სელინ დიონმა დაამტკიცა, რომ ის კვლავ „ფორმაშია“ - კვირის პალიტრა

სელინ დიონმა დაამტკიცა, რომ ის კვლავ „ფორმაშია“

სელინ დიონი ორწლიანი პაუზის შემ­დეგ სცენას 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ედიტ პიაფის სიმღერით Hymne­ A L’Amour დაუბრუნდა. სპეციალურად ვარ­სკვ­ლავისთვის დიორის სახლის შექმნილ თეთრ კაბაში გამოწყობილ მომღერალზე­ მთელი მსოფლიოს ყურადღება იყო მიპყრო­ბილი. მას ფანები მოუთმენლად ელო­დნენ.­ "ეს იყო გამარჯვება ტკივილზე...­ ეს იყო მამაცობისა და უძლეველობის ზეიმი", - წერს მედია სელინ დიონის სცენაზე დაბრუნების შესახებ. რატომ მოექცა სელინ დიონი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში და რითი იყო გამოწვეული მის კარიერაში რამდენიმეწლიანი პაუზა, ამას მომღერლის სხვადასხვა დროს მედიისთვის მიცემული ინტერვიუებიდან შევიტყობთ.

"სცენაზე დაბრუნებას ვაპირებ, თუნდაც ხოხვამ მომიწიოს"

2022 წელს სელინ დიონმა დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. მედიაში გავრცელდა­ ხმა, რომ ის იშვიათ უკურნებელ ნევროლოგიურ დაავადებას ებრძოდა, რომელიც კუნთების სპაზმს იწვევს. ცოტა ხნის წინ მომღერლის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს "I: Celine Dion", სადაც ის ამბობს: "სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე­. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები, ამიტომ ძველებურად ვეღარ ვმღერი"... მიუხედავად ამისა, სელინ დიონმა დაამტკიცა, რომ ის კვლავ "ფორმაშია" და პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე კვლავ მონუსხა მილიონობით ადამიანი. ერთი თვის წინ NBC NEWS-თან ინტერვიუში სელინი ამბობდა: "სცენაზე დაბრუნებას ვაპირებ, თუნდაც ხოხვამ მომიწიოს, აუცილებლად დავბრუნდები. მე სელინ დიონი ვარ, ჩემი ხმა კვლავ აჟღერდება არა იმიტომ, რომ ეს საჭიროა, არამედ იმიტომ, რომ მენატრება ეს მომენტი... მე მჯერა ჩემი მამაცი ბუნების... არ ვაპირებ­ ჩემი ფანების შეშინებას, არ ვაპირებ შვილებს ვუთხრა, შოუს გადავდებ-მეთქი... ვერ მივცემ ამ დაავადებას უფლებას, რომ ჩემს ცხოვრებაზე იბატონოს". სელინ დიონმა პირველად ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე 1996 წელს იმღერა, სადაც The Power of the Dream შეასრულა.

"ღარიბულად, მაგრამ ბედნიერად..."

სელინ დიონი 1968 წლის 30 მარტს კვებეკში (კანადა) მრავალშვილიან ოჯახში­ დაიბადა. "ძალიან ღარიბულად, მაგრამ ბედნიერად ვცხოვრობდით", - ასე იხსენებს­ ბავშვობის წლებს. პირველად 5 წლის ასაკში, უფროსი ძმის ქორწილში და-ძმასთან ერთად იმღერა, 12 წლისა კი დედის დახმარებით პროფესი­ონალურ სცენაზე გავიდა. სელინ დიონის პოპულარობა თანდათან იზრდებოდა და 1990-იან წლებში, როდესაც ინგლისურენოვანი ალბომები გამოუშვა პოპმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ მომღერლად იქცა. მან დღემდე დიდ ბრიტანეთში ორი სიმღერის მილიონი ასლი გაყიდა­, ხოლო გამოცემა Forbes-ის მიხედვით, დიონი იყო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი 1997, 1998, 2004 და 2006 წლებში.

სელინ დიონის დაბრუნება

1994 წელს სელინ დიონმა და მისმა პროდიუსერმა, მფარველმა და აღმომჩენმა­ რენე ანჯელილიმ, რომელიც სელინზე 26 წლით უფროსი იყო, იქორწინეს. 1990 წელს, წარმატების პიკზე, დიონმა მოულოდნელად შესვენება გამოაცხადა, მიზეზი კი რენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო - მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სელინს უნდოდა რაც შეიძლება მალე გაეჩინათ შვილები. 2001 წელს დაიბადა წყვილის პირველი ვაჟი, 2010 წელს კი - ტყუპი.­ 2016 წელს რენე ანჯელილი 73 წლისა გარდაიცვალა, მალევე გარდაიცვალა­ 59 წლის სელინის ძმაც. სელინ დიონი სცენას წლების შემდეგ დაუბრუნდა და მაშინ, როდესაც ძველი დიდება უნდა დაჰბრუნებოდა, მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - იშვიათი ნევროლოგიური დაავადება, რომელიც მილიონში 1-2 კაცს თუ ემართება, მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ამ დროს პაციენტს კუნთები მუდმივად დაჭიმული აქვს, რაც დიდ ტკივილს იწვევს. სპაზმების გამო თითქმის შეუძლებელია სიარული და მით უმეტეს, სიმღერა. ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა: "ექიმების გუნდი მეხმარება გამოჯანმრთელებაში, ჩემ გვერდით არიან შვილები და მეც გულმოდგინედ ვმუშაობ, რომ ძალა აღვიდგინო, შევძლო სცენაზე გასვლა. ეს ნამდვილი ბრძოლაა".

ამ ბრძოლაში სელინ დიონმა გაიმარჯვა, პარიზის ოლიმპიადაზე მისი უბადლო სიმღერა სწორედ მის ტრიუმფზე მეტყველებს. მან მილიონობით ადამიანს, გულშემატკივრებს, მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა­, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ ის კვლავ იმღერებს.