ერთადერთი წყვილი საქართველოდან, ვისი ნახატებიც ვატიკანში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში გამოიფინა - კვირის პალიტრა

ერთადერთი წყვილი საქართველოდან, ვისი ნახატებიც ვატიკანში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში გამოიფინა

გელა ფილაურის ნახატი "ხევსურეთი" თანამედროვე მხატვართა გამოფენაზე ვნახე და ძალიან მომეწონა.

მერე ანგელინა დამენიას ტილო - "ვეფხვი" მაჩვენეს და მითხრეს, რომ მეუღლეები ყოველთვის ერთად მონაწილეობენ გამოფენებში აქაც და საზღვრებს მიღმაც. ორივე მხატვარი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ წყვილი ერთადერთია საქართველოდან, ვისი ნახატებიც ვატიკანში, რომის პაპის რეზიდენციაში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში გამოიფინა.

ანგელინა დამენია:

- უკრაინის ქალაქ ვინიცაში დავიბადე, 1972 წლის 7 აგვისტოს. საქართველოში საცხოვრებლად 1984 წელს ჩამოვედი. გელა გორში დაიბადა, 1961 წლის 8 მაისს. მისი გვარი სნოს ხეობიდან მოდის, მთიულია; ბავშვობა გორის რაიონის სოფელ შინდისში გაატარა - მისი დედულეთია, შემდგომ ქახვრელში, უფლისციხეში ცხოვრობდა. ორივეს უზრუნველყოფილი, მხიარული და აქტიური ბავშვობა გვქონდა. არც ჩემი, არც გელას საახლობლოდან არავინ ხატავდა. მე 2 წლიდან ვხატავ. როგორც კი ფანქარი ხელში ავიღე, დიდთვალებიანი მზე დავხატე, გაბურძგნილი სხივებით და გაღიმებული. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი გზა იყო, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მისაღები გამოცდების გარეშე მიმიღეს, გამონაკლისის სახით, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებით. იმისათვის, რომ შემენარჩუნებინა ჩემი საკუთარი სტილი, დავამთავრე თეორიული ფაკულტეტი - ხელოვნებათმცოდნეობა. ჩემს მიმდინარეობას ინტენსივიზმი დავარქვი.

გელა 9 წლის იყო, დედას დაბადების დღეზე ყვავილები რომ დაუხატა. დედის სიხარულმა, მოწონებამ და შექებამ გადააწყვეტინა მხატვრობის გაგრძელება. გელა სწავლობდა გორის სამხატვრო სკოლაში, შემდგომ - ცხინვალის მ. თუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. იქ გატარებულ წლებს ძალიან თბილად, დიდი სიყვარულით იხსენებს. ერთ-ერთი ძლიერი სასწავლებელი იყო, საუკეთესო პედაგოგები, კარგი კოლექტივი ჰყავდა... შემდგომ სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე გააგრძელა.

- ვინიცაში როგორ აღმოჩნდით, როგორ გახსენდებათ იქ გატარებული ბავშვობის წლები?

- დედამ ვინიცაში მიიღო უმაღლესი განათლება - პიროგოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, ოჯახიც იქ შექმნა და მერე სამედიცინო კლინიკაშიც მუშაობდა, პედიატრი იყო. მან მაქსიმალურად შემიწყო ხელი განვითარებაში - არასდროს მაკლდა სახატავი ალბომები, ფერადი ფანქრები, საღებავები თუ საძერწი მასალა, ასევე მქონდა უამრავი წიგნი.

- ინტენსივიზმი - საიდან წამოვიდა ამ მიმდინარეობის შექმნის იდეა. რას დებთ მასში და ხომ არ გამოგიჩნდათ უკვე მიმდევრები?

