„ვითარება მძიმეა, მოვლენების განვითარების სცენარის პროგნოზირება ძალიან რთულია...“ - კვირის პალიტრა

„ვითარება მძიმეა, მოვლენების განვითარების სცენარის პროგნოზირება ძალიან რთულია...“

ირანულ წყაროებზე დაყრდნობით The New York Times-ი იუწყება: "გასულ კვირას თეირანში ახალარჩეული ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჩასული "ჰამასის" პოლიტიკური ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა. "ჰამასის" ლიდერის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით ირანში ათეულობით პირი დააკავეს". დაკავებულთა შორის არიან ირანის დაზვერვის მაღალჩინოსნები, სამხედრო მოსამსახურეები და იმ სასტუმროს თანამშრომლები, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მართავს და სადაც ისმაილ ჰანიე ბინავდებოდა. თჰე თელეგრაპჰ-ის ინფორმაციით, სასტუმროში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესატანად „მოსადმა“ ირანის დაზვერვის აგენტები გამოიყენა და შემდეგ მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედა, თუმცა მანამდე ირანში "ჰამასის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისმაილ ჰანიეზე თავდასხმა ჭურვის გამოყენებით მოხდა, რამაც შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა. მართალია, ბევრი დეტალი ამ თავდასხმაზე ბურუსით არის მოცული, მომხდარმა ახლო აღმოსავლეთში ვითარება უფრო გაართულა. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ გიორგი გობრონიძესთან:

giorgi-gobronidze.jpg

- ვითარება მძიმეა, მოვლენების განვითარების სცენარის პროგნოზირება ძალიან გამიჭირდება, უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, რეალურად რა ხდება და დიდწილად დამოკიდებული ვართ იმ ინფორმაციაზე, რასაც მედია ავრცელებს. თეირანს აუცილებლად მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ რა იქნება ეს, რთული სათქმელია. ჩვენი ინტერვიუ 3 აგვისტოს იწერება, ვფიქრობ, უახლოეს 72 საათში გაირკვევა, რას აპირებს ირანი. აქ რამდენიმე ფაქტორი მუშაობს, რაც თეირანს არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. ჯერ ერთი, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ირანის ტერიტორიაზე ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მაღალჩინოსანს კლავენ. გაგახსენებთ, ყასიმ სოლეიმანის მკვლელობის ამბავს. მაშინ ოფიციალურმა ვაშინგტონმა გასცა მისი ლიკვიდაციის ბრძანება, თანაც ის წარმოადგენდა უშუალოდ ირანის ხელისუფლებას - იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი. ჰანიე მართალია არ ყოფილა ირანის სახელისუფლებო ვერტიკალის ნაწილი, მაგრამ ის იყო თეირანის მართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროქსიჯგუფის ხელმძღვანელი.

აქედან გამომდინარე, ირანი იძულებულიც კი არის გასცეს პასუხი ისრაელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის მმართველი ვერტიკალის იმიჯი და გავლენა მნიშვნელოვნად შეირყევა "ჰამასსა" და სხვა პროქსიჯგუფებში. გარდა ამისა, მკვლელობა მოხდა ირანის დედაქალაქში, დემონსტრაციულად, რაც შეიცავდა რამდენიმე გზავნილს, მათ შორის იმას, რომ ირანში არავინ არის დაცული ისრაელისგან, რომ ირანს არ შეუძლია დაიცვას თავისი სტუმრები და ყველა, ვინც რაიმე ტიპის ურთიერთობას შეეცდება თეირანთან, უნდა დაფიქრდეს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ამით ასევე აჩვენეს, როგორ ჩაფლავდნენ ირანის სპეცსამსახურები. მოკლედ, ეს არ იყო მხოლოდ ლიკვიდაციის ოპერაცია, ეს იყო სილის გაწვნა ისლამური რეჟიმისთვის და ახლა ამ უკანასკნელმა უნდა გადაწყვიტოს, რა პასუხს გასცემს ყოველივე ამას.

