სტალინის პირადი მუმია და ლენინის "მოჩვენება" - ექსკურსია მიცვალებულთან: ლიდერები, რომელთაც დაკრძალვა არ ეღირსათ - კვირის პალიტრა

სტალინის პირადი მუმია და ლენინის "მოჩვენება" - ექსკურსია მიცვალებულთან: ლიდერები, რომელთაც დაკრძალვა არ ეღირსათ

მოსკოვში, წითელ მოედანზე, 1924 წლის 1-ლ აგვისტოს მავზოლეუმი გახსნეს, სადაც ბოლშევიკების ლიდერი ვლადიმერ ლენინი დაასვენეს. მას შემდეგ ამ ადგილას ხშირად იმართებოდა სადღესასწაულო თუ სამხედრო აღლუმები. მავზოლეუმში დაასვენეს იოსებ სტალინიც, თუმცა რამდენიმე წელში ის სხვაგან გადაასვენეს. დროთა განმავლობაში, გარდაცვლილი ლენინის დასაცავად შეჯავშნული შუშებიც გამოიყენეს, რათა ვინმეს ბოლშევიკთა ბელადისთვის ქვა ან ბოთლი არ ესროლა. 1990-იან წლებში საზოგადოება ლენინის გადასვენებას და მავზოლეუმის გაუქმებასაც ითხოვდა.

დღეს რუსეთი ერთადერთი არასოციალისტური ქვეყანაა, რომლის ცენტრშიც ბალზამირებული პოლიტიკოსის ცხედარს იხილავთ.

screenshot-2024-08-06-130051-1722934902.png

როგორც ისტორიკოსები და პუბლიცისტები - ალექსეი აბრამოვი და ნიკოლაი ზენკოვიჩი თავიანთ ნაშრომებში აღნიშნავდნენ, 1923 წლის ნოემბერში სტალინმა პარტიის ხელმძღვანელების თათბირი მოიწვია და პირველად სწორედ მაშინ განიხილა ლენინის გარდაცვალებისა და მავზოლეუმის საკითხი. როგორც სტალინმა თქვა, ლენინის სხეული ბალზამირების შემდეგ უნდა შეენახათ. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ლენინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმცა ავადმყოფობდა.

სტალინის იდეა უარყოფითად შეაფასეს ოპოზიციონერებმა და ამ იდეის წინააღმდეგ გამოვიდნენ. პუბლიცისტთა ცნობით, 1930-იან წლებში ყველა გაანადგურეს, ვინც სტალინის იდეა არ მოიწონა.

ლევ ტროცკი აღნიშნავდა, რომ ნეშტსა და მარქსიზმს არ ჰქონდა არავითარი საერთო. ნიკოლაი ბუხარინის განცხადებით, „რევოლუციის ბელადის“ მუმიფიკაცია მისი ხსოვნის შეურაცხყოფა იქნებოდა.

ლენინის მეუღლე ნადეჟდა კრუპსკაიაც თხოვნით გამოდიოდა, არ გადაექციათ მეუღლის ნეშტი სათაყვანებელ ობიექტად. თუმცა სტალინი იმ პერიოდში უკვე იჩენდა პრინციპულობას და „მშრომელთა კოლექტივების“ მიწერილ წერილს დაეყრდნო, რომლებიც თითქოს სტალინს მიმართავდნენ: ლენინი მუდამ ჩვენთან უნდა იყოსო.

მავზოლეუმის პირველი, სამი მეტრის სიმაღლის ვარიანტი პოლიტიკოსის დაკრძალვისთვის სამზე ნაკლებ დღეში ააგეს. ის არქიტექტორმა ალექსეი შუსევმა დააპროექტა, სწორედ მან დააპროექტა შემდეგი ვერსიაც.

screenshot-2024-08-06-125957-1722934901.png

ლენინი 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. პოლიტიკოსის დაკრძალვისა და გამომშვიდობების ცერემონია კი მარტის ბოლომდე გაგრძელდა. როგორც აღნიშნავენ, პირველი მავზოლეუმის წინ მილიონობით ადამიანი მივიდა. 1924 წლის ზაფხულში კი საბოლოოდ გადაწყდა ბოლშევიკების ბელადის ბალზამირება და მისი ცხედრის მავზოლეუმში დასვენება. ალექსეი შუსევი მავზოლეუმის ახალი შენობის დაპროექტებას შეუდგა, მეცნიერებმა ალექსეი ვორობიოვმა და ბორის ზბარსკიმ კი დაიწყეს ლენინის ცხედრის ბალზამირების ტექნოლოგიაზე მუშაობა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, პოლიტიკოსის სხეული ათწლეულების განმავლობაში შენახულიყო.

