ოქროს ბექა(ო)რი და მარსის მოედანზე დაკარგული მედლები
ფეხბურთიდან ძიუდოზე გადავერთეთ, უფრო სწორად, სხვა სახეობებზეც - ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის უამრავ სახეობას აერთიანებს. თუმცა პარიზის ოლიმპიადის პირველ კვირას მედლებით მხოლოდ ძიუდოისტებმა გაგვახარეს (მათ მოკრივე ლაშა გურულიც დაემატა), 24 წლის ლაშა ბექაური კი სულაც ისტორიული შედეგის შემოქმედი გახდა - პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მეორედ (თანაც, ზედიზედ!) ავიდა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე! ვერცხლის მედლები მოიგეს ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ, გიორგი სარდალაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა კი პარიზის ოლიმპიადა მეხუთე ადგილზე დაასრულეს. უკვე ვთქვი, რომ სხვა სახეობებიდან გაგვახარა ლაშა გურულმა - რუსთაველი მოკრივე "პარიზი-2024"-ის ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედლის დაბევებით პირველი ქართველი მოკრივე გახდა, ვინც უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში ოლიმპიური მედლის მოპოვება შეძლო (2000 წელს სიდნეის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი ვლადიმერ ჭანტურიამ წამოიღო).
პარიზის რინგზე გურულმა, რომელიც ევროპის სამგზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, ჯერ აზერბაიჯანელ მეტოქეს აჯობა, მეოთხედფინალში კი 27 წლის ქართველი ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირს დაუპირისპირდა და დრამატულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა: პირველი რაუნდის წაგების შემდეგ რუსთაველმა მოკრივემ მეტოქეს კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და იმის მიუხედავად, რომ წარბი გაუსკდა (სისხლდენის გამო რეფერიმ ორჯერ შეაჩერა ორთაბრძოლა), დარჩენილი რაუნდები დამაჯერებლად მოიგო და ოლიმპიური ბრინჯაო გაინაღდა. ნახევარფინალში ლაშა გურული გამოცდილ კუბელს - ერისლანდი ალვარესს შეხვდა, თუმცა "კვირის პალიტრის" ფორმატიდან გამომდინარე, კვირა საღამოს გამართული ნახევარფინალური შეხვედრის შედეგი გაზეთის ამ ნომერში ვერ მოხვდა.
და სანამ ძიუდოისტების ასპარეზობაზე უფრო დაწვრილებით ვიტყვი, რამდენიმე სიტყვით ქართულ საკლუბო ფეხბურთსაც შევეხოთ. პრინციპში, სალაპარაკო ბევრი არაფერია: ბათუმის "დინამომ" ვერც განმეორებით შეხვედრაში მოუხერხა რამე მონტენეგროს "დეჩიჩს", შინ წაგებული მატჩის შემდეგ პოდგორიცაში 0:0 ითამაშა და კონფერენსლიგის წლევანდელ გათამაშებას უსახელოდ გამოეთიშა. თითქოს უფრო მეტი იბრძოლა ქუთაისის "ტორპედომ" - კვიპროსში 1:3 მარცხის შემდეგ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ანგარიშიც გაუთანაბრა დაწინაურებულ მეტოქეს, მაგრამ... მატჩის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი ბურთი გაუშვეს და მეორე შეხვედრაშიც დამარცხდნენ. ჰოდა, რადგან მანამდე თბილისის "დინამოც" გამოგვეცალა ხელიდან, ქართული საკლუბო ფეხბურთი "იბერია 1999"-ის იმედად დარჩა - თბილისურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში აჯობა ალბანურ "პარტიზანს", 8 აგვისტოს კი გაცილებით ძლიერ მეტოქესთან მოუწევს თამაში - სტამბოლის "ბაშაქშეჰირი" ლეგიონერებით გაძეძგილი კლუბია, მისი მთავარი ვარსკვლავი და ბომბარდირი კი "მილანის" ("ფიორენტინაში", "ჯენოასა" და "სალერნიტანაში", ასევე ბერლინის "ჰერტაში" და პოლონურ კლუბებშიც უთამაშია) ყოფილი თავდამსხმელი - პოლონელი კშიშტოფ პიატეკი გახლავთ. 8 აგვისტოს გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ, კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა კი 15 აგვისტოს სტამბოლში გაიმართება.

