პირადი მცველი: ამერიკის საიდუმლო სამსახური შიგნიდან - როგორ იცავენ ამერიკის პრეზიდენტს და მეძავების გამო ატეხილი სკანდალი - კვირის პალიტრა

პირადი მცველი: ამერიკის საიდუმლო სამსახური შიგნიდან - როგორ იცავენ ამერიკის პრეზიდენტს და მეძავების გამო ატეხილი სკანდალი

"ქვეყანაში, რომელსაც ისეთი შეიარაღებული ძალები, სპეცდანიშნულების დანაყოფები და უსაფრთხოების სამსახური ჰყავს, რომელთა მსგავსს მსოფლიო არ იცნობს, ბაიდენი საიდუმლო სამსახურის დირექტორად ნიშნავს ქალს "პეპსი-კოლადან". არა ყოფილი სამხედრო რეინჯერი, არა "ზღვის ლომი", არა თავად­ საიდუმლო სამსახურის გამოცდილი თანამშრომელი, არამედ ქალი, რომელსაც "პეპსი-კოლას" კორპორაციული უსაფრთხოება ებარა".

ვიკი პალადინო, ნიუ-იორკის, ქალაქის საბჭოს წევრი

"ეს რეალური ცირკია"

"ბოლო რამდენიმე დღეა ჩემი კოლეგები­ ორივე პარტიიდან ჩემგან ითხოვენ დათქმას­ - გაგიშვათ თუ არა. მე ხმას არ ვიღებდი, რადგან მინდოდა ჯერ თქვენთვის მომესმინა. ჩემი აზრით, უნდა წახვიდეთ თქვენი­ წარმოუდგენელი არაკომპეტენტურობის­ გამო. ჩემი ნებისმიერი შვილისთვის რომ მეკითხა, უფრო მეტ პასუხს მივიღებდი,­ ვიდრე­ თქვენგან. ეს რეალური ცირკია! თქვენ ხართ ყველაფერზე პასუხისმგებელი და ამიტომ უნდა წახვიდეთ!" - ასე მიმართა აღშფოთებულმა ბაირონ დონალდსმა,­ კონგრესმენმა ფლორიდის შტატიდან, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორ ქემბე­რლი ჩიტლის, როდესაც გაიგო, რომ ტრამპზე თავდასხმიდან­ 9 დღის შემდეგაც საიდუმლო სამსახური სრულ ინფორმაციას არ ფლობდა მომხდარზე...

ქემბერლი ჩიტლი საიდუმლო სამსახურის დირექტორის სავარძელს 2022 წლის სექტემბრიდან იკავებდა. ამერიკულ მედიას კარგად ახსოვს მისი პირველი, ერთობ უჩვეულო განცხადება, რომ 2030 წელს საიდუმლო სამსახურში თანამდებობებზე, მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტის პირად დაცვაშიც 30% ქალები იქნებოდნენ(?!). საიდუმლო სამსახურის უფროსი 13 ივლისს პენსილვანიის შტატში ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის გამო ბოდიშს იხდიდა, თუმცა ამტკიცებდა, რომ ამ შემთხვევის გამო თანამდებობიდან წასვლას არ აპირებდა. სამწუხაროდ, ჩიტლის გეგმა კონგრესში მისმა დაბარებამ შეცვალა და ქემბერლი ჯო ბაიდენის რჩევით 23 ივლისს გადადგა. საიდუმლო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რონალდ რიუ-უმცროსმა ტრამპზე თავდასხმის ადგილის ნახვისას განაცხადა, ძალიან მრცხვენიაო.

პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმის შემდეგ ბევრი რამ მოხდა. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უარი თქვა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე და ახლა დემოკრატიულ პარტიას ახალი კანდიდატი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ჰყავს... ყველაზე დიდ ინტერესს მაინც საიდუმლო სამსახური იწვევს, რადგან 20 წლის თომას კრუქსის გასროლამ შესაძლოა მოტივაცია ბევრ ტერორისტულ ან რადიკალურ დაჯგუფებას გაუჩინოს, რომლის წევრებმაც კარგად იციან სროლაც და თავდასხმის უნაკლოდ დაგეგმვაც. ახლა მხოლოდ ერთი კითხვა იბადება - რამდენად უნაკლო იქნება საიდუმლო სამსახური, რომლის გაცურებაც, როგორც უკვე აღმოჩნდა, არაპროფესიონალს მარტივად შეუძლია?

