ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც კა-გე-ბეს არქივებში იმალება - "დედა ნახე, მამა ნახე" ანუ აგენტების საოჯახო დინასტიები - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც კა-გე-ბეს არქივებში იმალება - "დედა ნახე, მამა ნახე" ანუ აგენტების საოჯახო დინასტიები

პატიმართა „დიდ გაცვლას“ უკვე რამდენიმე თვეა, ველოდით: აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე ამ ხანგრძლივ მოლაპარაკებებში ამერიკის მხრიდან ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი მონაწილეობდა, რუსეთის მხრიდან კი, ჩემი აზრით, მთელ პროცესს პირადად დიქტატორი პუტინი აკონტროლებდა. რუსეთმა მაინც თავისი გაიტანა და გაცვლის სიაში გერმანიაში დაკავებული რუსი კილერი კრასიკოვიც „ჩასვა“. ამ თემას შემდეგ დავუბრუნდები, ახლა კი ერთს ვიტყვი: პუტინი რუსეთში მყოფ ყველა სხვა ქვეყნის (უპირველესად, აშშ-ის) მოქალაქეს, მიუხედავად მათი სტატუსისა, მძევლად განიხილავს და მათ დასაპატიმრებლად არანაირ საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ დაგიდევთ. ამიტომ ის მომავალშიც ეცდება, რუსი კილერები (მით უფრო, თუ ისინი დავალებას შეასრულებენ) უცხოელ ჟურნალისტებში, სპორტსმენებში თუ უბრალო ტურისტებში და, ასევე, რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებში გაცვალოს. სამწუხაროდ, პუტინმა ამ „ბიზნესს“ უკვე კარგად აუღო ალღო.

ყურადსაღები ინფორმაცია მოვიდა მოლდოვიდანაც, სადაც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, ორი მაღალჩინოსანი (მათ შორის ერთ-ერთი მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელია) დააკავეს. ამ აქტუალურ თემასაც აუცილებლად მივუბრუნდები.

დღეს კი მინდა, კვლავ საოჯახო დინასტიებზე ვისაუბრო. მეცნიერების, პოეტების, მწერლების, სპორტსმენების, მუსიკოსების და ა.შ. შემოქმედებითი ტრადიციების მათი შთამომავლების მიერ გაგრძელება, ყოველთვის იყო განსჯის საგანი: დედა უკეთესი მომღერალი იყო თუ ქალიშვილი? მამა უფრო მაგარი ფეხბურთელი იყო თუ შვილი? - ამგვარი კითხვები იყო, არის და მუდამ იქნება. თუმცა ხომ გაგიგონიათ: „გენიოსების შვილებზე ბუნება ისვენებსო“ - მართლაც ძალზე იშვიათია შემთხვევა, როდესაც გენიოსის შვილი, თავადაც გენიალურ კვალს ტოვებს ისტორიაში. ერთადერთი იშვიათი გამონაკლისი, სადაც რამდენიმე თაობამ შეიძლება „წარმატებით“ გააგრძელოს საოჯახო ტრადიციები, – ჯაშუშობაა! სწორედ ამ სფეროში ვხედავთ „უმაღლეს შედეგებს“, თუმცა ამის შესახებ სპეცსამსახურების არქივები მხოლოდ ათწლეულების შემდეგ „ამეტყველდებიან“.

ყველაზე დიდი საიდუმლო, რაც კა-გე-ბე/გე-ერ-უს არქივებში იმალება, „გავლენის აგენტების“ საოჯახო დინასტიების აგენტურული საქმეების ამსახველი დოკუმენტებია. როგორც სპეცსამსახურების თანამშრომლების საოჯახო დინასტიები არსებობს (როდესაც რამდენიმე თაობა სპეცსამსახურში მსახურობს), ასევე, „გავლენის აგენტების“ საოჯახო დინასტიებიც არსებობს: როცა თაობები დგანან უცხო ქვეყნის სამსახურში. ეს ყველა სპეცსამსახურის საოცნებო ვარიანტია: მათთვის განსაკუთრებით ფასეულია ის გარემოება, რომ სამშობლოს გაყიდვის „საოჯახო ბიზნესი“ უკვე მხოლოდ ერთი აგენტის თავსატეხი არაა და მთელი ოჯახია ჩართული ამ საქმეში. ამ დროს აგენტის „ჩავარდნის“ შანსიც მცირდება და მისი ეფექტიანობაც იზრდება.

