„გვიყვარხართ, ბატონო თენგიზ“ - კვირის პალიტრა

„გვიყვარხართ, ბატონო თენგიზ“

უამრავი კეთილი საქმე გაუკეთებია ბატონ თენგიზ ცერცვაძეს და ბევრი ადამიანიც მადლიერი ჰყავდა ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ფართო საზოგადოებამ ის კოვიდპანდემიის დროს შეიყვარა. იმხანად ის იყო ჩვენი იმედი, ნუგეში და არასდროს გვინანია, რომ მის კომპეტენციას, ერთგულებას, თავდადებასა და გამოცილებას მივენდეთ... ბოლოს "ტვ პალიტრანიუსში" ვნახე. ყოველთვის გვარით მომმართავდა... ლიფტამდე მივაცილე. გვიყვარხართ, ბატონო თენგიზ-მეთქი, ვუთხარი დამშვიდობებისას. გამიღიმა, მერე ლიფტში შევიდა და კარი რომ იხურებოდა მომაძახა, მეც მიყვარხართო... თენგიზ ცერცვაძე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე ღვაწლმოსილი მედიკოსი მთელმა საქართველომ გააცილა.

"იშვიათი დიაგნოსტიც იყო, ძალიან რთული შემთხვევების დიაგნოსტიკის დიდოსტატი. პაციენტების სწორ გაზე დამყენებელი და გზამკვლევი"

ამირან გამყრელიძე, იმუნოლოგი: - ჩვენ სტუდენტობიდანვე ახლო მეგობრები ვიყავით, ძალიან დიდი გზა გვაქვს ერთად გავლილი. თენგიზი უპირველეს ყოვლისა იყო და არის სამედიცინო საზოგადოებაში გამორჩეული ექიმი, არა მარტო იმ დარგის, რომელსაც ემსახურა მთელი ცხოვრება, მხედველობაში მაქვს ინფექციური დაავადებები,­ არამედ იშვიათი დიაგნოსტიც იყო, ძალიან რთული შემთხვევების დიაგნოსტიკის დიდოსტატი. პაციენტების სწორ გზ აზე დამყენებელი და გზამკვლევი.

მან ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა მაშინდელ საბჭოთა კავშირში შიდსის საწინააღმდეგო სამსახური. ამ სამსახურმა თენგიზის ხელმძღვანელობით აგვაცილა ის ფართომასშტაბიანი შიდსის ეპიდემია, რაც დღესაც მძვინვარებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. დღეს ჩვენთან ყველა შიდსიან ავადმყოფს ხელი მიუწვდება სახელმწიფოს ხარჯზე წამალზე. თენგიზის ხელმძღვანელობით ამ სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს შიდსით ინფიცირებულების 85% უკვე მკურნალობს ადრეულ ეტაპზე და სერიოზულად შემცირდა შიდსით სიკვდილიანობა.

თენგიზი ფუძემდებელია ასევე ერთ-ერთი მთავარი ჰეპატიტის პროგრამისა საქართველოში. საქართველო მთელ მსოფლიოში გამოირჩევა ჩ ჰეპატიტის ელიმინაციით და წლევანდლიდან ამას ემატება ასევე B ჰეპატიტის ელიმინაციაც. ინფექციური საავადმყოფო ერთ-ერთი მოწინავე იყო კოვიდპანდემიის პერიოდში, იმ 3 წელიწადს, "კოვიდით" დაავადებულთა გადარჩენის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. თენგიზი "კოვიდის" პერიოდში სწორედ კლინიკურ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლის რეკომენდაციებით, გაიდლაინებით ყველა საავადმყოფო ხელმძღვანელობდა... ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ჩვენს ინფექციურ საავადმყოფოს განსაკუთრებით საშიში ინფექციების მოვლაში, როგორიცაა ყირიმ-კონგოს ცხელება, ჯილეხი და ა.შ.

ეს სამსახური ბოლო 25 წლის განმავლობაში იქმნებოდა სწორედ თენგიზის ხელმძღვანელობით. ამ ცენტრში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. ამ სამსახურს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, დოქტორ ლის პრემია ჰქონდა მინიჭებული საუკეთესო შედეგებისთვის გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში. დასანანია, რომ თენგიზის გონება, ნიჭი და განათლება მოაკლდება საქართველოს მოსახლეობას.

