“7 აგვისტოს 16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია" - კვირის პალიტრა

“7 აგვისტოს 16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია"

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია.

განცხადებაში ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგენლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

განცხადებაში საუბარია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი.

“7 აგვისტოს 16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2008 წელს აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო. საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია.

ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო წარმომადგენლობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე, 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. გრძელდება საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის “ბორდერიზაციის” პოლიტიკით, გამშვები პუნქტების დახურვით და რუსი სამხედროებისა და დე ფაქტო ოფიციალური პირების მიერ უკანონო დაკავებებით. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა შეწყდეს, ადამიანის უფლებების დარღვევები გამოძიებულ უნდა იქნას, და ყველა დაშავებულმა სამართალი უნდა ნახოს.

ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების ბოლომდე ერთგული ვრჩებით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) ევროკავშირის როგორც თანათავმჯდომარის ჩართულობით, სამხრეთ კავკასიისთვისა და საქართველოში კრიზისისთვის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობის მეშვეობით, და ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგული მისიის (EUMM) მიმდინარე ჩართულობის მეშვეობით. GID-ის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, კონსტრუქციულად ჩაერთოს დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების ბოლომდე შესრულების მისაღწევად.

ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი”, - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"