შესაძლოა ეს იყოს ისრაელზე უშუალოდ ირანიდან სარაკეტო თავდასხმა, ასევე შესაძლებელია ერთობლივი სარაკეტო შეტევა სატელიტებთან ერთად, რისი ამოცანაც იქნება ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის მაქსიმალური გადატვირთვა და ისრაელისთვის ზიანის მიყენება. შესაძლოა ამ ყველაფერთან ერთად დაიწყოს ჩრდილოეთიდან "ჰეზბოლას" სახმელეთო შეტევა ისრაელზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები, ნებისმიერ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთი არასდროს ყოფილა ასე ახლოს მწვავე სამხედრო კონფლიქტსა და დიდ შეიარაღებულ დაპირისპირებასთან. წლებია პროცესები ისე მიდის, რომ ირანი და ისრაელი ერთმანეთს უნდა შეეჯახონ და ამ პროცესში აშშ-საც მოუწევს ჩართვა. დღეს არის ასეთი ვითარების ერთ-ერთი კრიტიკული მომენტი. სამწუხაროდ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების არქიტექტურა, რაც პროგნოზირებადს გახდიდა თამაშის წესებს. აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რას გადაწყვეტს ირანი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ მან მტრულად განწყობილ სახელმწიფოებში მოახდინოს ცალკეული პირების ლიკვიდაცია, რათა აჩვენოს, რომ ეს მხოლოდ ისრაელს არ ხელეწიფება.

- ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რის მერეც მოკლეს ჰანიე, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რასაც ჩვენთან დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

- პირადად მე ვერაფერს მიუღებელს და გაუგებარს ვერ ვხედავ კობახიძის ამ ვიზიტში და ვერც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციაში. პოლიტიკურ რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ირანი ჩვენი რეგიონის ქვეყანაა, მოგვწონს ეს თუ არა...

ის ახლო აღმოსავლეთში ძალიან გავლენიანი სახელმწიფოა და იმავდროულად, კავკასიის რეგიონშიც მნიშვნელოვანი აქტორი. ის ჩვენ არ გვესაზღვრება, მაგრამ მეზობელ ქვეყნად ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია მასთან კარგი ურთიერთობა, ისევე როგორც სხვა მეზობელ სახელმწიფოებთან. ამიტომაც არ მესმის ლაპარაკი, რა გვინდოდა ირანში, სადაც ანტიამერიკული და ანტიისრაელური ლოზუნგები ისმოდაო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ფრჩხილებს გარეთ გაიტანოს სამეზობლო პოლიტიკა და ურთიერთობა სხვა პარტნიორებთან. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილიც მშვენივრად ახერხებდა ირანთან კომუნიკაციას. საქართველო-ირანის ურთიერთობა ერთია და ირან-ამერიკის ან ირან-ისრაელის - სხვა... მათ თავიანთი პრობლემები აქვთ...

აქ მთავარია საქართველო-ირანის ურთიერთობამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ჩვენ გავხდეთ მისი მოკავშირე აშშ-ის წინააღმდეგ, რაც წარმოუდგენელია.

- გეთანხმებით, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები გვაქვს, მაგრამ როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ დასავლეთთან, კონკრეტულად, აშშ-თან საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო კონფრონტაციულ რეჟიმზე გადასვლას, ამ კონტექსტში ეს ვიზიტი როგორ შეიძლება იქნეს აღქმული?

- მე ამ საკითხს ასეთ კონტექსტში არ განვიხილავდი. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ურთიერთობა დაძაბა არა ირანის, არამედ ბევრი სხვა ფაქტორის გამო. მათ შორის ერთ-ერთია ქვეყანაში ძალაუფლების კონსოლიდაციის სურვილი, ასევე დემოკრატიზაციის რევერსიის მცდელობა და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის დაწყება. შესაბამისად, ირანის ფაქტორი აქ თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს. გამომდინარე აქედან, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის ფონზე, არა მგონია, რაიმეს მომცემი იყოს ირანთანაც ურთიერთობის გაფუჭება.

- სამწუხროდ, საქართველოს აშშ-თან, ასევე ევროპასთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება. როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მთავრობას 95-მილიონიანი დახმარება შეუჩერა. "ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება და ვთხოვეთ მთავრობას გადახედოს მის ქმედებებს. ჩვენ ასევე ვთქვით, რომ გადავხედავთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ეს ურთიერთობა. იმედია, მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რათა დავუბრუნდეთ პირვანდელ კურსს. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საქართველოს ხალხის მეგობარი და პარტნიორი", - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა. გარდა ამისა, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის" კანონის ძალაში შესვლის გამო ევროკავშირიც განიხილავს საქართველოსთვის დახმარების შეჩერებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლაპარაკი შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეც.

