რა მოხდა „ევროპულ საქართველოში“
"ევროპული საქართველოს" ყოფილ და მოქმედ ლიდერებს შორის დაპირისპირება მწვავდება. პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია სხვისი გავლენით მოქმედებაში დაადანაშაულა, ხოლო თავმჯდომარის მეუღლემ თამარ ჩერგოლეიშვილმა გენმდივანი ბობოხიძე დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა "ევროპული საქართველო" დატოვეს. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. მისივე თქმით, ამ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივან აკაკი ბობოხიძესა და მის მხარდამჭერ გუნდთან. ამ საკითხზე თავის აზრს გვიზიარებს როგორც აკაკი ბობოხიძე, ასევე თამარ ჩერგოლეიშვილი.
"ისეთი რამ მოხდა, რითაც გიგა ბოკერია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ჩემს თვალში საბოლოოდ დასრულდა"
აკაკი ბობოხიძე: - სინამდვილეში კონფლიქტი საპარლამენტო სიის გამო არ დაწყებულა. სიას განსაზღვრავს არითმეტიკა. მე სიაში მეოთხე არ ვყოფილვარ, მეხუთე ვიყავი და ჩავწერე კიდეც. მეორე მხარემაც კი აღიარა, რომ პრაიმერიზი ძალიან კარგად, მოწესრიგებულად ჩატარდა. ნეტავ ასე ჩვენი ქვეყნის არჩევნები ჩატარდებოდეს. პრობლემა სულ სხვა რამეა, ისეთი რამ მოხდა, რითაც გიგა ბოკერია, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ჩემს თვალში საბოლოოდ დასრულდა. თავდაპირველად იყო საკითხები, რომლებზეც ლიდერები ვერ ვთანხმდებოდით. როგორც წესი, ასეთ დროს საკითხი გადადის პოლიტსაბჭოში ამა თუ იმ პოზიციის დასაბუთებისთვის. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ პარტიის თავმჯდომარემ იმის გამო, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მის აზრს არ დაემთხვა, გადაწყვიტა, ყრილობა მოეწვია ახალი პოლიტსაბჭოსა და ახალი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოთხოვნით. პირველი კრიზისი სწორედ ამ ამბავს მოჰყვა, მეორე კრიზისი კი განაპირობა ბატონი ბოკერიას უცნაურმა დამოკიდებულებამ - ის წარმოადგენდა სიის პირველ ნომერს და აქტიურად მონაწილეობდა პრეზენტაციებში, მაგრამ მერე უცებ დამოკიდებულება შეცვალა. ჩვენთვის მოულოდნელად გაირკვა, რომ სია, რომელშიც ბატონი გიგა პირველი ნომერი იყო, მისთვის მიუღებელი ყოფილა. ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს იმის ნებელობა უნდა ჰყოფნიდეს, გარკვეულ წნეხს გაუძლოს. მე არ ვიცი, რა მოხდა, ვერაფერს დავიჩემებ, მე მხოლოდ ფაქტს ვაფიქსირებ. ამ პრაიმერიზს მოჰყვა ქალბატონი თამარის შეფასებები და დამოკიდებულება როგორც თბილისელი, ასევე რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლის მიმართ. ამის გამო სრულიად სამართლიანად მოვითხოვეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენება, რაც გულისხმობდა მხოლოდ პოლიტიკურ შეფასებას და სხვას არაფერს. გიგამ ამის გამო ყრილობის მოწვევა გადაწყვეტა, მაგრამ თავადვე აღარ მიიღო მონაწილეობა, ვინაიდან კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა გიგი წერეთელმაც. ამის მერე მოვისმინეთ ის განცხადება, რომელიც გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიფინგზე გაახმოვანეს. მე არც კი ვიცი, გიგამ რატომ იფიქრა, რომ ყრილობაზე უალტერნატივო იქნებოდა. სულ ეს იყო, ახლა პოლიტიკური საბჭო ისევ შეიკრიბება და იმსჯელებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამ პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე.
- ბოკერიაზე ზეწოლა ვინ მოახდინა?
- არ ვიცი, მაგრამ ის, როგორც პოლიტიკური ლიდერი, ჩემთვის მას შემდეგ დამთავრდა, რაც მოვისმინე 14 ივლისს ჩაწერილი მისი ვიდეომიმართვა. როგორც გაირკვა, ასეთი მიმართვა ყველა რეგისტრირებულ ამომრჩეველთან გაუგზავნია.
- ასეთს რას ამბობდა იმ მიმართვაში?
- ბოკერია, რომელიც პირველი სიის ლიდერი იყო, მხარს უჭერს მეორე სიას, სადაც პირველი ნომერი ჩერგოლეიშვილია...
