„მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი ახლა „იბადება“ - კვირის პალიტრა

„მაღალმთიან აჭარაში ტურიზმი ახლა „იბადება“

გასულ კვირას მედიატურით მთიან აჭარას ვესტუმრეთ, ჩვენი ერთ-ერთი მეგზური გიგლა ანთაძე აღმოჩნდა, ახალგაზრდა კაცი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთიდან. გარდა იმისა, რომ ლამის ნახევარი აჭარა შემოგვატარა, გულითადად გვიმასპინძლა და ბევრს გვესაუბრა აჭარულ ყოფაზე. თავისი მხარე გიგლას უზომოდ უყვარს და ქალაქში გადმოსვლა არასდროს უფიქრია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლად არცთუ სახარბიელო პირობებში უწევს ცხოვრება, იქაურობას არც თვითონ და არც მისი ოჯახი არ ტოვებენ. გოდერძის უღელტეხილიდან რიყეთი 9 კილომეტრშია. როგორც ჩვენი მასპინძელი გვეუბნება, მათ სოფელში აჭარისწყალი იღებს სათავეს.

გიგლა ანთაძე:

- ჩვენთან ბევრი რიყის ქვაა, რომელსაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნით იყენებდა. სოფლის სახელიც აქედან წარმოიშვა. ჩემი წინაპარი რიყეთში დაიბადა და მეც. სამწუხაროა, რომ ყოველ წელიწადს მოსახლეობა თანდათან მცირდება.

მდინარე სოფელს ორ ნაწილად ყოფს, ამიტომ არსებობს გაღმა და გამოღმა რიყეთი. გაღმა დიდი რიყეთია, რომელშიც ადრეულ წლებში ჩვენები ცხოვრობდნენ. მერე ცენტრალური გზა რომ გაიყვანეს, აქეთ გადმოვედით, ნათესავების ნაწილი გაღმა დარჩა... რაკი გაღმა მხარე ცოტა მოშორებითაა, ზამთარში მოსახლეობა ბათუმში მიდის, ჩვენ აქ ვრჩებით... ისე, აქაც ბევრი უბანია დაცლილი, ორ უბანში კი მხოლოდ სახლებია დარჩენილი. ჩვენ ვცდილობთ არ წავიდეთ, დავრჩეთ და აქაურობის მკაცრ პირობებს ფეხი ავუწყოთ.

- და თქვენს ფუძეს, კერას ამაგრებთ...

- ოჯახში ექვსი კაცი ვართ - დედა, მამა, ჩემი მეუღლე და ჩვენი ორი შვილი. ბავშვები სკოლაში აქ დადიან. დედა და მეუღლე მასწავლებლები არიან. სკოლაში 45 მოსწავლეა, ჩვენი სოფლიდანაც დადიან და დიდი რიყეთიდანაც მოდიან, რადგან იქ მხოლოდ 9 კლასია, აქ კი - 12. მოსწავლეების სიმცირის გამო 2-3 კლასი ერთადაა გაერთიანებული. ზოგ კლასში ორი მოსწავლეა...

- თქვენ რა განათლება გაქვთ?

- ბათუმში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დავამთავრე, ინჟინერ-მექანიზატორი ვარ. ბათუმში ცოტა ხანს ვიცხოვრე, მაგრამ ვერ გავძელი... ჩემი სახლის გარეშე სხვაგან ვერ ვჩერდები. მიყვარს, როცა მსტუმრობენ და ვუმასპინძლდები... ცუდად არ გაიგოთ, მაგრამ მთას და ჩვენს მხარეს მეტი სითბოსა და სიყვარულის გაცემა შეუძლია, ვიდრე ზღვისპირა ქალაქს. აქ ადამიანები ერთმანეთს მეტად ვაფასებთ, პატივს ვცემთ. ზემო აჭარაში თითქმის ყველაფერი ისევეა შემორჩენილი, როგორც ჩვენს წინაპრებთან იყო.

d3626869-b8e6-4802-9179-f2b79c2102b3-1722767701.jpg

- მთიანი აჭარა მცირემიწიანია, სადაც ფართობები მაქსიმალურადაა ათვისებული. მთებზე შეფენილია სიმინდის ყანები, ბოსტნეულის ნარგავ-ნათესები... ტექნიკის მთაში აყვანა რთულია, მაგრამ მოვლილ მიწის ნაკვეთებს ეს სულაც არ ეტყობა. ამას როგორ ახერხებთ?

