„ჩვენ რატომ არ გვკითხეს!..“
ანკარაში დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმართა დიდი გაცვლისას რუსეთმა გათავისუფლებული უფლებადამცველების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამხედროების სანაცვლოდ დაიბრუნა ჯაშუშები, კილერები და ტერორისტები... პუტინი რახანია „Wall Street Journal“-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ეფ-ეს-ბეს აგენტ ვადიმ კრასიკოვის გერმანიის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდა. კილერი უკვე თავისუფალია. პუტინი გათავისუფლებულებს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა. BBC-ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, პუტინი ვადიმ კრასიკოვს პირადად მიესალმა და ეამბორა კიდეც. ხანგოშვილის მკვლელ ФСБ-ს მაღალი რანგის ოფიცერს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი...
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქე და ჩეჩნეთის ომის მონაწილე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა. 2019 წელს ბერლინში დააკავეს ვადიმ კრასიკოვი და ის დამნაშავედ ცნეს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში.
"კვირის პალიტრა" ზელიმხან ხანგოშვილის ძმას ზურაბ ხანგოშვილს გერმანიაში დაუკავშირდა.
- კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მისი მიღების სანაცვლოდ, პუტინმა ათამდე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების ციხეებში ისხდნენ. ეს ინფორმაცია მეც საიტებიდან გავიგე, მერე ჩვენმა ადვოკატმა მომწერა და დამიდასტურა, სიმართლეაო. რას ვიზამთ, ამ სიტუაციაში უძლურები ვართ. საწყენი ის არის, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. ეთქვათ, რომ მოხდა პოლიტიკური გარიგება, ჩვენც ადამიანები ვართ, გავიგებდით, მაგრამ არაფერი გვითხრეს. ძმა მომიკლეს, მისი შვილები ობლად დატოვეს, ჩემი ძმის მკვლელი კი წავა სახლში და შვილებს ჩაეხუტება... ვფიქრობ, კრასიკოვს ისეთი ინფორმაცია ჰქონდა, პირი რომ გაეღო და ალაპარაკებულიყო, შეიძლება ევროპაში სერიოზული დანაშაულებრივი ეფესბეშნიკებისა და გერეუშნიკების ქსელი გაეშიფრათ გერმანელებს, მათ კარგი "ჩიტი" გაუშვეს ხელიდან... ადვოკატი მარწმუნებდა, სანამ სასჯელის ნახევარს არ მოიხდის, ჩვენი კანონმდებლობით პატიმრის გათავისუფლება არ შეიძლება, მსგავსი არაფერი იქნებაო, მაგრამ თურმე კანონის გარეშეც შეიძლება რაღაცების გაკეთება. მთავრობაა და როცა და რაც უნდა, იმას გააკეთებს. ყველაფერი ამათ ხელში არ არის?
- პუტინს ადრეც უნდოდა კრასიკოვის დახსნა გერმანიის ციხიდან. ალექსეი ნავალნის (რომელიც 16 თებერვალს ციმბირის ციხეში გარდაიცვალა) გარემოცვა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერში, დაქირავებულ კილერ ვადიმ კრასიკოვში უნდა გაეცვალათ...
- გაცვლის შესახებ ინფორმაცია ნავალნის უახლოესმა თანამოაზრემ და თანამებრძოლმა მარია პევჩიხმა გაავრცელა. როგორც ის ამბობდა, გაცვლა იგეგმებოდა ნავალნის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.პევჩიხის თქმით, 15 თებერვლის საღამოს მიიღო დასტური, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლაზე მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზე იყო და პუტინამდე ეს წინადადება ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა მიიტანა. ამ გაცვლაზე კონკრეტული გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, ჩემი ადვოკატისგან მეცოდინებოდა. მისგან ის გავიგე, რომ საუბარი მიდიოდა კრასიკოვის ვლადიმირ ყარამურზაში გაცვლაზე (ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და პუტინის კრიტიკოსი. ყარამურზა ადრე ორჯერ მოწამლეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ის აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანულ საგამოძიებო კვლევით ჯგუფ „ბელინგქეთთან“ და, შესაბამისად, ბევრ პრობლემას უქმნიდა პუტინს, მას ყველა საკითხზე აკრიტიკებდა - იქნებოდა ჩეჩნეთის ომი, კორუფცია თუ სხვა. ბოლოს მან მხარი დაუჭირა უკრაინას - ავტ.), ეს საკითხი უფრო სერიოზულად განიხილებოდა. დასავლეთს, ალბათ, არ ეგონა, პუტინი ნავალნის რომ მოკლავდა და ეს საკითხი აქტიურად არ განიხილებოდა, მერე, რადგან ის მოკლეს, უფრო სერიოზულად შეხედეს სიტუაციას. დასავლეთი არ გამორიცხავდა, რომ პუტინი სხვა პოლიტპატიმრებსაც არ დაინდობდა და ამიტომ მოაგვარეს გაცვლის საკითხი.
კილერს პუტინი წითელ ხალიჩაზე რომ დახვდა, ხომ ყველაფერი ნათელია? არსებობს ვიდეოები, კრასიკოვი თვითმფრინავიდან როგორც კი ჩამოვიდა, ის ხელს ართმევს პუტინს და ეუბნება, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ბრძანება შესრულებულიაო. ცოტა ცუდად ისმოდა, მაგრამ მაინც შესაძლებელია სიტყვების გარჩევა. სხვა რა "პრიკაზი" შეასრულა, თუ არა ზელიმხანის მკვლელობა? რისთვის იჯდა და რა დაუმტკიცდა? კრასიკოვმა პუტინს ეს რომ უთხრა, ნიშნავს, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში იყო, მისი ბრძანებით ჩატარდა ეს სპეცოპერაცია.