პირველი მედალი
მანამდე უიღბლოდ (ჩვენთვის) მიმდინარე პარიზის ოლიმპიადაზე ქართულ დელეგაციას პირველი მედალი ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ფალავანი ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ვერაფერი დაუპირისპირა მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტატო წონის (81 კგ წონითი კატეგორია) მთავარი ფავორიტი იყო, 2024 წელს მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო და კონტინენტის პირველობაც, იაპონელთანაც თანაბარი შანსი ჰქონდა, მით უმეტეს, ბოლო ორი ურთიერთდაპირისპირება სწორედ გრიგალაშვილს ჰქონდა მოგებული, მაგრამ ფინალში ნაგასემ გაცილებით უკეთ იჭიდავა და ოქროს მომტანი ორი ვაზარით საქმე სწრაფად მოამთავრა.
ტატოს სრული მობილიზება ეტყობოდა, მთლიანად პრაგმატულ ჭიდაობაზე იყო ორიენტირებული და მისთვის ჩვეული სანახაობრივი ჭიდაობაც მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში გვაჩვენა. პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი მოლდოველ ლატიშევს სამი გაფრთხილება მიაღებინა. 20 წლის დნესტრისპირელმა თავი მხოლოდ იმით დაგვამახსოვრა, რომ... ჯუდოგის (კიმონო) შარვალი გაეხა და სანამ ახალს მოიტანდა, ქართველი ფალავანი ტატამზე კარგა ხანს ალოდინა.
მომდევნო შეხვედრებში ტატომ წარმოშობით პანკისელს, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს აჯობა, მეოთხედფინალში ტაჯიკი მაჰმადბეკოვი (რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიგო) დაამარცხა, ყველაზე მეტად კი ნახევარფინალში გაუჭირდა მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის პრიზიორის, კორეელი ლის წინააღმდეგ - საქმე დამატებით დრომდე მივიდა და ორი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შეძლო აზიელის ვაზარიზე დაგდება. ფინალზე კი უკვე ვთქვით - ნაგასემ უკეთ იჭიდავა და ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

სამასმეერთე არაგველი
„Do you know 300 aragveli?“ ("300 არაგველი ხომ იცი?!") –ინტერვიუს დროს ჰკითხა "ევროსპორტის" ჟურნალისტს ლაშა ბექაურმა და... ამ კადრმა მყისვე "ააფეთქა" ინტერნეტსივრცე. სამასისა რა გითხრათ, მაგრამ ერთი იმ ჟურნალისტმაც ნამდვილად იცის და ყველამ, ვინც ოლიმპიურ თამაშებს უყურებს. 24 წლის ლაშა ბექაურმა ზედიზედ მეორედ მოიგო ოლიმპიური თამაშები და გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელსაც ეს ორჯერ მოუხერხებია!