- ფიქრობთ თუ არა, რომ ახლა პარტია ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა?
- სამწუხაროდ ასეა, მაგრამ არჩევნებში მაინც მივიღებთ მონაწილეობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილის დამარცხებაში წვლილი შევიტანოთ, მინიმუმ ამ პროცესს ხელი მაინც არ შევუშალოთ.
როგორც ამ დრომდე, ახლაც მზად ვართ და მომავალშიც მზად ვიქნებით პოლიტიკური ბლოკების შესაკვრელად, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული პრინციპების აღიარება. ჩვენ პასუხად ვიღებდით იმას, რომ პრინციპები არაფერ შუაშია, პრობლემებს ცალკეული პირები ქმნიანო. პრაიმერიზის შედეგების არაადეკვატურმა შეფასებამ დამარწმუნა, რომ გარკვეული პირები მართლაც წარმოადგენენ პრობლემას.
- რას გულისხმობთ, მაინც როგორი იყო თამარ ჩერგოლეიშვილის შეფასებები?
- ის ცხვრის ფარას უწოდებს იმ ხალხს, ვინც მხარი არ დაუჭირა მეორე სიას, რომელშიც თავად იყო პირველი ნომერი. არ შეიძლება მხარდამჭერებს იდეური ამომრჩეველი უწოდო, სხვებს კი - ცხვრის ფარა. სამწუხაროდ, ქალბატონ თამარს ახასიათებს პოლიტიკურ პარტნიორებზე მკვეთრი შეფასებები. ამჯერად ამ შეფასებებმა ჩვენი ამომრჩევლისკენ გადაინაცვლა. მაპატიეთ, მაგრამ ამომრჩევლის დაყოფა სოფლელებად და ქალაქელებად, ცხვრის ფარად და მაღალი ხარისხის ამომრჩევლებად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთმა სიამ მოუგო მეორეს. ჩვენმა სიამ მოიგოო, გაიძახიან და პირველი სიის გამარჯვებას ულოცავენ. პირველი სიის ან მეორე სიის გამარჯვება - ასეთი შეფასება წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს ორი სია ერთმანეთს ერწყმოდა და საერთო სია ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა სიამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, ასევე ძალიან მიხარია ის ხმები, რომელიც მეორე სიამ მიიღო, და მათაც უნდა გახარებოდათ ის ხმები, პირველმა სიამ რომ მიიღო. საბოლოოდ ეს ხმები ხომ ჩვენი საერთო ხმები იქნებოდა, ჩვენი საერთო წარმატების ხმები, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასებები, რომლებიც შემდეგ ამას მოჰყვა, აბსოლუტურად მიუღებელია.
- უკვე გავრცელდა მოსაზრებეა, რომ "ევროპული საქართველო" "ახლებთან", "გირჩთან" და "დროასთან" გაერთიანდება.
- სავარაუდო კონფიგურაციაზე საუბარი ნამდვილად იყო, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჯერ პარტიაში ყრილობაა მოსაწვევი, შიგნით გვაქვს საქმე დასალაგებელი. ვნახოთ, რა იქნება.
"ბობოხიძემ და წერეთელმა გიგას დაშანტაჟება დაიწყეს..."
თამარ ჩერგოლეიშვილი: - ეს ყველაფერი კაკო ბობოხიძის მორიგი იაფფასიანი "ზახოდია". თუ მე ადამიანებს სოფლელობის და ქალაქელობის ნიშნით ვარჩევ, მაშინ როგორ მოხვდა ჩემს უახლოეს გუნდში ორი ჩოხატაურელი, ერთი ზუგდიდელი, ორი ხობელი, ოზურგეთელი, ბათუმელი, ხარაგაულელი, ჩხოროწყუელი, ქუთაისელი? ასეთი იაფფასიანი ტყუილებიღა დარჩა არსენალში - გაყალბება, დაბრალება, გაბრიყვება... პრაიმერიზი 11 ნოემბერს დაიწყო. მანამდე, ჩვენ წერილობითი შეთანხმება გვქონდა გაფორმებული, რომელიც მიწოდებული აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. ამ შეთანხმების მიხედვით, პარტია სიის არჩევის დროს მკვეთრად გამოკვეთილ მხარდამჭერებს უნდა დაფუძნებოდა. პრაიმერიზში მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ "ევროპული საქართველოს" ელექტორატს, რომელსაც მერე მივანდობდით პარტიის დელეგატობას, ხმების დაცვას და ა.