"ყალბი „თეთრი ბილეთის“ ასაღებად უკრაინელი ახალგაზრდები წელიწადში ორ მილიარდამდე გრივნას იხდიან" - რა ხდება ფრონტის მიღმა?! - კვირის პალიტრა

"ყალბი „თეთრი ბილეთის“ ასაღებად უკრაინელი ახალგაზრდები წელიწადში ორ მილიარდამდე გრივნას იხდიან" - რა ხდება ფრონტის მიღმა?!

ცენტრალურ უკრაინაში, მდინარე დნიპროს მეტალურგიული ქარხნის საგლინავ საამქროში დადგმულ დიდ ჩარხს, რომელიც ცხელი ფოლადისაგან სხვადასხვა დეტალს ამზადებს, ადრე ოთხი მუშა ემსახურებოდა. მათგან ერთი ფრონტზე გაიწვიეს და დაიღუპა, მეორე - უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მესამე - პენსიონერია და ძლივს ასრულებს მოვალეობას... ქარხნის მფლობელი კომპანია - Interpipe - ახლა მხოლოდ მეოთხე, ახალგაზრდა სპეციალისტის იმედზეა, რომელსაც ჯარში გასაწვევი ასაკი შეუსრულდა და ნებისმიერ მომენტში შეიძლება, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდეს. რადგანაც კომპანიას მწვავე საკადრო კრიზისი აქვს, ის შეუერთდა რიგი უკრაინული კომპანიების მიმართვას, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, მასშტაბურად გაათავისუფლოს ახალგაზრდები ჯარში გაწვევისგან - სწორედ ამაზე არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენა“, - წერს ცნობილი ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ ტაიმსი“ (Financial Times) სტატიაში სათაურით - „ქარხანა თუ ფრონტის წინა ხაზი? უკრაინული სამრეწველო საწარმოები ყველანაირად ცდილობენ, კადრები შეინარჩუნონ“ (ავტორი - პოლინა ივანოვა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„ჩვენ უკვე უკანასკნელი ძალების დაძაბვით ვმუშაობთ“, - ამბობს ქარხნის დირექტორი ვიტალი პახომოვი, რომელსაც კაბინეტში ვესაუბრები. კომპანია Interpipe უკრაინის მასშტაბით ხუთ ფოლადსადნობ ქარხანას ფლობს. მართალია, დნიპროს მეტალურგიულ ქარხანას სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული (რაც იმას ნიშნავს, რომ თანამშრომელთა თითქმის ნახევარს სამხედრო სამსახურისაგან „ჯავშანი“ აქვს), 1000-მდე თანამშრომელი მაინც ძველებურად მობილიზაციას ექვემდებარება. „მათ გარეშე მუშაობა ვერ წარმოგვიდგენია“, - აცხადებს ვიტალი პახომოვი, - „ყოველი ოსტატი, ყოველი საამქროს უფროსი, ჩემი ჩათვლით, თითქოსდა, მოჭადრაკეები ვართ: ყოველ დილით, როცა სამსახურში მივდივართ, ვფიქრობთ, თუ რა უნდა ვქნათ - როგორ გავანაწილოთ მუშები საამქროებში, მუშახელის ნაკლებობის დროს“.

კომპანია თავისი საწარმოო ძალების, მუშების „ტიტანური დაძაბვის“ წყალობით (ისინი დამატებით, ზეგანაკვეთურად მუშაობენ, სამ ცვლაში), დავალებებს ჯერჯერობით ასრულებს, მაგრამ თუ მობილიზაცია გაფართოვდება, ამ შემთხვევაში, ფოლადის გამოშვება შემცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტში ნაკლები საგადასახადო თანხები გადაირიცხება.

უკრაინის მსხვილმა საწარმოებმა, შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით, მთავრობას ასეთი კანონპროექტის მიღება შესთავაზეს: სპეციალისტთა კადრები რომ არმიაში გაწვევისაგან დაიცვან და შეინარჩუნონ, კომპანიები თითოეულ მუშაკზე გადაიხდიან სამხედრო მოსაკრებელს - 20 ათასი გრივნის (ანუ 487 დოლარის) რაოდენობით. კიდევ ერთი კანონპროექტის თანახმად, ჯარიდან თავისუფლდება ყველა უკრაინელი მამაკაცი, რომლის ხელფასი თვეში 36 500 გრივნაზე (890 დოლარზე) მეტს შეადგენს.

