დიდი გაცვლა, რომელსაც ნავალნი ვერ მოესწრო ანუ ამბავი მზვერავებზე, ჟურნალისტებსა და მილიარდერებზე
1-ლ აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების უპრეცედენტო გაცვლა მოხდა, რომელშიც 7 ქვეყანა იყო ჩართული. სულ 26 კაცი გაათავისუფლეს, მათ შორის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იყო გასამართლებული, და ეფ-ეს-ბეს კილერი ვადიმ კრასიკოვი, რომელმაც ბერლინში რამდენიმე წლის წინ ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. კრასიკოვის გათავისუფლებას პირადად პუტინი ითხოვდა, თუმცა გერმანია უარზე იყო... მაგრამ ყველაფერს თანამიმდევრობით მივყვეთ, რადგან ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია იმაზე, თუ რა როლი შეასრულეს ამ უზარმაზარ პროცესში პოლიტიკოსებმა, მზვერავებმა, მილიარდერებმა და... დედამ.
პუტინის მეგობარი კილერი
გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის მარტში დააკავეს და უკვე მაშინ იყო ცნობილი, რომ პუტინი მას მხოლოდ კრასიკოვში გაცვლიდა, რომელმაც ბერლინში დღისით, მზისით ხანგოშვილი მოკლა (პუტინი კილერს პირადად იცნობდა და ტირში ერთად დადიოდნენ). გარდა ჟურნალისტისა, რუსებს კიდევ ერთი ამერიკელი, ყოფილი სამხედრო პოლ უილანი ჰყავდათ დაკავებული, რომელსაც შპიონაჟის ბრალდებით 2020 წელს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პუტინს კრასიკოვზე უილანის გაცვლა უნდოდა, მაგრამ ამერიკელებისგან უარი მიიღო, გერშკოვიჩის დაკავების შემდეგ კი რუსებს უფრო მეტი კოზირი ჰქონდათ.
პირველი ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელიც სავარაუდო გაცვლის პროცესში ჩაერთო, მძევლების საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი როჯერ კარსტენსი იყო. ის ერთ-ერთ რესტორანში ცნობილ გამომძიებელ ჟურნალისტ ხრისტო გროზევსა და ალექსეი ნავალნის გუნდის წევრებს შეხვდა (ამ დროს ნავალნი ჯერ კიდევ ცოცხალია). მას გროზევმა ხელსახოცზე ჩამოუწერა ამერიკაში დაკავებული რუსების სია, რომელთა გაცვლაც გერშკოვიჩსა და უილანზე შეიძლებოდა. მანვე მიაწოდა იდეა, რომ დიდი გაცვლის ერთ-ერთი ფიგურანტი ნავალნი ყოფილიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ რუსები გაცვლას არ დათანხმდებოდნენ, ერთ-ერთი გათავისუფლებული კრასიკოვი რომ არ ყოფილიყო. კარსტენსმა ეს იდეა აშშ-ის სახდეპის ხელმძღვანელს ენტონი ბლინკენსა და ბაიდენის მრჩეველ ჯეიკ სალივანს გაუზიარა. სალივანმა ეს საკითხი გერმანიის კანცლერის მრჩეველ იენს პლეტნერთან განიხილა, პლეტნერმა კი ამბავი ოლაფ შოლცს გადასცა. შოლცმა თქვა, რომ ასეთი გაცვლა შესაძლებელია, თუმცა პოლიტიკურად რთულია. ის ამერიკისგან ოფიციალურ მიმართვას ითხოვდა, რომ გასაცვლელთა სიაში ხანგოშვილის მკვლელი კრასიკოვიც ჩაესვათ.
„გაათავისუფლეთ ჩემი შვილი“
2023 წლის სექტემბერში ოლაფ შოლცი ამერიკაში ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის დედაც იყო. მას იმედი ჰქონდა, რომ გერმანიის ელჩს დაელაპარაკებოდა, თუმცა უცებ კანცლერი დაინახა... ელა გერშკოვიჩი შოლცთან მივიდა და შვილის გათავისუფლების საქმეში დახმარება სთხოვა. "გეხმარებით, ვცდილობთ", - უპასუხა შოლცმა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.
2023 წლის შემოდგომისთვის ასეთი ვითარება იყო - გერმანელები კვლავ ვერ თანხმდებოდნენ, ბოლოს და ბოლოს, კრასიკოვი გაეცვალათ თუ არა რუსეთში დაპატიმრებულებში. ამასობაში ამერიკელი მაღალჩინოსანი კარსტენსი ისრაელში ჩაფრინდა და მილიარდერ რომან აბრამოვიჩს გაუზიარა დიდი გაცვლის იდეა, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი ნავალნი უნდა ყოფილიყო. რამდენიმე კვირის შემდეგ აბრამოვიჩმა კარსტენსს უთხრა, რომ პუტინი ამ საკითხის განხილვისთვის მზად იყო. თუმცა ამერიკელები მაინც ცდილობდნენ ისეთი სქემის მოფიქრებას, რომლის დროსაც გერმანელებს კრასიკოვის გათავისუფლება არ მოუწევდათ. 2023 წლის ნოემბერში თეთრმა სახლმა კრემლს ასეთი წინადადებით მიმართა: რუსეთში დაკავებული ამერიკელების სანაცვლოდ, კრემლი ევროპაში დაპატიმრებულ ეფ-ეს-ბეს აგენტებს მიიღებდა. მოსკოვს ეს წინადადება არ მოეწონა და პუტინმა დეკემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ გაცვლასთან დაკავშირებით, ამერიკულმა მხარემ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს, თუ რას ითხოვს კრემლი! თუმცა გერმანიაში კვლავ ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას. კერძოდ, ბერლინში შიშობდნენ, რომ თუ შეიქმნებოდა რუსული სპეცსამსახურის კილერის გაშვების პრეცედენტი, პუტინი სამომავლოდ ახალ-ახალ მძევლებს აიყვანდა და ამ საქმეს სავაჭროდ აქცევდა.