- ყველაფერი მოდის, რასაც ვთესავთ და ვრგავთ. კარტოფილი მეტი რაოდენობით მოგვყავს, ასევე მწვანე სალათა, რომელსაც ვყიდით, რადგან იმდენს არ მოვიხმართ. მოგვყავს ძირითადად ის პროდუქტი, რაც ოჯახში გვჭირდება - ლობიო, სიმინდი, კიტრი, პამიდორი, მწვანილი...

- ზამთარი მკაცრი იცის?

- ერთ დღეში შეიძლება ორი მეტრი თოვლი მოვიდეს, მაგრამ ამისთვის კარგად ვემზადებით. ელექტროენერგიის პრობლემა კი გვაქვს - მოძველებული გაყვანილობაა შემორჩენილი, რასაც ჯერ არავინ გვიცვლის. უამინდობის გამო ხშირად ფუჭდება, თოვლი კი აქ ექვსი თვე დევს... სახლს შეშით ვათბობთ, გაზი არა გვაქვს.

- ჩვენი მოგზაურობისას ვნახეთ, რომ გზების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, ასევე გამაგრებითი სამუშაოებიც.

- გაზაფხულიდან დაიწყო ეს სამუშაოები. ამჯერად უკვე სხვა კომპანია ჩაერთო. სულ თავიდან მოვიდა კომპანია, რომელმაც მუშაობა ძველი ტექნიკით დაიწყო და ვერაფერი გააკეთა. მერე ჩინელები მოვიდნენ, რომლებმაც ყველაფერი დაშალეს, დაანგრიეს და მოთხარეს... არადა, აქ მცოცავი მიწაა და ეს ფერდობები მთელ სიგრძეზე ჩამოიშალა. ახლა სწორედ იმ ჩამოშლილს ამაგრებენ. საქმეს კარგი პირი უჩანს. იმედი მოგვეცა, რომ გზა გაკეთდება.

გზა როცა მოწესრიგებულია, ტურისტიც ხშირად სტუმრობს. მაგრამ ერთხელ რომ ამოვა და ასეთ გზას ნახავს, მეორედ მოსვლა აღარ მოუნდება. ბევრს ამის გამო ჯავშანიც გაუუქმებია, რადგან დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა. საოჯახო სასტუმრო გვაქვს, მაგრამ სტუმრებს ხშირად არ ვიღებთ, ამაზე არა ვართ დამოკიდებული.

82f0055e-f9b4-4235-9feb-d4457d9c837d-1722767620.jpg

- მიწის რა ფართობი გაქვთ?

- 5 ჰექტარი იქნება. ჰოდა, ყველაფერი მოგვყავს, რის საშუალებასაც ჩვენი ნიადაგი იძლევა. ვინაიდან მიწები ფერდობებზე გვაქვს, ამის გამო ტრაქტორი ვერ მუშაობს და ყველაფერს ხელით ვაკეთებთ. ზოგან ხარებიც შეჰყავთ. მე პატარა მოტობლოკი მაქვს და მიწას იმით ვამუშავებ.

ადრე მესაქონლეობასაც მივდევდით, მაგრამ ვინაიდან დედა და მეუღლე სკოლაში მუშაობენ, ამ საქმეს ვეღარ აუდიოდნენ და თავი დავანებეთ. რძეს იმათგან ვყიდულობთ, ვისაც სოფელში საქონლის მოვლა შეუძლია და ამისთვის დრო რჩება. ისე, უმეტესად ამ საქმეს ბევრი გაურბის, რადგან რთულია მოვლა, საქონელს ბალახიც ბევრი სჭირდება და ეს ყველაფერი დიდად მომგებიანიც არ არის. თავად რძე და რძის პროდუქტები საკმაოდ იაფია. ისიც არის, რომ აქაური ძროხა ბევრსაც არ იწველის, მთებზე დადის, მაგრამ სუსტია. თუ ბაგაზე მოვლილი საქონელი 10 ლიტრამდე იწველის, ჩვენი - 5-ს, თან აქ ყველა ჯიშის ძროხა ვერ ძლებს.

- ხილიდან რა მოგყავთ?