- თქვენ, ბატონ პაატასა და თენგიზ ცერცვაძეს "კოვიდთან" ბრძოლის პერიოდში 3 მუშკეტერი შეგარქვეს...

- კი, იყო იმ პერიოდში... თენგიზი მჭევრმეტყველი კაცი იყო, ნიჭიერი, განათლებული, გამოირჩეოდა ინოვაციური ნიჭით, სხვათა შორის, გამომგონებელი იყო, მათემატიკური ნიჭი ჰქონდა, ძალიან კარგად იცოდა ფიზიკა, შემდეგში მედიცინის მრავალ დარგსაც შეეჭიდა. სამედიცინო ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, მან კარდიოლოგიით დაიწყო, შემდეგ იყო რევმატოლოგია, იმუნოლოგია, მაგრამ მისი მთავარი დარგი ინფექციური დაავადებები იყო. ძალიან კარგად იცოდა ონკოლოგიაც.

- თუ სწორად მახსოვს, თქვენ იყავით ბატონი თენგიზის მეჯვარე.

- კი, მე და ცისანა შარგავა. ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს თენგიზს. ანუშკამ დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ თენგიზი სწორედ ასეთ სიმაღლეებს შეეჭიდა.

თენგიზ ცერცვაძისთვის მთავარი იყო ქვეყანა, თავისი საქმე, თავისი დაწესებულების მომავალი და რაოდენ სამწუხაროა, რომ ინფექციური პათოლოგიის ცენტრის, რომლის მშენებლობაც ახლა მთავრდება დიღომში, გახსნას თენგიზი ვერ მოესწრება, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას და თენგიზ ცერცვაძის სახელს მიანიჭებენ ამ დაწესებულებას.

cecvazeee-1722795124.jpg

"ბოლოს დედაჩემის პანაშვიდზე ვნახე... არ გრძნობდა თავს კარგად"

პაატა იმნაძე, ეპიდემიოლოგი: - ჩვენ სტუდენტობიდან მოყოლებული ვმეგობრობდით. თავის საქმეზე შეყვარებული და თავდადებული ადამიანი იყო. არ საუბრობდა იმაზე, რაც ძირფესვიანად არ იცოდა. ყველაფერს დეტალურად სწავლობდა - დაგირეკავდა, იკითხავდა, დააზუსტებდა, ეს მისი ხასიათის გამორჩეული თვისება იყო.

ბოლოს ამ ზაფხულს დედაჩემის პანაშვიდზე ვნახე... არ გრძნობდა თავს კარგად, ვუთხარი კიდეც, გასვენებაში აღარ მოხვიდე-მეთქი...

ძალიან გული დაგვწყვიტა. მისი ღვაწლი განუზომელია, მისი სახელი მუდამ დარჩება ქართული მედიცინის ისტორიაში.

"უკან არასდროს დაუხევია, სადაც სათქმელი იყო, ყოველთვის ამბობდა, სადაც გასაკეთებელი - ყოველთვის აკეთებდა"

ივანე ჩხაიძე, იაშვილის სახ. ბავშვთა­ ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი: - ბატონი თენგიზი იყო გამორჩეული პიროვნება თანამედროვე ქართულ მედიცინაში. მას უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე. უდიდესია მისი როლი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქართული მედიცინისთვის. ერთ-ერთი პირველი პროტოკოლი, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, იყო გრიპის დიაგნოსტიკისა და მართვის პროტოკოლი. 2009-2010 წლების პანდემიის დროს სწორედ ბატონი თენგიზის პირველი პროტოკოლები იყო და ახლაც არის ყველა ექიმისთვის სახელმძღვანელოდ. მისი პროტოკოლები ეხმარებოდა ექიმებს კორონავირუსთან ბრძოლაში. უკან არასდროს დაუხევია, სადაც სათქმელი იყო, ყოველთვის ამბობდა, სადაც გასაკეთებელი - ყოველთვის აკეთებდა. უდიდესი ენერგიის ადამიანი იყო, არავის უგრძნია, რომ ის მძიმედ ავადაა, უდრეკი შემართების ადამიანი გახლდათ.