2024 წლის იანვარში გერშკოვიჩის დედა, ელა გერშკოვიჩი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავიდა, შოლცის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა და კიდევ ერთხელ სთხოვა დახმარება... თუმცა კრასიკოვის გათავისუფლებაზე შოლცი პირადად ჯო ბაიდენმა დაითანხმა 2024 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრაზე. დასავლური მედიის ცნობით, შოლცმა ბაიდენს უთხრა: "ამას პირადად შენთვის გავაკეთებ".
ნავალნის სიკვდილი
2024 წლის 15-16 თებერვალს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას - რუსეთი გაუშვებდა ნავალნის, გერშკოვიჩსა და უილანს, ამერიკელები და ევროპელები კი რუს აგენტებსა და რაც მთავარია, გერმანია გაათავისუფლებდა ხანგოშვილის მკვლელს. 16 თებერვალს რუსეთის ციხეში დაიღუპა ნავალნი. ის გაცვლის მთავარი ფიგურანტი იყო და შესაბამისად, გერმანიამ პუტინის მეგობარი კილერის გათავისუფლებაც გადაიფიქრა...
ჯეიკ სალივანმა ყველაფერი თავიდან დაიწყო - ანუ გერმანელების დარწმუნება, რომ კილერის გაცვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დამდგარიყო. საბოლოოდ, ამ საკითხზე, დაზვერვის ხაზით, გერმანია-რუსეთის მოლაპარაკებები დაიწყო. მაგრამ გერმანელებმა რუსებს დამატებითი პირობები წაუყენეს: თუ ისინი კრასიკოვს გაათავისუფლებდნენ, რუსეთს მათთვის უნდა გადაეცა რამდენიმე პოლიტპატიმარი და რუსი ოპოზიციონერი. თუმცა ოლაფ შოლცს საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არ ჰქონდა მიღებული. ამერიკელებსა და გერმანელებს რუსეთის იმ მოქალაქეების სიის შედგენაში, რომელთა შეწყალებასაც პუტინისგან მოითხოვდნენ, ჟურნალისტი გროზევი და მარია პევჩიხი (ნავალნის თანაგუნდელი) დაეხმარნენ. საბოლოოდ, შოლცის თანხმობაც მიიღეს... ეს კი ასე მოხდა: ერთ-ერთ მიღებაზე დაკავებული ჟურნალისტის დედა ელა გერშკოვიჩი არაფერს მოერიდა, პირდაპირ მიადგა ბაიდენს და სთხოვა, შოლცისთვის დაერეკა. ამ საუბრიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ ბაიდენმა შოლცს გაუგზავნა ოფიციალური თხოვნა, რომ ის კრასიკოვის გაშვებას დასთანხმებოდა. შოლცი დათანხმდა. სხვათა შორის, გერმანული მედიის ცნობით, შოლცის გადაწყვეტილებას გერმანიის პროკურატურის აღშფოთება მოჰყვა - კერძოდ, პროკურატურის პოზიციით, კრასიკოვის გათავისუფლებისას არ გაითვალისწინეს მის მიერ მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ნათესავების პოზიცია, რაც მიუღებელია.
ასეა თუ ისე, ივნის-ივლისში მხარეებს შორის გაცვლის დეტალების შესათანხმებლად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც წარმატებით დასრულდა. გაცვლა ანკარაში შედგა და კოორდინაციას თურქული დაზვერვა უწევდა. მოსკოვიდან ამერიკელები და რუსი პოლიტპატიმრები სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიყვანეს. ანკარის აეროპორტში ბიზნესჯეტები ჩაფრინდნენ ამერიკიდან და ევროპიდანაც. პატიმრები ავტობუსებით პირდაპირ თვითმფრინავებამდე მიიყვანეს. აეროპორტში კომენტარი არ გაკეთებულა. რუსი ოპოზიციონერების ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ დაკავებულებს ბოლო წუთამდე არ ჰქონდათ ინფორმაცია, სად მიჰყავდათ ან რატომ. უცხოურმა მედიამ ამ ფაქტს ნავალნის სახელობის დიდი გაცვლა უწოდა.
სხვათა შორის, პუტინი კრასიკოვსა და დანარჩენებს პირადად დახვდა აეროპორტში. კილერს კრემლის ბინადარი განსაკუთრებით ჩაეხუტა.
როდის დაიწყო გაცვლები
პირველად დიდი გაცვლა "ცივი ომის" დროს მოხდა. 1976 წელს საბჭოთა კავშირმა დასავლეთს გადასცა საბჭოთა დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი. სამაგიეროდ, მოსკოვში ბინა დაიდო ჩილეს კომუნისტური პარტიის გენმდივანმა ლუის კორვალანმა. სამი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირმა სამ მზვერავში ხუთი დისიდენტი გაცვალა. 1986 წელს ორი გაცვლა მოხდა - ისევ დისიდენტების საბჭოთა მზვერავებზე... პუტინის რუსეთში მსგავსი გაცვლა პირველად 2016 წელს მოხდა. უკრაინელ პილოტ ნადეჟდა სავჩენკოში გე-რე-უს ორი ოფიცერი, 2019 წელს კი რუსეთმა და უკრაინამ 35 კაცი გაცვალეს - მათ შორის ჟურნალისტები.
დიდი გაცვლები, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება.
გიორგი კვიტაშვილი