„ქართული­ პოლიტიკური სპექტრი ზნეობის მაღალი სტანდარტებით ვერ დაიკვეხნის, უამ­რავი რამ ვიცი...“ - კვირის პალიტრა

„ქართული­ პოლიტიკური სპექტრი ზნეობის მაღალი სტანდარტებით ვერ დაიკვეხნის, უამ­რავი რამ ვიცი...“

"ოპოზიციურ ველზე დიდი ამბებია, უახლოეს მომავალში "ევროპული საქარ­თველოსა" და "ახლების" შეერთებასაც უნდა ველოდოთ. "ევროპული საქართველოსა" და "ნაცმოძრაობის" ორად გაყოფა,­ საერთო ოპოზიციურ საქმეს სასიკეთოდ წაადგება", - ამგვარად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფებებს.­ "Edison Research-ის ბოლოდროინდელი კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, "ნაციონალები", "ლელო" და გახარიას პარტია, ფაქტობრივად, გადასცდნენ 5%-იან ბარიერს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ოპოზიციამ ჯამურად უნდა მიიღოს 51% ანუ საკონტროლო პაკეტის 51% ოპოზიციური ძალების ხელში უნდა იყოს. აი, ეს არის პრობლემა და ასევე ისიც, მანევრირების რა საშუალება ექნება ხელისუ­ფლებას", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. Edison­ Research-ის კვლევით,­ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 17.3% "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს"; 12.8% "ძლიერი საქართველო:­ "ლელო"/"ხალხისთვის"/"თავისუფლების მოედანს"; 11.2% "საქართველოსთვის - გიორგი გახარიას". "ახალი"/­"გირჩი"/"დროა" - 9.9%; "გირჩი" - იაგო ხვიჩია" - 5.2%; ლეიბორისტული­ პარტია - 3.3%; "პატრი­ოტთა ალიანსი" და "ალტინფო" - 2.6%; "მო­ქალაქეები" - 2.2%; "ევროპული საქა­რ­თ­ველო" - 1.9%; "სამართლიანობისთვის­ - ეკა ბესელია"­ - 0.9%; სხვა პარტიები­ 0.4%. ოპოზიციურ ველზე ცვლილებებსა და პროცესების შესაძლო განვითარებაზე ვახტანგ­ ძაბირაძე გვესაუბრება:

- თუ ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთის ლანძღვას თავს დაანებებენ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გაიზარდება მათი პარტიების რეიტინგები. როგორც "ლელოს" ლიდერებმა განაცხადეს, საარჩევნო კამპანია დაიწყეს, თუმცა, როგორც ვიცი, ამ პლატფორმაზე პოლიტიკური სუბიექტების შემოერთება არ დასრულებულა. ამასთან, მნიშვნელოვანი ამბავი­ მოხდა "ევროპულ საქართველოში". ვფიქ­რობ, მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია დატოვეს, ეს პოლიტიკური ძალა "ახლებს" შეუერთდება, რაც "ახლების" პოზიციას უფრო მიმზიდველს გახდის. ძალიან კარგი იქნება, თუ ძალიან ბევრი განსხვავების მიუხედავად, "ლელო" და გახარიას პარტია მოახერხებენ­ გაერთიანებას. მათ აქვთ რესურსი­ ოპოზიცი­ურ ფლანგზე კი არა, საზოგადოდ, არჩევნებში პირველი ადგილისთვის იბრძოლონ. წესით, ამას ორივე ძალის ლიდერი უნდა ხვდებოდეს. მესმის, რომ მათ შორის მთელი რიგი პრობლემებია, მაგრამ ქართულ­ პოლიტიკურ ველზე დღეს უცოდველი არავინაა.

- თუ "ლელოს" შესახებ გახარიას პარტიის­ ბოლოდროინდელ განცხადებას გავითვალის­წინებთ, ამ ორი პარტიის ლიდერი ერთმანეთის ცოდვებსა და შეცდომებზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ახლახან დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა "ლელო" ინფორმაციის ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა და ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

