ვინ არიან ის აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურ ენაში მაქსიმალური ქულა მიიღეს?
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. დღეს მომავალმა სტუდენტებმა უცხოურ ენაში მიღებული ქულა გაიგეს. ტრადიციულად, მაქსიმალური შეფასების მქონე რამდენიმე აბიტურიენტს გაგაცნობთ:
ლუკა ალადაშვილმა ქართულ-ამერიკული სკოლა დაამთავრა. ბიზნესის ადმინისტრირებისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ინგლისურ ენაშიც და ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მან მაქსიმალური ქულები მიიღო და საკუთარი წარმატების შესახებ გვიყვება:
- ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვსწავლობდი და ინგლისურს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურში გამოყენებული ტესტი იმაზე გაცილებით მარტივი იყო, რასაც სკოლაში ვაკეთებდით. აქამდეც ყოველთვის ვშრომობდი და სისტემატურად ვმეცადინეობდი. ვცდილობდი, ფილმები ინგლისურად მენახა, რაც, ვფიქრობ, ენის გაუმჯობესებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს.
მნიშვნელოვანია, წინა წლებში გამოყენებული ტესტები კარგად შევისწავლოთ. თავად ეს ძალიან დამეხმარა, რომ დავალებების სტილი გამეგო და გამომეყენებინა.
ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაქსიმალური ქულა მივიღე, რაც ვფიქრობ, მასწავლებლის უდიდესი დამსახურებაა. რა თქმა უნდა, თავადაც ბევრი ვიშრომე და მოვინდომე. სკოლაში ბოლომდე ვიხარჯებოდით და ამ გამოცდილებამ და შრომამ შედეგი გამოიღო.
აბიტურიენტებს კი მინდა ვუთხრა, რომ პროგრამული ნაწილის სწავლის პარალელურად, პირად მონდომებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თავადაც, დამოუკიდებლად, რაღაცების ძიებას დავიწყებთ და მხოლოდ მასწავლებლის მიერ მოცემულ დავალებებზე არ ვკონცენტრირდებით, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ.
ანა ტატუნაშვილმა 113-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და მომავალში მასწავლებლობას აპირებს.
- ველოდი უმაღლეს ქულას, გული დამწყდებოდა, რომ არ ამეღო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ავიღებდი. ყველანაირად ვცდილობდი, მასწავლებელიც ხელს მიწყობდა, კმაყოფილი იყო ჩემი შრომით და შედეგიც სახეზეა. აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და იფიქრონ მხოლოდ წინსვლაზე.
მარიამ მჭედლიძე 138-ე სკოლის კურსდამთავრებულია, მან ინგლისურში 70/70 ქულა მიიღო, ასევე მაღალი შეფასება დაიმსახურა ქართულსა და ისტორიაში:
- უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს, განსაკუთრებით, სასწავლო-მოსამზადებელ ცენტრ "დელტოს". როცა ბევრს შრომობ, ეს აუცილებლად გიფასდება. რაღა დაგიმალოთ და ველოდი მაღალ შეფასებებს, წინ სტუდენტობაა, დიდი გეგმები მაქვს, ძალისხმევას არ დავზოგავ მათ განსახორციელებლად. წაიკითხეთ სრულად MSHOBLEBI.GE-ზე