მაგრამ კანონპროექტების ირგვლივ მწვავე დავა გაჩაღდა, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია - მრეწველობის შენარჩუნება თუ ფრონტის წინა ხაზი ანუ ეკონომიკა თუ არმია? ამ საკითხის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით, უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილება გაჩნდა.

საწარმოები ხაზს უსვამენ, რომ ცვლილებები აუცილებელია ეკონომიკის დაცვა-განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს არმიის დაფინანსებაზე.

არმიის სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ფრონტის წინა ხაზზე ცოცხალი ძალა - ჯარისკაცები არ ჰყოფნის და ამ მხრივ სამხედროებიც თავიანთ პოზიციას ურყევად იცავენ.

ბევრი ექსპერტი და ომგამოვლილი ვეტერანი ფიქრობს, რომ ჯარში გაწვევის ასეთი სისტემა უსამართლოა: „გადაიხადე და ჯარიდან თავისუფალი ხარ“ - ეს სრულიად უსამართლო წესია. ფრონტს ისედაც არ ჰყოფნის მებრძოლები. გარდა ამისა, რატომ უნდა დავკარგო, ვთქვათ, მე თვალი ან ფეხი, სხვას კი ქარხანამ ფული გადაუხადოს და ჯარში არ გაუშვას?“, - ამბობს მასი ნაიემი, ცნობილი იურისტი, რომელიც ფრონტზე იბრძოდა და დაიჭრა.

„ეს, უბრალოდ, იდიოტური წამოწყებაა“, - ამბობს არმიის ერთ-ერთი ოფიცერი, ანონიმურად, რომელიც 2022 წლიდან იბრძვის, - ეს არის უსამართლობა იმ მეომრების მიმართ, რომლებიც სამშობლოსთვის დაცვის მიზნით, მოხალისედ ჩაეწერნენ, ჯერ კიდევ 2022 წელს“.

ბევრი მეწარმე თვლის, რომ უკრაინაში არასწორია ჯარში გაწვევის სისტემა, რომელიც ხელს უწყობს კორუფციის გაფართოებას. ყალბი „თეთრი ბილეთის“ ასაღებად უკრაინელი ახალგაზრდები წელიწადში ორ მილიარდამდე გრივნას იხდიან.

როგორც უკრაინის ვერხოვნა რადის (პარლამენტის) წევრი დიმიტრი ნატალიუხა ამბობს, ამჟამად, დაახლოებით, 800 ათასი უკრაინელი, გასაწვევი ასაკის მოქალაქე, „იატაკქვეშეთშია“ გადასული, რომ ომში წასვლას თავი აარიდოს. რადგან გასაწვევი პუნქტების თანამშრომლები მათ ვერ პოულობენ, მზერა ქარხნებს მიაპყრეს და სურთ, ფრონტზე ის ადამიანები გაგზავნონ, რომლებიც დღედაღამ იმავე ფრონტისათვის მუშაობენ და სამხედრო პროდუქციას უშვებენ.

რუსეთი ომისაგან გამოფიტვის პოლიტიკას ატარებს და იმედი აქვს, უკრაინის ეკონომიკა საბოლოოდ დაინგრევა, როცა კადრები აღარ ეყოლება. როგორც კიევის „მონობანკის“ გენდირექტორი - ოლეგ გოროხოვსკი ამბობს, „გასაგებია, რომ ომის დროს მძიმე და არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალია. მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს სამართლიანობის დაცვის პრინციპს: ადამიანის სპეციალობის ეფექტიან გამოყენებას. ბანკში დასაქმებულ ერთ პროგრამისტს ონლაინბაზარზე უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია, ვიდრე - ფრონტზე“.

მაგრამ პარლამენტის წევრი დიმიტრი ნატალიუხა ამბობს, რომ „ომის მოგება მხოლოდ სამართლიანობის პრინციპით შეუძლებელია. თავისი არსით, ეს პრინციპიც უსამართლოა“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო