"იმხანად იმდენად მიჭირდა, რომ ზოგჯერ პურის ფულიც არ მქონდა. ერთ დღესაც ფრანგული "ვოგიდან" დამიკავშირდნენ და მთხოვეს, ვენესუელიდან გამეკეთებინა ფოტორეპორტაჟი"
"ერთ დღეს რომის სასტუმროში შევნიშნე ქალი, მაღალი, გრძელი ქურთუკით, მაღალი ჩექმებით, ვინაობა ვიკითხე და გერმანელი მოდელი ვერუშკა ფონ ლენდორფი აღმოჩნდა. მაშინ ჯერ არ იყო პოპულარული. გავიცანი, დიდხანს ვისაუბრეთ, თავისი სიმაღლის რცხვენოდა, სკამის ქვეშ მალავდა ფეხებს. ჩვენი პირველი შეხვედრისას დრო ისე სწრაფად გავიდა, რომ ვერ შევნიშნეთ, როდის დაიკეტა რესტორანი. ამ შეხვედრის შემდეგ განუყრელები გავხდით, მომდევნო ცხრა წელი ერთმანეთის გარეშე არ გვიცხოვრია", - იხსენებს იტალიელი ფოტოგრაფი ფრანკო რუბარტელი, რომელმაც გერმანელ ფოტომოდელ ვერუშკასთან ერთად მოდის ინდუსტრიაში ეპოქა შექმნა. 1960-იან წლებში ფრანკოს გადაღებული ფოტოები კვლავ პოპულარულია და ახალი თაობისთვის შთაგონებაა. ბევრისთვის კი უცნობია, რომ ლეოპარდის პრინტი, რომელიც ახლა თითქმის ყოველი მეორე გოგონას სამოსის ნაწილია, წლების წინ სწორედ ფრანკომ და ვერუშკამ დაამკვიდრეს მოდაში. ასე რომ, ფრაზას, "ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო", არაფერი ისე არ ამართლებს, როგორც წინა საუკუნის მოდური ფოტოსესიების შინაარსი. ფრანკო რუბარტელი "კვირის პალიტრის" კითხვებს კუნძულ მარგარიტადან პასუხობს და იხსენებს იმ წლებს, როდესაც პარიზის "ვოგის" ყდაზე მხოლოდ მისი და ვერუშკას მიერ შექმნილი ფოტოები იბეჭდებოდა.
ფოტოსესია უდაბნოში
- 1968 წლის ზაფხულია, ივლისი, "ვოგის" გადაღებებისთვის ვმუშაობთ. ყოველ დილას ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდიოდით, ვერუშკა თითქმის შიშველი დიდხანს პოზირებდა კამერის წინ და იტალიელი დიზაინერი ჯორჯო სამოსს არგებდა. საოცარი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. წარმოიდგინეთ, ქვიშაში ჩვენ გარშემო რამდენიმე მეტრი ქსოვილი იყო დაAფენილი, ჯორჯო ჭრიდა და ვერუშკას არგებდა. დიდი გრძელი სარკე გვქონდა, რომ მოდელს საკუთარი სხეულისთვის შეეხედა. გადაღება დილაადრიან იწყებოდა, სანამ აუტანელი სიცხე ჩამოწვებოდა. მე სულ ვბუზღუნებდი, რადგან ძალიან მკვეთრი განათება ხელს მიშლიდა. დილის ათი საათის შემდეგ შეუძლებელი იყო მუშაობა, 4-ის შემდეგ, როდესაც უდაბნოს მკვეთრ შუქს ოქროსფერი შეერეოდა, ისევ ვაგრძელებდით. ჯორჯოს უყვარდა ფერები და მათი შეხამება. ერთ-ერთი ფოტოგადაღების დროს რამდენიმე ქსოვილი ერთად მოახვია ვერუშკას და გამოვიდა ძალიან განსხვავებული სამოსი. ჯორჯო არ ჰგავდა სხვა დიზაინერებს, თავისი ორიგინალური სტილი და ხედვა ჰქონდა. ფლორენციაში დაიბადა, მაგრამ ქვეყნის გარეთ გაატარა თინეიჯერობის პერიოდი, ამიტომ იტალიური ცოტა დავიწყებული ჰქონდა და ძალიან სასაცილოდ გამოთქვამდა ფრაზებს. საოცარი წარმოსახვის უნარი ჰქონდა. გარდა ამისა, სასიამოვნო კომპანიონიც იყო, ერთადერთი მისი ნაკლი უზომოდ ბევრი სიგარეტის მოწევა იყო. ჩვენ სამნი დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით კრეატიული ჯგუფი, რომელიც "ვოგისთვის" მუშაობდა. ბევრი საათი გაგვიტარებია ხატვაში, იდეების ჩამოყალიბებაში...
ვერუშკას ოჯახს ტრაგიკული ისტორია აქვს. მამამისი ჰიტლერის მკვლელობის მცდელობისთვის გადაასახლეს, დედა დააპატიმრეს და შემდეგ გამოსასწორებელ ბანაკში გაუშვეს ახალდაბადებულ ბავშვთან ერთად, ვერას დანარჩენი დები კი მიუსაფარ ბავშვთა სახლში გაგზავნეს. ომის დასრულების შემდეგ ოჯახი გამთლიანდა, მაგრამ ხშირად იცვლიდნენ სახლს, დიდ სიდუხჭირეში უწევდათ ცხოვრება. ერთხელ მე და ვერუშკა ჩავედით მისი ოჯახის სანახავად გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს. მათი სახლი ტყის პირას იდგა, ულამაზეს გარემოში.
ღამის სტუმარი
ძალიან ბევრი გადაღება გვქონიდა აფრიკაში. ერთხელაც ღამის გათენება გვიწევს ღია ცის ქვეშ, კარავში, სადაც ყველას ჩვენი დასაწოლი და კოღოებისგან დამცავი ბადე გვაქვს.
წაიკითხეთ სრულად - ფოტოგრაფი, რომელმაც ვერუშკასთან ერთად მოდის ინდუსტრიაში ეპოქა შექმნა