ზელენსკიმ დაადასტურა ათი F-16-ის ჩართვა პუტინის არმიასთან ომში... - კვირის პალიტრა

ზელენსკიმ დაადასტურა ათი F-16-ის ჩართვა პუტინის არმიასთან ომში...

უკრაინის ხელისუფლებამ, რომელიც ოფიციალურად არ ადასტურებდა, თუმცა არც უარყოფდა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გამოჩენას უკრაინის ცაში, 4 აგვისტოს ეს ნაბიჯი გადადგა - პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების 20 წლის აღსანიშნავ დღესასწაულზე პირველად წარადგინა F-16-ები, რითაც საბოლოოდ წერტილი დაუსვა ათასნაირ ჭორ-მართალს - ნატომ შეასრულა თავის სიტყვა და პირველი ათი ნიდერლანდური F-16 უკრაინას 2024 წლის ზაფხულშივე გადასცა, კიდევ ათი ასეთივე „მებრძოლი შევარდენი“ უკრაინაში წლის ბოლომდე იქნება ჩატანილი, სულ კი უკრაინისთვის 79 ერთეული ერთადგილიანი და ორადგილიანი F-16-ის გადაცემაა დაგეგმილი 2025 წლის ბოლომდე, თუმცა მათი ნაწილი ალბათ გამოყენებული იქნება სათადარიგო ნაწილების სახით.

უკრაინელები დიდ მადლობას უთვლიან ნატოს წევრ ქვეყნებს, თუმცა კიევში არც იმას მალავენ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა მეტ-ნაკლებად თანაბარი საჰაერო ბრძოლები რომ გაუმართონ რუსეთის სამხედრო ავიაციას, ამისთვის უკრაინას როგორც მინიმუმ 130-მდე F-16 მაინც სჭირდება...

ჯერ-ჯერობით თავად უკრაინასაც არ აქვს იმის რესურსი, რომ ყველ გადაცემულ F-16-ზე ორი სამხედრო მფრინავი ჰყავდეს გამწესებული და ასევე უზრუნველყოს ამ „მებრძოლი შევარდნების“ უსაფრთხო ბაზირება იმ აეროდრომებზე, რომლებსაც რუსეთი სისტემატურად ბომბავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე კამიკაძე-დრონების გამოყენებით.

2-zel-1722796312.jpg
კომპიუტერულ დიზაინერებს აღარ დასჭირდებათ მონტაჟი- F-16-ის კილზე უკრაინული სახელმწიფო ატრიბუტიკის მისახატად...უკრაინის ცაში უკვე ათი „მებრძოლი შევარდენი“ დაფრინავს,რომლებიც საბრძოლო დავალებების შესრულებას უკვე იწყებენ...

ომში საბრძოლო დანაკარგი გარდაუვალია და უკვე უკრაინულ F-16-ებიდან რამდენიმეს რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავები ან საზენიტო რაკეტები ადრე თუ გვიან დააზიანებენ ან სულაც ჩამოაგდებენ და ამისთვის წინასწარაა საჭირო შეგუება, თუმცა დაუშვებელია, რომ F-16-ები თუ სხვა თვითმფრინავები რუსმა ოკუპანტებმა უკრაინულ აეროდრომებზევე ააფეთქონ.

ეს რომ არ მოხდეს, უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობას მოუწევს „კუკუმალობანას“ თამაში რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან და F-16-ების საიმედო გადამალვა, იქნება ეს აეროდრომებზე არსებული რკინაბეტონის დაცული ანგარები ( F-16-ის ფრთაგაშლილობა მხოლოდ 9,45 მ-ია და თავისუფლად ეტევა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს აგებულ ასეთ დაცულ ანგარებში, რომლებიც 250 კგ კალიბრის ფუგასური საავიაციო ბომბის პირდაპირ მოხვედრას უძლებენ), ან საავტომობილო გზის ის სწორი მონაკვეთები, რომელთა დროებით ასაფრენ-დასაფრენ ზოლად შეიძლება გამოყენება...

თუმცა ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუკი ეს უკრაინული F-16-ები ძირითადად მეზობელ, ნატოს წევრ რუმინეთისა და პოლონეთის სამხედრო აეროდრომებს შეაფარებდნენ თავს, რომლებზეც შეტევას კრემლი ვერ გაბედავდა და ამასთან რუმინეთსა და პოლონეთსაც თავად ჰყავთ შეიარაღებაში F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა შორის უკრაინული „მებრძოლი შევარდნები“ ისე „აირეოდნენ“, რომ რუსულ სადაზვერვო თანამგზავრებსაც გაუჭირდებოდათ მათი გამოვლენა...

საგულისხმოა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროპიდან მიღებული F-16-ების პრეზენტაცია უკრაინის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე ჟურნალისტების წინაშე ჩაატარა, როდესაც მუდმივად არსებობდა რუსული საჰაერო დარტყმების საშიშრობა ამ აეროდრომზე-რომელთა სამიზნე ახლადჩამოფრენილ F-16-ებთან ერთად თავად უკრაინის პრეზიდენტიც კი შეიძლება გამხდარიყო...