"ჩემს სააგენტოში ანუკი არეშიძე და ლინდა კიკოლაშვილი ერთსა და იმავე პერიოდში დადიოდნენ" - კვირის პალიტრა

"ჩემს სააგენტოში ანუკი არეშიძე და ლინდა კიკოლაშვილი ერთსა და იმავე პერიოდში დადიოდნენ"

„...არაერთხელ ვთქვი, ყველაფერი დასრულდა და ამ სფეროდან მივდივარ-მეთქი...

თუმცა გავიდა დრო და დავბრუნდი. ერთია, რომ მიყვარს და მეორეა, რომ ჩემი მრავალი პროფესიიდან გამომდინარე, ეს საქმე ყველაზე კარგად გამომდის...“ - ლიკა ყაზბეგი სამოდელო სფეროზე გვესაუბრება, რასაც ათწლეულებია ემსახურება და უამრავი სირთულეც გადაიტანა...

- საქართველოში ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც სამოდელო სააგენტო დააარსა... როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?

- დიახ, 1995 წელს მე უკვე სამოდელო სააგენტო მქონდა. 1996 წელს ჩვენება გავმართე და ის გოგონებიც კი მახსოვს, რომლებიც მონაწილეობდნენ. თიკა ფაცაცია ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო, როდესაც ჩემს პირველ ჩვენებაზე გავიყვანე. ასევე მისი მეგობრები, ჯგუფის „სეთი“ გოგონები, რომლებიც ცოცხალი მუსიკის თანხლებით, არაორდინარული ქორეოგრაფიით წარდგნენ (ამაზე ქორეოგრაფმა არმენ ემ-ბაგადასრმა იზრუნა). ძალიან შთამბეჭდავი იყო. სამწუხაროდ, ჩვენება პატარა დარბაზში მოეწყო და ბევრმა ადამიანმა ვერ იხილა ის ლამაზი სანახაობა. ჩემს პარტნიორებს ახალგახსნილი სივრცის - „ფლამინგო“ პოპულარიზაცია სურდათ და ჩვენება იქ მოვაწყვეთ. საბედნიეროდ, ღონისძიება გადაღებული მაქვს და სააგენტოს ისტორიას დარჩა ეს კადრები. ის პერიოდი ყოველთვის თბილად მახსენდება.

- რა გაძლევდათ ძალას, მოტივაციას, როცა ქვეყანაში ცოდნა, გამოცდილებაც არ არსებობდა ამ მიმართულებით?

- გიამბობთ, თუ რამდენად გამიმართლა გამოცდილების მხრივ... ქორეოგრაფია ბევრ რამეს მოიცავს, მოდელის ქორეოგრაფია კი ჩვენთან, როგორც პროფესია, არ არსებობდა. ახლაც სიარულს სხვა სააგენტოებში ხან ერთი ყოფილი მოდელი ასწავლის, ხან მეორე. ვთვლი, რომ პედაგოგის გამოცვლა არაფრით შეიძლება, ერთი ბოლომდე უნდა მიჰყვებოდეს მოსწავლეს... სააგენტოში საოცარი პროფესიონალი მყავდა. წარმოიდგინეთ, გოგონებს სიარულს მამაკაცი ასწავლიდა, რაც ბევრის გაოცებას იწვევდა. ეს გახლდათ არმენ ემ-ბაგდასარი. ჩვენ დღემდე ძალიან თბილი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

- თავად მას საიდან ჰქონდა ეს ცოდნა?

- ერევანში ის აკადემია დაამთავრა, რომელიც შვეიცარიელებს ჰქონდათ გახსნილი. აკადემიაში მოდელის ქორეოგრაფებს ამზადებდნენ. არმენს უნიკალური ცოდნა და საოცარი გადმოცემის უნარი აქვს. ამიტომაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მის გამო ჩემს სააგენტოში ძალიან ბევრი გოგონა მოდიოდა. მას თავის ძმაც ეხმარებოდა. საუკეთესო პროფესიონალები, პიროვნულადაც საუკეთესოები არიან.

- სულ რამდენი სამოდელო სააგენტო იყო იმ დროს თბილისში?

- ძირითადად მხოლოდ ჩემ მიერ დაარსებული და სამოდელო სააგენტო „ნატალი“ იყო... საუკეთესო გოგონები გვყავდა. ისეთი სიტუაციაც მახსოვს, როცა ბავშვებს ძალიან დიდ სივრცეში ვამეცადინებდით, რადგან მოსწავლეებს დარბაზი ვეღარ იტევდა, ეს მართლაც ოქროს ხანა იყო!

- შემდეგ ბევრი მიბაძვა იყო...

- მიმბაძველების ნაკლებობას არც ახლა ვუჩივი, უკვე მეორედ გააკეთეს ზუსტი, ასპროცენტიანი კოპირება ჩემი ცნობილი პროექტის - "წარმატებული ქალი პოდიუმზე"... სამწუხაროდ, იმ დიზაინერმაც, რომელიც საზოგადოებას მე გავაცანი. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო და ვუთხრა, რომ პლაგიატობა სირცხვილია!

