"შენ, ერთადერთი ხარ დედოფალი, ჩემი ცხოვრების ჯიქთა-ხათუნი" - კვირის პალიტრა

"შენ, ერთადერთი ხარ დედოფალი, ჩემი ცხოვრების ჯიქთა-ხათუნი"

აბაშიძე საკმაოდ გავრცელებული გვარია და საქართველოს ბევრ კუთხეში შეხვ­დები. მაგალითად, იმერეთში განსაკუთრებით ბევრი აბაშიძე ცხოვრობს. ჩემი სტატიის გმირიც იმერეთიდან იყო, კერძოდ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა რგანიდან. ჭიათურა ჩემი დედულეთია და ბავშვობაში, სასკოლო არდადეგებისას, იქ ჩასულს, ხშირად მესმოდა მისი სახელი და გვარი, მისი ნაწარმოებებიც:­ "ლაშარელა"­, "დიდი ღამე", "ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება" და ა.შ. პირველად სწორედ იქ წავიკითხე. მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ წლე­ბი­ გავიდოდა და გამომცემლობა "პალი­ტრა­ L"-ის მიერ მისი ნაწარმოებების გამო­­ცემაშიც მივიღე­ბდი მონაწილეობას - ჩემი ერთ-ერთი საყვარელი­ მწერლის ოჯახში­ მოვხვდებოდი­, შვილებს, ქალბატონ­ თამარს­ (თოლიას) და ბატონ დავითს (აწ განსვენებულს)­ გავიცნობდი, დავუახლოვდებოდი და მათგან აბაშიძეების ოჯახის დიდი სიყვარულის ამბებსაც მოვისმენდი. 2024 წელი პოეტისა და პროზაიკოსის - გრიგოლ აბაშიძის ორმაგად საიუბილეო წელიწადია: 1-ლ აგვისტოს მწერალი 110 წლის გახდებოდა, 29 ივლისს კი მას გარდა­ცვალებიდან 30 წელი შეუსრულდა. ამიტომაც სწორედ ახლა გადავწყვიტე, ოჯახის ამბები თქვენთვისაც მომეყოლა.აბაშიძის გვარზე საგანგებოდ გავამახვილე ყურადღება, რადგან... გრიგოლ აბაშიძის მეუღლეც გვარად აბაშიძე იყო, ოღონდ, ცხადია, ამ გვარის სხვა შტოს წარმომადგე­ნელი. ლამარა აბაშიძე ისეთი ლამაზი ყოფილა, მოსკოვის სვეტებიან დარბაზში შესულს, იქ მყოფმა ყველა მამაკაცმა დაუჩოქა.

abash-1723453909.jpg
ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად

მწერლის მუზა

იმხანად გრიგოლ აბაშიძე 30-31 წლის იქნებოდა, მასზე 12 წლით უმცროსი ლამარა აბაშიძე პირველად თბილისის ოპერისა­ და ბალეტის თეატრში რომ ნახა. ქალს დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ინგლისურის განხრით, და ფრანგულიც კარგად იცოდა, მუსიკა კი მისი დიდი გატაცება იყო და საოპერო სპექტაკლს არ აცდენდა. სხვათა შორის, ფრანგული ბატონმა გრიგოლმაც ძალიან კარგად იცოდა. პიერ რონსარი ბწკარედის გარეშე ჰქონდა ნათარგმნი. მწერალს ლამარა აბაშიძე დანახვისთანავე შეუყვარდა.­ ლექსიც მიუძღვნა - "ჯიქთა-ხათუნი", რომელიც მერე ყველას პირზე ეკერა: "და შედგა ჩემი ბედის ბორბალი,/ შეჩერდა, შენი თმით დახლართული,/ შენ, ერთადერთი ხარ დედოფალი,/ ჩემი ცხოვრების ჯიქთა-ხათუნი./ მე ერთადერთი მხიბლავს ოცნება,/ წვრილი წარბები წყვილად გართხმული,/ რაღაც გულწრფელი, ვით გაოცება/ და რაღაც - კიდევ უფრო ქართული./ სად წავალ? შენკენ მომაფრენს ქარი,/ ფრთად მექცა შენი ყმობის უღელი,/ ყველგან თანა გდევ, ფიქრივით ჩქარი,/ ჩრდილივით ჩუმი და - განუყრელი./ დე, ჩემს ეტლს ქარმა ქროლვა უცვალოს,/ შეჩერდეს, შენი თმით დახლართული,/ ვეფხვზე უწყალო, ჯიქზე უწყალო,/ შენა ხარ ჩემი ჯიქთა ხათუნი". ჯიქთა-ხათუნი მონღოლი პრინცესა იყო, რომელიც ძალიან ლამაზი და ამაყი იყო და მამაკაცებს ამწარებდა...

