დიდი კრიმინალური სკანდალი ცხინვალში: კლანური ომები - როგორ დაერივნენ ერთმანეთს მთავარი მარიონეტების გარემოცვის წევრები - კვირის პალიტრა

დიდი კრიმინალური სკანდალი ცხინვალში: კლანური ომები - როგორ დაერივნენ ერთმანეთს მთავარი მარიონეტების გარემოცვის წევრები

ოკუპირებულ ცხინვალში დიდ კრიმინალურ სკანდალზე, რომელიც ამჟამინდელი და ყოფილი "პრეზიდენტების" კლანის წევრებს შორის მოხდა, ტელეგრამ-განხილვები­ არ ცხრება. გასულ თვეს, დღისით-მზისით, ორი დიდი გავლენიანი დაჯგუფების წევ­რები ერთ-ერთი სკოლის წინ, ხალხით სავსე ქუჩაზე ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ. დაჭრილი ორი ძმა კაბისოვი­ საავადმყოფოშიც მოხვდა და დე ფაქტო პროკურატურა გამოძიების დაწყებასაც არ აპირებდა. როგორც ცხინვალში ამბობენ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავდამსხმელების მხარეს "პრეზიდენტის" ძმა, ალიკ გაგ­ლოევი იყო, რაც საქმეზე ძიებას ძალიან ართულებს. ამ სისხლიანი გარჩევიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გადაწყდა ფორმალურად საქმის აღძვრა, ისიც იმიტომ, რომ ცხინვალში ამ განუკითხაობაზე საუბარი არ დაცხრა და თან დაჭრილ ძმებსაც ჰყავთ გავლენიანი მფარველები. ისინი ყოფილი "პრეზიდენტის", ანატოლი­ ბიბილოვის­ ნათესავები და ძველი ჩინოვნი­კები არიან, რომლებსაც ალიკ გაგლოევზე არანაკლები კრიმინალური გამოცდილება და საკუთარი კლანური დაჯგუფება აქვთ.

ცხინვალში ამ ამბის დეტალები ყველამ იცის - როდის და სად დაიწყო დაპირისპირება, შემდეგ როგორ გაგრძელდა გარჩევა მეორე დღეს სკოლის წინ და როგორ დამთავრდა ორი ძმის ჩაცხრილვით. ასევე­ ყველამ იცის, ვინ მონაწილეობდა დაპირისპირებაში, თავდამსხმელების გვარებიც, ნასროლი ტყვიების ჰილზები როგორ აკრიფა ასფალტიდან "პრეზიდენტის" კრიმინალმა ძმამ მშვიდად და აუჩქარებლად. როგორც ამბობენ, ამ განგსტერული გარჩევის ადგილზე არსებობს კამერებიც, თუმცა­ რატომღაც არაფერი იცის ცხინვალის პროკურატურამ, რომელიც აცხადებს, რომ ძმები­ კაბისოვები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ამიტომ გამოძიებას თურმე არც სამხილები აქვს და არც ეჭვმიტანილები ჰყავს.

"გაგლოევის მუშკეტერებმა ჩაცხრილეს ბიბილოვის უიარაღო გვარდიელები“

14 ივლისს, დღისით, ცხინვალის მე-12 სკოლასთან, ხალხით სავსე ქუჩაში, სროლა­ ატყდა. სროლისას ძმები, სერგეი და ლევ კაბისოვები დაიჭრნენ. თავდაპირველად დე ფაქტო ხელისუფლება და ადგილობრივი­ ე.წ. სახელმწიფო მედია ფაქტის გასაიდუმლოებას ცდილობდნენ, თუმცა ინფორმაცია ტელეგრამ-არხებზე სწრაფად გავრცელდა და ამის შემდეგ ოსურმა მედიამაც გაავრცელა მწირი ცნობა, რომ სკოლასთან იყო სროლა, რის შედეგადაც ფეხებში დაჭრილი არიან ძმები კაბისოვები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გავრცელდა ასევე მეორე მოკლე ცნობაც, რომ დაზარალებულებმა პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ უარი თქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საჩივრის შეტანაზე. ამ სისხლიანი გარჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით ტელეგრამ-არხებიდან გახდა ცნობილი.