სპეცსამსახურისთვის ნებისმიერი აგენტის მართვა-მანიპულირება ურთულესი ამოცანაა, განსაკუთრებით - „გავლენის აგენტის“ საჭირო მიმართულებით „წაყვანაა“ რთული საქმე. რატომ? იმიტომ, რომ მის მოტივაციას, დიდწილად, ფსიქოლოგიური ფაქტორები (პატივმოყვარეობა და გაასმაგებული ეგო) წარმართავენ, ვიდრე - მატერიალური დაინტერესება. „გავლენის აგენტი“ ისეთივე სათუთ მოპყრობას მოითხოვს, როგორც ჩინური ფაიფური: ოდნავი გაუფრთხილებლობა და „ოქროს ჩიტი“ გალიიდან გაფრინდება. ჯაშუშობის ისტორია გვიჩვენებს, რომ უმართავი „გავლენის აგენტი“ დიდი პრობლემაა სპეცსამსახურისთვის. „გავლენის აგენტების“ საოჯახო დინასტიების ისტორია კვლავ „ნერუ-განდების“ პოლიტიკური კლანის ქრესთომატიულ მაგალითზე განვიხილოთ.

1980 წელს, საპარლამენტო არჩევნებში ინდირა განდის გამარჯვებისა და ხელისუფლებაში ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება მხოლოდ მცირე ხნით იყო ეიფორიაში: შეშფოთების მიზეზი „ინდოეთის პრინცად“ წოდებული სანჯაი განდი გახლდათ. კრემლი შეშფოთებული იყო ინდირა განდის უმცროსი ვაჟის და ყველაზე რეალური „პოლიტიკური მემკვიდრის“ ექსტრავაგანტური მოქმედებებით და გაუწონასწორებელი ხასიათით. ის ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ანტიკომუნისტურ იდეებს იწონებდა და ინდოეთში დიდი საწარმოების ნაციონალიზაციას ღიად აკრიტიკებდა. საბჭოთა დაზვერვის აგენტურამ ისიც დაადგინა, რომ სანჯაი განდის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთი წევრი რეგულარულ შეხვედრებს მართავდა ინდოეთში აშშ-ის საელჩოს „დიპლომატთან“ (რეალურად კი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელთან). მიუხედავად იმისა, რომ სანჯაის მიუჩინეს სანდო აგენტი (ოპერატიული მეტსახელი „PURI“), ინდირა განდის უმცროსი შვილი მაინც უმართავი იყო. მოსკოვში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სანჯაი განდის, როგორც „გავლენის აგენტის“, მანიპულირება შეუძლებელი იყო. სწორედ იმ პერიოდში, 1980 წლის 23 ივნისს, მოხდა ავიაკატასტროფა, რომელსაც სანჯაი და მფრინავ-ინსტრუქტორი ემსხვერპლნენ. ეს ტრაგედია კრემლის სპეცოპერაციის შედეგი იყო თუ მათ მხოლოდ გაუმართლათ, ჯერ კვლავ უცნობია. ფაქტია, რომ მოსკოვში შვებით ამოისუნთქეს: „არ არის სანჯაი, არ არის პრობლემა“.

picture2-1722924863.png

რაჯივ განდი, ინდირა განდი და სანჯაი განდი

ამის შემდეგ კა-გე-ბემ „ჯაშუშურ თამაშებში“ ინდირა განდის უფროსი ვაჟის, რაჯივ განდის შემოყვანა გადაწყვიტა. სანჯაის ტრაგიკული დაღუპვიდან სულ რაღაც თვე-ნახევრის შემდეგ, 1980 წლის 14 აგვისტოს, კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვმა „ინსტანციას“ – საბჭოთა პოლიტბიუროს რაჯივ განდისთან ოპერატიული კონტაქტის დამყარების ნებართვა სთხოვა. თანხმობამაც არ დააყოვნა და არაპროგნოზირებადი სანჯაი პოლიტიკური ინტრიგებისგან ძალზე შორს მდგომმა რაჯივ განდიმ ჩაანაცვლა. ასე გახდა ინდოეთის სამოქალაქო ავიახაზების პილოტი ინდირა განდის „პოლიტიკური მემკვიდრე“. რაჯივ განდისთან ოპერატიულ კავშირზე მხოლოდ ინდოეთში მოქმედი საბჭოთა საგარეო დაზვერვის რეზიდენტები: გენადი ვაულინი და ალექსანდრე ლისენკო იმყოფებოდნენ. კა-გე-ბეს არქივებიდან დასტურდება, რომ რაჯივ განდიმ მალევე აითვისა „თამაშის წესები“ და მოსკოვის ნდობა დაიმსახურა.

1983 წლის 12 თებერვალს კა-გე-ბეს მაშინდელმა თავმჯდომარემ ვიქტორ ჩებრიკოვმა შემდეგი შინაარსის სრულიად საიდუმლო მოხსენებითი ბარათი გააგზავნა „ინსტანციაში“ (ანუ სკკპ ცკ-ში):

“ სსრკ სუკ-ს კონტაქტები აქვს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვაჟ რაჯივ განდისთან (სსრკ სუკ-ის 14.07.1980წ. #1413-ა/ოვ წერილზე სკკპ ცკ-ას თანხმობის საფუძველზე). რაჯივ განდი გამოხატავს დიდ მადლიერებას იმ დახმარების გამო, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ოჯახი იღებს მათი კონტროლის ქვეშ მოქმედი ფირმისა და საბჭოთა საგარეო-სავაჭრო ორგანიზაციების კომერციული ოპერაციების შედეგად. რაჯივ განდიმ გაგვანდო, რომ ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პარტიის დასაფინანსებლად გამოიყენება”.

როგორც ვხედავთ, საბჭოთა სპეცსამსახურები განდების ოჯახის დასაფინანსებლად, ფარულად ნაღდი ფული გადაცემის გარდა, „მეგობრული დახმარების“ კარგად აპრობირებულ მეთოდსაც იყენებდნენ: ეს იყო სხვადასხვა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული და „განდების კლანის“ კონტროლის ქვეშ მოქმედი კომპანიებისთვის მსოფლიო ფასებზე გაცილებით ნაკლებ ფასში ნავთობპროდუქტების მიყიდვა. ამ ოპერაციების შედეგად, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოჯახი წლების მანძილზე ფარულად დიდ მოგებას იღებდა, კრემლში კარგად იცოდნენ, რომ 1980 წელს პრემიერ-მინისტრად „მობრუნებული“ ინდირა განდი ძალზე განსხვავდებოდა 1971 წლის „მოდელისგან“: ინდოეთში და მის ფარგლებს გარეთ (უპირველესად, განვითარებად ქვეყნებში) მას უკვე დიდი პოპულარობა ჰქონდა მოხვეჭილი და მასზე ზემოქმედების (მანიპულირების) მიზნით, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კა-გე-ბეს დაევალათ კომპლექსური გეგმის შემუშავება. მთავარი ამოცანა ინდირა განდის „საბჭოთა ორბიტაზე“ შენარჩუნება და „საზიზღარი ამერიკელების“ ინდოეთის უმთავრეს მტრად წარმოჩენა იყო. ეს გეგმა, დიპლომატიურ აქტიურობასთან ერთად, მრავალფეროვან დეზინფორმაციულ ოპერაციებსაც ითვალისწინებდა.

picture1-1722924863.jpg

ამ გეგმაში საკუთარი ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის უკვე ძალზე დაუძლურებულ „ლიდერს“ - ლეონიდ ბრეჟნევს. ის 1980-იანი წლების დასაწყისში ორჯერ ეწვია ინდოეთს (უფრო სწორად - ხელჩაკიდებული ჩაიყვანეს ინდოეთში), რათა ინდირა განდის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკვეთრად არ შეეცვალა. დიპლომატიურ ღონისძიებებთან ერთად დაძაბულ რეჟიმში მუშაობდა კა-გე-ბეც, რომლის სპეცოპერაცია „კონტაქტის“ შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.

„გავლენის აგენტის“ მანიპულირების აპრობირებული მეთოდია „გარეშე საფრთხით“ მასზე ზეგავლენის მოხდენა. ამიტომ კა-გე-ბეს „ა“ სამსახურში (რომელიც საბჭოთა „რბილი ძალის“ იდეების მთავარი „გენერატორი“ და შემსრულებელი იყო) შექმნეს „დოკუმენტური მტკიცებულებები“ იმის შესახებ, რომ ვითომ ამერიკისა და პაკისტანის დაზვერვა იდგა ინდოეთის შტატ პენჯაბში სიქჰების სეპარატიზმის უკან. საჭირო იყო ეს დეზინფორმაცია ინდირა განდისთვის მასთან დაახლოებულ პირს გადაეცა.

(მეთორმეტე ნაწილის დასასრული)