„ტრამპმა რომც მოინდომოს, ამ ომს ასე ადვილად ვერ დაასრულებს“
1-ლ აგვისტოს აშშ-მა და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. საერთო ჯამში, აშშ-მა რუსეთის ციხეებიდან 16 კაცის გათავისუფლება უზრუნველყო, მათ შორის ხუთი უკანონოდ დაკავებული გერმანელი და შვიდი რუსეთის მოქალაქეცაა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გაცვლას "ისტორიული" უწოდა: "ეს არის მრავალრაუნდიანი მოლაპარაკების კულმინაცია, რომელიც ბევრი თვის განმავლობაში გრძელდებოდა", - განაცხადა მან ჟურნალისტებთან. რა მნიშვნელობა აქვს ამ "ისტორიულ" გაცვლას და შეიძლება თუ არა ეს უკრაინაში ომის დასრულების საფუძველი გახდეს, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრეთ.
- ამ გაცვლაზე ლაპარაკი CIA-ს (აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტო) და რუსულ ეფ-ეს-ბეს შორის მიდიოდა და ჩავთვალოთ, რომ ვინც გაათავისუფლეს, მათ შორის ერთი კაცი მაინც იყო CIA-ს თანამშრომელი, რომელიც ჟურნალისტის საფარქვეშ მუშაობდა. ამიტომ არც ისეა საქმე, რომ რუსეთმა მხოლოდ ჟურნალისტები და უფლებადამცველები გაათავისუფლა. ყარამურზა და კიდევ რამდენიმე გასაგებია, ვინც არიან...
- ეს გაცვლა რისი წინა პირობა შეიძლება გახდეს?
- არაფრის. მსგავსი თანამშრომლობა ამერიკასა და რუსეთს ჰქონდათ "ცივი ომის" დროიდან მოყოლებული. ურთიერთობები რაც არ უნდა დაძაბული ყოფილიყო, კომუნიკაციის რაღაც არხი ყოველთვის ჰქონდათ შემონახული, მით უმეტეს, უსაფრთხოების უწყებებს შორის, და ახლაც იგივე მოხდა.
უსაფრთხოების უწყებებს შორის მიდიოდა მოლაპარაკება და მოხდა შეთანხმება. ეს არაპოლიტიზებული უწყებებია და ერთმანეთთან კონტაქტი სულ აქვთ. ჩვენთან რომ ჰგონიათ, გაბუტულები არიან და ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ასე ნამდვილად არ არის. პირიქით, ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ამერიკაში ერთმანეთს შეხვდნენ ეფ-ეს-ბესა და გე-ერ-უს დირექტორებიც, რადგან რაღაც საკითხებზე მათ სალაპარაკო აქვთ, თუნდაც ტერორიზმთან ბრძოლაზე...
- შესაძლებელია, უკრაინის ომთან დაკავშირებითაც რამე შეთანხმება მოხდეს?
- არა მგონია. ომი სულ სხვა საკითხია და ჩემი აზრით, ამ გაცვლას არ უკავშირდება. კი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ ამ ომისთვის ჯერ არაფერს ნიშნავს.
- ზელენსკის ბოლო განცხადებებით, თითქოს მოლაპარაკებისთვის უკრაინა უფრო მზადაა, ვიდრე აქამდე იყო...
- დღეს რომელიმე მხარესთან ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ერთს მთელი უკრაინა უნდა, მეორე კი აცხადებს, რომ უნდა დაიბრუნონ ის ტერიტორია, რაც უკრაინის საზღვრებში იყო. ასე მოლაპარაკება როგორ უნდა დაიწყოს?
- წესით, რაღაც ვარიანტებზე ხომ უნდა ფიქრობდნენ, სადამდე გაქაჩავენ ასე?
- როდესაც ასე მძლავრად არის ჩართული პროპაგანდა და მოწინააღმდეგეები ასეთი დემონიზებულები არიან - რუსული მხარე ფაშისტებს ეძახის უკრაინას და რუსეთში ეს სჯერათ, მეორე მხრიდან კი მთელი დასავლეთი ებრძვის რუსეთს და ასე უცბად იმის თქმა, მოდი, ცეცხლი შევწყვიტოთ და მოვილაპარაკოთო, ასე მარტივი არ იქნება. ჯერ უნდა მოხდეს საზოგადოების აზრის შეგუება, ამაზე მუშაობა კი ჯერ არ მიდის. საზოგადოებას რა უნდა უთხრა, აქამდე რუსი სატანა იყო და დღეს ველაპარაკებიო? ასე მარტივად ვერ გადაწყდება ეს საკითხი. პირველ რიგში საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც საზოგადოებრივი აზრის შეგუებაზე მუშაობა უნდა მოჰყვეს. სხვა თუ არაფერი, ამერიკაში წინ ჯერ არჩევნებია და ვიდრე ეს არჩევნები არ დასრულდება, ამისთვის ვინ მოიცლის?