ბიბილოვის "პრეზიდენტობის" დროს ერთი ძმა, სერგეი კაბისოვი, ე.წ. თავდაცვის­ მინისტრი იყო, მეორე ძმა, ლევ კაბის­ოვი, "პრეზიდენტის" პირადი მცველი და სიგარე­ტისა და სხვა კონტრაბანდული პროდუქტის შეტანას აკონტროლებდა. ის ასევე­ სცემდა და აშინებდა ყველას, ვინც ბიბილ­ოვზე რაიმე კრიტიკულს იტყოდა. ლევ კაბი­სოვი ვლადიკავკაზში ჩავიდა და სცემა ჟურნალისტს რუსლან ტიტოვს იმის გამო, რომ მან ბიბილოვზე კრიტიკული სტატია და­წერა (ამჟამად ტიტოვი რუსეთის შსს-ს მიერ ექსტრემისტადაა გამოცხადებული და ძებნაშია რუსული არმიის დისკრედიტაციისა და პუტინის კარიკატურის გავრცელების გამო).

ასევე კრიმინალია მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ძმაც. ცხი­ნვალში ამბობენ, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ძმებ კაბისოვებზე თავდასხმას და შემდეგ ნასროლი ტყვიის ჰილზებიც ასფალტიდან მან აკრიფა. ალიკ გაგლოევი ატერორებს ცხინვალის მოსახლეობას, წილშია სიგარეტის კონტრაბანდის ბიზნესში და არაერთ კრიმინალურ გარჩევაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის დღეს ხელშეუხებელია "პრეზიდენტის" ძმის სტატუსის გამო.

ამ დაპირისპირებაში გამოჩნდა კიდევ ერთი კრიმინალის გვარიც, რომელიც ისტორიაში მთავარ როლს ასრულებს. როგორც ტელეგრამ-არხებზე წერენ, ძმებ კაბის­ოვებს ტყვია ხოხ გაბარაევმა დაახალა. ის ალიკ გაგლოევის გარემოცვის წევრია­ და მის სახელთანაა დაკავშირებული ბიბი­ლოვის "პრეზიდენტობისას" ფულის გამოძალვის მიზნით ადგილობრივი ბიზნესმენის გატაცებისა და წამების საქმეც. მაშინ გაბა­რაევზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ალან გაგლოევის "გაპრეზიდენტების" შემდეგ ხოხ გაბარაევი თავად მივიდა ცხინვალის მილიციაში და ჩაბარდა. ალიკ გაგლოევთან მეგობრობის გამო მას "ნებით ჩაბარება" დაუფასდა კიდეც - ის ახლა თავისუფალია და ალიკის კრიმინალურ გარჩევებში აქტიურად მონაწილეობს.

