც კი წავიდოდი თუ წამოვიდოდი, სულ დანა და ხე მეჭირა, რაღაცებს ვთლიდი.

1994 წელს „თოიძეში“ ჩავაბარე, სადაც მაშინ შესანიშნავი პედაგოგები გვასწავლიდნენ და იქ ბევრი ვისწავლე. ხის სპეციალობაზე უმაღლესი კლასის პროფესიონალები მუშაობდნენ: რეზო ბადურაშვილი, ვასო საღლიანი და ა.შ. და მათ ეს ხელობა შეგვაყვარეს. სამხატვრო აკადემიაში რომ ჩავაბარე, პარალელურად წმინდა სამების საკათედრო ტაძარზე მუშაობა დავიწყეთ. იმ დროს მშენებლობა უკვე დასრულებული იყო და შიდა სამუშაოები მიმდინარეობდა. დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი ტაძრის ცენტრალური, მთავარი შესასვლელების კარებზე 2-3 წელი მუშაობდა. ყველა კარზე კაკლის ხეა გამოყენებული და კონსტრუქციულად საკმაოდ რთული შესასრულებელია. დურგლებთან ერთად, ჩვენ ორნამენტს ვკვეთდით. მალე 47 წლის ვხდები. მართალია, ხესთან შეხება 16 წლიდან მაქვს და მოგვიანებით ამ საქმეს პროფესიულად მივუდექი, პრაქტიკაში ხელიც დაიხვეწა, მაგრამ დღესაც ვსწავლობ, რადგან ეს საქმე სულ სწავლას მოითხოვს.

- საბერძნეთში ყოფნის პერიოდზეც მიამბეთ, თუ შეიძლება...

- 9 წელი ათონის მთაზე გავატარე. გამგზავრებას შემდეგი ამბავი უძღოდა წინ: ბეთანიაში მონასტერში დავდიოდი, სადაც მამა გაბრიელ ჯახველაძე მსახურობდა. იმ დროს ათონის მთაზე არსებული, ბულგარული ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი ბერებთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მამა გაბრიელი თავისთან დაპატიჟეს. მაშინ მან მითხრა, ათონზე შენც უნდა წაგიყვანოო. იმ პერიოდში მეგონა, რომ ათონის მთაზე მხოლოდ სულიერი ცხოვრება მიდიოდა, ბერმონაზვნები ცხოვრობდნენ და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ერისკაცების ყოფნაც შეიძლებოდა. ამიტომ მისი ნათქვამი ვერ გავიაზრე.

მოგვიანებით მამა გაბრიელი ათონის მთაზე წავიდა და იქ დარჩა. წლების შემდეგ, მას ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა. ვთხოვე, რომ გასამგზავრებლად მოწვევა გაეკეთებინა, რაც რამდენიმე დღეში შეასრულა და გავემგზავრე. ვინაიდან საბუთები არ მქონდა, ზოგრაფის მონასტერში დარჩენაზე უარი მითხრეს. მე თან მქონდა ხეში გაკეთებული რამდენიმე ჯვარცმა და მონასტერს ვაჩუქე. ნამუშევარი ისე მოეწონათ, დარჩენის უფლება მომცეს. წელიწად-ნახევარი მონასტრიდან არ გამოვსულვარ, რადგან საბუთების მოგვარების საკითხი არ იყო მარტივი, თან მაშინ ამის ფინანსური შესაძლებლობაც არ მქონდა. მოგვიანებით ვატოპედის მონასტრიდან სამსახური რომ შემომთავაზეს და იქ გადასვლა დავაპირე, ზოგრაფიდან არ გამიშვეს, ყველა საჭირო საბუთის მოწესრიგებაში დამეხმარნენ და გარკვეული პერიოდი იქ დავრჩი.

- როგორი იყო ერისკაცის ცხოვრება ათონის მთაზე, როგორ აღწერთ იმ წლებს და როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა?

- ტაძარში პირველად რომ შევედი, მეგონა, ზღაპარში მოვხვდი. საოცარი XVII-XVIII საუკუნის არქიტექტურა დღესაც ხელუხლებელია. რასაკვირველია, დროთა განმავლობაში გარემოს ეჩვევი, უშინაურდები, მაგრამ საოცარი განცდა და მადლი, რაც ათონის მთაზე ტრიალებს, სულ თან გდევს. დღესდღეობით ათონზე დაახლოებით 2 ათასი ბერი მოღვაწეობს, ათონის მთის საუკეთესო პერიოდში, როცა იქაურობა ყვაოდა, მათი რიცხვი 15 ათასამდე აღწევდა. ათონის მთაზე არსებულ ყველა მონასტერს თავის ტიპიკონი აქვს და მათთან მომუშავე ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაც სხვადასხვაგვარია. ამ მხრივ ზოგრაფის მონასტერი ერთ-ერთ „რბილ“ ადგილად ითვლება და ჩემზე, ასე ვთქვათ, რამე განსაკუთრებით მკაცრი წესები არ ვრცელდებოდა. 8 საათზე მუშაობას ვიწყებდი, თუმცა მოგვიანებით, როცა ვატოპედის მონასტერში გადავედი, იქ უკვე 6 საათზე ფეხზე ვიყავი. ერისკაცს არავინ ავალდებულებს წირვაზე აუცილებელ დასწრებას, ზიარებას, აღსარების ჩაბარებას და ა.შ. მაგრამ რა თქმა უნდა, როცა წირვას ვესწრებოდი და ვეზიარებოდი, ბევრჯერ ჩემი საქციელისა და დამოკიდებულების გამო, იქაური ბერების სახეზე კმაყოფილება შემიმჩნევია და მათი ბედნიერი თვალებიც დამინახავს.