- ამბობენ, რომ სამოდელო ბიზნესი ყველაზე უმადური სფეროა...

- უმადური სფეროა ჩვენთვის, სამოდელოს ხელმძღვანელებისთვის. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ამ სფეროში შევაბიჯე, თავიდან როგორც ფოტომოდელმა, მერე კი საკუთარი სააგენტო შევქმენი. ვინ დათვლის, რამდენი ცრემლი დამიღვრია ამის გამო. წარმოიდგინეთ, მთელ ენერგიას რომ დებ მოსწავლეში და ძალიან მარტივად გიღალატებს. წლები დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს ამ სფეროს ორგანული ნაწილია და ამას უნდა შევგუებოდი. ძალიან ბევრი სტრესიც შემხვდა, მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა და ამასაც შევეჩვიე... არაერთხელ ვთქვი, ყველაფერი დასრულდა და ამ სფეროდან მივდივარ-მეთქი... თუმცა გავიდა დრო და დავბრუნდი. მე ეს საქმე ვიცი და შემიძლია ნებისმიერი ადამიანი რამდენიმე თვეში, მინიმალურ დროში მოვამზადო, სიარულის ხელოვნება ვასწავლო. ამ ფრაზას - "სიარულის ხელოვნებას" ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვიყენებ. მე თუ მკითხავენ, ყველა გოგონა უნდა ატარონ სამთვიან კურსზე, სიარულის ხელოვნებას რომ ფლობდნენ. როგორც ადრე იყო თავად-აზნაურებში, კარგ მანერებს, ხელსაქმეს და სხვა რამეებს რომ ასწავლიდნენ... ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს სააგენტოში ბევრმა აიდგა ფეხი და თან, ასე ლამაზად.

- ინტერვიუს დასაწყისში ახსენეთ, რომ ბევრი გოგონა აღმოაჩინეთ...

- დიახ, ვინც ახლა გამახსენდა, ეს გახლდათ, ნინო ჩქარეული... ქუჩაში მიდიოდა და ყურადღება მივაქციე არა მარტო მის ეფექტურ, არაჩვეულებრივ გარეგნობას, არამედ სიარულსაც - რამდენიმე შეცდომა ჩანდა... ისეთი ქორეოგრაფიც კი, როგორიც არმენი გახლდათ, მეუბნებოდა, მისგან არაფერი გამოვაო, მაგრამ მე არ დავუშვი სააგენტოდან ნინოს გაშვება და მას შემდეგში ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა, „მის თბილისიც“ გახდა, რამაც მის პოპულარობას ხელი შეუწყო... შემდეგ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ნინო ჩქარეული კონკურენტ სააგენტოში გადავიდა. ამ სააგენტოს ჰყავდა ადამიანი, რომლის სამუშაოც იყო, სხვა სააგენტოებიდან გოგონები გადაებირებინა... აქ ვასრულებ საუბარს, მეტს აღარ გავაგრძელებ...

- როგორც ვიცი, კარიერის დასაწყისში თქვენთან აღმოჩნდა ანუკი არეშიძეც...

- დიახ და მის შემთხვევაში პირიქით მოხდა... ნინო ჩქარეული სადაც გადავიდა, იმ სააგენტოდან ჩვენთან გადმოვიდა ანუკი არეშიძე... მე და სააგენტო „ნატალის“ რთული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ იმ პერიოდში დალაგებული ვიყავით და ანუკის ვუთხარი, ერთდროულად ჩემთანაც ყოფილიყო და "ნატალიშიც". ეს პრაქტიკა საქართველოში მისაღებია. თუმცა ანუკის დედამ გადაწყვიტა, რომ მისი შვილი ჩვენთან გადმოსულიყო. მის მომზადებაშიც დიდი შრომა ჩავდე და შეიძლება ინტერესს ისიც მაძლევდა, რომ კონკურენტი სააგენტოდან გადმოვიდა... ანუკი გადასარევი ბავშვი იყო, ძალიან ნიჭიერი, სიარულის ხელოვნება და სხვა ყველაფერიც მალე აითვისა... შემდეგ საქართველოს რამდენიმე სამოდელო სააგენტოში იყო, სოფო ჭყონიასთან თანამშრომლობდა, მაგრამ მისი მშობლები, განსაკუთრებით ბატონი ბადრი (რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ) ხშირად ამბობდა, რომ საქართველოში, სადაც ანუკიმ ყველაზე მეტი შეიძინა, ეს ჩემი სააგენტო იყო.

- ცოტა ხნის წინ პოსტი გამოაქვეყნეთ. ფოტოზე ჩანდა, რომ წლების წინ თქვენ მიერ გამართულ ჩვენებაში მონაწილეობდა ლინდა კიკოლაშვილი და გიორგი გველესიანი...

