პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ორი ნომერი, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს უკავშირდებოდა - კვირის პალიტრა

პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ორი ნომერი, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს უკავშირდებოდა

"ზიზი ჟანმერი, როგორც ფრანგული მიუზიკ-ჰოლის ერთ-ერთი უდიდესი სიმბო­ლო და ლეგენდარული ქალი, მოცეკვავე­-არტისტი ლედი გაგამ განასახიერა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე. იცით, რა არის ჩვენთვის­ საინტერესო? ამ საოცარმა ქალმა იცეკვა სერჟ ლიფარის დადგმულ ბალეტში­ "შოთა რუსთაველი", რომლის შესახებაც ჩემს ჯერჯერობით გამოუქვეყნებელ ნაშრომში დაწვრილებით მოვუთხრობ მკითხველს", - წერს სოცქსელში ახალგაზრდა­ მკვლევარი ლაშა გასვიანი. ის ბალეტ "შოთა რუსთაველის" შესახებ გვაწვდის უნი­კა­ლურ ცნობებს, რომელზეც­ ქართველი საზო­გადოების ფართო წრემ ათწლეულების­ განმავლობაში არაფერი იცოდა...

- ოლიმპიადის გახსნაზე ლედი გაგამ ზიზი ჟანმერის ნომრიდან "Mon truc en plumes" ("ჩემი ბუმბულის ნივთი") იცეკვა.­ მისი ნამდვილი სახელია რენე, ზიზის კი მოფერებით ეძახდნენ. ეს საოცარი ნომერი ჟანმერს ქმარმა, ასევე ცნობი­ლმა ქორეოგრაფმა როლან პეტიმ 1962 წელს დაუდგა. გარდა იმისა, რომ ზიზი დიდებული მოცეკვავე გახლდათ, ამ წარმოდგენაში შესანიშნავად მღეროდა კიდეც. სიმღერაც და ქორეოგრაფიაც უზარმაზარი ბუმბულის მარაოებით, რაც პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე ყველამ­ ვიხილეთ, სწორედ ჟანმერის ქორეოგრაფიული ნომრიდანაა, რომლის დიზაინერიც ივ-სენ ლორა­ნი იყო. რაც შეეხება ოლიმპიური თამაშების გახსნას, გამიკვირდა, რატომ არ წარმოაჩინეს ჯოზეფინ ბეიკერი, რომელიც გასული საუკუნის 20-იანი წლების პარიზის სახე იყო. რა თქმა უნდა, იყო ფრანგი კომპოზიტორის­ ჟაკ ოფენბახის დაუვიწყარი­ "კან-კანი", რომლის გარეშეც­ პარიზი წარმოუდგენელია. გენიალური ოფენბახიც კავშირშია საქართველოსთან - მან დაწერა­ ოპერა-ბუფი "ქართველი ქალები". ეს ნაწარმოები ჩემი ერთ-ერთი პირველი სამეცნიერო კვლევაა, რომელიც 1864 წლის 16 მარტს პარიზში დაიდგა და მის პრემიერას ალექსანდრე დიუმაც ესწრებოდა. ასე რომ, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე ორი ნომერი, პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს უკავშირდებოდა. კერძოდ, ზიზი ჟანმერმა ერთ-ერთი­ როლი იცეკვა კრეატიული გენიოსის, პარიზის "გრანდ ოპერის" საბალეტო დასის დირექტორის, XX საუკუნის უდიდესი მოცეკვავისა და ნოვატორი ქორეოგრაფის, სერჟ ლიფარის მიერ მონტე-კარლოს საოპერო თეატ­რში დადგმულ ბალეტში "შოთა რუსთაველი", რომლის პრემიერაც 1946 წლის 5 მაისს გაიმართა. ამ უზარმაზარ საბალეტო წარმოდგენაში ზიზი ერთ-ერთ ანგელოზს ასახიერებდა. უაღრესად საინტერესოა ისიც, რომ ბალეტში არა მხოლოდ ანგელოზის პერსონაჟი იყო, არამედ სპექტაკლის ფინალურ სცენაში წმინდა გიორგის გამოსახულებაც ჩნდებოდა, რომლის წინაშეც ნაწარმოების ყველა გმირი იყრიდა­ თავს და შოთას განადიდებდნენ. ამ ეპიზოდის შესახებ ბალეტის ერთ-ერთი მხატვრის შემოქმედებიდან (საუბარია ნატალია გონჩაროვაზე, რომლის ესკიზები ლიფარმა დაიწუნა და საბოლოოდ საბალეტო სპექტაკლი თეატრის ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ალექსანდრე შერვაშიძემ გააფორმა) ესკიზებმაც მოაღწია ჩვენამდე. გარდა ამისა, ჩემს ხელთაა ცნობილი ბელგიელი მუსიკოლოგის ჰარი ჰელბრაიხის უძვირფასესი ცნობაც ბალეტ "შოთა რუსთაველის" ორი მიზანსცენისა და ოთხივე მოქმედების მოკლე შინაარსის შესახებ.

