"უფრთხილდით გიურზას!" - სად ბინადრობენ საქართველოში შხამიანი გველები და ბოლოს როდის დაფიქსირდა ქცეწარმავლის კბენით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევა?!
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მამაკაცი გველის ნაკბენით გარდაიცვალა. ინფორმაცია გარდაცვლილის მეუღლემ გაავრცელა მას შემდეგ, რაც მის სხეულზე ორი ნაჩხვლეტი შენიშნა. გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქე იყო, სოფელში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა და შემთხვევის დღეს ტყეში იყო გასული. სასწრაფო დახმარების ბრიგადას თავადვე დაუკავშირდა, როდესაც თავი ცუდად იგრძნო. "სასწრაფო" მალევე მივიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ცოცხალს ვერ მიუსწრეს...
მისი გარდაცვალების მიზეზზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ისიც, რომ ქვეწარმავლების მოყვარული დამკვირვებელი იყო და ჰყავდა შხამიანი ქვეწარმავალი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოიყვანა, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია. შესაბამისად, სოციალურ ქსელში არაერთი კითხვა გაჩნდა, თუ რამდენად მკაცრად რეგულირდება ქვეყანაში ცხოველთა შემოყვანის წესები... ჩვენ ამ საკითხზე ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელს ვესაუბრეთ:
- როგორც ამბობენ, გარდაუვალ სიკვდილს (მკურნალობის გარეშე) მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული გიურზა იწვევს. ერთი ინფორმაციით, ტურისტს თავისივე ჩამოყვანილმა შხამიანმა გველმა უკბინა, შხამიანი გველით საზღვრის გადმოკვეთა კი დაუშვებელია.
- ჩვენში ერთადერთი შხამიანი გველი გიურზაა, რომლის კბენა მკურნალობის გარეშე უპირობოდ ითვლება მომაკვდინებლად. გიურზა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში ბინადრობს, სახელდობრ, შირაქის დაბლობზე. ხშირად გვხვდება დედოფლისწყაროში. გიურზა გველგესლას ოჯახიდანაა. საქართველოს ბინადარი სხვა გველის შხამი მომაკვდინებელი არ არის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნაკბენზე ალერგიული რეაქცია არ განვითარდა.
რაც შეეხება ქვეწარმავლის ან თუნდაც სხვა ეგზოტიკური ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას, ეს შეუძლებელია. საქართველო ჩართულია განვითარებული ქვეყნების ცხოველთა ტრანზიტის წესებში, რომელიც ძალიან მკაცრია და სასჯელსაც ითვალისწინებს. ცხოველთა ტრანზიტმა შესაძლოა არა მხოლოდ ერთ ქვეყანაზე იმოქმედოს ნეგატიურად, არამედ რამდენიმეზეც, ვგულისხმობ დაავადებებს და არა მარტო. იმასაც, რომ ტრანზიტის გამო ცხოველთა რამდენიმე სახეობა გადაშენდა. ასე რომ, ცხოველთა საზღვარზე ტრანზიტისას ექსპორტიორმა ქვეყანამ არაერთი საბუთი უნდა წარმოადგინოს, მათ შორის საერთაშორისო ვეტერინარიული სერტიფიკატი, სავალდებულოა ელექტრონული ფორმითაც, რომელიც გადამოწმდება სოციალურ ქსელში. სერტიფიკატში გაწერილი უნდა იყოს არა მარტო ცხოველის ჯანმრთელობის ყველა დეტალი ან მისი აცრები, არამედ ჯანმრთელობის გარანტიები, რისკები, მისი სავარაუდო ეგზოტიკური დაავადებები, რამაც შესაძლოა რისკი შეუქმნას საქართველოს გარემოს. საბაჟოზე წარდგენილ უნდა იქნეს ცხოველთა მარშრუტის გეგმაც - სად იცხოვრებს ან გადაადგილდება საქართველოში, ქვეყნიდან გავა თუ არა. გათვალისწინებულია რეგიონალიზაციის პრინციპიც და მისი სანიტარიული მოთხოვნებიც. რეგიონს თავისი ფაუნა აქვს, სადაც უცხო ჯიშების არსებობა იმდენად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, რომ ბუნების "ჯაჭვი" არ დაიშალოს და არ განადგურდეს.
- ანუ დედამიწის სხვა კუთხეში მობინადრე გველის ან თუნდაც ვთქვათ, მაიმუნის სახეობა საზღვარს მარტივად ვერ გადმოლახავს.