- მაინც რატომ აშინებდა ასე პუტინს კრასიკოვის გერმანიის ციხეში დატოვება?
- ვფიქრობ, ჰქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ ალაპარაკებულიყო, გერმანიის სპეცსამსახურებს არა მარტო მათ ქვეყანაში, მთელ ევროპაში გამოეაშკარავებინათ რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა. ისინი პატარა ინფორმაციის საფუძველზეც გაშიფრავდნენ დანაშაულებრივ ქსელებს. პუტინს მისი ალაპარაკების შიში ჰქონდა და სანამ ამას გააკეთებდა, თავისი სპეცსამსახურები გადაარჩინა ევროპაში. ასე ძალიან რომ უნდოდა ამ არაადამიანის დახსნა, ხომ უნდა ვიფიქროთ, საამისოდ სერიოზული მიზეზიც ექნებოდა? კრასიკოვი იმედს თუ გადაიწურავდა, რომ ბერლინის ციხეში დატოვებდნენ და ვერ გაათავისუფლებდნენ, იყო მისი ალაპარაკების შანსი. ამიტომაც პატიმარს მისი ადვოკატის მეშვეობით დროდადრო იმედს აძლევდნენ, რომ დაიხსნიდნენ და დუმილი შეენარჩუნებინა. კრასიკოვს არ უნდა ეთქვა, ვინ დაუკვეთა მკვლელობა, ვინ მიაწოდა იარაღი და ინფორმაცია ჩემს ძმაზე, ვინ ეხმარებოდა და სხვა. ეს რომ გამოაშკარავებულიყო, გამოძიებას შეიძლება ბევრი რამისთვის აეხადა ფარდა, სერიოზულ კვალზე გასულიყო, ФСБ-ს დანაშაულებრივი ჯგუფიც გაშიფრულიყო.
გერმანელებმა რუსეთს დამნაშავე რომ გადასცეს, პუტინმა ამით თავის კილერებსა და ტერორისტებს მესიჯი გაუგზავნა, აი, ეს როგორ დავიხსენი, თქვენც ნუ შეგეშინდებათ, ნებისმიერი ჩემი დავალება უნდა შეასრულოთ და თუ რამე, მე დაგიხსნითო. პუტინმა ინტერვიუში კრასიკოვზე ისიც თქვა, გერმანიის ციხეში ჩვენი პატრიოტი ზისო.
- გერმანული მედია როგორ აშუქებს ამ ფაქტს? მართლა უკმაყოფილება მოჰყვა ტყვეთა გაცვლას?
- რადგან მკვლელი გაცვალეს, გერმანიის ხელისუფლების რეპუტაცია ცოტა შეილახა. კრასიკოვს დანაშაული დამტკიცებული ჰქონდა, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, იყო კილერი და ის გაცვალეს ადამიანებში, რომლებიც პუტინს ჰყავდა ციხეში გამომწყვდეული - ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, ისინი, ვინც მისი რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მკვლელში გაცვლილი ხალხი, ფაქტობრივად, უდანაშაულოა. გერმანელი ოპოზიციონერები აკრიტიკებენ მთავრობის გადაწყვეტილებას. მთავრობის რეიტინგი ცოტა დაეცა... პუტინის რეჟიმი კრასიკოვის მსგავს ადამიანებზე, კილერებსა და ტერორისტებზე დგას, ის ყველა ოპონენტს კლავს და ანადგურებს. გერმანელი სამართალდამცავებისთვის თუ არაფერი უთქვამს, კრასიკოვს, ალბათ, დააჯილდოებენ. ამის მერე ვინ იცის, რას მოითხოვენ მისგან. თუ დასჭირდათ, კიდევ გამოიყენებენ. თუმცა ის ხომ "დამწვარი" კილერია, იქნებ გააგორონ კიდეც. პლასტიკური ოპერაციის მერე თუ გაუშვებენ სხვა ოპერაციაზე, არ ვიცი... როგორც სოკოლოვის გვარით გამოუშვეს გერმანიაში, ისე სხვა გვარით გაუშვებენ სხვაგანაც დავალების შესასრულებლად. რუსეთის რეჟიმმა მოკლა ჩემი ძმა. ხედავდნენ, რომ ზელიმხანი ხეობაში, საქართველოში მნიშვნელოვანი, წონიანი ფიგურა იყო, მათი იდეოლოგიის მოწინააღმდეგე. ის ებრძოდა პუტინის რეჟიმს და მის გავლენას პანკისსა თუ მთელ საქართველოში. ეს არ აპატიეს, მოიშორეს. ზელიმხანი პუტინმა მოკლა. ძნელი დასაჯერებელია, ეს მის ინტერესში არ ყოფილიყო და მას არ გაეცა ბრძანება - არსად მსოფლიოში კაცის მოსაკლავად სპეცსამსახურები კილერებს ასე არ უშვებენ, ბოლო სიტყვა მან უნდა თქვას, რომ თანახმაა გაიგზავნოს ლიკვიდაციის ოპერაციისთვის.
გულდასაწყვეტია, მაგრამ ამ პოლიტიკურ გარიგებასთან ჩვენ უძლურები ვართ.