ტოკიოში გამარჯვების შემდეგ ბექაურმა პირობა დადო - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნდა გავხდეო! გახდება კიდეც. ახლა ნამდვილად გახდება, რადგან უკვე გააჩუმა ყველა, ვისაც "შემთხვევითი ჩემპიონი" ეგონა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ აკრიტიკებდა - შვილო, ვარჯიში გააგრძელე, საქმეს მიხედე, რა ამბავია ამდენი სელფი, მანქანა, ცეკვა/სიმღერა თუ ინტერვიუო?! ბევრს აღიზიანებდა ბექაურის მუდამ მოღიმარი სახე, ლექსები თუ ავტომანქანები, ყოველ ჩაგდებულ ორთაბრძოლასა თუ ტურნირს კრიტიკის ახალი ტალღა მოსდევდა და ფავორიტებადაც უმეტესწილად სხვებს მიიჩნევდნენ, სანამ წლევანდელი ივლისის ბოლო დღე არ დადგა. სანამ ზედიზედ მეორედ არ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი... ლაშა ბექაური ვიქტორ სანეევის, ლევან თედიაშვილისა და ლაშა ტალახაძის შემდეგ მეოთხე ქართველია, რომელმაც ოლიმპიადაზე მინიმუმ ორჯერ გაიმარჯვა!
პარიზულ ტატამზე რამდენჯერმე მოგვეჩვენა, რომ ლაშას სუნთქვა უჭირდა. რომელიმე კონკრეტულ ეპიზოდში იქნებ იყო კიდეც ასე, მთლიანობაში კი ბექაურმა დაამტკიცა, რომ ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციაში იყო. პირველ წრეში დასვენების შემდეგ 90 კგ წონითი კატეგორიის მეორე წრეში იოლად, ვაზარით დაამარცხა ბულგარელი ივანოვი, იპონზე დააგდო კორეელი ჰანი, ყველაზე დიდხანს კი ლაშას ნახევარფინალში გაუძალიანდა... თანამემამულე - ესპანეთის სახელით მოჭიდავე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი. ტატო მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია, პარიზის ოლიმპიადას კარგ კონდიციაში შეხვდა, ნახევარფინალამდე ძლიერ მეტოქეებსაც მოუგო და დასანანია, ბრინჯაოს მედლის გარეშე რომ დარჩა. რაც შეეხება ქართულ დუელს, დაძაბული კი გამოდგა, მაგრამ - ნაკლებად სანახაობრივი, რადგან სასწორზე ფინალის საგზური იყო და ორივე ძიუდოისტი ფრთხილობდა. მთლიანობაში ბექაური უკეთესი იყო, გაუქმებული ვაზარიც დაიმსახურა და საბოლოოდ მსაჯებს მესამე გაფრთხილებით მოახსნევინა ესპანეთის დროშის ქვეშ მოჭიდავე თანამემამულე...
ფინალურ შეხვედრაში ბექაურის პირისპირ იაპონელი სანშირო მურაო დადგა - კარიერაში მეოთხედ და... მეოთხედაც ქართველმა მოიგო! არადა, ფინალის პირველი წუთის ბოლოს მურაომ ფეხის გამოკვრა მოასწრო და მომავალი ჩემპიონი ვაზარიზე დააგდო. არაგველებს დანებება არ გვჩვევიაო, და ლაშამ მალევე აუღო საპასუხო ვაზარი და იაპონელის დაწყებულ ილეთს კონტრილეთი შეაგება. ფაქტობრივად, ჰაერში მყოფმა მოასწრო ფეხის გამოკვრაცა და სახტად დარჩენილი იაპონელის სათავისოდ გადაქაჩვაც! ოლიმპიური ჩემპიონობის აღმნიშვნელი ოქროსფერი არშია, მინიმუმ ოთხი წელი ბექაურის კიმონოზე იქნება!
სულ ამან უნდა მოიგოს?!