- ასეთი წამოძახებები სულ იქნება. ეს ცუდია, ოპოზიციურად განწყობილ ელექტ­ორატს არჩევნებზე წასვლის ხალისს დააკა­რგვინებს. გახარიას ნუ ჰგონია, რომ ასეთი განცხადებებით მხოლოდ "ლელო" დაკარგავს ამომრჩეველს, ნურც ხაზარაძეს ეგონება, რომ კრიტიკული განცხადებებით მხოლოდ გახარიას აზარალებს, ორივე­ დაკარგავს ამომრჩეველს. დღეს არ არის იმის გარკვევის­ დრო, ვის გამო შეჩერდა­ ანაკლიის პორტის პროექტი, ვინ წააგო და ვინ მოიგო. ჩვენ ახლა უნდა შევა­ჩეროთ ავტორიტარიზმის დამაყრება ქვეყანა­ში. თუ ავტორიტარიზმი დამყარდა, მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება შეცვლის თუ არა დასავლურ კურსს. სანამ საზოგად­ოებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავად განსა­ზღვროს, როგორც ქვეყნის კურსი, ასევე ხელისუფლების ფორმირებაზე ზეგავლენა,­ უნდა გამოვიყენოთ, თორემ მერე გვიანი იქნება. არ ველოდები, რომ კოალიციური ხელისუფლება და ჩვენ ჭაობიდან თავის დაღწევას დავიწყებთ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა შეჩერდება.

- დიდხანს იყო საუბარი იმაზე, რომ "ლელოსა"­ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობა იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ხაზარაძემ პიროვნული ფაქტორი ვერ გადალახა, თუმცა მან ხელი ჩამოართვა და გუნდში­ მიიღო­ ალეკო ელისაშვილი, რომელთანაც ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.

- ხაზარაძე გახარიას ადანაშაულ­ებს, რომ მისი ჯგუფი ანაკლიის პროექტს გახა­რიამ ჩამოაშორა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით,­ რომ ყველაფერს ივანიშვილი წყვეტდა?! კი, შეიძლებოდა გახარიას უფრო კრიტიკული პოზიცია დაეკავებინა, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და საკუთარ შეცდომებს გადახედოს... სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული­ პოლიტიკური სპექტრი ზნეობის მაღალი სტანდარტებით ვერ დაიკვეხნის­. უამ­რავი რამ ვიცი... აბა, დააკვირდით, ამა თუ იმ დარგის მინისტრები, რომლებიც­ თანა­მ­დებობაზე ყოფნის დროს ათას სისულე­ლეს აკეთებენ, როგორც თანა­მდებობას ტოვებენ, მაშინვე ადეკვატურები ხდებიან! ე.ი. რაღაცაშია საქმე, არა?! ასე მოხდა გახარიას შემთხვევაშიც. იმედია, საზოგადოებრივი აზრი აიძულებს ხაზარაძესაც და გახარიასაც, რომ შეთანხმდნენ. არ უნდა შეუშინდნენ "ქართული ოცნების" პროპაგანდას, მმართველი გუნდი იმაზე­ მეტ ამომრჩეველს ვერ მიიმხრობს, რაც უკვე ჰყავს. გასაგებია, მათი მხარდამჭერები იტყვიან­, ნახეთ, ამ ხალხმა ერთმანეთი როგორ ლანძღა და ახლა ერთად დგანანო, მაგრამ მერე რა?! მათ შეუძლიათ თქვან, დიახ, მათ გადალახეს პირადი­ დაპირისპირება, გნებავთ, აუტანლობა, იმიტომ, რომ დღეს ქვეყნის წინაშე გაცილებით­ დიდი პრობლემა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები, ისტორიაც კარგად ვიცი და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება. ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა იმიტომ არის საშიში, რომ ეს აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მერე აღარავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. რა დროს პორტი და ჩინეთია?! გახარიამაც უნდა იცოდეს და ხაზარაძემაც, რომ მათი დაპირისპირება ოპოზი­ციურ ამომრჩეველს ხდის ინდიფერენტულს, თორემ ხელისუფლება ყოველთვის მოახერხებს საკუთარი ელექტორატის საარჩევნო ურნებთან მიყვანას.

- რა იგულისხმეთ, როდესაც საერთო-ოპოზიციური საქმისთვის სასიკეთო საქმედ შეაფასეთ "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ორად გაყოფა?