abbb-1723453947.jpg

წყვილი მალე დაქორწინდა, ორი შვილი­ ეყოლათ და მწერალმა ორივეს დიდი ქართველი მეფეების სახელები უწოდა: ქალიშვილს - თამარი და ვაჟს - დავითი­. მართალია, ცოლ-ქმარს შორის 12 წელიწადი იყო სხვაობა, მაგრამ ეს არ იგრძნობოდა.­ გრიგოლ აბაშიძე ბუნებით ისეთი ახალგაზრდა იყო, ისეთი ხალისიანი, იუმორით სავსე, რომ მასთან ურთიერთობა­ ოჯახშიც და მის მიღმაც ყველას უადვილდებოდა, მუდამ სიკეთეს ასხივებდა. ამბობენ, შინ რომ შედიოდა, თითქოს კედლებიც იცინოდნენო. მუშაობისასაც კი არ წუხდებოდა - თამარი მუსიკაზე დადიოდა და მამის შინ ყოფნისასაც ხშირად უწევდა მეცადინეობა. ერთმანეთში გამავალი ოთახები­ ჰქონდათ და მამა თავის ოთახში რომ წერდა, აქეთ თამარი უკრავდა, თანაც მარტო შოპენსა და ბეთჰოვენს ხომ არ შეასრულებდა? - ხან გამებს უკრავდა, ხან სხვა სავარჯიშოებს, მამა კი მას ერთ საყვედურსაც არასდროს ეტყოდა.

abb-1723453979.jpg

"შერბურგის ქოლგები" აბაშიძეებისეულად

გრიგოლის ცხოვრებაში ლამარას გარეშე არაფერი ხდებოდა, შვილებიც კი მეორეხარისხოვანი იყვნენ მათთვის... თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ დაბადებული, როგორც ერთი მთლიანობა.

