"კალმარის თამაშები" რუსებისთვის: შეტევა კურსკზე - ასეთი იერიში რუსეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის განუხორციელებია - კვირის პალიტრა

"კალმარის თამაშები" რუსებისთვის: შეტევა კურსკზე - ასეთი იერიში რუსეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის განუხორციელებია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია საბრძოლო მოქმედებებს (როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად) თავისი ტერიტორიის გარეთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილ მიწაზე, ჰაერსა და წყალში ახორციელებდა...

ასე იყო საქართველოში, ტაჯიკეთში, მოლდოვასა თუ უკრაინაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი ღიად დაესხა თავს უკრაინას, საბრძოლო მოქმედებები ამ ორი ქვეყნის სასაზღვრო მონაკვეთებში, კერძოდ კი - რუსეთის მხრიდან ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების, ხოლო უკრაინის მხრიდან კი -ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქების მიჯნაზეც განვითარდა...

2-sad-1723014451.png
რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრილმა უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეზენიტეებმა ეს რუსული „ალიგატორიც“ - Ка-52 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენიც „დაამიწეს“...

2022 წელს, უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსეთის არმია უკრაინაში ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდანაც შეიჭრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინს ბლიცკრიგის გეგმა ჩაეფუშა, რუსეთის გენშტაბი იძულებული იქნა, ამ მიმართულებებიდან თავისი დანაყოფები ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაებრუნებინა.

ეხლა კი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი ათას კმ-ზე მეტ მანძილზეა გადაჭიმული, ცოტა უცნაურად მოჩანს, რომ უკრაინის ჩრდილოეთ და რუსეთის სამხრეთ საზღვარზე არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები.

3-sad-1723014405.jfif
რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას რაიონის ოთხი დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა...

ამით გარკვეულწილად ისარგებლა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და მის რიგებში ჩამოყალიბებული „რუს მოხალისეთა კორპუსი“ გენერალმა ბუდანოვმა რუსეთის ბელგოროდის ოლქს შეუსია...

საერთო ჯამში, უკრაინის მხარეს დღემდე ორი ასეთი, მეტ-ნაკლებად მასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია ჰქონდა განხორციელებული რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, თუმცა გუშინ, 6 აგვისტოს, დილით, უკრაინამ მესამე სადაზვერვო-დივერსიული გალაშქრება განახორციელა რუსეთის ტერიტორიაზე, ამჯერად - კურსკის ოლქის ქალაქ სუჯას რაიონში...

16-1723024487.jpg
ასე წარმოუდგენიათ რუს სამხედრო ბლოგერებს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფების შეტევების მიმართულებები რუსეთის კურსკის ოლქის სიღრმეში...

უკრაინის მხარე თავს იკავებს ამ სპეცოპერაციის დეტალების კომენტირებისას, თუმცა თავად რუსი სამხედრო ბლოგერები აღარ მალავენ, რომ ამ დონის სამხედრო თავდასხმა, ტანკების, არტილერიისა და კამიკაძე-დრონების გამოყენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ საბჭოთა კავშირისთვის და მერე - რუსეთისთვის არავის გაუბედავს...

რუსეთის ცენტრალური ხელისუფლებაც ცდილობს, მიჩქმალოს საბრძოლო მოქმედებების მასშტაბი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად პოსტავს სოცქსელში დაბომბვების შესახებ და შველას ითხოვს...

23-1723024535.jpg

გუშინდელი და დღევანდელი საბრძოლო შეტაკებების ადგილები კურსკის ოლქში...

გასაგებია, რომ უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები ფეხს ვერ მოიკიდებენ რუსეთის კურსკის ოლქში (რაც არც შედის მათ საბრძოლო ამოცანაში) და მალევე უკან გამობრუნდებიან, მაგრამ ამით კიევი აიძულებს მოსკოვს, ფრონტის სხვა უბნებიდან მოხსნას საბრძოლო შენაერთები, საზღვრის ამ მონაკვეთის გასაძლიერებლად, რაც გარკვეულ შვებას მისცემს იმ უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც თვეებია, იგერიებენ რუსი ოკუპანტების შეუწყვეტელ იერიშებს ფრონტის აღმოსავლეთ, დონბასის მონაკვეთზე...

38-1723024609.jpg
თანაგზავრიდან დაფიქსირებული ხანძრის კერები რუსეთის კურსკის ოლქში, რომლებიც ძირითადად ემთხვევა საბრძოლო შეტაკებების ადგილებს...

თუმცა, ასევე, მოსალოდნელია, რომ პუტინმა თავის გენშტაბს უბრძანოს ფრონტის ხაზის ბელარუსის საზღვრამდე გაგრძელება, რათა შეიქმნეს ერთგვარი „ბუფერული ზონა“ (როგორის შექმნასაც ა.წ.-ის მაისიდან ამაოდ ცდილობენ რუსი ოკუპანტები, ხარკოვისა და ვოვჩანსკის მიმართულებებზე), რომ უკრაინულმა სადაზვერვო-დივერსიულმა დანაყოფებმა ვეღარ შეძლონ რუსეთის ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში შეჭრა და იქაური რუსეთის მოქალაქეებისთვის იმის რეალურად ჩვენება, თუ მესამე წელია, რას განიცდის მოსაზღვრე უკრაინის მოსახლეობა რუსი ოკუპანტებისგან...