შ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ კაკო ბობოხიძე ძალიან ამაყია თავისი სტრუქტურით და რატომღაც პარტიას სტრუქტურად მიიჩნევს. ჩვენ 10 ივლისამდე ვიცოდით, რომ ეს შეთანხმება მოქმედებდა, მაგრამ პრაიმერიზის დაწყებამდე გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა, ამ არჩევნებში მონაწილე ხალხი ნამდვილად "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერი იყო თუ არა და კაკოს საამაყო სტრუქტურის მიერ მოტანილ სიებს გადავხედეთ. აღმოჩნდა, რომ 900-დან მხოლოდ 56 კაცია ჩვენი პარტიის მხარდამჭერი. იქ იყვნენ "ნაცები", "ქოცები" და ა.შ. კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა შიდაპარტიული ბრძოლის მოგება გადაწყვიტეს სხვა პარტიების ამომრჩევლებით. აი, ეს იყო პირველი დაპირისპირების მიზეზი გიგასა და კაკოს შორის. მაგათ ხომ იბრძოლეს, ბოლომდე გაიტანეს თავისი, პოლიტსაბჭო აამხედრეს და გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა მათი სია აირჩია, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს ის, რაც უნდოდათ. კაკოს 66% სჭირდებოდა პარტიაზე კონტროლის შესანარჩუნებლად და სწორედ ამიტომ ქმნიდა არაავთენტურ პროცესს, სწორედ ამიტომ მომიწყო სოციალისტური შეჯიბრება. გიგი წერეთლისთვის კი მნიშვნელოვანი იყო, რომ სიაში მეორე ყოფილიყო. კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა „"ქოცებივით"“ მოზიდეს სხვა პარტიების მხარდამჭერები შიდაპარტიულ ბრძოლაში მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაგვწყდა გული, პარტიაში ასეთი ღირებულებითი სხვაობა რომ გაგვიჩნდა, მივიღეთ შედეგები, მივულოცეთ კიდეც პირველ ადგილზე გასვლა, მაგრამ ისინი გამარჯვებულებად თავს არ თვლიდნენ - 66% უნდოდათ, რათა გიგი მეორე ადგილზე გაეყვანათ და პარტიაში მმართველობა შეენარჩუნებინათ. ამ მიზნით გიგას დაშანტაჟება დაიწყეს.
- გიგა როგორ უნდა დაეშანტაჟებინათ?
- ეუბნებოდნენ, არჩევნებამდე სტატუს-კვო შეგვანარჩუნებინეო, რომ სიტუაციის მძევალი ყოფილიყო, ან ისეთ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში შესულიყო, სადაც წესებსაც არავინ დაიცავდა. მაგათ პრაიმერიზზე არ დაიცვეს წესები და ყრილობაზე დაიცავდნენ? მე და გიგამ მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის წინ შიდაპარტიული წესების გარეშე ბრძოლის გამართვა და მერე პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ გიგი წერეთელი და კაკო ბობოხიძე პარლამენტში შეგვეყვანა ჩვენი ხმებით. რას ბოდავს კაკო ბობოხიძე? პარტიასთან წააგო გიგა ბოკერიამ? "ევროპულ საქართველოს" ზრდა ჰქონდა იმ გუნდის წყალობით, რომელმაც ახლა პარტია დატოვა. თბილისში 5,4% ანუ 600%-იანი ზრდა დადო მეორე გუნდმა, ხოლო კაკოს რეგიონების გუნდი 2%-ზეა. გიგამ იმოქმედა პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ვინც მოუტანა პარტიას ზრდა, იმას ანუ მეორე სიას დაუჭირა მხარი. სწორედ მეორე სიაში იყო ხალხი, ვინც ევროპულ ღირებულებებს განასახიერებდა და პარტიის რეიტინგს ზრდიდა. ეს პრაიმერიზმაც დაადასტურა, თბილისში პრაიმერიზი პირწმინდად მოვიგეთ. აი, ეს დაუსახელეს კომპრომატად.
- ახლა რას აპირებთ?
- ახალ პარტიას ვაფუძნებთ და ვიმოქმედებთ ამომრჩევლის ინტერესების მიხედვით. ასეთი ამომრჩეველი თბილისში 50 000-მდეა, გვინდა ჯერ მათთან დავამყაროთ ურთიერთობა, მერე შევხედავთ, როგორ ვიმოქმედოთ. პარტია "ევროპული საქართველო" მიწასთან იყო გასწორებული და ჩვენ დავაყენეთ ფეხზე, ახლა როგორმე სუფთა ფურცლიდანაც დავიწყებთ. ბალასტის ანუ კაკო ბობოხიძისა და გიგი წერეთლის გარეშე უფრო ადვილი იქნება ეს ყველაფერი.
ხათუნა ბახტურიძე