F-16-ის ფაქტორი: "ოქროს ტყვია" თუ იმედგაცრუება?! - შეძლებენ თუ არა უკრაინელები ამერიკული "შევარდნებით" რუსების შეტევების შეჩერებას - კვირის პალიტრა

F-16-ის ფაქტორი: "ოქროს ტყვია" თუ იმედგაცრუება?! - შეძლებენ თუ არა უკრაინელები ამერიკული "შევარდნებით" რუსების შეტევების შეჩერებას

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით - „უკრაინას F-16-ები მისცეს, მაგრამ ცოტა და თან - ძალიან დაგვიანებით. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს არა იმდენად თვითმფრინავს, არამედ - მის შეიარაღებას“ (ავტორი - რობერტ კლარკი).

მასალაში განხილულია ნატოს ქვეყნების მიერ უკრაინისათვის ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლების გადაცემის მნიშვნელობა ომის ფრონტზე სიტუაციის შესაცვლელად, უკრაინის სასარგებლოდ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავები შეიარაღების გარეშე ვერაფერს გააკეთებენ, ამიტომ მათთვის საავიაციო რაკეტების მიწოდება არ უნდა დაყოვნდეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინამ ამერიკული წარმოების ავიაგამანადგურებლების - F-16-ების პირველი პარტია უკვე მიიღო, რომელთა რაოდენობა ჯერჯერობით მხოლოდ ექვსია, თუმცა მალე კიდევ მიიღებს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თვითმფრინავებზე განაცხადი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააკეთა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის ავიაცია ძალზე მცირერიცხოვანი იყო (და ახლაც ასეთად რჩება) რუსეთის მძლავრ სამხედრო-საჰაერო ძალებთან შედარებით.

ამერიკული „შევარდნების“ უკრაინაში მიტანა იმ დროს ხდება, როცა რუსეთის არმია ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს და ზაფხულის სამხედრო კამპანიას მეტ-ნაკლებად წარმატებით ახორციელებს. მართალია, მაისში დაწყებული რუსეთის შეტევა, ჩრდილო-დასავლეთით - ხარკოვის მიმართულებით შეჩერებულია (რისაც ბევრს ეშინოდა), მაგრამ იმდროინდელმა მოვლენებმა დიდი გავლენა მოახდინეს ფრონტის სხვა უბნებზე, რომლებიც გაშიშვლდნენ და კიდევ უფრო გაფართოვდნენ: ხარკოვისაკენ გადასროლილი იქნა ის სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც რუსეთის არმიას ფრონტის ცენტრალურ და სამხრეთ უბნებზე აკავებდა. გარდა ამისა, მაისიდან დაწყებული, რუსეთი ცდილობდა, მასირებულად დაებომბა რაკეტებით და დრონებით უკრაინის სამრეწველო ობიექტები, რაშიც, დასამალი არაა, გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

მაგრამ ახლა გაჩნდა იმედი, რომ ამერიკული „ფალკონები“ მნიშვნელოვნად დაეხმარება უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემას, რუსულ რაკეტებს და დრონებს „გზას გადაუჭრის“ და ჩამოაგდებს. გარდა ამისა, ჰაერში ბატონობის მოპოვება სახმელეთო ჯარების დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. დღემდე რუსული თვითმფრინავები ფრონტის ხაზიდან მოშორებით აგდებდნენ ე.წ. მფრინავ (პლანერულ) ბომბებს და იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინის რაკეტები მათ ვერაფერს დააკლებდნენ, ახლა კი F-16-ების სახით მათ ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუჩნდათ.

მაგრამ აშკარაა, რომ „ფალკონების“ გადაცემის პროცესი უკრაინისათვის საკმაოდ გაჭიანურდა. რასაკვირველია, დაგვიანება განპირობებული იყო ობიექტური მიზეზებითაც - აუცილებელი იყო მფრინავების შესაბამისი მომზადება, მაგრამ დასამალი არაა, რომ ნატოს ქვეყნების ლიდერთა პოლიტიკური ნებაც მოისუსტებდა. ამას თან დაერთო პერმანენტული არჩევნები, საკადრო გადაადგილებები ხელისუფლებებში და კიდევ სხვა მომენტები, განსაკუთრებით კი - ვაშინგტონელი რესპუბლიკელების პოზიცია.

დაპირება ბევრი იყო და არის, მაგრამ როცა დაპირებული ნათქვამის შესრულება გვიანდება, ბევრი პოლიტიკოსი ვერ აცნობიერებს (ან ყურადღებას არ აქცევს), რომ უკრაინელი ჯარისკაცები სისხლით იხდიან დასავლელი მოკავშირეების „პირის გატეხვას“.

ყველაზე არასასიამოვნო მოვლენა იარაღით დახმარებაში ისაა, რომ საბოლოო ჯამში, მოყოყმანე მთავრობები აღიარებენ იმას, რომ უმჯობესი იყო, უკრაინისათვის ყველაფერი იმ დროს მიეცათ, როცა კიევი ითხოვდა და მიწოდება არ დაეგვიანებიათ, ომის ესკალაციის შესახებ ზედმეტი დავისა და დისკუსიის გარეშე.

დიდი ბრიტანეთი ამ მხრივ ყოველთვის ინიციატორად გამოდიოდა და გაბედულად აწვდიდა უკრაინას მოთხოვნილ იარაღს - ტანკებს და რაკეტებს, სხვები კი ამას დაგვიანებით აკეთებდნენ.

ამჟამად უკრაინის ფრონტზე მეოთხე თაობის ამერიკული ავიაგამანადგურებლების გამოჩენა ძალიან სასარგებლო და იმედების მომცემ მოვლენას წარმოადგენს. და როცა უკრაინელები შესაბამისი მძლავრი იარაღით შეიარაღდებიან (Amraam-ის სისტემის „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებით), ეს უკვე წარმატების საწინდარი უნდა იყოს - მათ შეუძლიათ დარტყმების მიყენება რუსეთის არმიის ზურგში, ფრონტის ხაზიდან ასეული კილომეტრების მოშორებით. „ფალკონები“ დააფრთხობენ რუსულ თვითმფრინავებს, რომლებიც „მფრინავ“ პლანირებულ ბომბებს ყრიან უკრაინის ქალაქების დასანგრევად.

სამწუხაროდ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ „ფალკონების“ რაკეტებით აღჭურვაც ისევე გაჭიანურდება, როგორც ხშირად ხდება ხოლმე და ავიაციის მარგი ქმედების კოეფიციენტი შესუსტდება. სიმართლის თქმა არავის სიამოვნებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ: ამ ომის მოგება დიდი ხნით ადრე შეიძლებოდა. ახლა კი ისე ჩანს, რომ დასავლეთი მას ვერასოდეს მოიგებს, თუ კოლექტიურ გამბედაობას ვერ გამოიჩენს, საკუთარ თავში პოლიტიკურ ნებას ვერ გამოავლენს და არ გაუგზავნის უკრაინელებს იმას, რაც მათ სჭირდებათ - სწრაფად და სრულად და არა - ნაწილ-ნაწილ, წლების განმავლობაში.

წყარო