როგორც ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე დაიწერა, სკოლასთან სროლას წინ უძღოდა ჩხუბი ცხინვალის სოფელ სარაბუკში, კაბისოვების ახლობლების ქორწილში, სადაც ყოფილ "მინისტრ" სერგეი კაბისოვსა და კრიმინალ ხოხ გაბარაევს შორის დაპირისპირება მოხდა. ხოხ გაბარაევმა კაბისოვთან წინა "პრეზიდენტის", ბიბილოვის გინება და მუქარა დაიწყო შეძახილებით, "თქვენი დრო გავიდა" და კაბისოვს იარაღით დაემუქრა. სიტყვიერი დაპირისპირება ცემაში გადაიზარდა. ჩხუბი იმდენად გამწვავდა, რომ ბოლოს ორივე მილიციაში გადაიყვანეს, სადაც თქვეს, რომ შერიგდნენ და ისინი გაათავისუფლეს. თუმცა­ მეორე დღეს, 14 ივლისს, ხოხ გაბარაევმა სერგეი­ მე-12 სკოლასთან საქმის გასარჩევად დაიბარა. სერგეის გარჩევაზე ძმა, ლევ კაბისოვიც­ გაჰყვა. მათ ასევე შეუერთდა დე ფაქტო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი გიო გაბარაევი, როგორც შუამავალი, რადგან ის კონფლიქტის ორივე მხარესთან კარგ ურთიერთობაში იყო. ძმებს დათქმულ ადგილას ხოხ გაბარაევი 20-მდე შეიარაღებული კაცით ელოდა, მათ შორის იყო "პრეზიდენტ" გაგლოევის ძმა ალიკიც. როგორც კი ძმები კაბისოვები მანქანიდან გადმოვიდნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს. ხოხ გაბარაევმა ძმებს ფეხებში ესროლა­. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მათ მოსვლამდე საქმის გარჩევა უკვე დასრულ­ებული იყო. თვითმხილველების თქმით, ალიკ გაგლოევმა ძალიან მშვიდად ააგროვა ტყვიის ჰილზები და ტერიტორია ყველაზე ბოლოს აუჩქარებლად დატოვა,­ ძმები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა "ეხო კავკაზას" ცნობით, იმავე­ დღეს დე ფაქტო შს მინისტრმა ძმები საავა­დმყოფოში მოინახულა და ჰკითხა,­ აპირე­ბდნენ­ თუ არა ჩივილს. სერგეი კაბისოვმა­ უპასუხა, რომ მას ესმის, ვის მხარეზეა "ხელ­ი­­სუფლება", ამიტომ ჩივილს აზრი არა აქვს. "მინისტრი" გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა და ძმებს წარმატებაც უსურვა. ამის შემდეგ ოსურმა ე.წ. სახელმ­წიფო მედიამ გაავრცელა შსს-ს განცხადება, რომ "სროლის დროს დაჭრილმა ცხი­ნვალის ორმა მცხოვრებმა უარი თქვა ინფორმაციის მიწოდებაზე", ამიტომ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. ფორმალური მიზეზი ის იყო, რომ ძმებმა პოლიციაში­ განცხადება არ შეიტანეს. თავდასხმიდან მხოლოდ 2 კვირის შემ­დეგ­ გადაწყვიტა დე ფაქტო შსს-მ გამოძიების დაწყება და გაავრცელა­ განცხადება, რომ მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირე­ბის დადგენა, თვითმხილველების­ გამოკითხვა და მალე ვლადიკავკაზშიც წავლენ ძმების გამოსაკითხად. ცხინვალში ყველამ იცის, რომ ეს ფორმალობაა და "პრეზიდენტის" ძმას არავინ დასჯის. ამიტომ სოცქსელებში ახლა მხოლოდ ინციდენტის მიზეზებს განიხილავენ. ნაწილის აზრით, ეს იყო კრიმინალური გარჩევა­ და სიგარეტის კონტრაბანდულ ბიზნესში გავ­ლენის სფეროების გადანაწილებისთვის ორ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული დაპირისპირება, მეორე ნაწილი კი ამ საქმეს პოლიტიკასა და ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან აკავშირებს­. როგორც ცნობილია, ბიბილოვის პარტია "ერთიანი ოსეთი" გაგლოევის ხელისუფლებას ორი თვის წინ ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებს. ძმები კაბისოვები სწორედ ბიბილოვის საარჩევნო შტაბში იყვნენ და არჩევნების დროს ამ ორ კლანს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

