წელს, აგვისტოში, 100 წელი შესრულდება 1924 წლის სახალხო აჯანყებიდან, რომლის მიზანი საბჭოთა ოკუპაციისგან სამშობლოს გათავისუფლება იყო. მიზეზთა გამო აჯანყება მარცხით დასრულდა და მას სისხლი და მასობრივი დახვრეტა-დაპატიმრება მოჰყვა. დღემდე დაუდგენელია, რამდენი კაცი ემსხვერპლა 1924 წლის მასშტაბურ აჯანყებას, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა. საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, 800-მდე კაცი დახვრიტეს, თუმცა რეალურად მისმა რაოდენობამ 5 ათასს მიაღწია. აჯანყების ჩახშობას მოჰყვა რეპრესიებისა და წითელი ტერორის რამდენიმე ტალღა... "შედეგი იყო მძიმე და ადამიანური მსხვერპლის გამო - თავზარდამცემი. საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა, რომ საქართველოში შეიარაღებული ბრძოლა გათავისუფლებისთვის უწყვეტია, საბჭოთა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ლეგიტიმაცია არა აქვს. მიუხედავად იმისა, სისტემა თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა, აჯანყების მასშტაბმა ცენტრში სტალინის რეპუტაცია და იმიჯი შეარყია, ყველაფერზე პასუხისმგებლობა სტალინი-ორჯონიკიძის დაჯგუფებას დაეკისრა, რამდენადაც საბჭოთა რუსეთმა ლამის დაკარგა კონტროლი საქართველოზე", - ამბობს ისტორიკოსი,­ საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი და საქართველოს ისტორიაში მასშტაბური და სისხლიანი აჯანყების შესახებ გვიყვება. აჯანყების წინა პირობები - მნიშვნელოვანია, რომ წელს 1924 წლის აჯანყებიდან 100 წელი ხდება. საუკუნე დიდი დროა საიმისოდ, რომ მყარად იქნეს გამოკვლეული ამხელა მასშტაბის ტრაგედია, თუმცა 50 წლის განმავლობაში გაძნელებული იყო წყაროების მოპოვება, ამას დაერთო მეხსიერების წყვეტაც, ძნელი აღსადგენი იყო კონტექსტი და, ფაქტობრივად, ამ მე-100 წლისთავზეც ბევრი უპასუხო კითხვაა და არაერთი დეტალიც ისევ უცნობია. აჯანყების კონტექსტი რომ გავიგოთ, ორიოდე სიტყვით წინა პერიოდი მიმოვიხილოთ: ეს არის საბჭოთა რუსული ოკუპაციის მეოთხე წელი. წინა წლებში ტოტალიტარულმა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოში მასობრივი ტერორი, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების მოსპობა დაიწყო. შეუძლებელი იყო პოლიტიკური ან სამოქალაქო გაერთიანების ლეგალურად არსებობა, სიტყვის, გამოხატვის, შეკრების, არჩევანის თავისუფლება და პოლიტიკური ძალები იატაკქვეშეთში გადავიდნენ. 1922 წლის დამდეგიდან დამოუკიდებლობის კომიტეტი ოკუპაციასთან საბრძოლველად ემზადებოდა და ეძებდა ხელსაყრელ მომენტს დამოუკიდებლობის აღსადგენად. საოკუპაციო რეჟიმს იმხანად­ ძალიან მცირე დასაყრდენი ჰყავდა საზოგა­დოებაში, რომელიც მათ სასარგებლოდ მუშაობდა. გარემო ტერორით, ჩაგვრით, მძიმე ეკონომიკური კრიზისით იყო დამძიმებული. მაშინდელი პროცესების მონაწილეები აღნიშნავენ, თუკი ვინმე ოკუპაციის დროს ინდიფერენტულად იყო განწყობილი, არ აქტიურობდა, დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო არ მიაჩნდათ დასაცავად და ღირებულებად, ოკუპაციის მეოთხე წლისთავზე უფრო გაერკვა ვითარებაში, დააფასა თავისი უფლებები, რაც ჰქონდა ოკუპაციამდე, გააცნობიერა, რომ დამოუკიდებლობის აღსადგენად თუ არ იბრძოლებდა, მომავალი წლები უფრო უარესი იქნებოდა. ასე რომ, საზოგადოებაში თანდათან იზრდებოდა დუღილი, გროვდებოდა ენერგია და საოკუპაციო რეჟიმის სიძულვილი. ოკუპაციის კვალდაკვალ ტოტალიტარულმა სისტემამ მასობრივ რეპრესიებს მიმართა, ყველანაირი თავისუფლება ჩაახშო, პოლიტიკური უფლებები ჩამორთმეულია, მძიმე ეკონომიკური კრიზისია, რესურსები მიტაცებულია, რუსეთსა და საბჭოეთის სხვადასხვა მხარეში გააქვთ. იმავდროულად, საზღვარგარეთ საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი არ მოიხსნას დღის წესრიგიდან. თავის მხრივ, საბჭოეთი ცდილობს საერთაშორისო სახელმწიფოთა თანამეგობრობამ ის აღიაროს როგორც ლეგიტიმური მმართველობა და ამისთვის დიდ რესურსებს ხარჯავს დასავლეთში. საქართველოს ემიგრაციაში მყოფი ლეგიტიმური მთავრობა ცდილობს საბჭოთა რუსეთს ყველგან დახვდეს დაბრკოლება, რომ საქართველოს ოკუპირების გამო ის ვერ მიიღონ საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან პარტნიორად. მიუხედავად ამისა, საბჭოეთი მეტ-ნაკლებად სტაბილიზაციას ახერხებს - მას აქვს რესურსები,­ ნედლეული, რაც სჭირდება სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიას, მრეწველობასა­ და ვაჭრობას. აი, ამით აშანტაჟებს ის სხვა­დასხვა ქვეყანას საგარეო არენაზე და მეტ-ნაკლებად ახერხებს დე ფაქტო, შემდეგ კი დე იურე ურთიერთობის აწყობას­. სსრკ ცდილობს დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ის ლეგიტიმურია ყველგან, საბჭოეთის მოქალაქეები მას მხარს უჭერენ და კანონიერ მთავრობად აღიარებენ. თუკი საქართველოში წინააღმდეგობაა, რეჟიმი ზოგიერთ პარტიას შანტაჟით თვითლიკვიდაციას აცხადებინებს და ამას პროპაგანდა საზღვარგარეთ ისე ფუთავს, თითქოს სისტემასთან ყველანაირი დაპირისპირება აღმოფხვრილია. აი, ასეთი ვითარება იყო 1924 წლის დამდეგისთვის. დამოუკიდებლობის კომიტეტის დოქტრინა რუსული ოკუპაციის დასასრულებლად - დამოუკიდებლობის კომიტეტს (დამკომს) აქვს დოქტრინა, თუ როგორ უნდა დასრულდეს საქართველოში რუსული ოკუპაცია, არის რამდენიმე სამუ­შაო სცენარი, შეიარაღებული, სამხედრო ძალით დეოკუპაცია: 1. დიდი საერთაშორისო­ ომის დროს, როცა ფრონტი იქნება­ ახლოს და რუსეთს სამხრეთ კავკასიაში­ მძიმე მდგომარეობა შეექმნება, ამ დროს შეიძლება შეიარაღებული აჯანყების გზით გათავისუფლება. 2. საბჭოეთში შიდა კრიზისი და ანარქია იწყება, ეს ასუსტებს მათ გავლენას ამ განაპირა მხარეში და შეიძლება აჯანყებისთვის ხელსაყრელი მომენტი დადგეს. 