რატომ არ შეხვდა ცხინვალში ჩასული სერგეი შოიგუ ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს
ოკუპირებულ ცხინვალში დიპლომატიური სკანდალია - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა, თუმცა მისთვის საგანგებოდ გადაკეტილ მთავარ მოედანზე მისვლა და სადღესასწაულოდ გამოწყობილ ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევთან შეხვედრა არ ისურვა. ამის გამო ოსურმა ე.წ. სახელისუფლებო მედიამ ეს ვიზიტი საერთოდ დამალა, თუმცა ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა მაინც გაავრცელა და დაწერა, რომ მოედანი საღამომდე გადაკეტილი მაინც დარჩა და რუსეთის მაღალჩინოსანმა შოიგუმ ამ საქციელით გაგლოევს სილა გააწნა. ამ გასაიდუმლოებული ვიზიტის გამო ცხინვალში დაიწყო განხილვები, რატომ არ შეხვდა კრემლის მაღალჩინოსანი მათ "პრეზიდენტს". საქმე ის არის, რამდენიმე თვის წინ გაგლოევმა მოხსნა შოიგუს დირექტივით დანიშნული დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ლამის დაიჭირა კიდეც სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით და მიაჩნიათ, რომ სწორედ ამას არ პატიობენ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ პირადი წყენის გამო "მოკავშირე ქვეყნის მაღალჩინოსნის ასეთი დიპლომატიური უხეშობა" შემაშფოთებელია. შფოთავენ იმაზეც, რომ რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი ფლირტის ფონზე მათ მოსკოვის განაწყენება არ აწყობთ და შოიგუს საქციელიც შესაძლოა ამის მანიშნებელია - თუ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობისთვის დასჭირდება, ცხინვალს გაწირავს.
სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდება და ძველი კორუფციული სკანდალი
ცხინვალის მარიონეტულ ლიდერისა და რუსეთის თავდაცვის ექსმინისტრ სერგეი შოიგუს დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
აპრილში ვლადიკავკაზში დაიჭირეს ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მძღოლი, რომელსაც "მინისტრის" სამსახურებრივ მანქანაში 3 ათასი კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი აღმოუჩინეს. ამის გამო რამდენიმე დღეში ალან გაგლოევმა გაათავისუფლა "მინისტრი" მარატ პავლოვი (2022 წელს მოსკოვის დანიშნული რუსი გენერალი) და მისი მოადგილე ასევე რუსი მოხელე. როგორც ოსური მედია წერდა, კონტრაბანდის საქმეზე გამოძიება დაიწყო და "ექსმინისტრი" დაკითხვაზეც დაიბარეს. მაშინ ცხინვალში ყველა გაკვირვებული იყო, როგორ გაუბედეს რუს მაღალჩინოსანს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ითქვა, რომ კონტრაბანდა "შეკერილი" ბრალდება იყო. პავლოვი დაჟინებით მოითხოვდა სამხედრო პროკურატურას დაესრულებინა წინამორბედი "მინისტრის" დროს თავდაცვის ობიექტების მშენებლობისას ქურდობასთან დაკავშირებული თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიება და სწორედ ამის გამო გახდა ის გაგლოევისთვის მიუღებელი. პავლოვი თავად სერგეი შოიგუს კადრი იყო, ამიტომ მისი პროტეჟეს ასე სამარცხვინოდ გაგდებამ და სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ რუსი მაღალჩინოსანი განარისხა.
დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ალან გაგლოევი მოსკოვში ჩავიდა "არჩევნებზე ანგარიშის ჩასაბარებლად" და სცადა შოიგუსთან შეხვედრაც ინციდენტის ასახსნელად, თუმცა შოიგუმ შეხვედრაზე უარი განაცხადა და გაგლოევს მისი მოადგილე რაშიდ ნურგალიევი შეხვდა.
ამ ამბების შემდეგ შოიგუს ცხინვალში ვიზიტიც დაიგეგმა და ახლა გაგლოევი შეეცადა შემოსარიგებლად ცხინვალში საზეიმოდ დახვედროდა გაბრაზებულ რუს მაღალჩინოსანს, თუმცა შოიგუმ ამჯერადაც არ ისურვა "პრეზიდენტისთვის" ხელის ჩამორთმევა, რამაც ოს საზოგადოებაში კითხვები გააჩინა, რადგან შოიგუ "რესპუბლიკის" მცხოვრებთათვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.
"ეხო კავკაზა" ოსურ ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით წერს, რომ შოიგუმ თავად განაცხადა უარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომ მისი შეურაცხმყოფელი საქციელის შემდეგ რუსი მაღალჩინოსნისთვის დე ფაქტო პრეზიდენტთან კომუნიკაცია მიუღებელია, რადგან მან დაარღვია დიპლომატიური პროტოკოლი...
"გადაკეტეს მოედანი, გახსნეს ახალი პოსტები, ხელისუფლებამ ჩაიცვა სადღესასწაულო სამოსი და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსთან შეხვედრას. ალან გაგლოევის პრეზიდენტობის პერიოდში მსგავსი მაღალი რანგის პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთს პირველად ეწვია, მაგრამ მან ცხინვალის რვასართულიან კაბინეტებს გვერდი აუარა. როგორც აღმოჩნდა, შოიგუ ცხინვალში რუსეთის სამხედრო ბაზების ობიექტების დასათვალიერებლად ჩავიდა. შოიგუმ გადაწყვიტა, არ შეხვედროდა "სამხრეთ ოსეთის" ხელისუფლებას, რადგან მათ ხელს უკვე აღარავინ ართმევს. საყურადღებოა, რომ მედიაში შოიგუს ვიზიტი არ გაშუქებულა. შოიგუმ ამ საქციელით ხელისუფლებას სილა გააწნა და როცა ვაცხადებთ, რომ ალან გაგლოევი და მისი გარემოცვა ხელის ჩამორთმევის ღირსნი არ არიან, ამას დამამტკიცებელი ფაქტების გარეშე არ ვამბობთ. სამხრეთ ოსეთის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა - გამორჩეული სტუმარი ჩამოსულიყო რუსეთიდან და ხელისუფლებას არ შეხვედროდა. ცხინვალის თეატრალური მოედანი კი საღამომდე გადაკეტილი დარჩა", - წერენ ოსურ ტელეგრამ-არხზე.
ერთადერთი ადამიანი, ვინც მარიონეტული რეჟიმიდან შოიგუს ახლდა, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი იყო. ამბობენ, რომ პლიევი შვებულებაში იყო და დელეგაციას შოიგუს მიწვევით შეუერთდა.
საგულისხმოა ის, რომ ცხინვალში ამ ამბის განხილვისას დაიწყო საუბარი იმაზეც, რომ ბოლო დროს კრემლთან ურთიერთობა ცივდება. მაგალითად, არც აფხაზეთისა და არც ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები არ მიიწვიეს პუტინის ინაუგურაციაზე, ასევე არც 9 მაისის გამარჯვების აღნიშვნისას და ეს მათთვის ცუდის ნიშანია მაშინ, როდესაც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დათბა. წერენ, რომ ამ იგნორირებით კრემლი ლოიალურობის სიგნალებს უგზავნის საქართველოს მთავრობას.
ეკატერინე ბასილაია