0e39d4f9-2702-4cab-9b53-231bdf55e65c-1722792557.jpg

- ამ ბალეტს თქვენ წიგნს უძღვნით...

- დიახ, ბალეტი "შოთა რუსთაველი" უდიდესი თემაა, ამ საკითხზე 200-გვერდიანი­ წიგნი უკვე დავწერე, რომელიც გამოსაცემად სპონსორს ელოდება. კვლევა-ძიებისას მოვიპოვე უნიკალური ფოტოები უშუალოდ სპექტაკლიდან, რომლებიც საქართველოში­ და ზოგიერთი მათგანი მსოფლიოშიც კი პირველად გამომზეურდება. უნიკალურ ფოტომასალას ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა არქივში მივაკვლიე. უმრავლესობა ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავს. პარიზში მოვძებნე ქალიც, რომელიც 96 წლისაა, ბალერინა ელენ ტრაილინი (მისი ძმა, ბორისი, ბალეტში ვეფხვის პერსონაჟს ასახიერებდა). ის 80 წლის წინ ესწრებოდა პრემიერას. ქალბატონმა ტრაილინმა საოჯახო ფოტოარქივიდან უნიკალური ფოტოც გამომიგზავნა, რომელიც არასდროს გამოქვეყნებულა... ერთი სიტყვით, არაერთი უცხოენოვანი სტატია ვთარგმნე, საბალეტო ხელოვნების შესახებ გასული საუკუნის მეორე ნახევარში გამოცემული სხვადასხვა წიგნიც მოვიძიე და ვერ წარმოიდგენთ, ამ ბალეტს როგორი საოცარი შეფასება ჰქონდა: "მდინარე ბალეტი"­, "გიგანტური ქმნილება", "ცეკვის სიმფონია", "ზღაპარი ზღაპარში", "სასწაული"­, "ქორეოგრაფიის ზენიტი", "ნაწარმოები, რომელსაც ჰუმანიზმის მწვერვალზე ავყავართ", "თარიღი, რომელიც გამორჩეულად ღრმა კვალს დატოვებს არა მხოლოდ ცეკვის, არამედ საზოგადოდ, დრამატული სპექტაკლების ისტორიაშიც", "წარმოდგენა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი თეატრების სცენებს იმსახურებდა", "ნაწარმოები, რომელიც წმინდა ხალხურ ცეკვებს აკადემიური საბალეტო ხელოვნების ენაზე თარგმნის", "შედევრი, რომლითაც ლიფარმა კლასიკური საბალეტო ცეკვის ლექსიკური მარაგი განავრცო" და… რაც ჩვენთვის, ქართველებისათვის, მთავარია, შოთას უკვდავი "ვეფხისტყაოსანი" შედარებულია ბიბლიას! სახელგანთქმული ფრანგი ჟურნალისტი და კრიტიკოსი ჟან ლორანი რეცენზიაში წერდა: "ქართველები ისეთივე პატივს მიაგებენ "ვეფხისტყაოსანს", როგორსაც წმინდა წიგნ ბიბლიას"... სხვათა შორის, ბალეტ "შოთა რუსთაველის" დიდ საორკესტრო პარტიტურასაც მივაგენი და მისი დიდ სცენაზე გაცოცხლება თავისუფლად შეიძლება, თუ ამისი სურვილი ვინმეს გაუჩნდება. გარდა ამისა, ვიპოვე ბალეტის მეორე მოქმედების მუსიკის ავტორის, კომპოზიტორ ალექსანდრ ჩერეპნინის­ აუდიოინტერვიუც, რომელიც ჩიკაგოს რადიომ ჩამოართვა და ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველ საზოგადოებას ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ამიტომ ვთარგმნე და საქართველოს­ კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალ­ "მუსიკაში" გამოქვეყნება მოვასწარი. დიახ, მოვასწარი, რადგან ამის შემდეგ ეს არაჩვეულებრივი ჟურნალი უცერემონიოდ დახურეს...