3. ცალკე საქართველოს დეოკუპაციის დაწყება იქნება რთული, ჩრდილო კავკასიასა და აზერბაიჯანთან, ან თუნდაც აზერბაიჯანთან კოორდინირებულად მოქმედების გარეშე. ეს იყო სამუშაო მოდელი, როგორ იგეგმებოდა შეიარაღებული ძალით გათავისუფლება-დეოკუპაცია. ამ სცენარისთვის დამკომი თავიდანვე მუშაობდა, პარალელურად იქმნება სამხედრო ორგანიზაციები. მუშავდება სტრატეგიული გეგმაც, რომელიც გულისხმობს ელვისებურ დარტყმას პოლიტიკურ ცენტრებზე - თბილისზე, დიდ ქალაქებზე, სადაც თავმოყრილია რეჟიმის მმართველი ორგანოები, ასევე, სტრატეგიული ობიექტები - ფოსტა, რადიოსადგური, ჯავშნოსანი მატარებლების დეპო და სხვა, ამასთან, მოულოდნელობის ეფექტით დარტყმა და პოლიტიკური მმართველი პირების და სამხედრო მაღალჩინოსნების განადგურება. იგივე პროცესი უნდა დაწყებულიყო რეგიონებშიც. დამკომს გათვლილი ჰქონდა, რომ დიდ ქალაქებში იარაღის საწყობებს დაიკავებდნენ და შეივსებოდა ვაკუუმი, რომელიც ჰქონდა წინააღმდეგობის მოძრაობას - ბრძოლის მსურველი ბევრი იყო, მაგრამ იარაღი არ კმაროდა. 1924 წლის ზაფხულისთვის უფრო და უფრო იძაბება ვითარება, იმ მომენტისთვის იმედისმომცემად, მაგრამ პოსტფაქტუმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესები ტრაგიკულად ვითარდება. ემიგრაციაში­ მყოფ მთავრობას საიდუმლო კომუნიკაცია აქვს დამოუკიდებლობის კომიტეტთან. საქართველოდან პარიზამდე ხმის მიწვდენა, ინფორმაციის გაგზავნა და მიღება სხვადასხვა მარშრუტით ხდებოდა, რაც დიდ დროს მოითხოვდა (2-3 კვირას, აქედან გაგზავნილი საიდუმლო შეტყობინება პარიზში სტამბოლის გავლით რომ ჩასულიყო). ამის გამო საინფორმაციო კომუნიკაცია შენელებულია და მთავრობა საზღვარგარეთ აცნობიერებს, რომ საგარეო პირობები დეოკუპაციისთვის იმ მომენტისთვის სტაგნაციის ფაზაშია, საბჭოეთი­ მეტ-ნაკლებად ახერხებს საკუთარი სტატუსის სტაბილიზაციას. დამოუკიდებლ­ობის კომიტეტი ხედავს, რომ შეიარაღებული აჯანყების სცენარისთვის საგარეო პირობები ნაკლებად ხელსაყრელია, აქვს დილემა - ხალხი ითხოვს ბრძოლას. დამკომი თუკი არ გადავა აქტიურ მოქმედებებზე, წინააღმდეგობის მუხტი ჩაქრება, დაიწყება მოქალაქეების დემორალიზაცია და აჯანყება სადღაც სტიქიურად ამოხეთქავს. ეს იქნებოდა დამღუპველი, რადგან ქაოსურ აჯანყებას ადვილად უმკლავდებოდა რეჟიმი. მიაჩნდათ, რომ შეიარაღებული აჯანყება თუ დაიწყებოდა, ის არა ლოკალური, არამედ ერთიანი უნდა ყოფილიყო. საერთაშორისო პარტნიორების იმედი - ამ დროს ბრიტანეთში არჩევნებში იმარჯვებს ლეიბორისტული პარტია, ინგლისის პრემიერ-მინისტრი და საგარეო პორტფელის მფლობელი ხდება რამზეი მაკდონალდი, რომელიც კოლეგა და მეგობარია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერებისა და მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიასი. 1920 წელს ის საქართველოში ჩამოვიდა. მაკდონალდი დეოკუპაციის კურსის გამტარებელი იყო საერთაშორისო მოძრაობაში. ის აცხადებდა, რომ საბჭოეთთან დამოკიდებულების მოდუსს გამოიმუშავებდა და ზაფხულში საბჭოეთთან დაიწყო მოლაპარაკება ეკონომიკური და პოლიტიკური შეთანხმების