ცეცხლისწამკიდებლები: როგორ იყენებს პუტინი უკრაინელ არასრულწლოვნებს დივერსანტებად - რა ხდება ღამღამობით უკრაინულ ქალაქებში?! - კვირის პალიტრა

ცეცხლისწამკიდებლები: როგორ იყენებს პუტინი უკრაინელ არასრულწლოვნებს დივერსანტებად - რა ხდება ღამღამობით უკრაინულ ქალაქებში?!

ღამე არ გავა, რომ ომში მყოფი უკრაინის ქალაქების ქუჩებში მდგარ რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი არ გაუჩნდეს, თუმცა ეს რუსების გამოშვებული „შაჰიდებისა“ თუ „ისკანდერების“აფეთქებების შედეგი როდია... უკვე მერამდენე თვეა, ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში მდებარე უკრაინის ქალაქების ქუჩებში ღამღამობით ცეცხლი „ეკიდება“ მაინცდამაინც უკრაინელი სამხედროების მსუბუქ და მაღალი გამავლობის ავტომობილებს, ასევე - მიკროავტობუსებს, რომლებიც სხვა მოქალაქეების მანქანებისგან განსხვავდებიან სახელმწიფო ნომრებით ან კამუფლირებული შეფერილობით.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სამხედროებმა თავიანთ მანქანებზე ასეთი წარწერები გააკეთეს - Я НЕ З ТЦК , Я ВСУ - რაც ქართულად ნიშნავს - მე კომპლექტაციისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრიდან (ფაქტობრივად, უკრაინული სამხედრო კომისარიატი) არ ვარ, მე უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან ვარ... ამით უკრაინელმა სამხედროებმა სცადეს გამიჯნოდნენ "ტცკ"-ს, იმ სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად ქუჩაში ძალით იჭერენ გამვლელ მამაკაცებს და მათ მიკროავტობუსებში ცემა-ტყეპით ტენიან, რათა გამწვევ პუნქტში წაიყვანონ და ასე შეასრულონ მობილიზაციის გეგმა. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად გასაგები ხდება უკრაინის მოსახლეობის ნაწილის უკურეაქციაც, როდესაც ისინი ცდილობენ, შური იძიონ "ტცკ"-ზე...

1-xan-1722845816.jpg
უკრაინელი სამხედროების მორიგი მანქანა, რომელიც მოწინააღმდეგის ჭურვის მოხვედრის გამო კი არა, არამედ თავისივე მოქალაქის მიერ სპეციალურად წაკიდებული ცეცხლის გამო იწვის...

უკრაინის ქალაქებში უკვე რამდენიმე ასეული ასეთი შემთხვევა მოხდა, დაკავებულია 60-ზე მეტი ცეცხლის წამკიდებელი, რომლებსაც 8 წელი ციხე ან, სულაც, უვადო პატიმრობაც კი ემუქრებათ, თუკი მათ მიერ სპეციალურად გაჩენილმა ხანძარმა მსხვერპლიც გამოიწვია. უკრაინული ქალაქების ღამის ქუჩებში მდგარი სამხედროების მანქანების დაწვამ ძალზე სერიოზული მასშტაბები მიიღო და ის დაემსგავსა „მეორე ფრონტის“ გახსნას ფრონტის ხაზის ღრმა ზურგში, რასაც უკვე კარგად ორგანიზებული დივერსიების კვალი ამჩნევია. როგორც უკრაინულმა გამოძიებამ დაადგინა, მარტო "ტცკ"-ზე გაბრაზებულები როდი წვავენ სამხედროების მანქანებს! დანაშაულის ადგილზე ცეცხლგამჩენი ხსნარით ხელში დაკავებულების დაკითხვისას გამოჩნდა, რომ ამას ისინი... გასამრჯელოს, 20-40 ათასი უკრაინული გრივნის საფასურად აკეთებენ! 488-977 აშშ დოლარის გადახდას კი, მათ, თურმე, ინტერნეტის სოციალურ ქსელებში დაჰპირდნენ, თუკი უკრაინის ქალაქებში სამხედროების მანქანებს ცეცხლს წაუკიდებდნენ და ამის ამსახველ ვიდეოკადრებს გაუგზავნიდნენ...