არც მურა(ო)სი გვეშინია, არც მგლებისა. დიახ, თავის არჩივ მგელს მეორე დღეს ილია სულამანიძემაც გამოუყვანა წირვა - მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი (ჭოფლ - მგელი, ინგ.) გაუყენა კუდიგორის გზას, ფინალამდეც ერთი ამოსუნთქვით მივიდა, მაგრამ... რაც ფინალური შეხვედრის ბოლო წამებზე მოხდა, ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ! უპირველესად კი თვითონ ილიამ და მისი მონაცემების გათვალისწინებით, ასეც იქნება და პარიზულ ვერცხლს სულამანიძე უკვე ლოს-ანჯელესში "გადაცვლის" უმაღლესი სინჯის მედალზე... პარიზის ოლიმპიადამ დაგვარწმუნა, რომ 23 წლის ასაკში ილია უკვე ზრდასრული, დაღვინებული მოჭიდავეა! ვიღაც იტყვის, განა ოლიმპიური ოქრო სწორედ გამოუცდელობის თუ ბავშვური შეცდომის გამო არ დაკარგაო?! ოქრომდე დარჩენილ წამებში ზედიზედ ორი გაფრთხილების მიღება მართლაც ამას ჰგავს, თუმცა... მთელი ტურნირის განმავლობაში ნაჩვენები ჭიდაობით თუ ვიმსჯელებთ, სულამანიძე უკვე ძალიან არის გაზრდილი! ილია საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და მაშინვე დააიპონა იტალიელი ჯენარო პირელი. სულ კუდით ქვა ასროლინა იაპონელ "მგელ" აარონ ვოლფს - მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ჯერ ვაზარიზე დააგდო და შებოჭვის შემდეგ კინაღამ იქვე მოუმთავრა საქმე, საბოლოოდ კი ისე მოუგო, ხელი არ გაანძრევინა. სულამანიძემ სარეკორდო დროში მოიგო ნახევარფინალური შეხვედრაც - ორთაბრძოლა 11 წამის დაწყებული იყო, როცა აიხი ბეჭებზე გააკრა! სამწუხაროდ, ფინალში ა(ი)ხი აღარ იყო. გადამწყვეტ მატჩში სულამანიძის პირისპირ აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ზელიმ კოცოევი დადგა და შეულამაზებლად შემიძლია ვთქვა, ოლიმპიური ოქროს მედალი დაუმსახურებლად, "მწიფე მსხალივით" ჩაუვარდა ხელში... სულამანიძე-კოცოევის დაპირისპირებაში საერთო ანგარიში 2-2 იყო, თანაც, ბოლო ორი შეხვედრა სწორედ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ზელიმის გამარჯვებით დასრულდა და ამის გამო ფინალს შიშნარევი მოლოდინით შევხვდით ყველა... ილიას გარდა! სულამანიძემ ორთაბრძოლის დაწყებიდან წუთიც არ იყო გასული, მეტოქე რომ აიტაცა და... ერთი შეხედვით, ორივე ბეჭით დააგდო ტატამზე. მსაჯებმა გდება ვაზარით შეაფასეს და კოცოევს გაფრთხილებაც მისცეს, ქართველი ქომაგი კი ნამატჩევს დანანებით იტყვის, იპონი გვეკუთვნოდა, მსაჯებს საქმე ბოლო წამებამდე არ უნდა მიეყვანათო... დიახ, ის ეპიზოდი იპონს ძალიან ჰგავდა, მაგრამ... ტატამზე დაცემამდე ზელიმმა ორივე იდაყვის დაყოლება მოასწრო და მსაჯებმაც მხოლოდ ვაზარი გაიმეტეს...
ოლიმპიადებზე არაერთხელ გვინახავს ორმაგი სტანდარტი მსაჯების შესრულებით. რაღა შორს წავიდეთ, აგერ პარიზულ ტატამზეც არაერთხელ უცდიათ "ჭიდაობა" ისეთი სპორტსმენებისთვის, "შიდოს" (გაფრთხილება) აშკარად რომ იმსახურებდნენ. სულამანიძის შემთხვევაში კი, მაშინ, როცა ქართველმა ფალავანმა მთელი ორთაბრძოლის განმავლობაში ხელი არ გაანძრევინა მსოფლიო ჩემპიონ მეტოქეს, ბოლო 20 წამში ორი გაფრთხილება დაინახეს... ლოგიკური იყო თუ არა ბოლო წამზე მიღებული "შიდო"? წესების თანახმად, ალბათ, კი... ილიას ხელი დაუსხლტა მეტოქის კიმონოს დაჭერისას, ამის გამო "ჩავარდა". ოქროს გარეშე დარჩენა ილიამ, ალბათ, მაინც თავის თავს უნდა დააბრალოს. ისიც ცხადია, რომ ყველა ჩვენგანზე მეტად სწორედ მას სურდა გამარჯვება, მაგრამ მოდი, ცუდზე ნუღარ ვიფიქრებთ და ვერცხლის მედლით გავიხაროთ.

მძიმე დასასრული
ძიუდოს ტურნირის მძიმე წონა ყველანაირი გაგებით "მძიმე" გამოდგა ჩვენთვის: გურამ თუშიშვილისგან მედალს ველოდით, მისი და ლეგენდარული ტედი რინერის ორთაბრძოლა კი სკანდალით და დისკვალიფიკაციით დასრულდა!
ტედი რინერი ძიუდოს ლეგენდაა - ოთხგზის ოლიმპიური (მათ შორის ერთხელ გუნდურში), მსოფლიოს თორმეტგზის (!) და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, წლების განმავლობაში დაუმარცხებელი ფალავანი... 35 წლის არის და ჯერ კიდევ ოლიმპიადის დაწყებამდე თქვა, რომ სამშობლოში გამართული ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს. კარგ კაცად და ქართველების მეგობრადაც ვიცნობდით.
სამწუხაროდ, სწორედ ტედი რინერთან შეხვედრას მოჰყვა თუშიშვილის მარცხი და დისკვალიფიკაცია - თანაბარი ორთაბრძოლის ფონზე სახელგანთქმულმა ფრანგმა მაინც მოახერხა ქართველის დაჭერა, ჩავლება, ილეთი და... იპონი.
აი, მერე რა მოხდა, რთული დასადგენია. კადრებში ისე ჩანს, ბეჭებზე დაგდების შემდეგ ფრანგმა გურამს ყელში ხელი წაუჭირა, მერე კი ზედ დაადგა და ენა გამოუყო... იხუმრა თუ გულში ჩარჩენილი ბოღმა ამოუშვა, ვერ გეტყვით, ფაქტი კი ისაა, რომ თუშიშვილმა პასუხი მოსთხოვა, რინერის გამოდებულ ფეხს კი ფეხის მიკვრითვე უპასუხა და... შედეგად გურამ თუშიშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს, რეპეჟაშში მონაწილეობის (და შესაბამისად, ბრინჯაოსთვის ბრძოლის) უფლება ჩამოართვეს, გუნდურ შეჯიბრებაში ჭიდაობა აუკრძალეს და საერთოდაც, სანამ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუშიშვილისთვის ყველა ტურნირის კარი დაკეტილია.
გურამისთვის რინერი მთავარი კონკურენტია. პარიზშიც თანაბრადაც ეჭიდავა და გასაგებია, რომ მარცხმა ძალიან დასწყვიტა გული, ოღონდ... პროვოკაციას მაინც არ უნდა აჰყოლოდა. შეურაცხყოფის (თუ ასეთი რამ მართლაც იყო) მოთმენას არავინ ითხოვს, მაგრამ, ალბათ, შეიძლებოდა თავის მოთოკვაცა და რინერისთვის პასუხის სხვა ფორმით მოთხოვნაც...
რინერი დიდი ჩემპიონია, მაგრამ უღირსი კაცი ყოფილაო, ამბობს ქართველი გულშემატკივრის უმეტესობა. შესაძლოა, მაგრამ ფრანგმა ბრძოლაც გააგრძელა და ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, გურამმა კი დაკარგა ოლიმპიური მედლის მოპოვების უფლება, თანაგუნდელებს გუნდურ შეჯიბრებაშიც გამოაკლდა.