- ფერწერაში ჩემს მიმართულებას ინტენსივიზმი ვუწოდე. სუფთა აბსტრაქცია არის ხელოვნება ობიექტების გარეშე, ხაზისა და ფერის ურთიერთქმედება, რომელიც მე შევავსე ფორმითა და შინაარსით; ეს მოიცავს კონცეპტუალიზმის გარკვეულ ელემენტებს. ხელოვნება ჩემთვის ცხოვრებაა, სილამაზე - მისი ფორმა და შინაარსი. სანამ ნახატზე მუშაობას დავიწყებ, უკვე დასრულებულს წარმოვიდგენ და მხოლოდ მაშინ ვიწყებ მუშაობას ტილოზე ზეთის საღებავებით, პირდაპირ, წინასწარი ესკიზების გარეშე. რა თქმა უნდა, ხატვის პროცესში არის იმპროვიზაციის მომენტები, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. თემის მოფიქრებასა და კომპოზიციურ გადაწყვეტილებებზე უფრო მეტი დრო მეხარჯება, ვიდრე სამუშაოს შესრულებაზე. ჩემი ნახატები იბადება და პირდაპირ ტილოზე სრულდება. არ ვეწინააღმდეგები შინაგან ხედვებს და ვცდილობ, არ გავართულო საკითხის გადაწყვეტა. უბრალოდ, მე ასე ვხედავ სამყაროს, ეს ჩემი რეალობაა, რომელიც მინდა ყველას გავუზიარო. თითოეული ჩემი ნახატი აზრობრივი დატვირთვის მატარებელია, რომელიც ყოველთვის არ არის ცნობილი მნახველისთვის. ძიების პროცესში იბადება ახალი ინტერპრეტაციები და ეს პროცესი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ნახატი ყოველ ახალ მნახველში ახალ სუბიექტურ აღქმას იძენს და თემატურ განვითარებას აგრძელებს, ეს ძალიან საინტერესო პროცესია. ხელოვნების ნიმუშის აღქმაც ხელოვნებაა.

- თქვენ და ბატონმა გელამ სად გაიცანით ერთმანეთი?

- ასე მგონია, ყოველთვის ვიცნობდით ერთმანეთს. ბევრჯერ გადაიკვეთა ჩვენი გზები და საბოლოოდ, ასე დაგვირგვინდა. ძალიან მარტივია ორი ხელოვანის თანაცხოვრება, სიტყვებიც არაა საჭირო, ზუსტად გვესმის ერთმანეთის. გვყავს 34 წლის ვაჟი საბა, რომელიც პიანისტია. ახლა დოქტორანტია და სექტემბერში კონცერტისთვის ემზადება. ასე რომ, სახლში ცოცხალი მუსიკის თანხლებით გვიწევს ხატვა... მუსიკაზე ბავშვობიდან განსაკუთრებულად რეაგირებდა - მუშაობის დროს ყოველთვის ჩართული მქონდა კლასიკა. ლაპარაკი რომ არ იცოდა, მაშინაც ასხვავებდა მელოდიებს და სხვადასხვა ემოციას გამოხატავდა ამა თუ იმ კომპოზიტორზე ან შემსრულებელზე. ინსტრუმენტი მასში მწვავე ინტერესს იწვევდა - პიანინოზე ბევრად დაბალი იყო - მისწვდებოდა კლავიატურას, თითო ნოტს დაადებდა თითს და დიდხანს უსმენდა ბგერას. შემდეგ თავისით დაიწყო დაკვრა. 2000 წელს გერმანიაში, ქალაქ ბილეფელდში პერსონალური გამოფენა მქონდა - 60 ნახატი ჩავიტანე თბილისიდან, უზარმაზარი დარბაზი იყო - პატჰაუზის გალერეა და გამოფენის გახსნაზე საბამ დაუკრა, მაშინ 8 წლის იყო. დიდი მოწონება დაიმსახურა ჯერ იმით, ნოტების გარეშე ასე როგორ უკრავსო (არ იცოდა მაშინ ნოტები)? და კითხვაზე, - რამდენი წელია რაც დაკვრას სწავლობსო? - ჩემმა პასუხმა განაცვიფრა ყველა, - საერთოდ არ უსწავლია, თავისით უკრავს-მეთქი. შემდეგ ნიჭიერთა ათწლედი დაამთავრა, პირდაპირ მე-5 კლასში მიიღეს. კონსერვატორია, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა დაასრულა, ახლა დოქტორანტურას ამთავრებს. ასევე, საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მუსიკალური კოორდინატორია და მთავარი ორგანისტი, პარალელურად სხვადასხვა სივრცეში მუსიკალური გაფორმებითაა დაკავებული და პედაგოგადაც მუშაობს. მუსიკა მისი სამყაროა.

- თქვენ და ბატონი გელა გამოფენებში ხშირად ერთად მონაწილეობთ, ხატვის დროს თუ ეხმარებით ერთმანეთს, თუ ურჩევთ რამეს?

- დიახ, ვცდილობთ გამოფენებში ერთად მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ სხვადასხვა კატეგორიასა და ნომინაციაში. მე ძირითადად თანამედროვე ფერწერაში ვმუშაობ, გელა - კლასიკურ სტილში. ხატვის პროცესში პირველი "შემფასებლები" უფრო ვართ ერთმანეთისთვის.

- ძალიან ბევრ გამოფენაში გაქვთ მიღებული მონაწილეობა. განსაკუთრებით რომელი დაგამახსოვრდათ?

- 5 წლის წინ ვატიკანში წარმოვადგინეთ ნამუშევრები, რომის პაპის რეზიდენციაში, ლეონარდო და ვინჩის დარბაზში. ვატიკანის მუზეუმის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გუიდო ფოლკო დაგვიკავშირდა და "საიდუმლო სერობის" ავტორის 500 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გამოფენაში - "რენესანსიდან თანამედროვეობამდე" - მონაწილეობა შემოგვთავაზა. საქართველოდან მხოლოდ ჩვენ ვიყავით.

სამჯერ მივიღეთ მონაწილეობა New York Realism Online Gallery-ის პროექტებში და სამჯერვე ორივემ პირველი ადგილი და ოქროს მედლები მოვიპოვეთ სხვადასხვა კატეგორიაში: მე აბსტრაქციის, გელამ - რეალიზმის. "წმინდა მიქეილის", "ოქროს პალიტრისა" და "ოქროს არწივის" მფლობელები ვართ და კიდევ არაერთი პრიზის, ვერ ჩამოვთვლით ყველას. ასევე დიდი სითბოთი ვიხსენებთ 2020 წლის თებერვალში გამართულ ჩვენს ერთობლივ პერსონალურ გამოფენას, რომლისთვისაც სკოლის დირექტორმა - ბატონმა კახა თოფჩიშვილმა დაგვითმო დარბაზი ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. გამოფენას ეწოდებოდა "დიაპაზონი - კლასიკიდან მოდერნამდე", ჩაიარა თბილ ვითარებაში და დიდი მოწონება დაიმსახურა. მნახველთა მოთხოვნით 2 კვირის ნაცვლად, 4 კვირა გაგრძელდა. კონკურსები და გამოფენები გვაძლევს საშუალებას, ჩვენი შემოქმედება, ჩვენი შეხედულება და დამოკიდებულება სამყაროსადმი გავაცნოთ ფართო აუდიტორიას. მხატვრობა უნივერსალური ენაა - მას თარგმანი არ სჭირდება. ჩვენი ნამუშევრების დიდი ნაწილი მრავალი ქვეყნის კერძო და სახელმწიფო კოლექციებშია დაცული.

2019 წელს მონაწილეობა მივიღე ნიუ-იორკში, ArtTour International-ის პროექტში "მწვანე პლანეტის ადამიანები". პროექტს პარტნიორობდა არაკომერციული ორგანიზაცია TREES FOR THE FUTURE, რომლის შემწეობით ხდება დეგრადირებული მიწების აღდგენა, დამუშავება და ახალი ხეების დარგვა. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ქველმოქმედებასაც მოიცავდა, პროექტის შედეგად შეგროვებული თანხით ორგანიზატორებმა იყიდეს 10 000 ხე, რომელიც აფრიკაში, მთელი კონტინენტის გაყოლებაზე დარგეს. როგორც 2019 წლის გამარჯვებულ მხატვარს, გადმომეცა Artya-ს ჯილდო და შესაბამისი სერტიფიკატი.

- არ მიწყინოთ, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უცხოეთში უფრო გიცნობენ, ვიდრე საქართველოში.

- არა, აქაც ბევრი გვცნობს და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში ან ტრანსპორტში გვეცნობიან; გვეუბნებიან, რომ ჩვენი ნამუშევრები მათ ინტერიერს ალამაზებს და ახარებთ ყოველდღიურად.

- ხატვის გარდა თუ გაქვთ რამე ჰობი, რაც სიამოვნებას განიჭებთ?

- მხატვრობა ჩვენი პროფესიაცაა და ჰობიც - ვისვენებთ, როცა ვმუშაობთ, ისე სიამოვნებას ყველაფერი გვანიჭებს - კულინარიაც, მოგზაურობაც. მეც და გელასაც ორივეს გვიყვარს და გვეხერხება კერძების მომზადება. ერთმანეთს ხშირად ვანებივრებთ რომანტიკული საჩუქრებით, სიურპრიზებით. ადრეც ასე იყო და მომავალშიც ყოველთვის ასე იქნება. ამასთან, გელა ქართული ფოლკლორის დიდი მოყვარულია და თავადაც შესანიშნავად მღერის ხალხურ სიმღერებს.

რუსუდან გელაშვილი

ჟურნალი "გზა"