დიდი გამოძიება არ სჭირდება იმას, რომ ყველაფერი ამის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან, რომლებიც დიდი დაკვირვებით ეცნობიან უკრაინულ სოციალურ ქსელებს (სხვათა შორის, ისევე, როგორც ქართულ სოციალურ ქსელებს) და ირჩევენ იმ მომხმარებლებს, რომლებიც პოტენციურად გამოდგებიან ასეთი დანაშაულებრივი დავალების შესასრულებლად, განსაკუთრებით ეძებენ ონლაინკაზინოების საიტებზე მოთამაშეებს, რომლებსაც ყოველთვის სჭირდებათ ფული, თუნდაც მცირე რაოდენობით მაინც, რომ მორიგი ფსონი დადონ და ამისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელები, რადგანაც ესეც თავისებური ნარკომანიაა...

2-xan-1722845792.png
მაღალი გამავლობის მანქანები ომში ისევე საჭიროა, როგორც ჯავშანტექნიკა და ამიტომაც ამ მანქანების სპეციალურად დაწვა, მტრის მხარეს ბრძოლის ტოლფასია...

უხდიან თუ არა შეპირებულ ფულს უკრაინელი სამხედროების მორიგი მანქანების დაწვისთვის რუსული სპეცსამსახურები, ძნელი სათქმელია, რადგან უკრაინის პოლიციამ და სპეცსამსახურებმა ნამდვილი ღამისეული ნადირობა გამოაცხადეს „მანქანების ცეცხლის წამკიდებლებზე“... უფრო უარესიც, უკრაინის არმიის მესამე მოიერიშე ბრიგადის, ყოფილი „აზოვის“ მეთაურობამ თავიანთ სამხედროებს ნება დართო, გამოიყენონ იარაღი ასეთი ცეცხლწამკიდებლების შესაჩერებლად, თუმცა ეს ეწინააღმდეგება უკრაინის კანონებს...

მით უმეტეს, თუკი ამას არასრულწლოვნები ჩადიან. არადა, რუსული სპეცსამსახურები უკრაინელი სამხედროების მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებაზე სწორედ უკრაინაში მაცხოვრებელ არასრულწლოვნებს აქეზებენ - რომც დაგიჭირონ, არასრულწლოვნებს ციხეშიც კი ვერ ჩაგსვამენო...

3-xan-1722845771.jpg
უკრაინელი პოლიციელები იჭერენ სამხედროების მანქანების ცეცხლისწამკიდებლებს, ხოლო თავად სამხედროების ნაწილი კი მზადაა, ადგილზე ლიკვიდაცია მოახდინოს, თუკი ვინმე მათი მანქანის დაწვას განიზრახავს...

საგულისხმოა, რომ ინტერნეტის სოციალური ქსელების საშუალებით მოქალაქეების წაქეზება, ცეცხლის წასაკიდებლად, თავდაპირველად შეიძლება თავად უკრაინულმა სპეცსამსახურებმაც კი გამოიყენეს, როდესაც რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე რუსეთის რეგიონებში მომრავლდა სამხედრო კომისარიატების შენობებისთვის ხანძრის გაჩენის მცდელობები, ზოგჯერ - წარმატებული და ზოგჯერ -წარუმატებელიც... და რაც ყველაზე საოცარია, ცეცხლისწამკიდებლების როლში, ძირითადად, პენსიონერები გამოდიოდნენ, რომლებიც სატელეფონო საუბრებში უცნობმა პირებმა (რომლებიც რუსეთის პოლიციის ან "ეფ-ეს-ბეს" წარმომადგენლებად ეცნობოდნენ) ამის გაკეთებაში დაარწმუნეს... თუმცა იყვნენ ისეთი პირებიც, რომლებმაც უკრაინის ფრონტზე თავიანთი ახლობლების დაღუპვის გამო, რუსეთის ხელისუფლებაზე შურის საძიებლად სამხედრო კომისარიატების (საიდანაც მათი ახლობლები ომში გაიწვიეს) დაწვა განიზრახეს...

უკრაინის პოლიციამ დღეისათვის სამხედრო მანქანების 68 ცეცხლისწამკიდებელი დააკავა, თუმცა ხანძრის გაჩენის ფაქტები კვლავ ხდება - უკრაინის ქალაქების მაცხოვრებლები კი უსაფრთხოების თავისებურ წესებს მიმართავენ და ცდილობენ, თავიანთი მანქანები ღამით რაც შეიძლება შორს დააყენონ, სამხედრონომრიანი ავტომობილებისგან...