ყალბი მონეტებიდან თეთრ სახლამდე

1865 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს მოახსენეს, ფინანსთა მინისტრი რიუ მაკკალაფი შეხვედრას ითხოვსო. მისი თქმით, მდგომარეობა­ მართლაც საგანგაშო იყო... სამოქალაქო ომის დროს ყალბი ფულის მოჭრა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და მიმოქცევაში მყოფი მონეტების 1/3 ყალბი იყო. ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტს რეაგირებას სთხოვდა. ლინკოლნის ბრძანებამაც არ დაახანა - პრეზიდენტის განკარგულებით, აშშ-ში ფინანსთა სამინისტროში ყალბ ფულთან­ საბრძოლველად სპეციალური განყოფილება შეიქმნებოდა... აბრაამ ლინკოლნი იმ საღამოს მოკლეს.(!)

იმავე წლის 5 ივლისს ფინანსთა მინისტრს ფიცი ახალშექმნილი სამსახურის პირველმა დირექტორმა უილიამ ვუდმა მისცა­. განყოფილებამ მისი არსებობის პირველ წელს 200 ყალბი ფულისმჭრელი დააკავა­, რის გამოც განყოფილების ფუნქციებს კონტრაბანდასთან, გამომძალველობასა და კუ-კლუქს-კლანის ტერაქტებთან ბრძოლაც დაემატა...

1901 წელს, პრეზიდენტ უილიამ მაკკინლის სიკვდილის შემდგომ, შეშფოთებული კონგრესმენების ერთი ნაწილი ითხოვდა­, რომ საიდუმლო სამსახურს ქვეყნის მეთაურის დაცვაზეც ეზრუნა თუნდაც არაოფიციალურად. 1902 წელს სამსახურს, ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის გარდა, პრეზიდენტის დაცვაც დაევალა და ამისთვის თეთრ სახლში ორი თანამშრომელი გაგზავნეს. აშშ-ის პრეზიდენტის პირველი დაცვის წევრი ფრანკლინ პირსი გახლდათ. სწორედ ის არის ავტორი მოდელისა "ორმაგი დაცვა" - პრეზიდენტს იცავს ერთი ნაწილი, მეორე ნაწილი კი - რეზიდენციას. ეს მოდელი დღესაც წარმატებით გამოიყენება არა მარტო ამერიკაში.

1908 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა გადაწყვიტა საიდუმლო სამსა­ხურის თანამშრომლები მიევლინა იუსტი­ციის სამინისტროში და ასე შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

1913 წლიდან საიდუმლო სამსახურის ფუნქციები კვლავ გაფართოვდა. მას დაევალა არა მარტო პრეზიდენტის დაცვა, არამედ შპიონაჟის ფაქტების გამოძიებაც. 1930 წელს თეთრი სახლის პოლიცია საიდუმლო სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.

1998 წელს პრეზიდენტ კლინტონის ბრძანებით, საიდუმლო სამსახურს დაეკისრა ნაციონალური სტატუსის მქონე ღონისძიებების დაცვის უზრუნველყოფა, როგორიცაა­, მაგალითად, პრეზიდენტის ინაუგურაცია, პოლიტიკური პარტიების ყრილობები და სხვ.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურს, რომელიც­ 2013 წლიდან აშშ-ის შინაგანი უსაფრთ­ხოების სამინისტროს ექვემდებარება, 5 000 თანამშრომელი და 1.8-მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს. აქედან 750 მილიონი დოლარი ხელისუფლების უმაღლესი პირების დაცვის უზრუნველყოფაში იხარჯება. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში ეს თანხა კიდევ 120 მილიონით გაიზარდა.

დღეს საიდუმლო სამსახური პრეზიდენტისა და მისი ოჯახის გარდა, იცავს ვიცე­-პრეზიდენტის მეუღლესა და შვილებს, მათ წინამორბედებს, ასევე მათ მეუღლეებსა და შვილებს 16 წლამდე, მათ ქვრივებს ხელმეორედ ქორწინებამდე, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში ფინალში გასულებსა და აშშ-ში ვიზიტად მყოფ უცხოეთის პირველ პირებს.