- იმ დროს, როცა საბერძნეთში ყოფნამ მოგიწიათ, რამდენი ქართველი ბერი იყო ათონის მთაზე?

- ზოგრაფის მონასტერში ქართველი მხოლოდ მამა გაბრიელი მსახურობდა. ის პურს აცხობდა. მთლიანად ათონის მთაზე კი (ვგულისხმობ 2010-2011 წლებს), დაახლოებით 17-18 მონაზონი ცხოვრობდა და ახლა უფრო მეტნი არიან. მამა გაბრიელი საოცარი ადამიანი იყო. გამორჩეული თავის უბრალოებით. მის თავმდაბალ ხასიათს იქ მყოფი ბევრი ბერიც უსვამდა ხაზს. საქართველოში პანდემიამდე დავბრუნდი. სამწუხაროდ, მამა გაბრიელი იმ დროს გარდაიცვალა. სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და თურმე ამბობდა, კორონა ვირუსი თუ შემხვდა, ვერ გადავიტანო და საუბედუროდ, ასეც მოხდა...

ზოგადად, ქართველების მიმართ ყველა კეთილგანწყობილია. იქაურ იღუმენსაც, რომელიც საკმაოდ ასაკოვანია, უყვარს საქართველო და უდიდეს პატივს სცემს ჩვენს უწმინდესს. ჩვენი პატრიარქის მიმართ ყველას ისეთივე დამოკიდებულება აქვს და ისე აღიქვამენ, როგორც წმინდანს.

- იქ შესრულებული ნამუშევრებიდან რას გამოარჩევთ?

- ათონის მთაზე ყველა მონასტრის კომპლექსში 12 ეკლესიაა: მთავარი ტაძარი, რომელიც რომელიმე წმინდანის სახელს ატარებს და მასთან ერთადაა კომპლექსში შემავალი მცირე ეკლესიებიც. ზოგრაფში 3 წელი დავყავი, ბევრი წვრილ-წვრილი ნამუშევარი გავაკეთე, მაგრამ მათ შორის ყველაზე ღირებული ალბათ, ზოგრაფის მონასტრის ერთ-ერთ მცირე ტაძარში ქართული ორნამენტით შესრულებული კანკელია.

- 2018 წელს, მას შემდეგ რაც საქართველოში დაბრუნდით, როგორ გრძელდება თქვენი ცხოვრება?

- საქართველოში ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი მყავს. მათგან შორს ყოფნა არ იყო ადვილი. ათონზე ყოფნის დროს ოჯახის იქ ჩაყვანა შემომთავაზეს. მითხრეს, რომ დამეხმარებოდნენ და ყველა ერთად ყოფნას იქვე, ერთ-ერთ პატარა ქალაქში შევძლებდით, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, სხვაგან მეცხოვრა. მეტიც, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, შვილებით მოვწყდე ჩემს მიწას და ისინი სხვა ქვეყნის მოქალაქეებად გავზარდო. რასაკვირველია, ეს რთული საკითხია და არავის განვიკითხავ, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, მაგრამ ეს ჩემი აზრია... მას მერე, რაც საქართველოში დავბრუნდი, შეკვეთების აღება დავიწყე. თბილისში, ვარკეთილში პატარა სახელოსნო მაქვს და იქ ვმუშაობ.

- რა მასალასთან გიწევთ შეხება? მხოლოდ საეკლესიო ნივთებზე მუშაობთ თუ დეკორატიულ და სხვადასხვა ავეჯსაც ამზადებთ?

- მხოლოდ საეკლესიო ნივთებზე. საერო საქმის კეთების სურვილი არც მაქვს და ალბათ, ასე იქნება ბოლომდე. რაც შეეხება მასალას, საბერძნეთში უმაღლესი ხარისხის და მრავალფეროვანი ამერიკული მასალა შემოდიოდა. ამ მხრივ საქართველოში მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ. უმთავრესად იფანზე (კოპიტი) ვმუშაობ. ჩვენი კაკალი არ მომწონს, რადგან მუქია, ჭრელი და ასეთ მასალაზე ორნამენტი „იკარგება“.

- დაბოლოს, საქართველოში თუ საბერძნეთში შესრულებული თქვენი ნამუშევრებიდან, რას თვლით ყველაზე მნიშვნელოვან, ღირებულ ნამუშევრად?

- მინიატიურები ძალიან სპეციფიკურია და რამდენიმე ასეთი კარგი ნამუშევარი მაქვს. ასევე მნიშვნელოვნად ვთვლი ათონზე, დიონისეს მონასტრის კარს. მცირე ხნის წინ კახეთში, ახალი შუამთის მონასტრის კარიც გავაკეთე. დაახლოებით 15 წლის წინ, უწმინდესის დაწერილი წმინდა სამების ხატის ანალოგი შევქმენი ხეში. მქონდა ბედნიერება, პატრიარქისთვის საჩუქრად გადამეცა და მას შევხვედროდი. ახლა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის ერთ-ერთ კარს ვაკეთებ, სიმბოლური დატვირთვით, მარჯვენა ფრთაზე იქნება ვახტანგ მეექვსე, რომლის სახელთანაა დაკავშირებული პირველი ქართული სტამბის დაარსება, ხოლო მარცხნივ - ანთიმოზ ივერიელი, რომლის ღვაწლიც დიდია ქართული სტამბის გამართვისა და წიგნების ბეჭდვის საქმეში. კარი ქართული ორნამენტებით იქნება შემკული და წელს, ზაფხულის ბოლოს, ბიბლიოთეკას დავკიდებთ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "გზა"