05ad71e1-e31a-4fa2-9415-b1fd3c6cb24b-1722792557.jpg

- გვიამბეთ ამ ინტერვიუს შესახებ.

- ეს ინტერვიუ ჩერეპნინს განთქმულმა ამერიკელმა ჟურნალისტმა, მწერალმა და ჩიკაგოს საპატიო მოქალაქემ სტადს ტერკელმა 1962 წელს ჩამოართვა. ცნობილია, რომ ჩერეპნინი 1917-1920 წლებში დედ-მამასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. მისი მამა, ცნობილი კომპოზიტორი ნიკოლაი ჩერეპნინი, თბილისის კონსერვატორიის პირველი რექტორი იყო და ალექსანდრეც აქ სწავლობდა. მათ ძალიან უყვარდათ საქართველო. არაერთ დიდ ქართველ ხელოვანთან ახლო მეგობრობაც აკავშირებდათ, თუნდაც ზაქარია ფალიაშვილის დასახელება რად ღირს. შეიძლება ჩერეპნინები კიდევ დიდხანს დარჩენილიყვნენ ჩვენს ქვეყანაში, რომ არა ბოლშევიკური წითელი­ არმიის შემოჭრა და 1921 წელს საქართველოს სისხლიანი ოკუპაცია. ისინი იძულებულნი გახდნენ ახალდამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში­ გამგზავრებულიყვნენ საფრანგეთში... წლების შემდეგ ალექსანდრ ჩერეპნინი საქარ­თველოს მაინც ესტუმრა, როცა 1967 წელს ტურნეთი მოგზაურობდა საბჭოთა კავშირში. ზემოაღნიშნულ ინტერვიუში კომპოზიტორი ამბობს, რომ ძალიან იყო დაინტერესებული ქართული ხელოვნებითა და მუსიკით, განსაკუთრებით ქართული ხალხური ტრადიციული პოლიფონიითა და ეროვნული ლიტურგიკული მუსიკით, კერძოდ, საეკლესიო საგალობლების სიღრმისეული შესწავლით, რომელიც, მისი აზრით, აბსო­ლუტურად განსხვავდება რუსულისაგან! ჩერე­პნინი სიამაყით აღნიშნავს, რომ ქართული მუსიკა მისთვის ორგანული ნაწილი­ გახდა და საკუთარ შემოქმედებაშიც­ ხშირად­ იყენებდა. ის ქართულ ფოლკლორულ ცეკვაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ქართველი მამაკაცები ცეკვის დროს უაღრესად მოხდენილები და ცეცხლოვანები­ არიან. ყიჟინით ერთმანეთს ხანჯლებით ერკინებიან და ისეთი­ გრძნობით ცეკვავენ, ყველა გზნებით ივსებაო. ჩერეპნინი დიდი ენთუ­ზიაზმით საუბრობს ბალეტზეც "შოთა რუსთაველი". სწორედ იმის გამო, რომ ამ უნიკალური ინტერვიუს შესახებ ათეული წლების განმავლობაში არაფერი ვიცოდით­, გამიჩნდა სურვილი,­ მეთარგმნა, რათა საზოგადოება გასცნობოდა.