სუპერსკანდალი: ზელენსკი პუტინის ლიკვიდაციას აპირებდა და ამერიკელებმა გადააფიქრებინეს?! - ზარი მოსკოვიდან პენტაგონში და რუსების დიდი თხოვნა - კვირის პალიტრა

სუპერსკანდალი: ზელენსკი პუტინის ლიკვიდაციას აპირებდა და ამერიკელებმა გადააფიქრებინეს?! - ზარი მოსკოვიდან პენტაგონში და რუსების დიდი თხოვნა

ზელენკის სთხოვეთ, მოსთხოვეთ, რომ პუტინს საზღვაო აღლუმზე თავს არ დაესხან! - რუსეთის თავდაცვის მინისტრის სატელეფონო ზარი პენტაგონში...

ყველაფერი კი ასე დაიწყო...

12 ივლისის დილას ახალგაღვიძებულ პენტაგონის შეფთან - აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან დარეკეს. სატელეფონო კავშირზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი იყო...

შორეული მოსკოვიდან განხორციელებულმა სატელეფონო ზარმა კი გააკვირვა პენტაგონის ხელმძღვანელი, რადგან ის საერთოდ არ იცნობდა რუსეთის ახალ თავდაცვის მინისტრს, მაგრამ რუსი კოლეგის დაჟინებულმა თხოვნამ, ალბათ, საერთოდ განაცვიფრა ლოიდ ოსტინი...

26 ივლისს ამ მოულოდნელი სატელეფონო ზარის შესახებ პირველად გაავრცელა ინფორმაცია ამერიკულმა გამოცემამ The New York Times-მა, რომელიც ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ ამ სატელეფონო საუბარში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ბელოუსოვმა თითქოს დაჟინებით სთხოვა ოსტინს, რომ ამერიკულ მხარეს სასწრაფო ზემოქმედება მოეხდინა უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა უკრაინის სპეცსამსახურებს შეეჩერებინათ ის საიდუმლო ოპერაცია, რომლის განხორციელება რუსეთის წინაააღმდეგ რამდენიმე დღეში იგეგმებოდა...

ბელოუსოვის კითხვაზე, საქმის კურსში იყო თუ არა ამერიკული მხარე უკრაინელების მიერ დაგეგმილი ამ სპეცოპერაციის შესახებ, პენტაგონის შეფმა უარყოფითი პასუხი გასცა, თუმცა მალევე აშშ-ის ხელისუფლებამ დიდი ზეწოლა განახორციელა ოფიციალურ კიევზე, რომ მას ხელი აეღო იმ საიდუმლო ოპერაციის განხორციელებაზე, რომელმაც ისე დააფრთხო კრემლი, რომ თვით ამერიკელებსაც კი თხოვნით მიმართა...

2-put-1722927702.jpg
სანკტ-პეტერბურგში, მდინარე ნევაზე გამართულ რუსეთის სამხედრო ხომალდების აღლუმზე უკრაინელებს თავდასხმის მოწყობა სულაც იმ კამიკაძე-დრონებითაც შეეძლოთ, რომლებიც 1 800 კმ-მდეც მიფრინავენ, მაშინ, როდესაც უკრაინის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვრიდან სანკტ-პეტერბურგამდე პირდაპირი ხაზით 900 კმ-იც კი არ არის...

ამ ამერიკულ გავლენიან საინფორმაციო გამოშვებას თავის სენსაციურ სტატიაში არ დაუკონკრეტებია, თუ რა ტიპის და რა მნიშვნელობის საიდუმლო ოპერაციას გეგმავდა კიევი რუსეთის წინააღმდეგ, სამაგიეროდ, 5 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა გახსნა ყველა კარტი...

...დიახ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი მართლაც დაუკავშირდა ამერიკელ კოლეგას და მას შეატყობინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის სპეცსამსახურები გეგმავენ თავდასხმის მოწყობას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვზე, როდესაც ისინი 28 ივლისს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღესთან დაკავშირებით საზღვაო აღლუმს დაესწრებიან და თუკი ამერიკული მხარე არ არის ამის საქმის კურსში, იქნებ, ზეგავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა არ განახორციელოს ეს სპეცოპერაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო დაიძაბება რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებიო, - დაახლოებით ასეთი სატელეფონო საუბარი წარმართულა ამ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის...

28 ივლისს პუტინმა მართლაც პომპეზურად მიიღო საზღვაო აღლუმი სანკტ-პეტერბურგში და არც არავინ დასხმია მას თავს, რაც შეიძლება, საერთოდ, სულაც არ იგეგმებოდა ან რუსეთისგან გაფრთხილებულმა ამერიკელებმა მართლაც თითი დაუქნიეს ზელენსკის, რომ მისი ბუდანოვის სამხედრო დაზვერვას თუ მალიუკის უსაფრთხოების სამსახურს არ გაებედათ რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმის განხორციელება სანკ-პეტერბურგში, მაშინ როდესაც პუტინი კატარღით სამხედრო ხომალდების გვერდით მიცურავდა და მათ ეკიპაჟებს ესალმებოდა...