- "ნაცმოძრაობის" ორად გაყოფა სასიკეთო იმიტომ არის, რომ ხელისუფლება სააკაშვილის ფაქტორს ისე კარგად ვეღარ გამოიყენებს, როგორც აქამდე ახერხე­ბდა. "ქართული ოცნებისგან" ყველაფერი მოსალოდნელია და შეიძლება სააკა­შვილის ფაქტორი ისეთი ფორმით გამოიყენოს, საზოგადოება გაოცებული დარჩეს. წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ არჩევნების სასურველი შედეგით აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება "ქართული ოცნებისთვის"­ და შესაძლოა სააკაშვილი გახდეს სავაჭრო თემა. თუმცა დღევანდელი­ მოცემულობით, საერთო-ოპოზიციური საქმისთვის "ნაციონალების" გაყოფა ნამდვილად ჯობდა. რაც შეეხება "ევროპულ საქართველოს", ამ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის არანაირი შანსი არ ჰქონდა. ამასთან, "ევროპულ საქართველოს" ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ტანდემით არც ერთ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ მიიღებდნენ. ამ შემთხვევაში კი პარტიას "ნაციონალურ მოძრაობასთან", უფრო მეტად კი "ახლებთან" გაერთიანების შანსი უჩნდება.

რა კარგი ამბავი მოხდა? არჩევნებში "ევროპული საქართველო" ბევრს არა, მაგრამ 2-3%-იან მხარდაჭერას კი ნამდვილად მიიღებდა. ეს ხმები ოპოზიციისთვის დაიკარგებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი "ნაციონალებს" ან "ახლებს" მიუერთდებიან, "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის 90% ათვისებული იქნება.

- თუმცა ცუდი პრეცედენტია ის, რომ საპარლამენტო სიების შედგენისას ერთ პატარა­ პარტიაში მოხდა განხეთქილება. როდესაც საერთო­-ოპოზიციურ სიებზე მიდგება საქმე და მეტი ამბიცია დაუპირისპირდება ერთმანეთს, ქაოს­სა და გაუგებრობას ხომ არ მივიღებთ?

­- კი, ასეთი პრობლემები იქნება, მა­გრამ­­ საბოლოოდ იძულებულები გახდებ­იან­, რაიმეზე შეთანხმდნენ. ასეთი კოალიცი­ური საპარლამენტო მმართველობა ხელს შეუშლის ისეთი მონოლითური მმართველობის სტილის დამკვიდრებას, როგორიც ჰქონდათ ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილსა და ახლა ბიძინა ივანიშვილს. ეს ნიშნავს, ცენტრალიზებული ავტორიტარიზმის ფაქტორი აღარ იქნება.

რატომ გვეშინია მთავრობების დაშლის? აბა, გავიხსენოთ, რამდენჯერ დაიშალა და შეიცვალა მინისტრთა კაბინეტი სააკაშვილის, გნებავთ ახლა, ივანიშვილის მმართველობის პერიოდში. ჩვენ იმის უფრო უნდა გვეშინოდეს, ისევ ერთ წრეზე არ წავიდეთ და ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების საფრთხე არ დადგეს. მთავარია, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლების პრობლემა მოგვარდეს, მერე საგარეო პრობლემები თავისთავად გადაიჭრება.

- რამდენიმე დღეა "უცხოური გავლენის­ გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ყველა ნორმა­ ძალაში შევიდა, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტის ნიშნად დარეგისტრირებას არ აპირებენ. პროცესების როგორი განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს?

- ხელისუფლებამ ეს კანონი, რომ გამჭვირვალობის გამო არ მიიღო, ეს ძალიან მალე ყველასთვის ცხადი გახდება. ტყუილად ცდილობს "ქართული ოცნება" ხალხი დაარწმუნოს, თითქოს დასავლური ფულის არასამთავრობოებში ჩადების მიზანი რევო­ლუციაა. არა, ბატონებო, ყველამ კარგად ვიცით, დასავლეთი არასამთავრობოებში ფულს იმიტომ დებს, რომ მათ ჰქონდეთ რესურსი და შესაძლებლობა, ობიექტურად შეაფასონ ხელისუფლების სხვადასხვა ინსტიტუციის მუშაობა. სიმართლე გითხრათ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კარგი წარმოდგენის არა ვარ, მაგრამ ეს არ ამართლებს ხელისუფლების სურვილს, გააჩუმოს კრიტიკული მედია და არჩევნებიდან მოიშოროს არასასურველი დამკვირვებლები. როგორც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, თუ ესა თუ ის ორგანიზაცია თავად არ დარეგისტრირდება უცხოური გავლენის მქონედ, ამას იუსტიციის სამინისტრო მათგან დამოუკიდებლად გააკეთებს. ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - საარჩევნო პროცესი არ უნდა დარჩეს დამკვირვებლების გარეშე. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს, დანარჩენი არჩევნების მერე გამოსწორდება.

ხათუნა ბახტურიძე