- კაკალი, ვაშლი, მსხალი... ოღონდ ნაყოფი როგორიც ქართლშია, ისეთი ლამაზი არ არის, მაგრამ არომატული და გემრიელია. ხილს არ ვყიდით, ვინახავთ და ზამთარში მოვიხმართ. ხეხილი არასოდეს შეგვიწამლავს.

ყურძენი აქ არ ხარობს, ამიტომ 2019 წლიდან საგარეჯოში მივდივარ და ვყიდულობ. ძალიან მომწონს დაწურვა და ღვინის დაყენება. მსიამოვნებს, როცა სტუმრებს ჩემი ღვინით ვმასპინძლობთ.

ჭაჭისა და ხილისგან არაყსაც ვხდი. ღვინოს პლასტმასის კასრებში ვაყენებ, ჯერჯერობით მინის ჭურჭელს ვერ ვყიდულობ. დაწურვიდან 10 დღეს ჭაჭაზე ვაჩერებ, მერე დაბლა რომ დაიწყებს ჩასვლას, ჭაჭისგან ვაცალკევებ. ღვინო რბილი და გემრიელი გამოდის, ყველას მოსწონს.

- მასპინძლობა რომ ძალიან გიყვართ, ამაში ჩვენც დავრწმუნდით...

- ეს ჩემი ოჯახის ტრადიციაა. ბაბუა და ბებია მასწავლებლები იყვნენ. მთელი ბავშვობა ჩვენს სახლში სტუმრიანობას ვუყურებდი. სუფრა სულ გაშლილი იყო. სოფელში სტუმრად თუ ვინმე მოდიოდა, ყველა ჩვენთან შემოივლიდა. ასე გავიზარდე და ამას შეჩვეული ვარ. ეს ყველაზე მაგარი სიამოვნებაა. რაც მეტ ადამიანს იცნობ, მით მდიდარი და ძლიერი ხარ. ამ ურთიერთობისას ადამიანი მეტად გახსნილი და ლაღი ხდები...

ccf06d2e-08d5-41c2-b285-c7aa54db8431-1722767621.jpg

- მძღოლობასაც ითავსებთ?

- მიკროავტობუსი მყავს და ზაფხულობით სოფლის მოსახლეობასაც ვემსახურები. ზამთარში კი გოდერძის უღელტეხილზე ჯგუფები ამყავს... აქაურობა ჩემთვის ყველაფერია, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული და სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს. უღელტეხილზე რომ ავდივარ, იქიდან ჩვენი სოფელი და სკოლა ჩანს, ულამაზესი ხედები იშლება. იქით რამდენჯერაც მივდივარ, იმდენჯერ ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ.

- აჭარულ კერძებზეც მინდა ვისაუბროთ...

- ბორანო ნომერი პირველი აჭარული ტრადიციული კერძია. ყველისა და კარაქისგან მზადდება. არის ასევე კაიმაღი, რძისგან კეთდება, კრემის მსგავსია და ძირითადად ცივად საჭმელია. ცხლად მიირთმევენ კაიმაღის ბორანოს - ის რძეში ჩაყრილი ყველია, წამოდუღების შემდეგ ყველი დნება და უგემრიელესია. ყურუთი კი ნადუღისა და კარაქისგან მზადდება, ცოტა მჭადის ფქვილიც უნდა. მერე ფორმას აძლევენ, ფიცარზე დებენ და მზეზე აშრობენ. მთელი ზამთარი მშრალ ადგილას რომ შეინახო, არ გაფუჭდება. შეგიძლია შეწვა კიდეც, უგემრიელესია.

riyetis-ert-ert-ubani-1722767701.jpg

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს მაღალმთიანი აჭარიდან?

- აუცილებლად უნდა მოინახულონ ჩვენი მხარე, ნახონ მთიანი აჭარა. აქ სტუმარი ყველას უხარია, მერე კი შთაბეჭდილებები ნაცნობებს გაუზიარონ.

ჩვენ სტუმარი გვაკლია, რადგან აქამდე გზა არ გვქონდა, დღემდე ბევრ რაღაცას მოკლებული ვართ. ტურიზმი აქ ახლა იბადება.

ჩვენ კი რაც გვაქვს, "ორიგინალია", სახე არაფერს დაუკარგავს, ნატურალურია და ბუნებრივი. ასე რომ, ამ ყველაფერს სიამოვნებით გავაცნობთ, ვისაც მთიანი აჭარის ნახვის სურვილი ექნება.

TOP.GE