- ჩემი აზრით, ევროპასთან ჩვენი ურთიერთობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე აშშ-თან. როგორც ვიცი, ანაკლიის კონსორციუმში, ჩინურ კომპანიასთან ერთად, იქნება ევროპული კომპანიაც, რომელიც პორტის გაღრმავების სამუშაოებს შეასრულებს. საბოლოოდ მაინც მგონია, რომ საქმე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამდე არ მივა. ჩემი აზრით, ეს მთავრობას დიდს არაფერს დააკლებს, მაგრამ გაუუარესებს ევროპის აღქმას ქართველი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ მოქცეულია კონსერვატიული ნარატივების ტყვეობაში. როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, ჯობს ისიც გაითვალისწინონ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს ბევრი არაფერი დააკლდება, მაგრამ ევროპაში უვიზოდ ჩავალთ თუ არა, ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და თქვენთვის... იმედია, ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და არ გაუარესდება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმგვარად, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საწყის წერტილამდე დაბრუნება ძალიან გაძნელდეს.

რაც შეეხება აშშ-ს, ო’ბრაიენმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა ის წინააღმდეგობები, რაც არსებობს ჩვენ შორის. მან ახსენა დემოკრატიული განვითარება, ე.წ. რუსული კანონი და ამასთანვე, ახსენა მთავარი - ის, რომ აშშ-ს არ სურს ანაკლიის კონსორციუმში ჩინური კომპანიის ყოფნა, რაც ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია შავი ზღვის აუზში ჩინელების გამოჩენა. ეს მიუღებელია რუსეთისთვისაც. მე მთელ ამ ვითარებას სწორედ ჩინური ფაქტორიდან გამომდინარე განვიხილავდი.

როგორც წესი, ქართველ საზოგადოებას მნიშვნელოვანი რამეები გამორჩება ხოლმე... ჩემი დაკვირვებით, აშშ-თან ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო 2016 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ჩინეთთან დაიწყო ჩვენმა ხელისუფლებამ დაახლოება, რაც ოფიციალურ პეკინთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა. მე ადრეც ვაკეთებდი ამ ტენდენციაზე მინიშნებას, მაგრამ არავინ აქცევდა ყურადღებას. პანდემიის დროს ჩინურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით თვალში საცემი იყო და ლამის პიარაქციები დაიწყო ჩვენი პარტნიორობის თაობაზე.

გაგახსენებთ, როდესაც დასავლეთიდან ვაქცინების შემოტანაზე შეგვექმნა პრობლემა, ჩინეთმა გამოგზავნა თავისი ვაქცინები, თან ძალიან საინტერესო წარწერით, მეგობარი გასაჭირში იცნობაო...

აი, აქედან დაიწყო ლაპარაკი ქართულ-ჩინური მეგობრობის პარადიგმაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი აირეკლა ჩვენი და ამერიკის ურთიერთობაზე.

- სად მიიყვანს "ქართული ოცნების" ხელისუფლების ეს პოლიტიკა საქართველოს?

- ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა, საქართველო გადავიდეს მულტივექტორულ პოლიტიკაზე, რაც გარკვეულწილად საინტერესოა, თუმცა გაცილებით საინტერესო იქნებოდა, სადმე სხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე და იქიდან ვაკვირდებოდე მოვლენებს, რადგან არავინ იცის, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ ექსპერიმენტს, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან წარმატებული, ან დასრულდეს აბსოლუტური კრახით, რადგან ჩინეთთან პარტნიორობა ძალიან საფრთხილოა. აქედან ქვეყანამ შეიძლება მიიღოს დიდი სარგებელიც, მაგრამ მულტივექტორული პოლიტიკის გატარებას სჭირდება ისეთი დიპლომატიური ცოდნა, გამოცდილება და სიფრთხილე, რაც ჩვენს ხელისუფლებას საეჭვოა ჰქონდეს. სწორედ ამაშია დიდი პრობლემა. საჭიროა ფრთხილი ბალანსის დაცვა - თუ ჩინეთთან ურთიერთობებს ვაუმჯობესებთ, ეს არ უნდა ნიშნავდეს დასავლეთთან დამოკიდებულების გაუარესებას. ასეთ შემთხვევაში რა მულტივექტორული პოლიტიკა გამოგვივა?! ამას წინათ, ვოლსკი ამბობდა, ჩვენი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობა მათ ინტერესებს საქართველოში არ დააზიანებსო. ამაზე თავიდანვე უნდა ეფიქრათ და ხიდების დაწვა არ უნდა დაეწყოთ.