შერეული გუნდური შეჯიბრების მძიმე წონაში თუშიშვილი ილია სულამანიძემ ჩაანაცვლა და თავისი ორთაბრძოლა მოუგო კიდეც ჯენარო პირელის, მაგრამ... დაძაბულ ორთაბრძოლაში იტალიასთან დავმარცხდით და ქართველმა ძიუდოისტებმა პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულეს...
ოლიმპიადის დარჩენილი გრაფიკი ასეთია:
ორშაბათი. 5 აგვისტო
კრივი. -92 კგ. ვაჟები
გიორგი ყუშიტაშვილი
19:38-დან: ნახევარფინალი
სამშაბათი. 6 აგვისტო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
-97 კგ. ვაჟები
რობერტ კობლიაშვილი
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:50-დან: 1/4 ფინალი
20:35-დან: ნახევარფინალი
ოთხშაბათი. 7 აგვისტო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. -97 კგ.
რობერტ კობლიაშვილი
13:00-დან: რეპეშაჟი
22:05-დან: ფინალური ბლოკი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
-67 კგ. ვაჟები
რამაზ ზოიძე
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:50-დან: 1/4 ფინალი
20:15-დან: ნახევარფინალი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
-87 კგ. ვაჟები
ლაშა გობაძე
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:50-დან: 1/4 ფინალი
20:35-დან: ნახევარფინალი
ძალოსნობა. -61 კგ. ვაჟები
შოთა მიშველიძე
17:00-დან:
კრივი. 63.5 კგ. ვაჟები
ლაშა გურული
00:34-დან: ფინალი
ხუთშაბათი. 8 აგვისტო
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
-67 კგ. ვაჟები
რამაზ ზოიძე
13:00-დან: რეპეშაჟი
21:30-დან: ფინალური ბლოკი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
-87 კგ. ვაჟები
ლაშა გობაძე
13:00-დან: რეპეშაჟი
22:05-დან: ფინალური ბლოკი
თავისუფალი ჭიდაობა.
-86 კგ. ვაჟები
ვლადიმერ გამყრელიძე
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:5-დან: ¼ ფინალი
20:35-დან: ნახევარფინალი
პარასკევი. 9 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა.
-86 კგ. ვაჟები
ვლადიმერ გამყრელიძე
13:00-დან: რეპეშაჟი
22:05-დან: ფინალური ბლოკი
თავისუფალი ჭიდაობა.
-125 კგ. ვაჟები
გენო პეტრიაშვილი
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:50-დან: 1/4 ფინალი
20:35-დან: ნახევარფინალი
კრივი. -92 კგ. ვაჟები
გიორგი ყუშიტაშვილი
00:34-დან: ფინალი
შაბათი. 10 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა.
-125 კგ. ვაჟები
გენო პეტრიაშვილი
13:00-დან: რეპეშაჟი
22:05-დან: ფინალური ბლოკი
თავისუფალი ჭიდაობა.
-65 კგ. ვაჟები
გოდერძი ძებისაშვილი
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:50-დან: 1/4 ფინალი
20:15-დან: ნახევარფინალი
თავისუფალი ჭიდაობა.
-97 კგ. ვაჟები
გივი მაჭარაშვილი
13:30-დან: 1/8 ფინალი
14:50-დან: 1/4 ფინალი
20:35-დან: ნახევარფინალი
ძალოსნობა. -102 კგ. ვაჟები
ირაკლი ჩხეიძე
13:30-დან:
ძალოსნობა. +102 კგ. ვაჟები
ლაშა ტალახაძე
22:30-დან:
კვირა. 11 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა.
-65 კგ. ვაჟები
გოდერძი ძებისაშვილი
13:00-დან: რეპეშაჟი
14:00-დან: ფინალური ბლოკი
თავისუფალი ჭიდაობა.
-97 კგ. ვაჟები
გივი მაჭარაშვილი
13:00-დან: რეპეშაჟი
14:35-დან: ფინალური ბლოკი