"არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის ერასმუსის პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს - თუ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ხარ, მაშინ ევროპაში არაფერი გესაქმება"
„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს, - ამის შესახებ „ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ფორმულას“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
მანჯაგალაძის თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის 95 - მილიონიანი და ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსების შემდეგ, შესაძლოა ქვეყანაში მოქმედი 100-მდე პროექტიც შეჩერდეს, რაც მისი თქმით, სიღარიბესა და კიდევ უფრო დიდ ემიგრაციას გამოიწვევს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს. ვნახეთ 95 მილიონიანი, ამერიკის შეერთებული შტატების შეჩერებული დაფინანსება, ევროპელი პარტნიორების მხრიდან პროგრამების შეჩერება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს საქართველოში მოქმედებს 10 მილიარდი ლარის ღირებულების, 100-მდე პროექტი, ეს პროექტები თუ შეჩერდება, საქართველოს სიღარიბე და უმუშევრობა ემუქრება და კიდევ უფრო მეტ ქართველს მოუწევს ქვეყნის დატოვება. თუ ხელისუფლება შეიცვლება, კიდევ 14 მილიარდს მიიღებს საქართველო, 4 წლის განმავლობაში, რაც სიღარიბის დამარცხებისა და ქართველების საქართველოში დაბრუნების წინაპირობა იქნება.
არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის "ერასმუსის" პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს, იმიტომ, რომ შენ თუ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ხარ, მაშინ არაფერი არ გესაქმება ევროპაში, უნდა წახვიდე ვენესუელაში ან ირანში. "ქართულმა ოცნებამ" ნათლად თქვა, “დასავლელი პარტნიორები არ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეგობრები არიან ირანი, "ჰეზბოლა", ვენესუელაო“.
ლუგარი ამერიკელების დაფინანსებული და შექმნილი პროექტია. ეს ლაბორატორია რომ არა, პანდემიის დროს, კოვიდ ანალიზების გაკეთება გაგვიჭირდებოდა.
იმ 95 მილიონიანი დაფინანსებით, შესაძლებელი იყო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის 10-იანი ზრდა. ასევე შეგვიძლია ამ 95 მილიონით გადავიხადოთ ყველა პენსიონერის საბანკო დავალიანება.
როგორც კი ხელისუფლება ამ პოლიტიკას გააგრძელებს, საქართველო ჩაიკეტება და ამას სიღარიბე, ინვესტორთა და მოქალაქეების ქვეყნიდან წასვლა მოჰყვება. ამ ხელისუფლების ყველა დღე ავის და ცუდის მომტანია საქართველოსთვის და მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
IPN