- რით დაგამახსოვრდებათ?

- ალბათ, უფრო პანდემიის პერიოდში იმუნიზაციის საბჭოში მუშაობით. მისი მოსაზრება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, აზრი - გასათვალისწინებელი. არც ერთი სხდომა არ ჩატარებულა მისი მონაწილეობის გარეშე. არც ერთი მისი კომენტარი არ იყო უბრალოდ სიტყვისთვის, იყო ყოველთვის საქმიანი, საჭირო პროდუქტიული და უზარმაზარ ინფორმაციაზე დაყრდნობილი. ყოველთვის ჰქონდა არგუმენტირებული აზრი. იცოდა თავისი პოზიციის დაცვა და ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც იყო იმ მომენტისთვის აუცილებელი და საჭირო ქვეყნისთვის. შეიძლება არ ყოფილიყო ქვეყნისთვის პოპულარული გადაწყვეტილება. სწორედ ასეთი დამამახსოვრდება ბატონი თენგიზი.

"ბოლო წუთამდე ის იყო მტკიცედ და სჯეროდა, რომ ამ ძლიერ სენს დავამარცხებდით"

აკაკი აბუთიძე, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში: "ბატონი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში აივ-შიდსის სამსახურის ფუძემდებელი იყო. მან პირველმა, ჯერ კიდევ 1984 წელს, დაიწყო შიდსის პრობლემაზე მუშაობა და მისივე ძალისხმევით შეიქმნა შიდსთან ბრძოლის თანამედროვე ტიპის სამსახური. უდიდესია ბატონი თენგიზის როლი ქართული ჰემატოლოგიური სკოლის განვითარებაშიც.

ბატონი თენგიზი იმითაც იყო გამორჩეული პიროვნება, რომ ჰქონდა ბრძოლის ძალიან დიდი უნარი როგორც ცხოვრების სირთულეებთან, ისე დარგში არსებულ გამოწვევებთან, ისე თავის ჯანმრთელობის მიმართაც. ბოლო 5 წელზე მეტია ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება, მაგრამ არ აწუხებდა ირგვლივ მყოფთ და ამ პათოლოგიის მიუხედავად, მუდმივად ფერხულში იყო ჩაბმული დარგში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადასაჭრელად, ახალი ინოვაციური მიდგომების დასანერგად. რა თქმა უნდა, მისთვის რთული იყო ამ დაავადებასთან გამკლავება. მასთან, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ახლობელ ადამიანსა და კოლეგას, რა თქმა უნდა, მქონდა გულახდილი საუბრები, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ტკივილს, მაგრამ ბოლო წუთამდე ის იყო მტკიცედ და სჯეროდა, რომ ამ ძლიერ სენს დავამარცხებდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...

იუმორი ბატონი თენგიზის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება გახლდათ, შეეძლო განემუხტა ნებისმიერი დაძაბული სიტუაცია. ხშირად ამბობდა, რომ არ იყო კარგი თამადა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ის როგორც უძღვებოდა სუფრას, ერთგვარი სანახაობა იყო. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ის იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანამედროვე".

"ნათელი თქვენს სულს, ბატონო თენგიზ, და მარადიული ხსოვნა... ღირსებით იცხოვრეთ და დატოვეთ კვალი ნათელი"

გიორგი ბერიძე, პრესსამსახურის უფროსი: "მადლობა თითოეული წუთისთვის, ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, ადამიანობის, ღირსების, პროფესიონალიზმის უკიდეგანო სიკეთისთვის... რამდენი ბრძოლა, ნებისყოფა, სიბრძნე, დიპლომატია და შეუპოვარი ბრძოლა დასჭირდა, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საკუთარი ჭერი ჰქონოდა... ვეღარ მოასწრო, აღარ დასცალდა... ნათელი თქვენს სულს, ბატონო თენგიზ, და მარადიული ხსოვნა... ღირსებით იცხოვრეთ და დატოვეთ კვალი ნათელი".