შესახებ. ჩნდება მოლოდინი, რომ ბრიტანეთი არ იქნება ინდიფერენტული, თუკი საქართველოში სერიოზული მოვლენები დაიწყება. ბრიტანეთსა და საბჭოეთს შორის მოლაპარაკება ეკონომიკურ საკითხებზე უშედეგოდ მთავრდება, მხოლოდ ორმხრივი აღიარება ხდება. ბრიტანეთი ასეთი ფორმულირებით აღიარებს საბჭოეთს - მის ტერიტორიაზე ყველგან ლეგიტიმურად ცნობს მას, სადაც მათ მოსახლეობა აღიარებს ლეგიტიმურად, ანუ თუ რომელიმე დაპყრობილი ქვეყანა აჩვენებს, რომ საბჭოთა რუსეთი არის არალეგიტიმური, არ ცნობს მას საკუთარ ხელისუფლებად, ბრიტანეთიც იმ ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის მმართველობას ლეგიტიმურად არ ცნობს. ეს ქმნის მოლოდინს, რომ თუკი დამოუკიდებლობის კომიტეტი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც შეძლებს ძალაუფლების ხელში აღებას, ეს საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს საშუალებას, რომ რესურსები გამოყოს და გათავისუფლებული ქვეყნის დასაცავად ჩაერიოს. იწყება შეიარაღებული აჯანყების დაჩქარება. მანამდე საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის გასაძლიერებლად საიდუმლოდ ჩამოსული არიან ვალიკო ჯუღელი, ბენია ჩხიკვიშვილი, ვასილ ნოდია, გრიგოლ ცინცაბაძე. როცა აჯანყების სცენარი რეალური ხდება, აპატიმრებენ ბენია ჩხიკვიშვილს. მართალია, რეჟიმმა მისგან ინფორმაცია ვერ მიიღო, მაგრამ ის გამოაკლდა იატაკქვეშა მოძრაობას. აჯანყების თარიღად აგვისტო გადაწყდა, ეს ის პერიოდია, როცა რუსული საოკუპაციო ჯარების ნაწილების დიდი უმრავლესობა გაყვანილია ქალაქებიდან საზაფხულო წვრთნებზე. აჯანყების დათქმულ თარიღამდე ჩეკა თბილისში აპატიმრებს ვალიკო ჯუღელს, დღემდე ბურუსითაა მოცული, როგორ. ერთი ვერსიით, სისტემამ თვითონ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩანერგილი აგენტურის საშუალებით შეიტყო მისი ადგილსამყოფელი. გათამაშდა ტრაგედია - როდესაც ჯუღელი ჩეკაში მიიყვანეს, მან თვითმკვლელობა სცადა, მიუსწრეს და გადაარჩინეს, შემდეგ მან გადაწყვიტა რაღაცნაირად მიეწვდინა ხმა დამკომისთვის. ჩეკამ ჯუღელს აცნობა, რომ მათ ხელთ ჰქონდათ გეგმის დოკუმენტი (აჯანყების შემთხვევაში რა ტაქტიკით იმოქმედებდა დამკომი), რომელიც 1922 წელს იყო შემუშავებული და ჯუღელიც იყო ამაში ჩართული. ორმაგი თამაში - ამ დროს ლენინი უკვე ჩამოშორებულია ძალაუფლებას და ერთგვარი ჯგუფური მმართველობაა, სტალინს ბევრი ოპონენტი ჰყავს. მათ დასაშოშმინებლად არის რიტორიკა, რომ საქართველოში ყველაფერი კონტროლზეა. მეორე მხრივ, სტალინის ვერტიკალიც ხვდება, თუკი მასობრივად არ გაანადგურებს ყველა მებრძოლ მოწინააღმდეგე ძალას, ადრე თუ გვიან, ეს მითოლოგია ჩამოეშლება და გამოჩნდება, რომ მათ აქ ვერ შეძლეს სიტუაციის გაკონტროლება. ამიტომ სისტემა საბაბს ეძებს, აჯანყება თუ დაიწყება, მაქსიმალურად გაანადგუროს ყველა, ვინც მას თვალში არ მოსდის. ჯუღელმა იცის, რომ მათი გეგმა დიდი ხანია ჩეკას