- დავუშვათ, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რაზე უნდა მოილაპარაკონ?
- ჯერ ვერც წარმომიდგენია, რაზე უნდა მოილაპარაკონ, ვინ რას დათმობს. ამერიკაში არჩევნების მერე დავინახავთ, რა შეიძლება მოხდეს, შეიძლება რაღაც გამოიკვეთოს, დღეს კი ძალიან ადრეა მოლაპარაკებებზე ფიქრი.
- რუსეთი თითქოს ცდილობს ფრონტის ხაზის გასწორებას, გაჩნდა მოსაზრება, რომ რუსეთი ემზადება მოლაპარაკებისთვის. ანუ დაახლოებით 1940 წელს ფინეთის ომის სცენარზეა ლაპარაკი, როცა რუსეთმა ფინეთს წაართვა ის ტერიტორია, რაც ფრონტის ხაზს იქით იყო მოქცეული. აწყობს დღეს რუსეთს ასეთი სცენარი და შეიძლება მოლაპარაკებები ამ სცენარით წარიმართოს?
- რასაკვირველია, რუსეთი შეეცდება მაქსიმალურად მეტი მიიტაცოს, რათა მოლაპარაკების დროს უფრო ძლიერ პოზიციაში იყოს. ვნახოთ, ამას რამდენად შეძლებს.
- ჩვენ გვიხსენებია უკრაინის გაყოფის სცენარი - აღმოსავლეთი უკრაინა რუსეთს რჩება. რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, რომ ეს უკრაინისთვის მისაღები აღმოჩნდეს? რაც მთავარია, როგორ უნდა მიიღოს გარანტიები?
- უკრაინისთვის შედარებით მისაღები სცენარი იქნება (ჩავთვალოთ, რომ აღმოსავლეთ ტერიტორიებს კარგავს) უპირობოდ შეყვანა ევროკავშირში და მერე როგორ დალაგდება, სხვა ამბავია. მოუწერონ ხელი და მერე დაიწყონ მისი ინტეგრაცია. ეს არ იქნება მარტივი, თუნდაც იმიტომ, რომ უკრაინა უზარმაზარი ეკონომიკაა და განსხვავებით მოლდოვასგან, მთელი რიგი პროცედურები დასჭირდება. თუმცა ქვეყანამ ამხელა მსხვერპლი გაიღოს და მერე კიდევ დაუწყოს ვაჭრობა პროცედურებით, რბილად რომ ვთქვათ, არ არის ლამაზი. ამიტომ იმედი ვიქონიოთ, რომ ამ პროცედურებზე ევროკავშირი თვალს დახუჭავს. მერე მივდივართ უფრო რთულ საკითხამდე - იქნება, თუმცა ნატოში ინტეგრაცია, რაც გაცილებით რთული საკითხია და ეს იქნება რუსეთთან მთავარი მოსალაპარაკებელი. ჩემი აზრით, რუსეთი გადაყლაპავს იმას, რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშირში, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ნატოში ინტეგრაცია გამორიცხოს.
- უკრაინას უღირს ნატოს გარეშე ამ ყველაფერზე წასვლა, რომ ქვეყნის გაყოფას დათანხმდეს?
- არ ვიცი, ეს ომი რამდენ ხანს გასტანს, იმ დროისთვის უკრაინელი ხალხი რა ფორმაში იქნება. ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსები რომ გაყარეს ხარკოვიდან, მაშინ გამოჩნდა რამდენიმე ოფიციალური სამხედრო, რომელთაც თქვეს, ახლა იყო მოლაპარაკებების დრო, რადგან უკრაინამ მაქსიმუმს მიაღწიაო, მაგრამ არ დაუჯერეს, გადაწყვიტეს, რომ იყო შანსი, მთლიანად უკრაინის ტერიტორიიდან გაეყარათ რუსები, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. ამიტომ ვნახოთ, რა იქნება. თუ გაყრიან რუსებს, ძალიან კარგი, თუკი ვერა, რა გითხრათ. საბოლოოდ ყველაფერს პირობები წყვეტს და ვნახოთ, როგორი პირობები იქნება იმ დროისთვის. დღეს რომ მოლაპარაკებები ვერ დაიწყება, ცხადია.
- რუსეთი რა მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს, რომ მოლაპარაკებაზე წავიდეს?