1924 წლის 1-ელ აგვისტოს მავზოლეუმი გაიხსნა. ის ხისგან იყო აგებული, თუმცა იმ ფორმის იყო, რაც დღეს არსებობს. 1930 წელს კი შენობა გრანიტით ააგეს.

„პანთეონის სწორედ ეს ფორმა მოეწონა იოსებ სტალინს - ის ხაზს უსვამდა საბჭოთა ქვეყნის განსხვავებულობას და დიდებულებას" - ვკითხულობთ BBC-ის სტატიაში.

ლენინი, სტალინი და ლიონინი

წითელ მოედანზე აგებული მავზოლეუმი მალე გახდა საბჭოთა კავშირის სიმბოლო. სწორედ მისი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს სტალინი სადღესასწაულო, სპორტულ თუ სამხედრო აღლუმებს.

როგორც ცნობილია, 1941 წლის ივნისიდან 1945 წლის ზამთრამდე ლენინის ცხედარი რუსეთის ქალაქ ტიუმენში გადაასვენეს, სადაც მეცნიერები ბალზამირების კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ტექნოლოგიაზე მუშაობდნენ.

1953 წელს, როცა სტალინი გარდაიცვალა, გადაწყვიტეს რომ "დიდი ბელადიც" მავზოლეუმში, ლენინის გვერდით დაესვენებინათ. თუმცა იდეას განხორციელება არ ეწერა, რადგან როგორც აღნიშნავდნენ, სახეზე და სხეულზე ბელადის კანი ცუდ მდგომარეობაში იყო და ეს ბალზამირებას ხელს უშლიდა. ძველ აბრას ახალი წარწერა „ლენინი სტალინი“ გადააწერეს, თუმცა წვიმის შემდეგ ახალი წარწერა იშლებოდა და აბრაზე ისევ მხოლოდ „ლენინი“ ჩანდა.

screenshot-2024-08-06-130020-1722934902.png

ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით, რომელიც პიროვნების კულტის დიდი წინააღმდეგი იყო, 1961 წელს სტალინი მავზოლეუმიდან კრემლში გადაასვენეს და დაკრძალეს.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ლენინის მავზოლეუმს უამრავი ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის - სკოლის მოსწავლეებიც და უცხოელებიც. ეს ადგილი ერთგვარ წმინდა ადგილადაც ითვლებოდა, რომელიც საბჭოთა ადამიანს უნდა მოენახულებინა.

როგორც ცნობილია, ნიკიტა ხრუშჩოვმა მავზოლეუმის ტრიბუნაზე მიიღო კოსმონავტი იური გაგარინიც.

screenshot-2024-08-06-125947-1722934901.png
თურქმენეთი, საფარმურატ ნიაზოვის განსასვენებელი

ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ კი საბჭოთა კავშირში ანეკდოტიც გავრცელდა, რომ წარწერა „ლენინს“ ახლა წარწერა „ლიონინი“ ჩაანაცვლებდა.

1950-იან წლებში იყო შემთხვევები, როცა მავზოლეუმს ქვებსა და მოლოტოვის კოქტეილებსაც ესროდნენ. მეტი უსაფრთხოებისთვის ლენინის ცხედრის დამცავი შუშა, შეჯავშნული შუშით ჩაანაცვლეს.

ბელადები, გმირები, პრეზიდენტები

როგორც ცნობილია, თანამედროვე სამყაროში, ყველა კონტინენტზე, მთლიანობაში, 100 მავზოლეუმი არსებობს. უმეტეს მათგანში, სხეულის ნეშტი ან კრემირებული სხეულია განთავსებული.

screenshot-2024-08-06-125925-1722934900.png
ფხენიანში კიმ ირ სენის და კიმ ჩენ ირის მავზოლეუმი

მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი - მეფე მავსოლეს საფლავი ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს. ის ყველაზე უძველესი ნაგებობაა და მავზოლეუმის დასახელებაც სწორედ მეფის სახელიდან მოდის. ის თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ყველაზე ახალი მავზოლეუმი კი თურქმენეთში 2000-იან წლებში აიგო, სადაც თურქმენეთის პირველი პრეზიდენტი - საფარმურატ ნიაზოვი დაკრძალეს.

ლენინის მავზოლეუმი კი, თავის მხრივ, ერთადერთია სამყაროში, რადგან არასოციალისტურ ქვეყანაში სოციალისტური რევოლუციის ლიდერის ბალზამირებული სხეულია დასვენებული. წყარო