განკარგულებაშია (ჩეკაში იგულისხმებიან მმართველები - ამიერკავკასიის ჩეკას უფროსი სოლომონ მოგილევსკი, საბჭოთა საქართველოს ჩეკას უფროსი ეპიფანე კვანტალიანი და მისი მარჯვენა ხელი ლავრენტი ბერია) და ეს ჯგუფი მის გატეხას ცდილობს. მათ ყველა კარტი გამოიყენეს, რომ ჯუღელი ფსიქოლოგიურად განადგურებულიყო, მეტი რამ გაეგოთ მისგან და გამოეყენებინათ, ამიტომ მან ორმაგი თამაში წამოიწყო - თავი მოაჩვენა, თითქოს ამან მასზე გამანადგურებელი ზეგავლენა მოახდინა და ითხოვა, ხმა მინდა მივაწვდინო გარეთ ამხანაგებს და გადავაფიქრებინო აჯანყებაო. ის ასევე ითხოვდა მისთვის შენელებული მოქმედების საწამლავის მიცემას, რათა რამდენიმე დღეში მომკვდარიყო, მაგრამ არ გაუშვეს. შემდეგ მან მოახერხა და იმ პირობით, რომ დამოუკიდებლობის კომიტეტს გაუგზავნიდა მოთხოვნას, რომ აჯანყების სცენარი გამოერიცხათ, ორი პოლიტპატიმარი გამოიყვანეს მეტეხის ციხიდან, ვალიკო ჯუღელს შეახვედრეს ჩეკაში და მან გადასცა შეტყობინება. ისინი გაუშვეს, მათ მდევრები უთვალთვალებდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს ამბის გატანა და ამით ჯუღელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მომავალი სცენარის განვითარებაში - მან დაწერა წერილები, სადაც თითქოს თანამებრძოლებს აჯანყების გადაფიქრებისკენ მოუწოდებდა. მისი წერილები ორაზროვანია და თანამებრძოლებს, ფაქტობრივად, ტექსტს მიღმა შეეძლოთ მისი წაკითხვა - სინამდვილეში ჯუღელი მათ მოუწოდებთ იმოქმედონ, რადგან სისტემა შეშინებულია, არ იციან, როდის დაიწყება აჯანყება. ის მინიშნებით ატყობინებს თანამებრძოლებს, რომ გეგმა, რომლითაც უნდა დაწყებულიყო აჯანყება, უვარგისია. წერილი მიიღეს და დამკომში გაშიფრეს. აჯანყების წარმატების შანსი ამით შემცირდა და ისიც გასაგები იყო, რომ ეს გეგმა აღარ გამოდგებოდა, ამიტომ დამკომმა აჯანყების თარიღი 29 აგვისტოსთვის გადასწია. რეჟიმმა მაშინვე დაიწყო მობილიზება, ბანაკებში გაყვანილი არმიის ნაწილების დაბრუნება, სტრატეგიული ობიექტების დაცვის გაძლიერება. გადაწყდა, აჯანყება რეგიონებში, მაზრებში დაწყებულიყო, შემდეგ კი იქიდან გაერთიანებული ძალით შეეტიათ ცენტრისკენ. შეცდომა, რომელმაც აჯანყების ბედი გადაწყვიტა - მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელმაც მინიმუმზე დაიყვანა გამარჯვების შანსი, ის იყო, რომ ჭიათურის ორგანიზაციასთან თარიღი ვერ მივიდა სწორად - აჯანყება 28 აგვისტოს ღამეს, ანუ ერთი დღით ადრე დაიწყო. აჯანყებულებმა ელვისებური დარტყმით დაიკავეს ჭიათურა. ჭიათურის ერთი დღით ადრე გამოსვლის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოში მოძრაობა მაინც იმდენად ძლიერი იყო, მთელი კვირის განმავლობაში აჯანყებულთა ხელში გადავიდა გურიის, იმერეთის, რაჭის, სვანეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. 29-ში, როცა დაიწყო სრულმასშტაბიანი ერთიანი აჯანყება დასავლეთში (აღმოსავლეთში რეჟიმმა დაასწრო და წამოიწყო მასობრივი დაპატიმრებები), ის ყველგან წარმატებულად განვითარდა, ერთი დარტყმით გაანეიტრალეს ადგილობრივი პარტიული შეიარაღებული ნაწილები, ჩეკას და მილიციის განყოფილებები, ხელში ჩაიგდეს იარაღი. ეს წინააღმდეგობა 6 სექტემბრამდე გაგრძელდა. ჭიათურის ერთი დღით ადრე გამოსვლამ განსაზღვრა საოკუპაციო რეჟიმის უპირატესობა, მან მთელი რესურსები დაქოქა. ამ აჯანყების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმი სადაც კი ძალაუფლებასა და კონტროლს ინარჩუნებს, იწყებს ყველა ეჭვმიტანილის დახვრეტას თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, სოხუმში, თელავში... ყველაზე გახმაურებული გახლდათ ისევ და ისევ ჭიათურა-ზესტაფონი-შორაპნის ზონაში ტყვედ აყვანილთა ჯგუფის, დაახლოებით 100-ზე მეტი კაცის დახვრეტა. ისინი დახურული საბარგო ვაგონებით მოტყუებით ჩამოიყვანეს ზესტაფონის სადგურში, ღამით გადაიყვანეს წინასწარ გამზადებულ ადგილას, მაგრამ როცა ვაგონებიდან რამდენიმე ჩამოიყვანეს და დაიწყეს სროლა, ვაგონებში დარჩენილები მიხვდნენ, რა ხდებოდა, დაიწყეს წინააღმდეგობის გაწევა და სადამსჯელო ნაწილების უფროსის ილარიონ ტალახაძის ბრძანებით ვაგონები გარედან დაცხრილეს ტყვიამფრქვევებით. ასე ამოხოცეს უმრავლესობა, შემდეგ კი ისინი საერთო სამარხებში ჩაყარეს. აჯანყება ყველაზე მასობრივი და წარმატებული გურიაში იყო, სადაც წინააღმდეგობა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. დღემდე დაუდგენელია, რამდენი კაცი ემსხვერპლა 1924 წლის აჯანყებას. აჯანყების დამარცხებისა და იატაკქვეშა ორგანიზაციების ხელახლა აღდგენის შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობამ სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყო დახვრეტილი და დაღუპული თანამებრძოლების მოძიება და სახელობით აღრიცხვა. მათი გამოანგარიშებით, თვითმხილველების, ასევე სისტემიდან გამოტანილი ინფორმაციის საფუძველზე, 29 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ისინი ჯამურად 5000-მდე დახვრეტილს ანგარიშობდნენ. 5 სექტემბერს დამკომის წევრთა დიდი ნაწილი, რომელიც აჯანყების მომენტიდან გასული იყო თბილისიდან და ქაქუცა ჩოლოყაშვილის პარტიზანულ რაზმთან ერთად იყო კასპისა და მცხეთის შემოგარენში (შემდეგ შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე), პატრულს გადააწყდა, შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩაცვივდნენ და ისინი თბილისში ჩამოიყვანეს, ამიერკავკასიის ჩეკაში. საქართველოში სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება - ამ აჯანყების მასშტაბმა ძალიან შეარყია ცენტრში სტალინის რეპუტაცია. მანამდე ისინი ამტკიცებდნენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. ახლა უეცრად აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა შიშველი ხელით აუჯანყდა საოკუპაციო რეჟიმს. ამიტომაც ცენტრის ხელქვეითებს - კვანტალიანს, ბერიას