ამერიკის პრეზიდენტისა და მისი ოჯა­ხის დაცვას უზრუნველყოფს პირადი დაცვის სამსახური. რეზიდენციის დატოვებისას დაცვა სპეციალური დანაყოფით ძლიერდება, რომლის მოვალეობაა მოიგერიოს მოწინააღმდეგის შეტევა ან ჩაერთოს ბრძოლაში,­ რათა პირად დაცვას მიეცეს საშუალება პირველი პირი უსაფრთხო ადგილას გაიყ­ვანოს. სპეცდანაყოფს, რომელიც 1992 წლიდან პრეზიდენტის პირად დაცვას განეკუთვნება, თავის მხრივ, რამდენიმე სპეციალიზებული ჯგუფი ჰყავს, მაგალითად, კონტრსნაიპერული.

პირადი მცველი

დღეს აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დაცვას უზრუნველყოფს 10 000 თანამშრომელი, თუმცა მისი მხოლოდ მცირე­ ნაწილია ქვეყნის პირველ პირთან, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში.

პრეზიდენტის დაცვაში რომ მოხვდე, საკ­მარისი არ არის გქონდეს საშუალო განათლება, კარგი ჯანმრთელობა და კუნთები. როგორც ამერიკელები იტყვიან, "თავიც­ უნდა მუშაობდეს". კანდიდატურის განსახილველად უნდა იყო 21-37 წლამდე აშშ-ის მოქალაქე, ჰქონდეს მოქმედი მართვის მოწმობა, კარგი მხედველობა, სამხედრო რეგისტრაცია, აკადემიური წარმატება ქვეყნის რომელიმე აკრედიტებულ უნივერსიტეტში, და კარგი ფიზიკური მომზადება. ასევე უნდა შეეძლოს პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა, რათა პირველი პირი ცოცხალი დარჩეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე. ეს უკანასკნელი სავალდებულო მას შემდეგ გახდა, რაც 1981 წელს პრეზიდენტზე თავდა­სხმისას მცველებს გამოეპარათ რონალდ­ რეიგანის ღრმა ჭრილობა ფილტვში (ნეკნი­ ეგონათ დაზიანებული). სწორედ რეიგანის დაჭრის შემდეგ გახდა სავალდებულო ასევე საუბ­რები პოტენციურ აგრესორებთან, მათი გაფრთხილება, თუ რა ელოდებათ კანონის დარღვევის ან საფრთხის შექმნის შემთხვევებში. ასეთი ხალხი პოლიციას მუდმივ აღრიცხვაზე ჰყავს...

აშშ-ის პრეზიდენტი მარტო არასდროს რჩება. საპირფარეშოში თუ ექიმთან ვიზიტისას, ასევე პირადი შეხვედრებისას. პირადმა მცველებმა პრეზიდენტების ყველა საიდუმლო იციან. სხვათა შორის, პერი ბირნი, რომელიც კლინტონის ოჯახს იცავდა, იყო მონიკა ლევინკისთან პრეზიდენტის რომანის გასაჯაროების პირველწყარო.

ამერიკულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებში ყველას გვინახავს პრეზიდენტის დაცვის წევრები შავი სათვალეებით, რაც თითქოს მათ იმიჯს უსვამს ხაზს. სინამდვილეში შავი სათვალე მათ აგრესიული სითხე­ებისგან თავის დაცვაში ეხმარება.

ლიმუზინი კოდით "The Best"

დაცვის თანამშრომლების გარდა, არსე­ბობს სხვა დამატებითი სამსახურებიც­, რომლებიც ასევე პირველი პირის უსაფრ­თ­ხოებას უზრუნველყოფენ, მაგალითად, 9-ტონიანი შეჯავშნული ლიმუზინებით, კოდით "The Best", ესკორტის მანქანებით, რომლებშიც გათვალისწინებულია სხვადა­სხვა სპეციფიკური მოთხოვნა (მათი დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია). ცნობილია, რომ მანქანები აღჭურვილია ყველაფრით, რაც შეაჩერებს და მოიგერიებს არამძიმე იარაღით შეტევას. პრეზიდენტის ლიმუზინი­ აღჭურვილია დახურული კავშირის სისტე­მებითაც, რათა სახელმწიფოს მეთაური მუდმივად ხაზზე იყოს ვიცე-პრეზიდენტსა­ და პენტაგონთან. პრეზიდენტს შეუძლია პირდაპირ მანქანიდან მართოს ბირთვული­ შეტევაც. ამისთვის სპეციალური თანამშრომელი 20-კილოგრამიანი ჩემოდნით მუდმივად მასთან იმყოფება.

ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის ესკორტში დაემატებინათ კიდევ ერთი მანქანა, რომელიც პრეზიდენტის გადა­ადგილებას 24 საათის განმავლობაში­ ვიდეოფირზე იღებს.

"ოლგას" მსოფლიო უფრთხის

პრეზიდენტის თვითმფრინავი VC-25 "ბოინგ 747"-ის სამხედრო ვერსიაა და დაცულია ბირთვული დარტყმისგან. 26-კაციან ეკიპაჟს 76 მგზავრის გადაყვანა შეუძ­ლია. თვითმფრინავში არის ქირურგიული პალატა, აფთიაქი, დიდი მაცივრები და სხვა მოწყობილობები. თვითმფრინავის საწვავით­ უზრუნველყოფა ჰაერში ხდება. საპრეზიდე­ნტო ფრენის მხოლოდ ერთი საათი 180.000 დოლარი ჯდება,­ რადგან ამ დროს ჰაერში კიდევ ერთი თვითმფრინავია - სატრანსპორტო, რომლითაც გადააქვთ ლიმუზინები და დაცვის უზრუნველსაყოფად სხვა ტექნიკა. მზადაა შვეულმფრენებიც, რომლებსაც მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც ავტომანქანით სვლა გაძნელებულია...

ნებისმიერი გადაადგილებისას სპეცსამსახურები პრეზიდენტის თავზე "ქოლგას" შლიან, რაშიც ჩართული არიან სახმელეთო და საჰაერო ძალებიც. არა აქვს მნიშვნელობა,­ ქვეყნის პირველი პირი საკუთარ ტერიტორიაზეა თუ უცხო ქვეყნის (უცხოეთში­ მის დაცვაში დამატებით ადგილობრივი ძალებიც ერთვებიან), ამერიკელი ექსპერტების თქმით, როცა "ქოლგა" იშლება, მსოფლიო სულგანაბულია და ლოცულობს, რომ ზედმეტად არ გაინძრეს...

"ღვინო, დუდუკი, ქალები"...

2013 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საიდუმლო სამსახურის ისტორიაში პირველად ქალი დანიშნა დირექტორად და ეს ჯულია პირსონი გახლდათ საიდუმლო სამსახურში მუშაობის 30-წლიანი სტაჟით. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტს შესაძლოა არც მიეღო, რომ არა სკანდალი, რასაც საიდუმლო სამსახურის უცვლელი შეფის, მარკ სალივანის გადადგომა მოჰყვა.

საქმე კი აი, რაში იყო: 2012 წლის 7 აპრილს საიდუმლო სამსახურის 11 აგენტი,­ რომლებსაც კოლუმბიაში ამერიკის სამიტზე პრეზიდენტ ობამას უსაფრთხოება უნდა დაეცვათ, ასევე 5 სამხედრო მოსამსახურე "არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო" დაითხოვეს და სამშობლოში დააბრუნეს. საქმე ეხებოდა პროსტიტუციას - პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრები მოცალეობის ჟამს ღამის კლუბებში მეძავებთან ატარებდნენ დროს(?!). თუმცა გამაოგნებელი ჯერ კიდევ წინ იყო - ჯერ იყო და, იმავე წლის ოქტომბერში კიდევ ერთი დაცვის წევრი ლოთობის გამო დაითხოვეს, ხოლო წლის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტის პირადი­ დაცვის წევრი რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ამხილეს(?!). დანა­შაულში ეჭვმიტანილი ვირჯინიაში დააკა­ვეს.­ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მოსამსახურე რობერტ პატრიკ ჰოფმანი ინფო­რმაციას გადასცემდა პირებს,­ რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ეგონა, სინამდვილეში კი ისინი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ.

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის დაცვის წევრებს "ონავრობა" არც სალივანის გადადგომის შემდეგ შეუწყვეტიათ. 2015 წელს პრეზიდენტის დაცვის წევრები მთელი ღამე კლუბში გამოთრობის შემდეგ გამთენიისას თეთრი სახლის ბარიერს შეასკდნენ...

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები­ ნამდვილად არაფერია მეთიუ თომას კრუ­ქსის­ გასროლასთან შედარებით, რომელსაც სულ რაღაც 45 წამი დასჭირდა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ამჟამინდელ უფროსს რონალდ რიუ-უმცროსს საჯაროდ ეთქვა, ძალიან მრცხვენიაო.

(სტატიაში მოყვანილი მონაცემები აღებულია ღია წყაროებიდან)