„იაგუარი“, „ლამბორგინი“, „ფლამენკო“ - ყურძნის საკოლექციო ჯიშები საქართველოში - კვირის პალიტრა

„იაგუარი“, „ლამბორგინი“, „ფლამენკო“ - ყურძნის საკოლექციო ჯიშები საქართველოში

თერჯოლის რაიონში, სოფელ ბარდუბანში, 70 სახეობის საკოლექციო ვაზს უვლიან. ხაჭაპურიძეების ვენახში ვაზის ჯიშებია: "იაგუარი", "ლამბორგინი", "ჰელოუინი", "ბაჟენა", "რიზამატი", "ფლამენკო", "კრასავა", "ციმუსი", "შავი ბრჭყალი", "კრისტალი", "ჰელიოდორი", "ტალდუნი"... - ამგვარი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ქირურგი გიორგი ხაჭაპურიძე თავისი საკოლექციო ვაზის ჯიშების შესახებ გვიამბობს:

- 2019 წელს, კოვიდპანდემიის დროს გამიჩნდა იდეა, მსოფლიოში საუკეთესო ვაზის ჯიშები შემეძინა. უკრაინაში მეგობარს დავუკავშირდი და ვთხოვე დამხმარებოდა შეძენაში. პირველი საკოლექციო ვაზის ჯიშებიც მისი დახმარებით შევიძინე... პირველად დაახლოებით 15 სახეობისა იყო. მას შემდეგ ყოველ წელს ვამატებ მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა ჯიშს, თან ვსწავლობდი მათი მოვლის მეთოდებს და გამოცდილებას ვიღებდი. სამწუხაროდ, მქონდა ერთეული შემთხვევები, როდესაც ძვირად ღირებულმა ვაზმა არ გაიხარა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევისწავლე თითოეულის მოვლა და ამჟამად 70-ზე მეტი სახეობის ვაზი მაქვს.

- რა პროფესიის ბრძანდებით?

- ქირურგი ვარ. თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში დავიბადე, დავამთავრე საჯარო სკოლა, შემდეგ ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ვისწავლე სამედიცინო საქმის განხრით. 2008 წელს სწავლა უკრაინაში განვაგრძე, ხარკოვის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების აკადემიაში ქირურგიის განხრით. ამის მერე ქალაქ სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე, რომელიც კიევში დავიცავი და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მომენიჭა. ვაზის მოვლა ჩემი ჰობია, დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძალიან მეხმარება დამღლელი მუშაობის შემდეგ ენერგიის აღდგენაში.

helouini-1722770726.jpg

- რომელი იშვიათი ვაზის ჯიშები გაქვთ?

- "ლამბორგინი", "ავატარი", "ჰელოუინი", "მანიკიურ ფინგერი", "იაგუარი", "ველიური", "რიზამატი", "ფლამენკო"...

- საქართველოში რომელი არ იყო მანამდე?

- "იაგუარი", "ფლამენკო", "ლამბორგინი"... "ავატარი" და "ჰელოუინი" ახლა გამოჩნდა, მგონი, საქართველოში სულ ორ კაცს აქვს.

lucisti-1722770726.jpg

- რით არის ეს ჯიშები განსაკუთრებული?

- ფორმით, ზომით, გემოვანი თვისებებით, თანაც ძალიან ლამაზია. ზოგიერთი ხელოვნების ნიმუშს ჰგავს. არის სხვადასხვა ხილის არომატით, მაგალითად, ბანანის, ანანასის, ჟოლოს, ვაშლის, ციტრუსის და სხვა.

- სხვებმა თუ შეიძინეს თქვენგან?

- ნერგები წლეულს არა მაქვს, გაისად ვგეგმავ სანერგეს ამოქმედებას... ამ ჯიშების გახარება დიდ ყურადღებასა და მზრუნველობას მოითხოვს. სამაგიეროდ, შრომა ღირს მიღებულ შედეგად.

- შეძენა ძვირი დაგიჯდათ?

- საკმაოდ, დაახლოებით 4 ათას ლარამდე მაქვს გადახდილი ვაზის ნერგებში. ლამბორგინის კვირტში 100 ლარამდე მივეცი, ნერგი გაცილებით ძვირია, შარშან 250 ლარი ღირდა. ამათგან ღვინო არ ყენდება, ძირითადად, სახილე ჯიშებია.

lamborgini-1722770726.jpg

- თერჯოლის რაიონში ცხოვრობთ, თქვენს ოჯახს მოსდევს ვაზის მოვლის ტრადიცია?

- ჩემს ოჯახს დიდი ხანია მოსდგამს ვაზის მოყვანისა და ღვინის დაყენების ტრადიცია. მოგვყავდა ციცქასა და ცოლიკაურის ენდემური ჯიშები. ღვინოს ქვევრში ვაყენებდით. ამ პროცესში მეც ვმონაწილეობდი. აქედან მოდის ჩემი ვაზისადმი სიყვარული.

ბაბუა კარგი მეღვინე და მეკასრე იყო. კარგად იცოდა როგორც ვაზის მოვლა, ასევე ღვინის როგორც კასრში, ისე ქვევრში დაყენების ტექნოლოგია. ერთ-ერთი საუკეთესო ვენახი ჰქონდა სოფელში. შესაბამისად, მამამაც კარგად იცოდა ვაზის მოვლა-პატრონობა. სხვათა შორის, ძალიან აქცევდა ყურადღებას მთვარის ფაზებს ვაზის მოვლისას, მოკრეფისა და ღვინის დაყენებისას.

- ვაზის მოვლაში თქვენც იყავით ჩართული?

- უფრო ვაკვირდებოდი, როგორ უვლიდნენ ვაზს განვითარების ყოველ ეტაპზე. ვეხმარებოდი მოსავლის აღებასა და საწნახელში დაწურვაში. ვაკვირდებოდი, როგორ ამზადებდნენ ქვევრს, ასუფთავებდნენ ყურძნის ტკბილის ჩასასხმელად; როგორ მიმდინარეობდა დუღილი და საბოლოოდ როგორ მიიღებოდა ღვინო ყურძნის წვენისგან. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია.

ბავშვობაში მიღებული ვაზის მოვლის ტექნიკა ძალიან გამომადგა ახალი ჯიშების გახარებაში. ახალი ჯიშები ყოველდღიურ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს, ვაზის მოვლის ყველა ეტაპის დროულ და თანამიმდევრულად ჩატარებას. შრომატევადია, მაგრამ როდესაც საქმეს სიყვარულით უდგები, შრომა სასიამოვნოა, შედეგი კი ყველანაირ შრომას ანაზღაურებს.