და სხვებს აქვთ სურვილი მაქსიმალურად სწრაფად დაასრულონ ეს კატასტროფა და იწყებენ მოლაპარაკებას დამკომთან. ეს ერთგვარი შანტაჟი იყო - მათგან ითხოვენ, მოუწოდონ თანამებრძოლებს შეწყვიტონ ბრძოლა იმ პირობით, რომ გააჩერებენ მასობრივ დახვრეტებს. დამოუკიდებლობის კომიტეტის დაპატიმრებულმა წევრებმა: კოტე ანდრონიკაშვილმა, მიხეილ იშხნელმა, იასონ ჯავახიშვილმა, გიორგი ჯინორიამ, კირილე ნინიძემ მოითათბირეს და დაასკვნეს, რომ მათი ბოლო შესაძლებლობა და ვალდებულება იყო განწირული ტყვეების გადარჩენა და დათანხმდნენ - ისინი თითქოს აღიარებდნენ, რომ ეს აჯანყება ავანტიურა იყო და მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ ყოფილი პრივილეგირებული ფენები. მათ მოუწოდეს აჯანყებულებს, რომ თუ წინააღმდეგობას შეწყვეტდნენ, მათ აღარავინ დასჯიდა. ამის საპასუხოდ რეჟიმმა დაიცვა ეს შეთანხმება და შეაჩერა მასობრივი დახვრეტები. სექტემბრის დამლევს შეტაკებები შეწყდა, აჯანყებულთა დიდი ნაწილი ტყეში დარჩა და ნაწილმა საზღვარგარეთ გააღწია. ნოემბერში გამოცხადდა ამნისტია და პატიმართა უმრავლესობა გაათავისუფლეს. სისხლში ჩახშობილი აჯანყება და 12 შეწირული დეპუტატი - აჯანყების დღეებში შეტაკებებში საუკეთესო მებრძოლი ძალები დაიღუპა, ზოგი დააპატიმრეს, ზოგიც დახვრიტეს, მათ შორის საქართველოს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების 11 დეპუტატი დახვრიტეს. მეთორმეტე საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე იყო. ის გადასახლებაში დააპატიმრეს, ტაშკენტის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ჯანმრთელობა გაუუარესდა და აგვისტო-სექტემბერში დაიღუპა. ის იმავე ქალაქში დაკრძალეს ქრისტიანთა სასაფლაოზე (2023 წელს გადმოასვენეს საქართველოში). ასე დასრულდა 1924 აჯანყება... შედეგი იყო მძიმე და ადამიანური მსხვერპლის გამო - თავზარდამცემი. ილუზია იყო ის, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით საქართველო შეძლებდა შეიარაღებული აჯანყების გზით სამშობლოს გათავისუფლებას. მიუხედავად დამარცხებისა, აგვისტოს აჯანყება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო - საერთაშორისო არენაზე გამოჩნდა, რომ საქართველოში შეიარაღებული ბრძოლა გათავისუფლებისთვის უწყვეტია, რომ საბჭოთა რუსულ საოკუპაციო რეჟიმს ლეგიტიმაცია არა აქვს. ამასთან, ცენტრში ძალიან გამწვავდა ვითარება - ყოველივეს გამო პასუხისმგებლობა სტალინი-ორჯონიკიძის დაჯგუფებას დაეკისრა, რადგან საბჭოთა რუსეთმა ლამის დაკარგა კონტროლი საქართველოზე. დადგა საკითხი, რატომ მივიდა პროცესები იქამდე, რომ ასეთი მასშტაბური აჯანყება დაწყებულიყო. ამ ყველაფერმა დიდი პრობლემა შეუქმნა სტალინის ძალაუფლების ვერტიკალს, თუმცა მათ ისევ შეძლეს პოზიციის გამყარება და ისევ განახლდა რეპრესიული ოპერაციები, რათა ერთიანად გაესწორებინათ ანგარიში, ფიზიკურად გაენადგურებინათ საქართველოს ყველაზე აქტიური მებრძოლი ძალები.