- ასეა. კანონით, ფაუნის რომელიმე ეგზოტიკური წარმომადგენლის შემოყვანა აკრძალულია. მით უფრო, ადამიანი შხამიანი გველით ვერ გადმოკვეთს საზღვარს, ეს აბსურდია. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასიაში არსებული ქვეწარმავლების 80% უძველესი კავკასიური ჯიშია. რაც შეეხება ამ სამწუხარო შემთხვევას, ექსპერტიზას ჯერ არ დაუდგენია, ეს კაცი ნამდვილად გველის ნაკბენით გარდაიცვალა თუ არა. რამდენადაც ვიცი, ეს ინფორმაცია გარდაცვლილის ცოლმა გაავრცელა, რადგანაც ორი ნაჩხვლეტი შენიშნა, მან ქმრის გატაცების შესახებაც იცოდა - ბუნება უყვარდა, ქვეწარმავლებსაც აკვირდებოდა, დაიჭერდა და უშვებდაო. სავარაუდოდ, მან ისიც იცოდა, რომ დასავლეთ საქართველოში ტიპური შხამიანი გველი არ ბინადრობს და ამიტომაც იქცეოდა ასე. თუ მაინც დადასტურდა ინფორმაცია, რომ გველის ნაკბენით დაიღუპა, ამ შემთხვევაში მან ის შეცდომა დაუშვა, რომ არ გაითვალისწინა ალერგიულობა. საქმე ის არის, დასავლეთ საქართველოს გველგესლას ნაკბენმა შესაძლოა ათი კაციდან ცხრას მკურნალობის გარეშეც არ ავნოს, გარდა იმისა, რომ გასივდეს, ნაკბენი გაულურჯდეს და ა.შ, რაც შეიძლება თავისითაც დაცხრეს (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ექიმს არ უნდა მიმართო). აი, მეათე შემთხვევაში კი გამორიცხული არ არის ტრაგედია მოხდეს, დასავლეთ საქართველოს გველგესლას ნაკბენმა შესაძლოა ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს და ადამიანი სწრაფად დაიღუპოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაა ალერგიული იმ ნივთიერებაზე, რომელიც გველგესლას ნერწყვშია. იგივე ითქმის კრაზანის ნაკბენზეც. მის კბენაზე ზოგიერთს მკურნალობა აზრადაც არ მოსდის. ნაკბენი შესაძლოა გასივდეს, ჩაულურჯდეს, მაგრამ შემდეგ თავისთავად დაცხრეს. ანაფილაქსიური შოკი ბევრი სხვა რამის გამოც ვითარდება, მაგალითად, მედიკამენტითაც, მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ეს იმდენად რთული შემთხვევაა, იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მკურნალობა სწრაფად თუ არ ჩატარდა, შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შოკი მართლაც მოხდა, ანტიალერგიული მედიკამენტების მიღება აუცილებლად სასწრაფოა.
- თვითმკურნალობისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ სპეციალისტების ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკის სამკურნალოდ მედიკამენტ დექსამეტაზონის გამოყენებაა აუცილებელი.
- იყენებენ სხვა მედიკამენტებსაც. დექსამეტაზონის გამოყენება ანაფილაქსიური შოკის დროს ყველაზე გავრცელებული მეთოდია. თუმცა სიფრთხილეა საჭირო, ამ მედიკამენტის გამოყენებაც რისკს შეიცავს.
- თუ არ ვცდები, ჩვენში გიურზას ნაკბენით გარდაცვალების შემთხვევა დიდი ხანია არ ყოფილა...
- როგორც ვთქვი, გიურზას შხამი ყველა შემთხვევაში სასიკვდილოა, თუ მკურნალობა არ ჩატარდა. ლეტალური დასასრული გიურზას ნაკბენისაგან დაახლოებით 6 საათში დგება და ამ დროში ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია. მოსახლეობაში გიურზას ყველაზე ხშირად დედოფლისწყაროში ვხვდებით. საბედნიეროდ, მისი ნაკბენისაგან წლებია აღარავინ დაღუპულა. ბოლო შემთხვევა 15 წლის წინ დასრულდა ლეტალურად, როდესაც გიურზას ნაკბენით და ექიმების გულგრილობით ბავშვი დაიღუპა, მკურნალობა დროზე არ ჩაუტარდა.
- ხომ შეიძლება გიურზა აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვდეს და გარდაცვლილი მას დაეკბინა?
- აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში გიურზას მოხვედრა დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ ნავმა ხმელეთზე იცუროს. გამორიცხული არაფერია, შეიძლება გიურზა სატრანსპორტო საშუალებაში შეძვრეს და ფარულად გადაადგილდეს, მაგრამ მას დასავლეთ საქართველოს გარემო პირობებთან შეგუება არ შეუძლია. ეს შემთხვევაც რომ არ ყოფილიყო, როგორც გითხარით, კაცს 6 საათი მაინც აქვს გადასარჩენად, დაუკავშირდებოდა სამედიცინო პერსონალს და აუცილებლად გადარჩებოდა...