- ახლა იმედი გამოჩნდა ფ-16-ების სახით. ამანაც თუ ვერ გაამართლა, მერე უკვე დიდი შანსია, უკრაინა იძულებული გახდეს მოლაპარაკებას დათანხმდეს რუსეთის პირობებით. მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ როგორც ამბობენ, გააჩნია, ამ მოდელის რა ვერსია მისცეს და რამდენი პილოტია მომზადებული, რასაც დიდი დრო სჭირდება. ჩემი აზრით, ამაზეა დამოკიდებული, შემოაბრუნებს თუ არა უკრაინა სიტუაციას და, თუკი ეს მოხერხდა, მაშინ სხვა მდგომარეობას მივიღებთ. თუ ვერ შემობრუნდა სიტუაცია, ჯერჯერობით არ ჩანს დახმარების რაიმე საშუალება ვითარების შემოსაბრუნებლად. კონტრშეტევაზე უკრაინა ვერ გადადის და სწორიცაა, რომ არ გადადის, რადგან შარშანდელივით რომ ჩავარდეს, მორალური კატასტროფა იქნება, ომში კი მორალი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხალხი თუ დაინახავს, რომ ჩაიხოცნენ და შედეგს ვერ მიაღწიეს, მერე მართლა დიდი შანსია, ომის შეწყვეტა მოითხოვონ. ასეთ შემთხვევაში სულ სხვა პირობებით მოუწევს უკრაინას დათანხმება. მასობრივ შეტევაზე ვერც რუსები გადადიან, პოზიციურ ომს აწარმოებენ, სოფელ-სოფელ ცდილობენ წინ წაწევას, ოღონდ ძალიან ნელი ტემპით. საქმე ის არის, ასეთი ომი, რა თქმა უნდა, აწყობს იმას, ვისაც მეტი ცოცხალი რესურსი ჰყავს და ეს არის რუსეთი. ეს უკრაინის პრობლემაა - ომი მის ტერიტორიაზე მიდის. თავს ნუ მოვიტყუებთ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე კვირაში ერთხელ რაღაცას რომ დაბომბავს, ეს არ არის რუსეთისთვის კატასტროფა და ცხადია, დრო უკრაინის სასარგებლოდ არ მუშაობს.
- დასავლეთი დღეს მზად არის მოლაპარაკებების დაწყებისთვის?
- რა თქმა უნდა, არა. აშშ-იც, და საერთოდ დასავლეთიც, ელოდება ფრონტზე რაიმე გარდატეხას. ამერიკაც და დასავლეთიც დამოკიდებული არიან იმაზე, თუ რა განწყობა იქნება ხალხში - თუკი უკრაინას ომი უნდა, ესენი ვერ დაუშლიან და, თუკი ომი აღარ უნდათ, ვერ აიძულებენ იომონ.
- მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე უკრაინის საკითხის გადასაწყვეტად? დემოკრატების კანდიდატი გაიმარჯვებს თუ რესპუბლიკელების, იქნება ამაზე დამოკიდებული ომის დასრულება?
- ტრამპმა რომც მოინდომოს, ასე მარტივად ვერ დაამთავრებს ამ ომს და მგონი, არც დაამთავრებს. ის შეეცდება უკრაინის ტვირთი ევროპელებს გადააბაროს. ამას შეეცდება, მაგრამ არა მგონია, ასე მარტივად უარი თქვას, ასე ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტზე. გავითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პომპეომ თქვა, ტრამპს გეგმა აქვსო, და მისი ნათქვამი, ჩემი აზრით, სრული სიგიჟეა, მხოლოდ კამპანიისთვის არის გათვლილი. ვგულისხმობ რუსეთისთვის რეპარაციის დაკისრებაზე ნათქვამს. რუსეთს რეპარაცია რომ დააკისრო, ჯერ ომში უნდა დაამარცხო, საამისო ნიშნები კი ჯერ არ ჩანს. იქ ეწერა, რომ ნახევარი ტრილიონი დოლარის დახმარებას მისცემენ უკრაინას და ამით დამარცხდება რუსეთი, მაგრამ ეს ნახევარი ტრილიონი ამერიკისთვისაც კი ძალიან დიდი ფულია, მით უმეტეს, ტრამპი არათუ ამ ფულის უკრაინისთვის მიმცემი არ არის, არამედ საერთოდ წინააღმდეგია, რომ ამერიკიდან ფული გადიოდეს. ასე რომ, ეს იდეა პიარი იყო იმის სათქმელად, ტრამპი უკრაინას რუსეთს არ ჩააბარებსო. ეს ძალიან არარეალისტურია.
რუსა მაჩაიძე