ლამარა აბაშიძე ძალიან ნაზი ქალი იყო და მუსიკალური ხმა ჰქონდა - რომ ლაპარაკობდა, გეგონებოდა, მღერისო. ერთ­ხელ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს უთქვამს, გრიგოლს რა უჭირს, "შერბურგის ქოლგები­" აქვს სახლშიო. გრიგოლი ყვავილების დახ­ლთან თუ გაივლიდა, მეუღლესთან აუცილებლად იები ან სხვა ყვავილი მიჰქონდა. ქალს სილამაზე უყვარდა, ნიჭიერ მხატვრებთან ურთიერთობდა და სახლიც ძალზე ლამაზად ჰქონდა მოწყობილი. ამგვარი მეუღლის გვერდით ყოფნა იმდენად ალამაზებდა მწერლის შემოქმედებასაც, რომ თუკი სადმე ვინმე გაჭაჭანდებოდა თბილისში მოსკოვიდან ან სხვა უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, აუცილებლად მათ ოჯახში მიდიოდა. მიდიოდნენ იმიტომ, რომ აბაშიძეების ოჯახს გამორჩეულად მიიჩნევდნენ. ლამარა აბაშიძე ძალიან კარგი დიასახლისი იყო და სუფრასაც ისე ლამაზად გააწყობდა ხოლმე,­ მართლა ხელოვნების ნიმუში იყო. ყველა, ვინც მათ სახლში ხვდებოდა, აღტაცებული­ რჩებოდა. იმხანად მილიარდერსა და მეცენატს, გვარად ჩინს (იტალიაში დღესაც არსებობს მისი სახელობის ფონდი) ვენეციაში,­ საკუთარ პატარა კუნძულზე, სასახლე ჰქონდა. ერთხელ ცოლთან, შვილთან, სიძესთან, შვილიშვილთან, მის მასწავლებელსა და პირად ექიმთან ერთად საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა თბილისში და სწორედ აბაშიძეებს ესტუმრა. თამარმა სტუმრებისთვის შუმანის ნაწარმოები დაუკრა. ვახშამს ქართველი საზოგადო მოღვაწეებიც ესწრებო­დნენ და ისეთი კარგი საღამო გამოვიდა, ბატონი ჩინი ერთობ ნასიამოვნები დარჩა. ერთი თვის შემდეგ მან ვენეციაში იტალიელი პოეტის, რენესანსის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფრანჩესკო პეტრარკას დღეები მოაწყო და გრიგოლ და ლამარა აბაშიძეებიც მიიპატიჟა. იმხანად ლამარას ნაღრძობი ფეხი თაბაშირში ჰქონდა, და ეს ამბავი რომ გაიგო, სამსახურიდან დაბრუნებულ გრიგოლს უკვე უთაბაშიროდ დახვდა, სულ აღარ მაწუხებს ფეხიო. რასაკვირველია, ვენეციაში იმ დღეებს ორივე დაესწრო. ეგ კი არა, მწერალი თვითონ იყო ხოლმე გაოგნებული, ოთხი კაციც რომ მიდიოდა უცხოეთში, ლამარა აბაშიძესაც აუცილებლად სვამდნენ დელეგაციაში, არადა, ქალი არც მწერალი იყო, არც საზოგადო მოღვაწე. წარმოგიდგენიათ, როგორ აფასებდნენ და როგორ მოსწონდათ?

"ჯიქთა-ხათუნი" ლამარა აბაშიძისადმი მიძღვნილი პირველი ლექსი იყო, ისე კი ბევრი ლექსი აქვს ცოლისთვის მიძღვნილი, ცხოვრების ბოლომდე უწერდა საყვარელ ქალს ულამაზეს ლექსებს, ქალს კი გასაოცარი სიყვარულით უყვარდა ქმარი. მწერლის პირველი წამკითხველიც და შემფასებელიც სწორედ მეუღლე გახლდათ, ლექსი დაწერილი არ იყო, ლამარამ რომ უკვე იცოდა... ლამარა რომ არ ყოფილიყო, გრიგოლ აბაშიძის თარგმანებიც, თუნდაც შანდორ პეტეფის "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ", ვერაფრით იქნებოდა ასეთი. ყველგან და ყველაფერში გრიგოლის მუზა ლამარა იყო.

akkk-1723454017.jpg

"არყოფნისაკენ! არყოფნისაკენ! ჩემს გასაფრენად ქრიან ქარები"...

ლამარა გრიგოლის შემოქმედებიდან არაფერს გამოყოფდა ხოლმე, საზოგადოდ, საყვარელი მამაკაცის შემოქმედება უყვარდა­ და იმიტომ... მწერლის ბოლო პერიოდის ლექსები ძალიან სევდიანი იყო ქალისთვის. "არყოფნისაკენ" რომ დაწერა, უთხრა კიდეც ქმარს, ეს რამ დაგაწერინაო! გრიგოლს აფხაზეთის ომმა მოუღო­ ბოლო. ამის დასტური იყო 80 წლის ასაკში დაწერილი მისი ბოლო ლექსიც - "არყოფნისაკენ".

ჯერ გრიგოლ აბაშიძე გარდაიცვალა, თავის მე-80 დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე, და თავის დაბადების დღეს - 1-ლ აგვისტოს დაკრძალეს. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ლამარა აბაშიძესაც აღარ უცხოვრია... ყველაფრის ინტერესი დაკარგა,­ ქმრის გარეშე ჯოჯოხეთური გზა გაიარა და 2008 წელს გარდაიცვალა.­ მისთვის მთავარი გრიგოლი იყო და პირიქით­ - მწერლისთვისაც ლამარა იყო მთავარი. მართლაც ზღაპრული სიყვარული ჰქონდათ.