- დიახ... ლინდა და ანუკი ჩვენს სამოდელო სააგენტოში ერთსა და იმავე პერიოდში ემზადებოდნენ... ლინდას არაერთ ჩვენებასა და პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული. ძალიან აქტიური, ნიჭიერი გოგონა იყო. ჩვენთან თინეიჯერულ ასაკში მოვიდა და იმდენად სხარტი გონებით გამოირჩეოდა, მასთან ურთიერთობა ძალიან გვიადვილდებოდა... ბევრგან გადაიღეს - რეკლამებში, ფილმში, სერიალში... ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ ყოფილა. ლინდა ძალიან კომუნიკაბელური იყო, ბევრ რეჟისორთან, მსახიობთან მეგობრობდა. თავისი ტალანტი გამოავლინა და შემდეგ სერიოზული ბიზნესლედი გახდა, კომპანია დაარსა, რომელთანაც ვთანამშრომლობდი. როგორც ვიცი, კიდევ ბევრ პროექტშია ჩართული და უფრო მეტს მიაღწევს.

ლინდა ჩვენს პროექტში "წარმატებული ქალი პოდიუმზე" მონაწილეობდა, საიუბილეო ჩვენებაზე გამოვიყვანე. მაშინ ლინდა და გიორგი შეყვარებულები იყვნენ... მახსოვს, ჩვენებაზე გიორგი ფეხზე იდგა, არც დამჯდარა. როგორც ყველა მონაწილეს, ლინდასაც რამდენიმე მოსაწვევი ჰქონდა, მაგრამ გიორგი ფეხზე მდგომი, თავის რჩეულის ცქერით ტკბებოდა... ძალიან მიხარია ასეთი ღირსეული მეუღლე რომ ჰყავს. სხვაგვარი მამაკაცი ლინდას გვერდით ვერც წარმომედგინა.

ჩემი ყოფილი მოწაფეების მიმართ მშობლიური გრძნობა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. სულ ჩასაფრებული ვარ, მათი ამბები გავიგო. მთელ მსოფლიოში არიან მიმობნეული.

დღეს მართალია, ახალი თაობისთვისაც ვმუშაობ, მაგრამ ისინიც სულ მახსოვს და ეს ძალიან სასიამოვნოა...

- დღეს სამოდელო საქმიანობის პარალელურად კიდევ ბევრი რამით ხართ დაკავებული...

- დიახ, ჩემს პარტნიორებთან ერთად სიმაღლეში ზრდის ცენტრი დავაარსე, სადაც ანატოლი პოლკის მეთოდით ვმუშაობთ. ანატოლი პოლკი ბავშვთა ექიმი, ორთოპედი იყო. ძალიან ბევრი მოდელი, ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრიც ამ მეთოდით არის გაზრდილი.

- როგორც ვიცით სიმაღლეში ზრდის პროგრამა მარტო თქვენს სააგენტოს აქვს. რა მეთოდით ახდენთ ზრდის სტიმულირებას, ჰორმონების მეშვეობით თუ ვარჯიშებით?

- ამ მეთოდში არ გამოიყენება ჰორმონი. აკადემიკოსი ანატოლი პალკო წინააღმდეგი იყო ასეთი რადიკალური ჩარევის. ის მხოლოდ ვარჯიშებით, გაწელვებზე აგებული მეთოდოლოგიით მუშაობდა თავის პაციენტებთან.

- როგორც ვიცით ქართველი პოლიტიკოსის მეუღლემ ბავშვობაში ამ მეთოდით ისარგებლა. რამდენი სანტიმეტრი მოიმატა?

- მადლობას გიხდით, რომ კითხვაში მისი სახელი არ გააჟღერეთ. როგორც ვატყობ, იცით მისი ვინაობა... დიახ, მას რამდენიმე სანტიმეტრის მომატება სჭირდებოდა და 5 კურსში 4 სანტიმეტრი მოემატა. ეს ფანტასტიკური შედეგი იყო.

- დღეს საქართველოში რამდენად არის სამოდელო სფერო განვითარებული?

- სამოდელო სფერო ნამდვილად განვითარდა... თავიდან თუ ჩემი და "ნატალის" სამოდელო სააგენტოები იყო, დღეს შემიძლია სამი სამოდელო სააგენტო დავასახელო, სადაც ყველას ვურჩევდი ბავშვები მიეყვანათ.

საბედნიეროდ, ბევრი ახალი სახე გამოჩნდა... იყო პერიოდი, როდესაც ვფიქრობდი, ყველა გავიყვანე პოდიუმზე, მსახიობები, მომღერლები და ასე შემდეგ, კიდევ ვინ გავიყვანო-მეთქი?.. დაპაუზება ერთი მხრივ, კარგი გამოდგა, რადგან ახალი ძალიან ბევრი საინტერესო სახე გამოჩნდა, რომლებსაც სიამოვნებით გავიყვანდი. ახლა მსურს პოდიუმზე გავიყვანო ნათია ფანჯიკიძე. თუ დავითანხმე, ძალიან ბედნიერი ვიქნები ... ასევე მსახიობი ნინო კასრაძე, რეჟისორი ნინო ჯორჯაძე... ჩემი მოწაფეებიდანაც ვინც 30 წელს გადააბიჯა და თავის საქმეში წარმატებულია, მათაც შევთავაზებ და ასეთი ბევრი მყავს.

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"