- გასულ კვირას რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმართა ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური გაცვლა მოხდა - გაათავისუფლეს 26 პირი, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელორუსში. მათ შორის რუსეთის მოთხოვნით გაათავისუფლეს ჩვენი თანამემამულის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელიც, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

- ეს ცხადყოფს, რომ დასავლეთს, ასევე აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები. ეს შეთანხმება კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ფაქტია, დახურულ კარს მიღმა არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობს, რასაც ვხედავთ, ეს მხოლოდ ზედაპირია ამ პროცესებში, რაც ამის იქით ხდება... ამაზე ლაპარაკის საშუალება გვექნება, ალბათ, 20-25 წლის შემდეგ, როდესაც ცალკეული დოკუმენტები გასაჯაროვდება.

- უნდა ვივარაუდოთ, რომ მოლაპარაკების თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის უნდა იყოს უკრაინაც. როდის შეიძლება დასრულდეს ომი. ბევრის აზრით, აშშ-ის არჩევნების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა?

- ამჟამად ფრონტის ხაზი უკრაინაში სტატიკურია. კი, მცირე წინსვლა ჰქონდა რუსეთს, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს უკრაინის წარმატებით. თუმცა საბოლოოდ მასირებული გარღვევა ერთი ან მეორე მხრიდან არ ყოფილა და ვეჭვობ ეს მოხდეს უახლოეს მომავალში. ამასთანავე, ორივეს აქვს საკმარისი რესურსი ამ სტატიკური ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება აშშ-ის არჩევნებს, დონალდ ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი პერსონაა. კი გაიძახის, 24-საათში დავასრულებ უკრაინაში ომსო, მაგრამ მან ეს შესაძლოა ბირთვული ულტიმატუმის წაყენებით სცადოს. ბევრს ჰგონია, ტრამპი აშშ-ში რუსული ფაქტორია, რაც სისულელეა. მის განცხადებებს ბოლომდე თუ მოვისმენთ, ვნახავთ, რომ რუსეთისადმი სულაც არ არის ლოიალური. მაგალითად, მან თქვა, ჩემი პრეზიდენტობის დროს რომ გაებედა რუსეთს უკრაინაში შეჭრა, მოსკოვს დავბომბავდიო. შესაბამისად, ტრამპი არის ლიდერი, რომელიც ბირთვულ აპოკალიფსს გვპირდება. ის არის ლიდერი, რომელმაც საქართველოს მისცა ლეტალური იარაღი, რომელმაც დაბომბა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზები... აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ტრამპი იქნება ის ფაქტორი, რომელიც რუსეთის სასიკეთო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მეტიც, რესპუბლიკელებმა იმაზეც კი ილაპარაკეს, რომ მზად არიან ლენდ-ლიზის ფარგლებში ყველა შეზღუდვა მოხსნან იარაღის მიწოდებაზე. უბრალოდ, უკრაინა ამას მიიღებს, როგორც ვალს, რომლის დაბრუნებაც მოუწევს.

- ჩვენს ხელისუფლებასაც ძალიან ეიმედება ტრამპი. მიიჩნევენ, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს, აუცილებლად გაუმჯობესდება აშშ-საქართველოს ურთიერთობა.

- ამერიკასთან ურთიერთობის გაჯანსაღება შესაძლებელია, თუ ხელისუფლება მოახერხებს და დაუსაბუთებს თეთრ სახლს, რომ არ გეგმავს ამერიკის ინტერესების შელახვას... რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, ჩემი დაკვირვებით, სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს სახელმწიფო ინტერესებზე მზრუნველი პოლიტიკური კლასი. ასეთი პოლიტიკოსების დეფიციტია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც. დღეს თუ რაიმე შეიძლება გახდეს ხელისუფლების ცვლილების წინა პირობა, ეს იქნება "ქართული ოცნებით" საზოგადოების უკიდურესი იმედგაცრუება.