„ორ კლანს სიგარეტის კონტრაბანდულ ბიზნესზე დიდი ბრძოლა აქვს“

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი:­ - რასთან დაკავშირებით იყო ეს გარჩევა, რთული სათქმელია, იმიტომ, რომ ეს ორი დაჯგუფება წლებია დაპირისპირებულია და სულ მცირე მიზეზი სჭირდებათ, რომ ერთმანეთს ტყვია ესროლონ. საკითხთა მთელი კომპლექსია. კაბისოვებიც და ალიკ გაგლოევიც კრიმინალები არიან. წინა პრეზიდენტის, ბიბილოვის მთელი გარემოცვა სავსე იყო კრიმინალებით, მათ შორის მთავარი ფიგურები იყვნენ კაბისოვები, ისინი აკონტროლებდნენ კონტრაბანდას, არეკეტებდნენ მეწარმეებს თუ ბიზნესმენებს, ხალხს სცემდნენ და ავიწროებდნენ. შემდეგ კრიმინალი და რეკეტი გადაიბარეს გაგლოევის ძმამ ალიკმა და მისმა გარემოცვამ. ამ ორ კლანს სიგარეტის კონტრაბანდულ ბიზნესში გავლენების გადანაწილებაზე დიდი ბრძოლა აქვთ და ახლანდელ დაპირისპირებაში ეს კონტრაბანდის თემა მნიშვნელოვანი დეტალია. ბოლო დროს ასლან გაგლოევის მიმართ მოსკოვში უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება გაჩნდა და ამან განაპირობა სამხრეთ ოსეთში იმ ძალების თავის წამოწევა, რომლებსაც გაგლოევის "ხელისუფლებაში" ყოფნა არ უნდათ. მათ შორის არიან ბიბილოვის კლანიც და კოკოითის კლანიც. თუკი აქამდე ბევრს ვერაფერს ბედავდნენ, ახლა ხმა ამოიღეს. გაგლოევის წინააღმდეგ მოსკოვის გაღიზიანების დეტალები ასეთია: მოსკოვმა დე ფაქტო თავდაცვის მინისტრად ოსებს დაუნიშნა რუსი გენერალი მარატ პავლოვი, რომელიც ცხინვალში­ ჩამოსვლის შემდეგ ბიბილოვ-კაბისოვების კლანს ჩაეხუტა და სწორედ სიგარეტის კონტრაბანდის თემა დაახვედრეს პავლოვს წინ. მის მანქანაში აღმოაჩინეს სიგარეტის ბლოკები და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს საკუთარი "მინისტრის" წინააღმდეგ. ეს იყო "მულო, შენ გეუბნები და რძალო, შენ გაიგონეს" პრინციპი. ცხინვალში ყველამ იცის, რომ ბიბილოვ-კაბისოვების კლანი დაკავებული იყო სიგარეტის კონტრაბანდით და ამით გაგლოევმა ბიბილოვის კლანი გააფრთხილა. ამ საქმეს ჩრდილოეთ ოსეთის პროკურატურა დღესაც იძიებს. პეტროვის ასე დამცირებამ გამოიწვია თავად სერგეი შოიგუს განრისხებაც. ის ცოტა ხნის წინ ცხინვალში იყო როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი, რომლის ამოცანა იქაური რუსული სამხედრო ბაზების ინსპექტირება იყო. ალან გაგლოევი გამოეწყო საპარადო კოსტიუმში, გადაკეტა ცხინვალში მოედანი­ და შოიგუს კორტეჟს დახვდა თავისი ჩინოვნიკებით, თუმცა კორტეჟმა ისე ჩაუარა, არც გააჩერა და პირდაპირ ბაზაში წავიდა. კრემლის ამ უაღრესად აგდებულმა დამოკიდებულებამ ხელ-ფეხი გაუხსნა გაგლოევის მიმართ უარყოფითად განწყობილ პირებს ცხინვალში, კაბისოვი იქნება თუ სხვა. ესენი არა პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ დაპირისპირებული კლანები არიან. დაპირისპირება მოხდა ქორწილში...

წაიკითხე ვრცლად